საქართველოს დედაქალაქში, თბილისში, ქუჩაში დაახლოებით 10 000-მდე საქართველოს პრეზიდენტის ოპონენტი გამოვიდა. ეს იყო პირველი მნიშვნელოვანი საპროტესტო აქცია მას შემდეგ, რაც საქართველო რუსეთთან ომში დამარცხდა.
აქცია პოლიციის მიერ ოპოზიციური ძალების დარბევის პირველ წლისთავზე გაიმართა. შარშან ნოემბერში, თბილისში, პარლამენტის წინ მიმდინარე რამდენიმე დღიანი საპროტესტო მიტინგების შემდეგ, დემონსტრანტები რეზინის ტყვიებით, ცრემლსადენი გაზით და წყლის ჭავლით დაშალეს.
სააკაშვილმა ბევრის მოლოდინი ვერ გაამართლა, მას შემდეგ რაც 2003 წელს, ვარდების რევოლუციის შემდეგ ხელისუფლებაში მოვიდა. მაშინ ის პირობას დებდა, რომ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში დემოკრატიას განავითარებდა. დასავლეთმა, საქართველოს ერთგული მოკაშირის ამერიკის შეერთებული შტატების ჩათვლით, ქვეყანას მედიის, სასამართლოს და პოლიტიკური ოპონენტების ფართო თავისუფლებებისკენ მოუწოდა.
სულ უფრო ხმამაღლა ისმის უკმაყოფილება, მოსკოვთან ხუთდღიანი ომის გამოც, რომელიც საქართველოსთვის დამღუპველი აღმოჩნდა. რუსეთის ტანკების და არმიის შეჭრა ქვეყანაში საქართველოს მცდელობას მოჰყვა - ხელახლა დაებრუნებინა სამხრეთ ოსეთის აჯანყებული რეგიონი. დღეს ბევრი სააკაშვილს ომში არარაციონალური ქმედებისთვის ადანაშაულებს.
"აგვისტოში ხელისუფლებამ შუა საუკუნეებში დაგვაბრუნა. სააკაშვილმა საქართველოს კარი ბარბაროსებს გაუღო", უთხრა მიტინგზე შეკრებილთ ოპოზიციის ლიდერმა გიორგი ხაინდრავამ.
პროტესტის დასაწყისი
ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ ეს პირველი საპროტესტო აქციაა იმ მრავალ აქციას შორის, რომლებიც სააკაშვილის გადადგომის და ვადამდელი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით გაიმართება.
ბევრ მომიტინგეს თეთრი ყელსაბამი და ხელზე თეთრი ნაჭერები ეკეთა, ისინი პარლამენტის წინ ოპოზიციურ დროშებს აფრიალებდნენ და შარშან სასტიკად დარბეულ ანტისამთავრობო აქციაზე გამოყენებულ ფერს და სიმბოლიკას იყენებდნენ.
`ჩვენ პროტესტის ახალ ტალღას ვიწყებთ. ჩვენი მთავარი მოთხოვნა – მომავალ გაზახულზე თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების გამართვაა”, განუცხადა რეპორტიორებს ოპოზიციის ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ აქციის დაწყების წინ.
დღევანდელ აქციაში მონაწილეთა რაოდენობა ბევრად ჩამოუვარდებოდა შარშან ნოემბრის აქციაში მონაწილეთა რიცხვს, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, და რომლის დროსაც ქუჩაში ათი ათასობით ადამიანი გამოდიოდა, ვიდრე პოლიციამ მათ დასაშლელად ძალა არ გამოიყენა.
ამის შემდეგ სააკაშვილმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა. იანვარში მან პირველივე ტურში გაიმარჯვა, ხოლო რამდენიმე თვის შემდეგ საპარლამენტო არჩევნები დიდი უპირატესობით მოიგო მისმა ნაციონალურმა მოძრაობამ.
დემოკრატიის დეფიციტი
დასავლეთის ქვეყნები სააკაშვილს დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმებისთვის აქებდნენ, მაგრამ ნელ-ნელა უკმაყოფილება იზრდებოდა და პიკს მიაღწია აგვისტოს ომის შემდეგ, ასევე იმ ფართოდ გავრცელებული მოსაზრების გამო, რომ პრეზიდენტმა შეზღუდა მედიის თავისუფლება და ეკონომიკური რეფორმების პროცესში ღარიბებს იგნორირება გაუკეთა. ეჭვები გაიზარდა ასევე ომის დაწყების ქართულ ვერსიასთან დაკავშირებით, თითქოს სამხრეთ ოსეთზე შეტევა იმიტომ განხრციელდა, რომ სეპარატისტები ქართულ სოფლებს თავს ესხმოდნენ.
პარასკევის აქციის წინ ოპოზიციური პარტიების კოალიციამ ბროშურა გაავრცელა, სადაც აღნიშნულია მომავალი აქციების და მათი სხვა ქმედებების შესახებ, რომლებიც მთავრობაზე ზეწოლისთვის და მომავალ გაზაფხულზე ვადამდელი არჩევნების დასანიშნად იგეგმება. თუკი ხელისუფლება მომავალ 9 აპრილს (1989 წლის 9 აპრილის წლისთავზე, როდესაც მომიტინგეები საბჭოთა ჯარმა დაარბია, რასაც 20 ადამიანის დაღუპვა მოჰყვა) არჩევნებს არ ჩაატარებს, ითქვა, რომ ოპოზიცია პროტესტის გამოხატვის პერმანენტულ რეჟიმზე გადავა.
მაგრამ ოპოზიციასაც გარკვეული პრობლემები აქვს. მათ რიგებში აზრთა სხვადასხვაობაა - ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა პარასკევის აქციაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, გარდა ამისა, ისინი ქარიზმატული ლიდერის დეფიციტს განიცდიან.
No comments:
Post a Comment