Sunday, April 13, 2008

სააკაშვილის აღსარება – ინტერვიუ სარკოზისთან შეხვედრამდე

le_point
მარკ ნექსონი
13 ნოემბერი 2008

საფრანგეთში ვიზიტად მყოფი საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ნიკოლა სარკოზის უნდა შეხვდეს. Le point.fr-ს ის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომის განვითარებაზე ესაუბრა.

ევროპელი დამკვირვებლები თქვენს ვერსიას, რომ თითქოს პირველებმა რუსებმა შემოგიტიეს, ეჭვქვეშ აყენებენ. სინამდვილეში შეტევის ინიციატორები თქვენ ყოფილხართ... რას ფიქრობთ ამის თაობაზე?

ეს არის ერთი ადამიანის აზრი, რომელიც დამკვირვებელთა მისიამ სამსახურიდან დაითხოვა. შესაბამისად, მის გულწრფელობაში ეჭვის შეტანა შესაძლებელია. ყოველთვის შეგვიძლია ისეთი ადამიანები ვიპოვოთ, რომლებიც გეტყვიან, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელების მიერ პოლონეთში შეჭრამდე პოლონელებმა გერმანელები მოკლეს. ნამდვილი კითხვა კი შემდეგში მდგომარეობს: ვინ ვინ დაიპყრო? რუსეთმა დაიპყრო ჩვენი ქვეყანა და ახლა ტერიტორიის 22 %-ი დაკავებული აქვს. მრავალი დღის განმავლობაში, მათი ჯარები და ათობით ტანკი ჩვენი საზღვრების გასწვრივ გადაადგილდებოდა. კონფლიქტის დაწყებამდე ორი დღით ადრე მე ყველა დასავლელი ელჩი მოვიწვიე, იმ ფაქტის კონსტატაციისთვის, რომ ოსი სეპარატისტები ქართულ სოფლებში სახლებს ანგრევდნენ. ჩვენ რუსი გენერლის საუბრის ჩანაწერიც გვაქვს, რომელიც ქართული სოფლის ნგრევას პირადად ხელმძღვანელობდა. "მისი სახელი რუქიდან უნდა გაქრეს", ამბობს ის. შეტაკებამდე, სამხრეთ ოსეთის დედაქალაქიდან რუსებმა მშვიდობიანი მოსახლეობა დიდწილად გაიყვანეს, იქ მხოლოდ ოსი სეპარატისტები იყვნენ. იმ დროს მე და ჩემი თავდაცვის მინისტრი საზღვარგარეთ შვებულებაში ვიყავით და ერთ ოჯახს ვსტუმრობდით. როგორ შევძლებდით შეტევის დაგეგმვას? ჩვენ ცილისწამების მსხვერპლი ვართ.

ომის დაწყებამდე თუ დაუკავშირდით თქვენს ამერიკელ და ევროპელ მოკავშირეებს?

იმ დღეებში მთელი მსოფლიო შვებულებაში, ან პეკინში ოლიმპიური თამაშების გახსნაზე იყო. ერთადერთი ვისთანაც შევძელი დაკავშირება, ნატოს გენერალური მდივანი იყო... ამ საუბარს ალბათ ისმენდნენ კიდეც. უფრო მარტივად ვახერხებდი აღმოსავლეთ ევროპის ხელმძღვანელებთან დაკავშირებას. რაც შეეხება ამერიკელებს, ისინი მე ყოველთვის მეუბნებოდნენ: "რუსები არასდროს დაგესხმებიან თავს". ისინი შეცდნენ. საბოლოოდ ბუშმა სერიოზული რეაგირება მოახდინა, და ნატოს პირველი გემი კონფლიქტის ზონაში სამ კვირაში შემოვიდა.

"რეალური დემოკრატიული ფუნქციონირება"

რა უნდა გააკეთოს ევროპამ დღეს?

დასაწყისშივე მინდა ავღნიშნო, რომ სარკოზის ჩარევა კონფლიქტში ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მაგრამ მე ვაპირებ მისთვის თქმას, რომ რუსებთან მოლაპარაკებისას საქართველო პრიორიტეტად უნდა დარჩეს. რადგან, თუკი ევროპა სტატუს-ქვოს დათანხმდება, რუსები იგივეს მოითხოვენ ყოფილი საბჭოთა ბლოკის სხვა ქვეყნებშიც. ამ ომმა მათ საშუალება მისცა ეჩვენებინათ, რომ დასავლეთს ჩვენაირი ქვეყნების დასაცავდ რესურსი არ გააჩნია. აი ახლა, ისინი უზარმაზარ ზეწოლას ახდენენ აზერბაიჯანზე. და თუკი ეს ქვეყნა ბოლომდე რუსეთის გავლენის ქვეშ მოექცევა, მოსკოვი მთლიანად გააკონტროლებს ცენტრალური აზიიდან ევროპისკენ მიმავალი გაზით და ნავთობით მომარაგების გზებს. ასეთი კაპიტულაცია ევროპისთვის დრამატული აღმოჩნდება. ეს მაგონებს იმას, რაც ჰიტლერთან დაკავშირებით მოხდა. პირიქით, რუსეთი დღეს ევროპაზე ისეა დამოკიდებული, როგორც არასდროს. მაშინ როდესაც ნავთობის ფასი ეცემა, რუსეთის ინტერსებშია ევროპას რაც შეიძლება მეტი გაზი და ნავთობი მიაწოდოს. ევროპელებმა ეს სიტუაცია მათ სასარგებლოდ უნდა შემოაბრუნონ და მოსკოვს ქმედებები შეაცვლევინონ.

პრეზიდენტი მედვედევი პუტინის წონისაა?

კონფლიქტამდე მე ვცდილობდი მასთან მუდმივი კონტაქტი დამემყარებინა. წერილები, შეხვედრები, სატელეფონო საუბრები, ყველაფერი ვცადე... უშედეგოდ. ყველაფერს პუტინი ხელმძღვანელობს. ყოველ შემთხვევაში რუსეთის ხელმძღვანელებთან კონტაქტი დღეს აღარ მაქვს. ისინი ამტკიცებენ, რომ მე "პოლიტიკური გვამი" ვარ. პუტინმა სარკოზის ისიც კი უთხრა, რომ "ჩემი თავი სურს". ეს ცოტა არ იყოს უცნაური გამოთქმაა, არა?

თქვენ გარშემო "დასავლური" აზროვნების მრჩევლები და მინისტრები შემოიკრიბეთ. განა ამან რუსეთთან დაკავშირებულ რეალობას არ მოგწყვიტათ?

ეს მართალია. ჩვენ პოლიტიკური კულტურის მხრივ ძალიან განვსხვავდებით. როდესაც ჩემი 28 წლის ეკონომიკის მინისტრი დსთ-ს (ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგორობა) შეკრებებს ესწრებოდა, მეუბნებობდა, აქ ვიხრჩობიო! ეს მე ვარ ვინც მოსკოვთან კავშირები უნდა შეკრას, მაგრამ პრობლემა იმაში მდგომარეობას, რომ რუსეთის დღევანდელი მმართველებისთვის, რომლებიც "კაგებეს" ყოფილი მაღალჩინოსნები არიან, ჩვენ ვართ ამერიკის დაზვერვის სამსახურის CIA-ის აგენტები. ამ ფონზე ყველაფერი აზრს კარგავს.

მე ამერიკული ეროვნების ერთადერთი მრჩეველი მყავს ნაციონალური პოლიტიკის დარგში. მაგრამ ის 16 წელია საქართველოში ცხოვრობს. რაც შეეხება ამერიკელ სამხედრო ინსტრუქტორებს, ისინი მხოლოდ 50-მდე არიან. თითქმის ყველა ჩემს მინისტრს განათლება დასავლურ უნივერსიტეტებში აქვს მიღებული. ეს სახელმწიფოს უფრო ეფექტურ მართვაში გვეხმარება. კონკრეტული მაგალითი გნებავთ? რუსეთის ეკონომიკური ემბარგოსა და ომით მოყენებული ზარალის მიუხედავად, ჩვენ მომავალშიც ეკონომიკური აღმავლობის გზით ვივლით. ეს გადასახადების შემცირების საშუალებას გვაძლევს. ახალგაზრდა მთავრობა ქვეყნაში ხელს უწყობს დემოკრატიის რეალურ ფუნქციონირებას. რუსეთ-საქართველოს ომის მიზეზების საგამოძიებო კომისიას ოპოზიცია ხელმძღვანელობს. მათი სხდომები ჩვენი ტელევიზიების პირდაპირ ეთერში გადაიცემა. მე თავად ვაპირებ იქ მოწმედ მისვლას. თქვენ მსგავსი რამ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში გინახავთ?

ორიგინალი

No comments: