7 ნოემბერი 2008
საქართველოს დედაქალაქში, თბილისში, ათასობით ოპოზიციური აქტივისტი შეიკრიბა - ეს რუსეთთან კონფლიქტის შემდეგ ოპოზიციის პირველი დიდი საპროტესტო აქცია იყო.
ოპონენტები პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს რუსეთთან იმ ომის დაწყებაში ადანაშაულებენ, რომელშიც ვერასდროს გაიმარჯვებდა.
”ჩვენ სამოქალაქო წინააღმდეგობის ახალ ტალღას ვიწყებთ და არ შევწყვეტთ მანამდე, სანამ ახალი არჩევნები არ დაინიშნება” - განაცხადა ოპოზიციის ლიდერმა კახა კუკავამ.
ერთი წლის წინ ოპოზიციური დემონსტრაცია პოლიციამ დაარბია.
საპროტესტო მოძრაობა რეზინის ტყვიებით, ცრემლსადენი გაზით და წყლის ყუმბარებით დასრულდა, მაგრამ ამავე დროს მან გზა გაუხსნა ბრალდებებს ხელისუფლების დესპოტური ხასიათის შესახებ.
ამ საპროტესტო ტალღის შემდეგ სააკაშვილმა ვადამდელი არჩევნები დანიშნა და მოიგო.
კრიტიკული დრო
დამსწრეთა გათვლებით, პარასკევს მიტინგზე 10 000-მდე კაცი შეიკრიბა.
ისინი პარლამენტის წინ შეჯგუფდნენ. მათ ხელში პლაკატები, დროშები, ბანერები ეჭირათ და დემოკრატიულ რეფორმებს მოითხოვდნენ.
ოპოზიცია 30 000 კაცის შეკრებას იმედოვნებდა, მაგრამ პროტესტანთა რიცხვი ნაკლები იყო. რაოდენობა გასული წლის აქციებსაც ჩამოუვარდებოდა.
და მიუხედავად იმისა, რომ ეს შეკრება არ არის პრეზიდენტისთვის ისეთი სახიფათო, როგორიც 2007 წლის აქციები იყო, BBC-ის ჟურნალისტის ტომ ესელმონტის აზრით, ეს გამოსვლები კრიტიკულ დროს დაემთხვა.
სააკაშვილი შინაც და გარეთაც აგვისტოს ომის დროს ძალის განურჩეველი გამოყენების გამო ეჭვების ობიექტად იქცა.
პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ ომი რუსეთის მიერ იყო პროვოცირებული და გამოძიებას ითხოვს.
პარასკევს, საპროტესტო აქციაში სულ ცოტა ხუთი ოპოზიციური ჯგუფი იყო ჩართული, თუმცა ერთი წამყვანი პარტია, ქრისტიან-დემოკრატები აქციას არ შეურთდა.
ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ზოგიერთი ქართველი არეულობის წინააღმდეგია, რადგან მიაჩნია, რომ ამას რუსეთი სათავისოდ გამოიყენებს.
კარზე მომდგარი მტერი
ამ კვირის დასაწყისში სააკაშვილმა შტაბის უფროსი ზაზა გოგავა სამსახურიდან დაითხოვა.
მან განაცხადა, რომ მტერი ჯერ კიდევ კარსაა მომდგარი და ამიტომ შეიარაღებულ ძალებში ნაკლოვანებებს ყურადღება უნდა მიექცეს.
კონფლიქტი რეგიონში 7 აგვისტოს დაიწყო, როდესაც საქართველომ სეპარატისტული რეგიონის, სამხრეთ ოსეთის დაბრუნება სცადა. კონფლიქტს წინ უსრებდა მცირე მასშტაბის შეტაკებები პრორუს სეპარატისტებთან.
რუსეთმა საპასუხო შეტევა წამოიწყო, რის შედეგადაც ქართული ჯარები განდევნა ორივე სეპარატისტული რეგიონიდან - სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან.
რუსული ჯარი დარჩა ამ ორ რეგიონში და მოსკოვმა მხარი დაუჭირა მათ მიერ გამოცხადებულ დამოუკიდებლობას.
No comments:
Post a Comment