Saturday, April 12, 2008

რატომ გაუკეთა დასავლეთმა იგნორირება სიმართლეს საქართველოს ომზე

independent
მარი დეჟევსკი
12 ნოემბერი 2008

აშშ-მ და ბრიტანეთმა ისეთი შთაბეჭდილება შექმნეს თითქოს რუსეთი დამნაშავე იყო.

შესაძლოა, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი და ბრიტანეთის ფორინ-ოფისი ღმერთს მადლობას სწირავენ ფინანსური კრიზისისთვის, რომელმაც მსოფლიოს ყურადღება ერთი სკანდალიდან მეორეზე, გლობალურ ეკონომიკურ პრობლემებზე გადაატანინა – სკანდალიდან რომელიც ამ ორი ქვეყნის რუსეთთან ურთიერთობას და საქართველო-რუსეთის ომზე სიმართლეს ეხება.

ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე ამერიკულ და ბრიტანულ მედიაში განსხვავებული ინფორმაციის მთელი ტალღა გაჩნდა, რომელიც ამ ომზე მანამდე შექმნილ წარმოდგენას და რუსეთის, როგორც დამნაშავის როლს ამ კონფლიქტში ეჭქვეშ აყენებს. ბიბისი-ს, ნიუ-იორკ თაიმსის და კანადური ჟურნალის Embassy-ის ჟურნალისტებმა, დანარჩენ კოლეგებთან ერთად, ფაქტების დასადგენად კონფლიქტის ეპიცენტრში, სამხრეთ ოსეთში იმოგზაურეს.

ოღონდ არა იმ კარგად შეფუთული "ფაქტების" მოსაპოვებლად, რომლებსაც საქართველოს პიარ მანქანა წარმოადგენდა ან კრემლის უხეში კომუნიკატორები, არამედ იმ ფაქტების დასადგენად, რომლის მოწმეებიც გახდნენ თვითმხილველები: სამოქალაქო პირები, ადგილობრივი სამხედრო ხელმძღვანელობა, და რეგიონში განთავსებული ეუთოს უიარაღო მონიტორები.

ჟურნალისტები რეგიონში ცალ-ცალკე და განსხვავებული მარშრუტებით გაემგზავრნენ. ისინი სხვადასხვა ადამიანებს ესაუბრნენ, მაგრამ მათი შედეგები ერთმანეთს ემთხვევა: საქართველომ სამხრეთ ოსეთის დედაქალაქზე, ცხინვალზე მასირებული შეტევა მიიტანა. ისინი ობიექტებს განურჩევლად ესროდნენ. ამ ობიექტებს შორის აღმოჩნდა საავადმყოფოც, დაიჭრნენ ექიმები, რომლებიც იმ დროს მუშაობდნენ.

სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე პირველი რუსული ძალები ქართული შეტევის დაწყებიდან მხოლოდ ორი დღის შემდეგ გამოჩდნენ, რაც დიდწილად რუსული მხარის ორიგინალურ ვერიას ემთხვევა. არადა, ის რომ რუსები მეზობელი დამოუკიდებელი ქვეყნის ტერიტორიაზე შეიჭრნენ, მათი საყოველთაო გაკიცხვის მთავარ საფუძვლად იქცა. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ რუსეთმა უკვე დატოვა საქართველოს არასადაო ტერიტორია, როგორც ეს პრეზიდენტ სარკოზის სამშვიდობო გეგმაში იყო მითითებული.

ახლა თქვენ შეგიძლიათ ამტკიცოთ – და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმაც და ფორინ-ოფისმაც ამ მხრივ ყველაფერი გააკეთეს – რომ მართლაც არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ომი ვინ დაიწყო. პროვოკაციები ორივე მხრიდან მრავლად იყო, რაც ბოლოს ომით დასრულდა. თქვენ ისიც შეგიძლიათ ამტკიცოთ, და ბევრად უფრო დამაჯერებლადაც, რომ თუკი რუსეთს დასაწყისში თავის გასამართლებელი შანსი ჰქონდა, მან საკუთარი თავი გაუგებრობაში თავად ჩააგდო, როდესაც გადამეტებული ძალა გამოიყენა და შემდეგ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობა ცნო.

რა თქმა უნდა, მნიშვნელობა არ აქვს, ეს კონფლიქტი როგორ დაიწყო, მნიშვნელობა აქვს მას მხოლოდ იურიდიული და მორალური თვალსაზირისით, იმავდროულად ის ნათლად ასახავს ჩვენს დამოკიდებულებას კონფლიქტში მონაწილე ამ ორი ქვეყნის მიმართ. აშშ-ს და ბრიტანეთის ოფიციალური ვერსიების საერთო ბუნდოვანებამ შთაბეჭდილება შექმნა, რომ ომში დამნაშავე მხარე რუსეთი იყო, ხოლო საქართველო – მამაცი, პატარა დემოკრატიაა, რომლის განადგურებასაც შეეცადა უზარმაზარი, ცუდი რუსეთი. გარდა იმისა, რომ ეს ვერსია მომენტალურად იქნა მიღებული, უკვე დამკვიდრბეული ნეგატიური სტერეოტიპების ფონზე რუსეთისთვის მისი უარყოფა გადაულახავ პრობლემად იქცა.

მაგრამ როგორც ახლა ირკვევა, აშშ-ს და დიდ ბრიტანეთს არ აქვთ უფლება ამტკიცონ, რომ არ იცოდნენ ომი როგორ დაიწყო. ისინი თავიდანვე ინფორმირებულები იყვნენ ეუთოს დამკვირვებლებისგან, მათ შორის დღეს უკვე გადამდგარი ბრიტანეთის არმიის ორი ძალზედ გამოცდილი ოფიცრისგან.

მაშინ რას შეიძლება მივაწეროთ ბრიტანელი და ამერიკელი ჩინოვნიკების პოზიცია, როდესაც იმაზე თუ რა მოხდა სინამდვილეში, ისინი საპირისპიროს ამტკიცებდნენ, და შესაძლოა თავადაც სურდათ საკუთარი ვერსიის დაჯერება. რატომ გაიქცა კონსერვატიული ლიდერი დევიდ კამერონი თბილისში საქართველოს, როგორც უპირობო მსხვერპლის მხარდასაჭერად? და რატომ წარმოთქვა ამ მოვლენებიდან სულ მალე, კიევში ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ მილიბენდმა სიტყვა, რომელმაც დაამკვიდრა შთაბეჭდილება, თითქოს ომი მთლიანად მოსკოვის მიერ იმპერიის აღდგენის ამბიცია იყო?

რა იყო ეს, ფაქტის იგნორირება თუ იდეოლოგიური სიბეცე? ნუთუ მათ ამჯობინეს არ ეღიარებინათ მათი ქართველი პროტეჟეს არასანდოობა, რომ მთელი მათი პროექტები ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში დემოკრატიის გავრცელების და მოკავშირეების გადმობირების შესახებ დისკრედიტირებული არ ყოფილიყო? და მხოლოდ ახლა, სამი თვის შემდეგ, როგორც ბატონმა მილიბენდმა, ასევე ამერიკელმა ჩინოვნიკებმა საქართველოს ქმედებებს "უპასუხისმგებლო" უწოდეს.

ამ კვირის დასაწყისში ბრიტანეთი ევროკავშირი-რუსეთის მოლაპარაკებების განახლებას, პარტნიორობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულებაზე, მშვიდად დაეთანხმა, როგორც ჩანს ეს ბოლო შეტევა რუსეთის წინააღმდეგ დასრულდა, მაგრამ წყენა მოსკოვში არ გაივლის მანამ, ვიდრე ლონდონსა და ვაშინგტონში ვინმე არ აღიარებს, რომ მათ რუსეთ-საქართველოს ომი აბსოლუტურად არასწორად გაიგეს.

ორიგინალი

No comments: