11 ნოემბერი 2008
ძალიან მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, თუ ვინ დაიწყო აგვისტოს ომი რუსეთსა და საქართველოს შორის. თუ მთავარი ბრალდებული რუსეთია, როგორც ამას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამტკიცებს, ობამას ახალმა ადმინისტრაციამ რუსეთთან ურთიერთობების აღდგენის მასშტაბები უნდა შეზღუდოს. თუ, აღმოჩნდება, რომ უფრო დამნაშავე საქართველოა, მაშინ ახალმა პრეზიდენტმა ობამამ სააკაშვილს უნდა გააგებინოს, რომ სანდო მოკავშირე არ უნდა უგულვებელყოფდეს ვაშინგტონის ნებას და არ უნდა ითრევდეს ამერიკას რუსეთთან არასასურველ კონფრონტაციაში.
სწორედ ამიტომ, ობამამ ყურად უნდა იღოს მონაცემები ომის დაწყების შესახებ, რომელთა გამომზეურებაც ახლა მოხდა და რომლებიც ეუთოს გამოცდილმა მეთვალყურეებმა მოიპოვეს. მეთვალყურეები, რომლებიც 7 აგვისტოს ღამით, დაპირისპირების დაწყების მომენტისთვის სეპარატისტულ რეგიონში, სამხრეთ ოსეთში იმყოფებოდნენ, აცხადებენ, რომ იმ დღეს 15:00 საათზე მათ სამხრეთ ოსეთის მისადგომებთან ქართული სარაკეტო და საარტილერიო დანადგარების შეჯგუფება შენიშნეს. ეს მოხდა მანამდე, სანამ რომელიმე რუსული კოლონა ანკლავის საზღვრებს გადმოლახავდა.
ისინი, ასევე სამხრეთ ოსეთის დედაქალაქზე, ცხინვალზე არაპროვოცირებული თავდასხმის მოწმენი გახდნენ. ჭურვები საკუთარ ბინებში შეყუჟულ მშვიდობიან მოქალაქეებს ეცემოდა. მეთვალყურეები ამბობენ, რომ არ გაუგიათ არაფერი ისეთი, რაც სააკაშვილის იმ განცხადებას დაადასტურებს, რომლის თანახმადაც საქართველომ შეტევა ქართული სოფლების დაბომბვის საპასუხოდ წამოიწყო.
არ არსებობს მიზეზი, რის გამოც ეუთოს მეთვალყურეთა კომპეტენტურობასა და პატიოსნებაში ეჭვის შეტანა შეიძლებოდეს. დასკვნა, რომელსაც ვერსად გავექცევით ასეთია - ომი სააკაშვილმა დაიწყო, შემდეგ კი მოიტყუა. კრემლმა, ალბათ, ქართველთა პროვოცირება დიდი ხნით ადრე დაგეგმა და მისი პასუხიც საქართველოს თავდასხმაზე განზრახ სასტიკი იყო. მაგრამ ის, რომ სააკაშვილმა მისი პროვოცირება დაუშვა - საპატიო მიზეზად ვერ გამოდგება.
No comments:
Post a Comment