Wednesday, September 19, 2007

ილია II: საქართველოში სამართლიანობის გარეშე მშვიდობა არ იქნება

lacroix
ფრანსუა დ’ალანსონი
19 სექტემბერი 2008

la-croix-თან ინტერვიუში მართლმადიდებელი პატრიარქი ილია II ამტკიცებს, რომ "საქართველო მისი ისტორიული მიწების დაკარგვას არასდროს შეურიგდება".

- საქართველოს კონფლიქტის გამო მართლმადიდებელი რუსები, მართლმადიდებელ ქართველებს დაუპირისპირდნენ. ასეთ დროს რა გრძნობა გიჩნდებათ?
- ის ფაქტი, რომ ორი, ერთი და იმავე აღმსარებლობის ქვეყანა ერთმანეთს დაუპირისპირდა ძალიან სამწუხაროა, მაგრამ კონფლიქტი არავითარ შემთხვევაში რელგიური მოტივებით განპირობებული არ ყოფილა. მისი მთავარი მიზეზი – გეოპოლიტკაა, სწორედ ამის გამოა რომ საქართველო მსოფლიო პოლიტიკური ძალების დაპირისპირების ადგილად იქცა.
ვფიქრობ, თუკი კანონიერების საზღვრებს დავუბრუნდებით, რელიგია (ამ შემთხვევაში მართლმადიდებლობა) დაძაბულობის მოხსნასა და რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს. ეს კონფლიქტი ნაციონალური შუღლის გამო არ დაწყებულა, ყოველშემთხვევაში საქართველოს მხრიდან.
მე რუსი ხალხის რწმენის და სიკეთის იმედი მაქვს, და მჯერა, რომ ქართველები რუსეთთან რთულ პრობლებმებს არ გადააწყდებიან.

- ორივე ქვეყანა ომის დაწყებაში ერთმანეთს ადანაშაულებს. ამაზე რას ფიქრობთ?
- 1920-იან წლებში, როდესაც დამოუკიდებელ საქართველოში კომუნისტები შემოიჭრნენ, ჩვენი ქვეყანა საშინელი აგრესიის მსხვერპლი გახდა. ყოველგვარი იურიდიული თუ ისტორიული საფუძვლის გარეშე, ჩვენი ქვეყნის ნაწილი მეზობელ ქვეყნებს და ავტონომიურ რესპუბლიკებს გადასცეს. შეიქმნა აჭარის, სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ავტონომიური ერთეულები. ამით ნელი მოქმედების ნაღმები ჩაიდო, რომლებიც პირველი შემთხვევისთანავე აფეთქდებოდა.
საბჭოთა კავშირის ეპოქაში რეჟიმი ამ რეგიონებში ისეთ იდეოლოგიას ნერგავდა, რომელიც ხელს უწყობდა მომავალში მათ გამოყოფას საქართველოსგან და მის დაშლას. ამ პროპაგანდამ აჭარაში სასურველი შედეგი ვერ გამოიღო, რადგან მოსახლეობის უმრავლესობა ქართველები არიან. აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სხვა შედეგები მივიღეთ.
თავად სახელწოდებებიც კი "სამხრეთ ოსეთი" და "ჩრდილოეთ ოსეთი", რაც ადრე არ არსებობდა, კომუნისტებმა მოიგონეს. ოსების ისტორიული სამშობლო ალანია ჩრდილოეთ კავკასიაშია. სწორედ იმ ადგილიდან სადაც დღეს ჩრდილოეთ ოსეთია, ოსების ნაწილი საქართველოში XVII საუკუნეში გადმოსახლდა. აქვე ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ დანარჩენ საქართველოში ყოველთვის გაცილებით მეტი ოსი ცხოვრობდა, ვიდრე სამხრეთ ოსეთში, რადგან ცხინვალი მათი ეთნოკულტურული სამშობლო არ ყოფილა.
ამბობდნენ, რომ ქართველები თავს დაესხნენ პატარა ოს ხალხს და ეთნიკური წმენდა მოუწყვეს. ამ ფაქტის სიცრუეზე ისიც მიუთითებს, რომ საომარი მოქმედებების პროცესშიც და მერეც, ოსებს, რომლებიც დიდი რაოდენობით ცხოვრობენ საქართველოში, საკუთარი სახლები არ დაუტოვებიათ და არანაირი პრობლემები ქართველებთან, ან სხვა ეთნიკურ უმცირესობებთან არ შექმნიათ.
ეს დაპირისპირება შედეგია არა ნაციონალური კონფლიქტის ქართველებსა და ოსებს ან ქართველებსა და აფხაზებს შორის, არამედ ის მოყვა საქართველოს სწრაფვას აღადგინოს ტერიტორიული მთლიანობა, რისი უფლებაც საერთაშორისო სამართლით ყველა ქვეყანას აქვს გარანტირებული.
საქართველო თავისი ისტორიული მიწების დაკარგვას არასდროს შეეგუება. ეს მიწები ჩვენთვის იგივეა, რაც საფრანგეთისთვის ორლეანი ან რუსეთისთვის სმოლენსკი და ნოვგოროდი. სამართლიანობა – მშვიდობის გარანტია, და საქართველოში არ იქნება მშვიდობა სამართლიანობის გარეშე.

- რუსეთმა აღიარა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. როგორ აღიქვით ეს გადაწყვეტილება?
- 25 აგვისტოს, როდესაც რუსეთის დუმამ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა, რუსეთის პრეზიდენტის სახელზე მიმართვა გამოვაქვეყნეთ - არ ეცნო ეს გადაწყვეტილება. ჩვენ ხაზგასმით ავღნიშნავდით, რომ ამ რეგიონების სუვერენიტეტის აღიარება რუსეთს გაცილებით მეტად ავნებდა, ვდრე საქართველოს. დღესაც ასე მიმაჩნია.
არ ვიცი, რა დრო იქნება საჭირო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ეს უნდა მოხდეს, თუკი მსოფლიოს ქვეყნებს – და არა მხოლოდ რუსეთს – სურს რომ საკუთარ საზღვრებს შიგნით მშვიდობა შეინარჩუნოს.
ამ მიზნის მიღწევისთვის ძალის გამოყენებას კატეგორიულად გამოვრიცხავ, და ჩვენი ეკლესიაც ყოველთვის ძალადობის წინააღმდეგია. დიპლომატიური, ეკონომიკური, კულტურული და რელიგიური საშულებების გამოყენებით დარღვეული კავშირების აღდგენა შესაძლებელია. ოს და აფხაზ უმცირესობებთან პრობლემები საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაიწყო. საქართველო იმის გამო დასაჯეს, რომ მან დამოუკიდებლობა ერთ-ერთმა პირველმა გამოაცხადა.

- კონფლიქტის გამო სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ქართული სოფელები უამრავმა ადამიანმა დატოვა. ისინი დევნილებად იქცნენ. მათი დაბრუნება როგორ მოხდება?
- ოფიციალური მონაცემებით, ქართული მხრიდან დაახლოებით 372 ადამიანი (სამხედრო და მშვიდობიანი მოქალაქე) დაიღუპა. 260 ათასი ადამიანიდან, რომლებმაც დატოვეს საკუთარი სახლები, 40 ათასი ჯერ კიდევ არ დაბრუნებულა. ქვეყნისთვის მიყენებული ზარალი მილიონობთ ევროა. ტაძრები სოფლებში ხეითი, იკორთა, ქემერთი და სვერი საშინლად დაზიანდა, ხოლო ნიქოზის მეტროპოლიტის და ცხინვალის ისაიის რეზიდენციას ჭურვი მოხვდა. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია ძალიან შეზღუდულია, რადგან ჩვენ აკრძალული გვაქვს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა. მე მოვინახულე გორი და სოფელი ნიქოზი, როდესაც იქ არც ჟურნალისტებს და არც ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს არ უშვებდნენ. ჩვენ შევხვდით იქ დარჩენილ მშვიდობიან მაცხოვრებლებს, ჩვენს საეკლესიო პირებს და ბერებს, რომლებმაც საფრთხის მიუხედავად იქაურობა არ დატოვეს. იმ დღეს ჩვენ ოთხი დაჭრილი და ექვსი მოკლული გამოვიყვანეთ. მერე ესტაფეტა ჩვენმა მღვდლებმა გადაიბარეს და მთლიანად 120 დაღუპული გამოვყვანეთ.
ჩვენი ბერები კონფლიქტის ზონაში დაზარალებულთა მონახულებას აგრძელებენ. ყოველდღიურად ჩვენ 2-3 ათას ევროს ვურიგებთ თბილისში მცხოვრებ დევნილებს. მაგრამ ეს სიტუაცია დიდხანს ვერ გაგრძელდება, დევნილებმა უნდა მიიღონ უსაფრთხოების გარანტიები საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან და საკუთარ სახლებს დაუბრუნდნენ.

- ქართული ხელმძღვანელობის ქმედებებს როგორ აფასებთ?
- გარკვეული ძალისხმევა დაიხარჯა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა მოგვეპოვებინა. ეს მიზანი მიღწეულია. ეროვნული ერთიანობა, რომლის გარეშეც ჩვენ არსებულ პრობლემებს ვერ მოვაგვარებთ, ისევე აუცილებელია, როგორც ქართული ხელისუფლების პასუხისმგებლობისა და ქმედებების შეფასება. ქართული მოსახლეობა ზოგიერთ კითხვაზე პასუხს ელოდება.
დემოკრატია მმართველების მხრიდან მოქალაქეებისადმი ანგარიშვალდებულებას გულისხმობს. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, საქართველოს ხელისუფლებამ მზადყოფნა გამოთქვა ხალხის წინაშე საკუთარ ქმედებებზე პასუხი აგოს. შეფასებების გაკეთება მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება.

- რას ელით საერთაშორისო თანამეგობრობისგან და კერძოდ ევროკავშირისგან?
- საქართველოს პატრიარქს საგარეო მხარდაჭერა სჭირდება, რადგან, იმის მიუხედავად, რომ მოსკოვის პატრიარქმა ცოტა ხნის წინ კვლავ დაადასტურა, რომ ის ცნობს ქართული ეკლესიის იურისდიქციას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, ჩვენ ამ რეგიონებში მოხვედრა დღემდე არ შეგვიძლია.
ჩვენ ევროკავშირის დახმარება გვჭირდება, რომ ეს ტერიტორიები დავიბრუნოთ და ისტორიული საზღვრები აღვადგინოთ. ჩვენი ხალხის მოთმინება – ნოყიერ ნიადაგს ქმნის სტაბილური და აყვავებული ქვეყნის შესაქმნელად, მაგრამ გარეთ შეთანხმებული მოქმედებების გარეშე ამის მიღწევა ძალიან რთული იქნება.

ორიგინალი

No comments: