![]()
იოჰენ ბიტნერი
19 სექტემბერი 2008
ახალ ნატოს ევროკავშირი ჰქვია, ანუ როგორ დაძრა ქართულმა კონფლიქტმა ცენტრი დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ.
კონკრეტულად, რომელი ალიანსი უფრო ღელავს ევროპის უსაფრთხოებაზე? ნატო თუ ევროკავშირი?
აჯანყებული ქართული პროვინციებისთვის ხუთღიანი ომის დასრულებიდან ერთი თვე გავიდა, და მისი შედეგები უკვე
ნათელია. ამერიკის ჰიპერრეაქციულობამ ნატოს პარალიზება გამოიწვია. უშუალოდ საბრძოლო მოქმედებების დაწყებისთანავე მან რუსეთი-ნატოს საბჭოს მუშაობა შეაჩერა და ამით შესაძლო შუამავლის როლზე უარი განაცხადა. ევროკავშირმა პირიქით, მართალია მოკრძალებულად, მაგრამ ბოლოს და ბოლოს მოთამაშის როლი მაინც შეასრულა, რომელიც რაღაცას მაინც განსაზღვრავს.
მოსკოვსა და თბილისს შორის სარკოზის მაქოური დიპლომატიის შედეგები განსაკუთრებული ნამდვილად არ ყოფილა (ევროკავშირი ეგუება იმას, რომ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში 7 600 რუსი სამხედრო რჩება, რომ ეთნიკური წმენდა დაუსჯელი რჩება, და რომ მისი დამკვირვებლები მხოლოდ უშუალოდ საქართველოს ტერიტორიას უნდა დაყაბულდნენ), მაგრამ მაინც, კონფლიქტის მხარეები ბრიუსელს ელაპარაკებიან, ისინი ევროკავშირს მეტ-ნაკლებად ობიექტურ მხარედ მიიჩნევენ – ამერიკელებისგან განსხვავებით, რომლებიც პირველები გამოვარდნენ საქართველოს დასაცავად.
უკრაინამ (აქ შიდაპოლიტიკურ მიზეზებს არ ვახსენებთ) ამ ამბიდან საინტერესო გაკვეთილი მიიღო. ის პირველ რიგში ევროკავშირისკენ მიისწრაფვის და მხოლოდ ამის შემდეგ, ოდესმე შეიძლება ნატოსკენ გაემართოს.
ამიტომ ქართული კრიზისის რეზიუმე ასეთია: დასავლეთის სოლიდარობა და უსაფრთხოებაზე ზრუნვა აღმოსავლეთისკენ ინაცვლებს, ნატოდან ევროკავშირისკენ. ამიერიდან დასავლეთის ცენტრი არა ვაშინგტონი, არამედ ბრიუსელია.
ეს ტენდენცია მთლიანად ცვლის წარმოდგენას იმ მეთოდებზე, რომლებიც გეოპოლიტიკურ უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ. ნატოს ბლოკური აზროვნება, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მისი კუნთების თამაში და მოწინააღმდეგის იმით შეშინება, რომ უკეთესი რაკეტები აქვს და ძლიერი ცოცხალი ძალა, მოძველდა.
გლობალიზაციის ეპოქაში სხვა მეთოდები მოქმედებს: ყველანი საქონელთბრუნვაზე ვართ დამოკიდებული. იქ სადაც სავაჭრო კავშირები შეზღუდულია, შეზღუდულია სხვა ინტერესებიც – უსაფრთხოების ინტერესების ჩათვლით.
ამ თეზისის სასარგებლოდ, მაგალითისთვის ორ ტესტს მოგიყვანთ:
ფინეთი ნატოს წევრი არ არის, სამაგიეროდ ევროკავშირის წევრია. რა მოხდება, თუკი რუსეთი სასაზღვრო კარელის რეგიონის ფინურ ნაწილს თავს დაესხმება (ნაკლებად წარმოსადგენია, მაგრამ მაინც)?
სავარაუდოდ, ევროკავშირის რეაქცია სამხედრო კავშირის რეაქციის მსგავსი იქნება. მომენტალური სანქციები, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა და მოსკოვთან პარტნიორობაზე ყველანაირი მოლაპარაკებების შეჩერება. ეს იქნება პირველი შედეგი. მეორე - როგორც ჩანს ჯარების მობილიზაცია და battlegroups (ევროკავშირის სწრაფი რეაგირების კრიზისული ძალების სამხედრო ფორმირებები) საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანაა. ევროკავშირი აქ მთელ თავის ძალებს ჩართავდა – და მარტო იმიტომ, რომ ფინეთში საკუთარი საქმიანი ინტერესებისთვის, ძირითადად საკუთარი ეკონომიკური სივრცის ერთიანობისთვის საფრთხეს დაინახავდა.
"ფინეთის არგუმენტი - რატომ არ წევრიანდება ნატოში: ამის აუცილებლობა არ არსებობს. ჩვენ ხომ ევროკავშირის წევრები ვართ, ევროკავშირის წევრზე თავდასხმას კი ვერავინ გაბედავს" – მითხრა ცოტა ხნის წინ ბრიუსელში ერთ-ერთმა ფინელმა დიპლომატმა.
მეორე, საპირისპირო ტესტი:
თურქეთი ნატოს წევრია, მაგრამ ევროკავშირის - არა. რა მოხდებოდა თუკი რუსეთი მაგალითად შავი ზღვის სანაპიროზე თურქეთს თავს დაესხმებოდა. არანაირი ეჭვი არ არსებობს, რომ ევროპა ფინეთისმაგვარ სოლიდარობას არ გაამჟავნებდა. ბერლინის, პარიზისა და ვარშავის წარმომადგენლები დიდხანს შეეცდებოდნენ შესაძლო პოლიტიკური ალტერნატივების ძებნას, რომ ბოსფორის სანაპიროზე როგორმე არცერთი ჯარისკაცი არ გაეგზავნათ.
ანუ აქედან რა დასკვნის გამოტანა შეიძლება? დე-ფაქტო ევროკავშირი – გაცილებით ძლიერი სოლიდარული პასუხისმგებლობაა, ვიდრე ნატო. რადგან საერთო ბედის ფაქტორი აქ გაცილებით ძლიერად მუშაობს. დღეს ეს შეიძლება იმ ბუნებრივი ზრუნვის კოდი გამხდარიყო, რომელიც მეგობრების წრეში არსებობს და როგორსაც ევროკავშირი წარმოადგენს.
It's the economy, stupid! ("ეს ეკონომიკაა, სულელო!" ამ ლოზუნგით მართავდა თავის წინასაარჩევნო კამპანიას 1992 წელს ბილ კლინტონი, რამაც მას ჯორჯ ბუშზე გამარჯვების საშუალება მისცა) – ეს სიბრძნე XXI საუკუნის უსაფრთხოების პოლიტიკაზეც ვრცელდება.
No comments:
Post a Comment