სარედაქციო წერილი
19 სექტემბერი 2008
"პუტინისეული სტაბილურობა" წარსულს ბარდება და მასთან ერთად წარსულში რჩება ამ "სტაბილურობით" ჩამოყალიბებული მრავალრიცხოვანი ადამიანებისგან შემდგარი მთელი ფენა, რომელმაც იგემა მისი მონაპოვარი და ირწმუნა, რომ აღარაფერი შეიცვლება.
ოცდამეერთე საუკუნის ნულოვანი წლები კალენდარულზე ადრე დასრულდა. მოდის ახალი დრო, რომელზეც მხოლოდ ერთი რამის თქმა შეიძლება: ის სხვანაირი იქნება, არ ემსგავსება მაძღარ და ნაცრისფერ წლებს, რომლებიც მალე უკან დაგვრჩება. შეცვლა მოუწევთ მათ, ვინც ასეთ არსებობას მიეჩვია და მათაც, ვისაც სხვა არც არაფერი უნდოდა.
ამ ათი წლის მანძილზე მთელი თაობა ჩამოყალიბდა, "ნულოვანების თაობა". პერესტროიკის პოლიტიკური რომანტიზმით იმედგაცრუებულნი, 90-იანების ალიაქოთით გადაღლილები ისინი უდრტვინველად დაუბრუნდნენ "ზასტოის" ეპოქის მარტივ წესებს. მით უფრო, რომ ნულოვანებმა უფრო მეტი ნაყროვანება მოიტანა და ნაკლები ყოფითი შეზღუდვები დააწესა, ვიდრე ეს ბრეჟნევის ეპოქაში ხდებოდა, რომელიც მათმა მშობლებმა გამოიარეს.
თუ დიდ ქალაქში ცხოვრობდი, მით უფრო მოსკოვში ან პეტრებურგში, შედარებით კარგი განათლება გქონდა და მშვიდი ხასიათი, შეგეძლო წყანარად შესდგომოდი კარიერულ წინსვლას და წარმატების იმედიც გქონოდა. თუ კავშირები გიმაგრებდა ზურგს, მაშინ შენი კარიერა ბრწყინვალე იქნებოდა, თუ არა - მაშინ სავსებით დამაკმაყოფილებელი.
"სულ უფრო ნაკლები "ახალი რუსი" და სულ უფრო მეტი "სავოკი" (საბჭოთა ცნობიერების მქონე ადამიანი) - გამოთქმა, რომელიც ბოლომდე სამართლიანად არა, მაგრამ მაინც უცნაურად ზუსტად გამოხატავს ჩვენი დროის არსებით ნიშნებს.
ნუ გამოირჩევი, გაჩუმდი, გახსოვდეს სიჩუმე ოქროა. არაფრით გახდე ისეთი, ვისაც სხვაზე მეტი უნდა. უნდა იცოდე ინიციატივა ისჯება, არაკომპეტენტურობა - კი არა. კიდევ რამდენიმე ასეთი სიბრძნე და "ნულოვანების" წარმატების ფორმულა მზადაა.
თუ კეთილდღეობას გინდა მიაღწიო, დიდი შრომა არ დაგჭირდება, პირიქით, შრომა ხელსაც კი შეგიშლის, არ უნდა გარისკო, არ უნდა: "იჩალიჩო" ისე, როგორც ეს 90-იანებში იყო მიღებული. ის, ვინც ამ ინსტრუქციას მიყვებოდა, თავისთავად აღწევდა კეთილდღეობას, ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე.
მართალია, თუ მარტო კეთილდღეობას არ დასჯერდი და გამდიდრება განიზრახე, მაშინ უფროსების ნებართვა დაგჭირდება ან დაბადებით უნდა ეკუთვნოდე უფროსების კლასს. ეს ყველას არ გამოსდიოდა. მაგრამ ხომ გვყავდა უამრავი უბრალოდ წარმატებული ადამიანი - კარგი ბინებითა და მანქანებით, ბავშვებისთვის ღირსეული განათლების მიცემის შესაძლებლობით, ყოველწლიური სავალდებულო დასვენებით ხმელთაშუა ზღვის იაფ კურორტებზე.
დავივიწყოთ 80-იანებისა და 90-იანების ოცნებები და განსაცდელი, გადავხაზოთ ისინი, როგორც მცდარი იდეების მეუფების დრო, ჩავიკეტოთ ოჯახში, მეგობართა წრეში, ნებისმიერი არასანქცირებული საზოგადოებრივი აქტივობა მარგინალებისა და უიღბლო ადამიანების საქმიანობად მივიჩნიოთ - ნულოვანების თაობა ამ პოზიციაში ვერაფერს სამარცხვინოს და მით უფრო არაშორსმჭვრეტელურს ვერ ხედავდა.
ხელისუფალნი ამ თაობას ამრეზით "საშუალო კლასს" უწოდებდნენ და ძალიან აფასებდნენ მათ პასიურობას, იმას, რომ სატელევიზიო კომიქსების მდარე იუმორით ტკბებოდნენ და იმასაც, რომ დასავლური სახადი არ ეკარებოდათ: ჩვენი "საშუალოკლასელი" ტურისტების ინტერესების სფერო პლაჟითა და შოფინგით იფარგლებოდა, მათ კი ვინც უფრო მდიდარი ფანტაზიით გამოირჩეოდა, კაზინო და საეჭვო კვარტლები იზიდავდა.
მარტოოდენ გართობა, სხვას არაფერს ყურადღება არ უნდა მივაქციოთ - ეს პოზიცია ძალიან მწვავე ფორმებს იღებდა. ტაილანდში კატასტროფული ცუნამის შემდეგ, მათ შორის, ვინც უკანმოუხედავად ერთობოდა და არად აგდებდა ნანგრევებსა და დამკრძალავ ბრიგადებს, ზედმეტად ბევრი რუსი იყო. ხოლო, როცა ოთხი წლის წინ თვითმკვლელმა ტერორისტებმა ორი რუსული სამგზავრო თვითმფრინავი ააფეთქეს, დანარჩენი რუსი ტურისტები საშინლად ხარობდნენ მაშინდელ ოლიმპიადაზე რუსი სპორტსმენების წარმატებით. ფორმალურად გამოცხადებული გლოვა არავის შეუმჩნევია და მხოლოდ ბესლანის კატასტროფამ, რომელიც რამდენიმე დღის შემდეგ მოხდა, საზოგადოება უცნაური უშფოთველობისგან გამოაფხიზლა, თუმცა ძალიან ცოტა ხნით.
"ნულოვანი წლები" სულაც არ იყო მშვიდობიანი. ისინი ომებით დაიწყო და ომებით დამთავრდა - მეორე ჩეჩნურით და ქართულით. კავკასიაში სისხლისღვრა არც ერთი დღით არ შეჩერებულა. "ნულოვანების" ადამიანებმა ისწავლეს ამის არ-განცდა და არ-შემჩნევა. ისინი ამ დროს მხიარულ ტელეშოუს შესცქეროდნენ.
"ნილოვანების თაობას" - ძირითადად დერჟავნიკები შეადგენდნენ, მაგრამ განსაკუთრებული დერჟავნიკები, ისეთები, რომელთაც არ ანაღვლებდათ, როგორ იმართება მათი ქვეყანა. და დერჟავის გამო არაფერზე უარის თქმას არ აპირებდნენ.
არც ისინი, არც მათი შვილები, მცირედი გამონაკლისის გარდა, ჯარში არ მიდიოდნენ და არც იმას აპირებდნენ, რომ "მუხლებიდან ასადგომად" თავის კეთილდღეობა დაეთმოთ, თუ, რა თქმა უნდა, ზევიდან არ უბრძანებდნენ. ბრძანებას ისინი ყოველთვის უდრტვინველად ასრულებენ.
სხვათა შორის, ამ უდრტვინველობის სიმტკიცე არავის შეუმოწმებია - ცხოვრების დონე იზრდებოდა და სწორედ ეს ქმნიდა "ნულოვანების ადამიანებისთვის" სამყაროს სურათს.
მაგრამ სამყარო სხვანაირი აღმოჩნდა. "ნულოვანების" თაობა თავს მოტყუებულად მიიჩნევს, თუმცა, ალბათ, არ აცნობიერებს, რომ თავად უხაროდა ტყუილში არსებობა. ახლა მათ, ყველა დანარჩენთან ერთად, ახლებურად ცხოვრება უნდა ისწავლონ. ყველაზე დიდი შეცდომა, რომელსაც მომავალი თაობა ჩაიდენს ის იქნება, რომ წარმავალი "ნულოვანების" გამოცდილებას დაივიწყებს, ისე როგორც "ნულოვანების ადამიანებმა" დაივიწყეს თავისი წინამორბედების გამოცდილება.

No comments:
Post a Comment