Wednesday, September 19, 2007

"უკანასკნელი დიქტატორი" აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის

financial_times
სტეფან უეგსთილი
19 სექტემბერი 2008

ბელორუსიის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო საკუთარი სკანდალური დიდებით ტკბება. როგორ გაუმართლათ მათ, - ღიმილით ამბობს იგი – ვინც "ევროპის უკანასკნელ დიტატორთან” შეხვედრას და მასთან ერთ მაგიდასთან ჯდომას ახერხებს.

ის სიამოვნებით აშარჟებს ამ ეპითეტს, და ამგვარად ავლენს 54 წლის ბელორუსიის ლიდერი თავის აგდებულ დამოკიდებულებას დასავლეთის პოლიტიკური პრინციპების მიმართ. რა თქმა უნდა ეს მის თავდაჯერებულობაზეც მიუთითებს. ხელისუფლებაში 14 წლიანი ყოფნის განმავლობაში იგი ქვეყნის შიგნით გამოწვევებს თითქმის არ ხვდება, თუმცა სექტემბრის ბოლოს აქ საპარლამენტო არჩევნებია დაგეგმილი.

სხვაგვარად ალბათ არც მოხდებოდა. ის ხომ სასტიკი მეთოდებით მოქმედებდა და თავის 10 მილიონიან ქვეყნაში ავტორიტარული რეჟიმი შექმნა. ამას გარდა ათი წლის სწრაფმა ეკონომიკურმა ზრდამ, ყოფილი კოლმეურნეობის თავმჯდომარეს საშუალება მისცა დიდწილად პოპულარობა შეენარჩუნებინა, რომელიც მან 1994 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მოიპოვა. პერიოდული საპროტესტო აქციები, რომლებსაც ცალკეული ოპოზიციური პარტიები აწყობენ, ქვეყნის დედაქალაქის, მინსკის ფარგლებს ფაქტობრივად არ ცდება.

ის საკუთარ ძალაუფლებაზე ქვეყნის შიგნით, განცხრომით საუბრობს "მე მოხარული ვიქნები თუკი თქვენ ევროპელებს ჩემს უბრალო სიტყვებს გადასცემთ: ყოველგვარი ქარაგმების გარეშე ვამბობ, რომ დიქტატორის ამბიციები, რაც ხელისუფლებაში ყოფნას მაიძულებდა, არ მაქვს – პირიქით, მე საკუთარი ხალხის ნებაზე ძალიან ვარ დამოკიდებული " – თქვა ლუკაშენკომ ხუთშაბათს Financial Times-თან და Frankfurter Allgemeine Zeitung-თან ინტერვიუში.

ბელორუსიის პრეზიდენტი ჟურნალისტებთან ორ საათს საუბრობდა, ყველაფერზე – მოახლოებულ საფეხბურთო მატჩზე ინგლისის და ბელორუსიის ნაკრებებს შორის (მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე), ენერგომატარებლებზე და საკუთარ პოლიტიკურ კრედოზე.

უცხოურ მედია საშუალებებთან ურთიერთობა ლუკაშენკოსთვის - რაღაც განსაკუთრებული რამ არის. მაგრამ ახლა დროც განსაკუთრებულია. როგორი მყარიც არ უნდა იყოს ლუკაშენკოს მდგომარეობა ქვეყნის შიგნით, ის მაინც განიცდის ზეწოლას გარედან, ძირითადად რუსეთისგან, რომელიც მისი პოლიტიკური სპონსორია – უწევს მას მატერიალურ დახმარებას და ენერგო მატარებლებს აწვდის.

უკვე ქართულ კონფლიქტამდე გარკვეული დროით ადრე ლუკაშენკომ დასავლეთის მოსინჯვა დაიწყო, იმის იმედით რომ იზოლაციის რეჟიმს შეამსუბუქებდა (მათ შორის ვიზების გაცემაზე აკრძალვებს მაღალჩინოსანი ოფიციალური პირებისთვის, რომელიც ევროკავშირმა 2006 წელს ბელორუსიაში ჩატარებული უსამართლო არჩევნების შემდეგ მიიღო).

ბრიუსელმა ამით გასაგებად თქვა, რომ ის მზადაა გარკვეული დაახლოებისთვის, თუკი ლუკაშენკო მის მკაცრ მმართველობას შეამსუბუქებს, - დასაწყისისთვის პოლიტპატიმრებს გაანთავისუფლებს და საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებისთვის შესაბამის ზომებს მიიღებს.

პოლიტპატიმრების განთავისუფლების პირობა ლუკაშენკომ შეასრულა, რაც ევროკავშირმაც დაადასტურა. ახლა ბელორუსიის პრეზიდენტი არჩევნებზეა კონცენტრირებული. მისი თქმით, იგი ბელორუსიის კანონებს არღვევს იმისთვის, რომ არჩევნები ევროკავშირის ნორმებს შეესაბამებოდეს – მაგალითად, საარჩევნო კომისიებზე ზეწოლა მოახდინა, რომ მათ მეტი ოპოზიციონერი ჩართონ საკუთარ რიგებში. იგი ასევე საერთაშორისო დამკვირვებლებს მიესალმება და აცხადებს: "ჩვენ ჩვენი ქვეყნის კარი ყველასთვის გავაღეთ".

თუმცა აქვე იგი ამბობს, რომ ევროკავშირი და აშშ არჩევნების შემდეგ შეფასებებში ობიექტურები უნდა იყვნენ, და დასავლეთს "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს. ის ჩივის, რომ მსგავსი პოლიტიკური ნაკლის მატარებელი მნიშვნელოვანი ქვეყნები დასჯას როგორც წესი გაურბიან – განსაკუთრებით ეს ეხება რუსეთს.

"მოსწონს ეს დასავლეთს თუ არა, მაგრამ პარლამენტს ჩვენი კონსტიტუციის მიხედვით ავირჩევთ, - ამბობს იგი – მე არ დავუწყებ ევროკავშირს ვიზებზე ხვეწნას".

ლუკაშენკო კითხულობს - დასავლეთის რეალურ მიზანს ბელორუსიაში რეჟიმის შეცვლა ხომ არ წარმოადგენს? ის ირწმუნება, რომ საკუთარი პოსტის დატოვებას არ ჩქარობს და "ინგლისის დედოფალს" იმოწმებს, რომელიც უკვე დიდი ხანია რაც ხელისუფლებაშია.

ლუკაშენკოს თქმით, ის საკუთარ ქვეყნას კარგად ემსახურება: გამოიყვანა დანგრეული პოსტსაბჭოთა ეკონომიკის მდგომარეობიდან, სტაბილურობა უზრუნველყო და შემოსავლები ორნახევარჯერ გაზარდა საბჭოთა მაჩვენებლებთან შედარებით. გასულ წელს ეკონომიკურმა ზრდამ 8,2 % შეადგინა, წელს კი მსოფლიო სავალუტო ფონდის შეფასებით, ზრდის ტემპი ოდნავ შენელდება - 7,1%-მდე.

როგორც ლუკაშენკო ამბობს, ბელორუსია იცვლება, მაგრამ საკუთარი ტემპის ფარგლებში. "თუკი თქვენ გსურთ, რომ ეს თქვენებურად მოხდეს, შეგიძლიათ ამაზე იფიქროთ, მაგრამ არ ღირს რაიმე დაგვაძალოთ. შესაძლებელია, ჩვენ თავად გავაცნობიეროთ, რომ შევძლებთ 80%-ით გერმანელების და ბრიტანელების მსგავნი ვიყოთ. მაგრამ ეს ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ".

ლუკაშენკო სახელმწიფო საწარმოებს იმაზე დიდხანს ინარჩუნებდა, ვიდრე კომუნისტური ბლოკის სხვა ქვეყნები. ახლა კი ის აცხადებს, რომ პრივატიზაცია დღის წესრიგშია – გასაყიდად 100% მდე აქციებს გამოიტანენ. თუმცა დასძენს, რომ ფასები "სამართლიანი" უნდა იყოს. ისეთ ინვესტორებს, რომლებიც საკუთარი შვილობილი კომპანიების შექმნას ნოლიდან იწყებენ, ბელორუსიაში სიხარულით ეპატიჟებიან. "წესიერ" ბიზნესმენებს სახლების მშენებლობისთვის უფასოდ მიწებსაც კი გადასცემენ, "რათა მათ იცხოვრონ არა ევროპის განაპირას, როგორც ეს ლონდონშია, არამედ ევროპის ცენტრში".

ბელორუსიის პრეზიდენტი აღიარებს, რომ რუსეთი გააღიზიანა, როდესაც საქართველოს რეგიონების, სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობა არ აღიარა. თუმცა მომავალში ამის გაკეთებას არ გამორიცხავს, - მისი თქმით, ახალმა პარლამენტმა ამ საკითხზე საკუთარი აზრი უნდა გამოთქვას. ის აბსოლუტურად სულელურ თეზისს უწოდებს იმას, თითქოს რუსეთის ქმედებებმა ბელორუსიისთვის საშიში პრეცედენტი შექმნა. "ღმერთმა დაგვიფაროს, რუსეთმა იგივეს გაკეთება მოინდომოს ბელორუსიის მიმართ. ასეთ წარმოუდგენელ შემთხვევაში ევროპას სრული უფლება ექნება რუსეთს წინააღმდეგობა გაუწიოს, და მასთან კომპრომისზე უარი თქვას" – ამბობს იგი.

ლუკაშენკოს სურს, რომ დასავლეთმა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების ცხოვრებაში უფრო აქტიური მონაწილეობა მიიღოს. მისი თქმით, ის რომ საბჭოთა კავშირის ყოფილი რესპუბლიკები რუსეთს არ აყვნენ და თავს იკავებენ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარებისგან, ეს დასავლეთის გავლენის დამსახურებაა.

მაგრამ სად არის იმის გარანტია, რომ დასავლეთი მომავალშიც მძლავრი საპირწონე იქნება "რუსეთის მზარდი ძლიერების და გავლენის ამ ქვეყნებში?". მართებული კითხვაა, მაგრამ დასავლეთისთვის არც თუ ისე მარტივია ეს საკითხი ლუკაშენკოსთან განიხილოს.

ძალაუფლებაში

1954 წლის აგვისტო – დაიბადა კოპისში.
1982 წელი – გახდა კოლმეურნეობის თავმჯდომარის მოადგილე. მანამდე საბჭოთა ჯარში მსახურობდა.
1990 წელი – არჩეულია ბელორუსიის რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად.
1993 წელი – არჩეულია ბელორუსიის პარლამენტის ანტიკორუფციული კომიტეტის თავმჯდომარედ.
1994 წელს – არჩეულია პრეზიდენტის პოსტზე.
1996 წლის ნოემბერი – რეფერენდუმი, რომელზეც გადაწყდა ლუკაშენკოს უფლებამოსილების გაფართოება პარლამენტთან დაკავშირებით და მისი საპრეზიდენტო ვადის დამატებით ორი წლით გაგრძელება.
2001 წელი – ხელახლა არჩეულია პრეზიდენტის პოსტზე, შემდეგი 5 წლით. ეს არჩევნები დამკვირვებლებმა შეაფასეს როგორც არადემოკრატიული.
2004 წლის ოქტომბერი – რეფერენდუმი, რომელზეც გადაწყდა პრეზიდენტის ორ ვადიანი არჩევის შეზღუდვის გაუქმება.
2006 წლის მარტი – არჩეულია პრეზიდენტად მესამე ვადით. დამკვირვებლებმა კენჭისყრა დაგმეს და მას ფუნდამენტურად არასრულყოფილი უწოდეს.
2007 წლის დეკემბერი – განაცხადა, რომ პოლონეთსა და ჩეხეთში ამერიკული ბაზების განთავსების შემთხვევაში, ბელორუსიის ტერიტორიაზე რუსულ რაკეტებს განათავსებს.
2008 წლის ივნისი – გამოაცხადა საერთაშორისო ტენდერი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაზე.

ორიგინალი

No comments: