Thursday, September 20, 2007

რატომ უყვარს მაკკეინს მიშა

newsweek

ოუენ მეთიუსი
ანნა ნემცოვა თბილისიდან, დენ ეფრონი და სიუზენ სმოლი ვაშინგტონიდან
20 სექტემბერი 2008

საქართველოს პრეზიდენტისადმი რესპუბლიკელი კანდიდატის სიმპათია, მის ზოგიერთ მრჩეველს აშფოთებს.

მიხეილ სააკაშვილმა, გამოუძინებელი თვალებითა და სატელევიზიო გრიმით სახეზე, მრჩევლების ვიწრო წრე თავის რეზიდენციაში შეკრიბა. 12 აგვისტოს ღამის 2 საათი იყო და საქართველოს დედაქალაქისკენ რუსული ტანკების კოლონა მოიწევდა. "არცერთ შემთხვევაში თბილისის დატოვებას არ ვაპირებ – უთხრა შეკრებილთ პრეზიდენტმა – არ ვაპირებ ცხოვრების ბოლომდე ვინანო ის, რომ ომის დროს საკუთარი ქვეყანა დავტოვე". ამის შემდეგ სააკაშვილმა ისინი სახლებში გაუშვა, რომ ოფიციალური კოსტიუმების ნაცვლად დამპყრობლებთან საბრძოლველად უფრო მოხერხებული ტანისამოსი ჩაეცვათ. თავად Red Bull-ი შესვა, ტელეფონი აიღო და თავის მეგობარს დაურეკა, ადამიანს რომელსაც ომის დაწყების დღიდან, 8 აგვისტოდან, ყოველდღე მიმართავს: ჯონ მაკკეინს. რესპუბლიკურ ფლაგმანთან დაახლოებული წყაროს ინფორმაციით, რომელმაც გვთხოვა მისი ვინაობა არ გაგვეთქვა, რადგან საქმე კერძო საუბარს ეხება, მაკკეინი მოსკოვზე დიპლომატიური და პოლიტიკური ზეწოლის მომხრე იყო. "შენ მანდ გამაგრდი – თქვა სენატორმა (საკაშვილის თანაშემწის ცნობით, რომელიც ჩვენთან საუბარს ასევე ანონიმურობის პირობით დათანხმდა). – ჩვენ ამას არ დავუშვებთ... ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამ აგრესიის შესაჩერებლად".

არ არის გასაკვირი, რომ 41 წლის სააკაშვილმა, რომელსაც ქართველები მიშას ეძახიან, კრიზისულ მომენტში მაკკეინს მიმართა: ისინი უკვე 10 წელია მეგობრობენ, და მაკკეინისთვის ეს უცხოელ ლიდერებთან ყველაზე მყარი ურთიერთობის მაგალითია. ჩრდილოეთ კაროლინას რესპუბლიკელი-სენატორი რიჩარდ ბარი 2006 წელს საქართველოში მაკკეინის დელეგაციის შემადგენლობაში იყო. მისი თქმით, სააკაშვილი რესპუბლიკელ კანდიდატს სხვა კონგრესმენებისგან განსხვავებით, როგორც "დიდი მასშტაბის... განსხვავებული დონის ადამიანს ისე ეპყრობოდა. გასაგებია, რატომ არის მაკკეინი აღფრთოვანებული საქართველოს პრეზიდენტით". დიდწილად ის "მაკკეინების მაკკეინია" – ვნებიანი და არაორდინარული რეფორმატორი, თავისუფლებისთვის მებძოლი, "რუსულ დათვთან" დაპირისპირებული. იუსტიციის მინისტრის კარიერა სააკაშვილისთვის ერთ საათში დასრულდა – როდესაც 2001 წელს მთავრობის სხდომაზე მინისტრების ძვირფასი სახლების ფოტოები გამოფინა, დაყარა ისინი მაგიდაზე და კოლეგების დასჯა მოითხოვა. "ჩვენ ვგავართ ერთმანეთს – ამბობს სააკაშვილი. – საკუთარ შეხედულებებთან კომპრომისზე არ მივდივართ".

სწორედ ეს აღელვებს საგარეო პოლიტიკის საკითხებში მაკკეინის მრავალრიცხოვანი კონსულტანტების ნაწილს. დამდეგ პარასკევს ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატთა დებატები გაიმართება – საგარეო პოლიტიკის და ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებზე, და უმრავლეობას მიაჩნია, რომ რესპუბლიკელების კანდიდატს უპირატესობა ექნება: გამოკითხვები ადასტურებენ, რომ ამომრჩეველთა აზრით, როგორც მთავარსარდალი იგი გაცილებით უკეთ მომზადებულია ვიდრე ბარაკ ობამა. სააკაშვილის მსგავს ლიდერებთან ურთიერთობა ამ აზრს ამყარებს. და მაინც, მაკკეინის მიშასადმი სიყვარული ბევრი რესპუბლიკელის (საგარეო პოლიტიკაში რეალისტების) ინსტიქტს ეწინააღმდეგება. (ზომიერი რესპუბლიკელები ამ ტერმინს პარტიის ნეოკონსერვატიული ფრთისგან დისტანცირებისთვის იყენებენ. საგარეო პოლიტიკის საკითხებში მაკკეინის მთავარ რჩეველს და სააკაშვილის ყოფილ ლობისტს რენდი შეინემანს ნეოკონსერვატორებს მიაკუთვნებენ) მაკკეინს მოსწონს, რომ სააკაშვილისთვის ზნეობრივი პრინციპები მნიშვნელოვანია, ამბობს დიმიტრი საიმსი, ნიქსონის ცენტრის ("რეალისტების" მთავარი კვლევითი ინსტიტუტის) დაამაარსებელი და პრეზიდენტი. "გასაგებია, როდესაც ასეთი ტიპის ადამიანი სენატორ მაკკეინს მიმართავს, რომელიც ასევე მიდრეკილია საერთაშორისო ურთიერთობები შავ-თეთრ ტონებში აღიქვას".

თუკი რესპუბლიკური პარტიის აპარატის ყოფილ ჩინოვნიკს დავუჯერებთ, რომელმაც საკუთარი სახელის გამჟღავნება კანდიდატის პოზიციის კრიტიკის კონტექსტში არ ისურვა, შეშფოთების მიზეზი შემდეგში მდგომარეობს: "ასეთი საკითხების პერსონალიზებისას, თქვენ ყურადღების მიღმა გრჩებათ არსებითი ნაციონალური ინტერესები". სააკაშვილის მკვეთრი განცხადებები მოსკოვის მიმართ, შესალოა მაკკეინის წარმოსახვას აფორიაქებდეს, მაგრამ მისმა ბალანსის პოლიტიკამ, რომელიც დასაშვების ზღვარზე გადიოდა, აგვისტოში ქართული არმიის დამარცხება და ცივი ომის დროიდან ამერიკულ-რუსული ურთიერთობების არნახული კონფრონტაცია გამოიწვია. საიმსი ამბობს, რომ "რეალისტი-რესპუბლიკელების ნაწილმა გაუზიარა მაკკეინს საკუთარი ეჭვები სააკაშვილზე და ამერიკის მხრიდან საქართველოს უგუნურ მხარდაჭერაზე მიანიშნა".

რთულია სააკაშვილის მიმართ სიმპათია არ გაგიჩნდეს. ეს მომხიბვლელი, ურთიერთობისას უშუალო და ძალიან ენერგიული ადამიანია. ის საკუთარ ხუმრობებზეც იცინის. მაკკეინის მსგავსად პრესას ისიც თავისუფლად ეკონტაქტება. საქართველოში ჩასულ უცხოელ ჟურნალისტებს SMS საკუთარი მობილური ტელეფონიდან უგზავნის (ნომერს არ მალავს) და ღამის სამ საათზე მათ დაუგეგმავ ვახშამზე ეპატიჟება. მისი მეუღლე სანდრა აღიარებს, რომ ის "იმპულსურია", მაგრამ მიაჩნია: "ეს კარგი თვისებაა. ის არცერთ შესაძლებლობას ხელიდან არ უშვებს. მას სურს რომ ყველაფერი სწრაფად გაკეთდეს". მაგრამ როგორც წესი, სააკაშვილი ხშირად საოცრად გაწონასწორებულია, მისი ხმა მაღალია, მაგრამ მშვიდი, თავისუფლად საუბრობს ინგლისურ, ფრანგულ, რუსულ და უკრაინულ ენებზე. თავის ყველაზე ღრმა მრწამსზე – თავისუფლების სიკეთესა და კომუნიზმის დამღუპველობაზე – ისეთი დამაჯერებლობით საუბრობს, რომ მისი სიტყვების გულწრფელობაში ეჭვის შეტანა შეუძლებელია.

სწორედ ტოტალიტარიზმისადმი შეუგუებლობის წყალობით გაიცნო მაკკეინმა სააკაშვილი. მაკკეინი, დემოკრატიის მხარდასაჭერად რონალდ რეიგანის მიერ დაარსებულ არასამთავრობო საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტს (IRI) ხელმძღვანელობდა, ის კოორდინაციას უწევდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მის ყოფილ რესპუბლიკებში პოტენციური ლიდერების ძიების პროგრამას. 1995 წელს იგი ვაშინგტონში ინსტიტუტის მიერ გამართულ სხდომას თავმჯდომარეობდა, რომელსაც სააკაშვილიც ესწრებოდა. ახალგაზრდა ქართველს, კოლუმბიის უნივერსიტეტისა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებულს უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა უარი ეთქვა ადვოკატის კარიერაზე და სამშობლოში პოლიტიკოსის კარიერით დაკავებულიყო. 1997 წელს მაკკეინის თბილისში ვიზიტის შემდეგ მათი მეგობრობა კიდევ უფრო გამყარდა. სააკაშვილმა, რომელიც იმ დროისთვის პარლამენტის დეპუტატი იყო და სასამართლო რეფორმას ამზადებდა, თავისი ენთუზიაზმით მაკკეინზე შთაბეჭდილება მოახდინა. სააკაშვილის თქმით, მაშინ საუბარი იყო "სამართლიანობისა და საკუთარი პოტენციალის გააზრების, არამხოლოდ ამერიკულ, არამედ უნივერსალურ პრიციპებზე".

მაკკეინმა მეგობარს მხარი დაუჭირა 2003 წელს, "ვარდების რევოლუციის" დროსაც, რასაც სააკაშვილის გაპრეზიდენტება მოჰყვა. ახალგაზრდა ქართველი სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის დასაკავებლად ემზადებოდა, როდესაც მაკკეინი კვლავ ჩამოვიდა თბილისში, როგორც ამერიკის ოფიციალურ პირთა დელეგაციის ხელმძღვანელი და ედუარდ შევადნაძეს, რომელიც არჩევნებში ხელახლა მონაწილეობდა, მოუწოდა ამომრჩევლთა ნებისთვის პატივი ეცა. (სააკაშვილის თქმით, მაკკეინი უსიამოვნებებს წინასწარმეტყველებდა: "მან უბრძანა... (ამერიკელ) სამხედრო ატაშეს, რომ ჩემთვის ჯავშანჟილეტი მოეცა). ამან არ შეაჩერა შევარდნაძე, არჩევნების შედეგები არ გაეყალბებინა. როდესაც სააკაშვილმა და მისმა მეგობრებმა პროტესტის ნიშნად პარლამენტის შენობა დაიკავეს, მაკკეინმა შევარდნაძეს – თავის დიდი ხნის მეგობარს - დაურეკა და მოუწოდა - მშვიდობიანად გადამდგარიყო. შევარდნაძე ასეც მოიქცა. "მაშინ საქართველოსთვის ოპტიმიზმის ხანა იდგა – იხსენებს მაღალი რანგის ამერიკელი ჩინოვნიკი, რომელიც იმ დროს თბილისში იყო (სამსახურეობრივი მდგომარეობის გამო გვთხოვა მისი ვინაობა არ გაგვეთქვა) – გადაბერებულ და ათასგვარი სენით დაავადებულ საბჭოთა იმპერიაში უცბად ეს გონიერი ახალგაზრდა გამოჩნდა, რომელიც წესრიგის დასამყარებლად მზად იყო".

სააკაშვილმა სამსახურებიდან 80 ათასი სახელმწიფო ჩინოვნიკი გაანთავისუფლა, აქედან 90% ძალოვან სტრუქტურათა თანამშრომლები, რომლებსაც ერთ დროს "კაგებე"-ს სტრუქტურა ამზადებდა; მან ასევე თავისი კორუმპირებულობით ცნობილი საგზაო პოლიციის სამსახურის "გაის" თანამშრომლებიც დაითხოვა. მას შემდეგ სამი დეპუტატი, 16 პროკურორი, 45 მოსამართლე, 400 პოლიციელი და მოქმედი მინისტრებიც კი თანამდებობებიდან გაანთავისუფლეს და ქრთამის აღებისთვის რამდენიმე მათგანი ციხეშიც მოხვდა. მიშამ ძველ ქართულ მმართველ კლასს გვერდი აუარა, და საკუთარი კაბინეტი ახალგაზრდა, არასამთავრობო ორგანიზაციებში მომუშავე, დასავლეთში განსწავლული ადამიანებისგან დააკომპლექტა. "მხოლოდ ახალგაზრდებს სურდათ რეალურად ქვეყნის შეცვლა" – ამბობს უშიშროების საბჭოს მდივანი კახა ლომაია, რომელიც 50 წლის ასაკში კაბინეტის უხუცესი წევრია (თავდაცვის მინისტრი 29 წლისაა).

მაგრამ მომდევნო წლებში პრეზიდენტი განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანების მიმართ შეუწყნარებელი გახდა. დღეს მისი მთავრობა – ერთი მსახიობის თეატრია, ჩივიან მისი ყოფილი თანამებრძოლები. "საქართველოში ყველაფერს წყვეტს მიშა – აცხადებს საგარეო საქმეთა ექს-მინისტრი და ამჟამად ოპოზიციის ლიდერი სალომე ზურაბიშვილი. – მან მარტომ მიიღო ომის დაწყების გადაწყვეტილება, და ახლაც მარტოა. მსოფლიოს სიფრთხილე მართებს".

ყველაზე ამაზრზენი ფაქტი შარშან ნოემბერში მოხდა, როდესაც ხელკეტებით შეიარაღებულმა სპეცრაზმის მებრძოლებმა ხუთდღიანი ანტისამთავრობო გამოსვლები ჩაახშვეს, გამოსვლები, რომლებიც ძალადობით დასრულდა. რამდენიმე საათში 250 ქართველმა სპეცრაზმელმა შტურმით აიღო ოპოზიციური ტელეკომპანია "იმედი". "პირველი სართულისკენ მიმავალ კიბეზე, ფორმიანმა ადამიანმა შუბლზე იარაღი დამადო, - გვიამბობს არხის საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების ხელმძღვანელი გიორგი თარგამაძე. – ვხედავდი, რომ ჩემი კოლეგები იატაკზე იწვნენ". 500-ზე მეტი ადამიანი საავდმყოფში გადაიყვანეს, მაგრამ სააკაშვილი ამტკიცებს, რომ ასეთი მკაცრი ზომების მიღება აუცილებელი იყო. "ხალხის მასა პოლიციას თავს დაესხა, ამიტომ ჩვენ გავაკეთეთ ის, რასაც ჩვენს ადგილას ნებისმიერი ევროპული ქვეყანა გააკეთებდა" – თქვა მან. ჩვეულებრივ, ადგილი ჰქონდა მაკკეინთან სატელეფონო კონსულტაციებს. "სენატორმა მაკკეინმა მკაფიოდ გამოხატა თავისი პოზიცია, რომ იგი ემხრობოდა თავისუფლებების სრულად აღდგენას, საერთაშორისო დამკვირვებლების მონაწილეობით თავისუფალი არჩევნების ჩატარებას და პოლიტიკური რეფორმების გაღმავებას" – განაცხადა მაკკეინთან დაახლოებულმა პირმა, რომელმაც გვთხოვა მისი ვინაობა არ დაგვესახელებინა, რადგან საქმე კერძო საუბარს ეხებოდა. მიუხედავად ამისა, სააკაშვილი ფიქრობდა, რომ მისი კავშირები ვაშინგტონთან, დაიცვდა მას კრიტიკისგან.

აჯანყებული ქართული რეგიონების გარშემო კონფრონტაცია დიდი ხნის განმავლობაში მწიფდებოდა. პირველად მოსკოვი აფხაზ და ოს სეპარატისტებს ქაოსის წლებში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მიემხრო. ბოლო დროს კონფრონტაცია მძაფრდებოდა. რუსეთის ადმინისტრაცასთან დაახლოებული ანონიმური წყაროს ცნობით, პრემიერ-მინისტრი პუტინი, რომელიც არც თუ მაღალი აღნაგობით გამოირჩევა, შეურაცხყოფილი დარჩა, როდესაც გაიგო, რომ კერძო საუბრებში სააკაშვილი მას "ლილიპუტინს" ეძახდა. მაგრამ არაფერი ისე აღიზიანებს რუსეთის ლიდერს, როგორც საქართველოს ნატოსკენ სწრაფვა. როდესაც აპრილში, ბუქარესტის სამიტზე სააკაშვილმა ალიანსში გაწევრიანებაზე ნაწილობრივ მწვანე შუქი მიიღო, კრემლმა ომისთვის მზადება დაიწყო, აცხადებს მოსკოველი სამხედრო მიმომხილველი პავლე ფელგენგაუერი. რუსულმა კონტიგენტმა სამხრეთ ოსეთში რამდენიმე მანევრი ჩაატარა, ხოლო საინჟინრო ჯარებმა აფხაზეთის მნიშვნელოვანი სარკინიგზო მაგისტრალი შეაკეთეს, რითაც ჯავშანტექნიკის სწრაფი გადაადგილება შესაძლებელი გახდა.

მაგრამ საბოლოო ჯამში ცეცხლის გახსნაზე პირველმა ბრძანება, სწორედ სააკაშვილმა გასცა. საქართველოს პრეზიდენტის თქმით, მან ასეთი გადაწყვეტილება დაზვერვის ინფორმაციის საფუძველზე მიიღო, რომელიც სამხრეთ ოსეთში რუსული ჯარების შემოსვლას იუწყებოდა. ჩვენ არჩევანი არ გვქონდა, - ამბობს სააკაშვილი. – მე ხელდაკრეფილი ვერ ვიჯდებოდი, როდესაც ჩემს ქვეყანაში დამპყრობელი შემოდიოდა". მაგრამ ის, რომ მან პირველმა გახსნა ცეცხლი, ამით რუსებს საშუალება მისცა ემტკიცებინათ, რომ ისინი საქართველოში მხოლოდ იმიტომ შეიჭრნენ, რომ ქართველებისთვის "გენოციდის აქტის" განხორციელებაში ხელი შეეშალათ. სააკაშვილი ამბობს, რომ რუსების პროვოცირებისთვის არაფერი გაუკეთებია, "პუტინი ქუჩის ხულიგანია, რომელიც დადის და ფანჯრებს ამტვრევს – ამბობს იგი. – არაფერი არ მომხდარა ისეთი, რითაც ჩვენ ხულიგნის პროვოცირებას შევძლებდით: მან მსხვერპლი თავად აირჩია".

რუსებს უბრალოდ სურდათ სააკაშვილი ომში ჩაებათ, რომელიც მან ვერ მოიგო. მაშ, რატომ გადაყლაპა ეს სატყუარა? "საქართველოს ხელმძღვანელობაში ყოველთვის იყვნენ ადამიანები, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ ამ პრობლემის საერთაშორისო დონეზე გატანის ერთადერთი საშუალება – ომის დაწყება იყო – განაცხადა ერთ-ერთმა მაღალი რანგის ამერიკელმა ჩინოვნიკმა, რომელიც ოფიციალური კომენტარების გაცემაზე უფლებამოსილი არ არის. – ჩვენ მათ მუდმივად ვეუბნებოდით: არ გააკეთოთ ეს!". სააკაშვილის ერთ-ერთმა მაღალი რანგის მრჩეველმა, ჯერ კიდევ ერთი წლის წინ იგრძნო, რომ კონფლიქტი მწიფდებოდა და თავის მეგობრებს უყვებოდა, რომ მზად იყო პოსტი დაეტოვებინა. "ესენი ომის დაწყებას აპირებენ, რომ ეს ომი წააგონ", - გააფრთხილა ჩინოვნიკმა თავისი ორი კოლეგა, რომლებიც Newsweek–თან ინტერვიუზე ანონიმურობის პირობით დათანხმდნენ. და მაინც, სააკაშვილი არ აღიარებს, რომ იგი საქართველოს მოკავშირეების ომში ჩათრევას გეგმავდა. "მე არ მინდა, რომ ევროპამ ჩვენს გამო იბრძოლოს, მაგრამ ევროპული ქვეყნების წინაშე ასეთი არჩევანია: ისინი რუსეთის აგრესიას ან აქ გააჩერებენ, ან უნდა დაელოდონ როდის გაუმკლავდება ის ახალ მსხვერპლს".

როგორც არ უნდა იყოს, რეალისტი-რესპუბლიკელები თვლიან რომ მისი ვერსიის ნდობა არ შეიძლება. აჯანყებული რეგიონის ზოგიერთი ადგილობრვი მაცხოვრებელი ყვება, რომ ქართული ჯარი სამოქალაქო დასახლებებს ესროდა – რაცეზ არაერთხელ განაცხადა მოსკოვმა "მე გული იმაზე მწყდება, რომ მაკკეინი არ ელაპარაკა მაღალი რანგის რუს ოფიციალურ პირებს – თქვა საიმსმა. – მე ყოველთვის მიმაჩნდა, რომ თუკი შენ სამხედრო მფრინავი ხარ, შენ უნდა გინდოდეს გაუგო მოწინააღმდეგეს. მაგრამ არც ის, და არც მისი მრჩევლები არ არიან დაინტერესებულნი მოვლენების რუსულ ვერსიაში გაერკვნენ".

ნურას უკაცრავად, ამბობს შეინემანი. "სენატორი მაკკეინი ძალიან კარგად არის ინფორმირებული რუსული მხარის პოზიციისა და ქმედებების შესახებ – აცხადებს მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში. – სწორედ ამიტომაც გამოთქვამს იგი წლების მანძილზე შეშფოთებას რუსული პოლიტიკის მისამართით". ადმინისტრაციის ყოფილი ჩინოვნიკი საიმსის შეშფოთებას იზიარებს, მაგრამ ის... რეალისტია. საპრეზიდენტო მარათონის ბოლო კვირეები - "არ არის საუკეთესო დრო საგარეო პოლიტიკაზე სემინარების ჩასატარებლად. – მე ეჭვი არ მეპარება, თუკი იგი, და როდესაც იგი (მაკკეინი) პრეზიდენტი გახდება, ის დაინტერესებული იქნება ყველა მხარეს მოუსმინოს და დაბალანსებული გადაწყვეტილებები მიიღოს".

ორიგინალი

No comments: