20 თებერვალი 2009
ნატოს თავდაცვის მინისტრები განაგრძობენ შეხვედრას პოლონურ ქალაქ კრაკოვში. ნატოში გაწევრიანების იმედით, შეხვედრას საქართველოც და უკრაინაც ესწერებიან.
მოსალოდნელია, რომ ალიანსი შეთანხმდება საზღვაო მისიაზე, რომელშიც ექვსი გემი შევა და რომელმაც უნდა მოაგვაროს მეკობრეთა პროლემა სომალის სანაპიროზე.
ხუთშაბათს ნატოს გენერალურმა მდივანმა, იაპ დე ჰოოპ სხეფერმა ავღანეთში პრობლემების გადასაჭრელად ყველას უფრო ინტენსიური რეგიონალური თანამშრომლობისკენ მოუწოდა.
მან ასევე მხარი დაუჭირა აშშ-ს მოთხოვნას იმის თაობაზე, რომ ნატოს წევრმა ქვეყნებმა გაზარდონ თავისი სამხედრო შემადგენლობის რაოდენობა.
ვაშინგტონს, რომელიც ავღანეთში კონტინგენტის გაზრდას 17 000 მეომრით გეგმავს, სურს, რომ ვალდებულებები უფრო თანაბრად გადანაწილდეს.
რამდენიმე ქვეყანა სახიფათო რეგიონებში თავისი ჯარების განთავსების თავიდან აცილებას ცდილობს. იტყობინებიან, რომ ისინი შიდა პოლიტიკური საკითხების გამოც არიან შეზღუდულები.
დე ჰოოპ სხეფერმა განაცხადა, რომ ავღანეთს მთავრობისა და ინსტიტუტების განსავითარებლად სამხედრო ძალასთან ერთად სამოქალაქო ძალების დამატებაც სჭირდება.
შეხვედრის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე ყირგიზეთმა განაცხადა, რომ ის ხურავს აშშ-ს საჰაერო ბაზას მანასში, რომელიც ავღანეთში ჯარების მომარაგების მარშრუტის საკვანძო პუნქტის ფუნქციას ასრულებდა.
მაგრამ პარასკევს აშშ-ს სამხედრო ჯარების სარდლობამ განაცხადა, რომ ტაჯიკეთი და უზბეკეთი, ქვეყნები, რომლებიც ესაზღვრება ავღანეთს, თანახმანი არიან გაატარონ თავის ტერიტორიებზე ავღანეთში მიმავალი არასამხედრო ტვირთი.
დაძაბული ურთიერთობები
BBC-ის კორესპონდენტი, კაროლინა ვაიატი იტყობინება, რომ პარასკევს სამიტზე საქართველოსა და უკრაინაზე წარიმართება მსჯელობა. საბჭოთა ბლოკის ამ ორი ყოფილი ქვეყნის ნატოში გაწევრიანების სურვილმა სასტიკად დაძაბა ურთიერთობები მოსკოვთან.
ჩვენი კორესპონდენტი ამბობს, რომ ზოგიერთის აზრით, ყირგიზეთის მიერ მანასში საჰაერო ბაზის გაუქმების გადაწყვეტილება მოსკოვის ზეწოლით იყო განპირობებული. მოსკოვმა ამ გზით კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ის თავისი გავლენის ყოფილ სფეროში ნატოს შემოსვლას არ ეთანხმება.
ყირგიზეთის ხელისუფლება უარყოფს იმას, რომ მან ბაზის დახურვის გადაწყვეტილება მოსკოვის ზეწოლის გამო მიიღო მას შემდეგ, რაც რუსეთი ყირგიზეთს $2 მილიარდზე მეტ ფინანსურ დახმარებას შეპირდა.
მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს საქართველოს სეპარატისტული რეგიონის, სამხრეთ ოსეთის გამო საქართველო-რუსეთის ხანმოკლე ომის შემდეგ ალინსსა და მოსკოვს შორის ურთიერთობები გაცივდა, ნატო არ გამორიცხავს მოსკოვთან ურთიერთობების გაუმჯობესების შესაძლებლობას, იტყობინება ჩვენი კორესპონდენტი.
ნატომ უნდა განიხილოს თავისი მომავალი დოქტრინაც, ამბობს ჩვენი კორესპონდენტი, დე ჰოოპ სხეფერმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ ალიანსს სჭირდება ახალი კონცეფცია, რომელიც გაითვალისწინებს ბოლო დროს წარმოქმნილ გამოწვევებს: გლობალური დათბობა, ენერგეტიკული მომარაგების პრობლემები და კიბერშეტევები.
”მოთხოვნები, რომლებიც ნატოს წინაშე დგას უფრო დიდია, ვიდრე ოდესმე” - განაცხადა სხეფერმა.
გენერალურმა მდივანმა აგრეთვე განაცხადა, რომ სტრატეგიის განახლება აუცილებელია ნატოში ახალი წევრების გაერთიანების გამოც. ხორვატეთი და ალბანეთი აპრილის 60 წლის საიუბილეო სამიტზე ალიანსში უნდა გაერთიანდნენ.
 
No comments:
Post a Comment