ტრეისი მაკნიკოლი
6 სექტემბერი 2009
გასულ კვირას რუსეთმა ზედმეტი ხმაურის გარეშე პირობა შეასრულა. 15 სექტემბრამდე ორი დღით ადრე საკონტროლო გამშვები პუნქტები გააუქმა, რომლებიც შუაგულ საქართველოში აგვისტოს ომის დროს გაჩნდა. ეს პირველი პირობაა დაპირებათა იმ სერიიდან, რომელიც ევროკავშირის სახელით მოქმედ საფრანგეთის პრეზიდენტს მისცეს. ყველა შემთხვევაში, ის რაც მოხდა, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია სამხრეთ კავკასიაში ერთგვარი მშვიდობის შესანარჩუნებლად. სარკოზისთვის ეს პირადი გამარჯვებაც იყო, მან როგორც შუამავალმა ხელშესახებ წარმატებას მიაღწია.
სარკოზიმ თავქარიანი მმართველის იმიჯისგან განთავისუფლება შეძლო, რომელსაც სანახაობრივი, ხშირად საგანგებოდ შერჩეული პოლიტიკა უყვარს, რაც სხვებისგან გამოარჩევს.
ცოტახნის წინანადელი კრიზისის დროს ფრანგი დიპლომატები ხშირად გაოცებასაც გამოხატავდნენ, რა ეშველებოდა საქართველოს, ომის დაწყების მომენტისთვის ევროკავშირის გარდამავალი თავმჯდომარე სხვა ქვეყანა რომ ყოფილიყო? გალური ღირსება? შესაძლებელია, მაგრამ ომი რომ ორი თვით ადრე დაწყებულიყო, ევროკავშირის თავმჯდომარე სლოვენია იქნებოდა, ხუთი თვით გვიან კი – ჩეხეთი. შესაძლოა ამ ქვეყნის ლიდერები მოწოდების სიმაღლეზე მდგარიყვნენ, მაგრამ საფრანგეთის ისტორიულმა გამოცდილებამ - აწარმოოს პოლიტიკა სუპერსახელმწიფოებთან, მისმა კარგად გამოცდილმა დიპლომატიურმა მანქანამ, სარკოზის პოზიცია მოსკოვის მოლაპარაკებებზე გაამყარა. მეტიც, საქმის წარმოების მისეული სტილი, რომელსაც ხშირად აკრიტიკებენ, მისი პიროვნება და სადაო, ზოგჯერ გაუგებარი საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილებები, როგორც ჩანს ერთ მთლიან ძალად გაერთიანდა და ფართო მასშტაბის წარმატება უზრუნველყო.
მაგალითად, მისი იმპულსურობა, რომელსაც კონსენსუსების მოყვარული ევროპა ოდესღაც აკრიტიკებდა, სწრაფად განვითარებად სახიფათო სიტუაციაში პლიუსად წარმოჩინდა, როგორც ამას დღეს ზოგიერთი წამყვანი ფრანგი სამხედრო და დიპლომატი ექსპერტი აღნიშნავს. ომის დაწყებიდან სამ დღეში სარკოზიმ თბილისში საგარეო საქმეთა მინისტრი ბერნარ კუშნერი გაგზავნა. ორ დღეში კი, ევროკავშირის გვერდის ავლით და წევრ სახელმწიფოებთან კონსულტაციის გარეშე, იგი მოსკოვსა და თბილისს შორის მოგზაურობდა, როგორც შუამავალი, ექვსპუნქტიანი გეგმის შესათანხმებლად.
კრიტიკოსების თქმით, ხელმოწერილი დოკუმენტი მნიშვნელოვანმა უზუსტობებმა და მასში "საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის" დაუფიქსირებლობამ, შეასუსტა. გაზეთმა Le Monde-მა სარკოზის "კაპიტულაციის მაცნე" უწოდა. თუმცა, ექსპერტები უსაფრთხოების საკითხებში მიიჩნევენ, რომ არსებული ვარიანტებიდან ეს საუკეთესო გამოსავალი იყო. მოსკოვმა იცოდა, რომ სარკოზის საომარი ძალით გამყარებული მკაცრი განცხადებების გაკეთების საშუალება არ ჰქონდა, ორაზროვნების დრო კი არ იყო. უარი თქვა რა კონსესუსის ძიებაზე, მან ევროკავშირის სახელით უპრეცედენტო, პოტენციურად ძალიან სასარგებლო დიპლომატიური აქცია წამოიწყო. "რუსები თბილისიდან 25 კმ-ში იდგნენ" – გვახსენებს ფრანსუა ჰაისბურგი, პარიზის სტრატეგიულ კვლევათა ფონდის განსაკუთრებული მრჩეველი. "თქვენ რას გააკეთებდით? დიპლომატიური გზების ძიებას დაიწყებდით? თუ მოლაპარაკებებს გააჩაღებდით უხეშ, მაგრამ გამზადებულ ზავზე, რომ ჯარისკაცებს, სასწრაფოდ მიეღოთ ბრძანება: "სადაც არ უნდა იყოთ, უბრალოდ შეჩერდით".
დივიდენდები საფრანგეთის პრეზიდენტს ზოგიერთმა სადაო დიპლომატიურმა ნაბიჯმაც მოუტანა, რომლებიც სარკოზიმ საპრეზიდენტო ვადის დასაწყისში გადადგა. მან შეგნებულად ხაზი გაუსვა სხვაობას მასსა და მის წინამორბედ ჟაკ შირაკს შორის, ასევე სხვაობას ვაშინგტონთან. სარკოზიმ ყველა პოლიტიკოსთან დაიწყო საუბარი, იმის მიუხედავად არღვევდნენ თუ არა ისინი ადამიანის უფლებებს. საკუთარ სამშობლოში მას ეს ძვირად დაუჯდა. ფრანგი ლიდერის აზრით, ტოტალურ დიპლომატიას ძალუძს გაუცხოების აღმოფხვრა, ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში სიტუაციის გაუმჯობესება და ზოგიერთი ქვეყნის საერთაშორისო პოლიტიკის კალაპოტში დაბრუნება.
გასულ წელს მას საშინლად აკრიტიკებდნენ პარიზში ჰუგო ჩავესის, მუამარ კადაფის და ბაშარ ასადის მოწვევის გამო. და მიუხედავად იმისა, რომ 2007 წლის საარჩევნო კამპანიის დროს, რუსეთზე პროვოკაციული განცხადებებით იგი მასების მოხიბვლას ცდილობდა, აკრიტიკებდა რა მას ჩეჩნეთში ჩადენილი დანაშაულებების და ადამიანთა უფლებების დარღვევებისთვის, მოგვიანებით მისი პოლიტიკა შეიცვალა. ღირებულებითი პოზიციების კრიტიკიდან იგი მასშტაბურ პრაგმატიზმზე გადავიდა, აცხადებს თომა გომარი, რუსეთის საკითხების სპეციალისტი, პარიზის საერთაშორისო ურთიერთობების ფრანგული უნივერსიტეტიდან. ასე მაგალითად, სარკოზი იმ ერთეულ დასვლელ პოლიტიკოსთა რიგში აღმოჩნდა, რომელმაც პუტინს სერიოზული დარღვევებით ჩატარებულ დეკემბრის არჩვნებში მისი პარტიის გამარჯვება მიულოცა. ამ ნაბიჯმა სარკოზის ევროპელი პარტნიორების იმედგაცრუება გამოიწვია, სამაგიეროდ როგორც ჩანს მოლაპარაკებების პროცესს ხელი შეუწყო. "სარკოზი მოსკოვზე უსაფუძვლოდ გაბრაზებულ ლიდერად არ ითვლება – ამბობს თომას ვალასეკი ლონდონის ევროპული რეფორმების ცენტრიდან. – ამ ყველაფრის წყალობით მოსკოვში მან კეთილი ნების გარკვეული კაპიტალი დააგროვა, რაც მოგვიანებით გაანაღდა კიდეც".
სარკოზიმ მოსკოვთან მოლაპარაკებებში უფრო მეტი ნდობა იმის გამოც დაიმსახურა, რომ ღიად გამოხატავდა თავის დამოკიდებულებას ევროკავშირის ცენტრალური- და აღმოსავლეთ ევროპის წევრების მიმართ, რომლებიც ადრე ფრანგ ლიდერებს უნდობლობით უყურებდნენ. ფრანსუა მიტერანი ევროკავშირის გაფართოების წინააღმდეგი იყო, ვარშავას და პრაღას კი არასდროს სჯეროდათ შირაკის პოლიტიკის, რაც თითქოს არაბებთან და რუსებთან კავშირის გამო აშშ-ს საპირწონის შექმნას ისახავდა მიზნად. შირაკმა აღმოსავლეთ ევროპელ ლიდერებს უთხრა, რომ მათ, 2003 წელს ერაყში ამერიკის მხარდაჭერით "შესანიშნავი შანსი გაუშვეს ხელიდან, ხმა არ ამოეღოთ".
მისგან განსხვავებით სარკოზი აღმოსავლეთს ხშირად სტუმრობდა და ორმხრივი ურთიერთობების მომხრე იყო ისეთ სფეროებში, როგორებიცაა სოფლის მეორნეობა და ენერგეტიკა. მაისში, ვარშავაში სიტყვით გამოსვლისას, მან განაცხადა, რომ 2004 წელს ევროკავშირში მიღებული წევრებისთვის ფრანგულ ბაზარზე შეზღუდვები მოხსნა. აღმოსავლეთ ევროპას ისიც მოეწონა, რომ მან ამერიკასთან კავშირები გაამყარა, და ყოველთვის აღნიშნავდა, რომ მისი მიზანი "ღიად და მკაფიოდ, დასავლურ ოჯახში საფრანგეთის მდგომარეობის გამყარება იყო".
შედეგად, ევროკავშირმა საკმაოდ წარმატებული მოლაპარაკებები აწარმოა – ევროკავშირის სოლიდარობა განსაკუთრებით მას შემდეგ გაძლიერდა, რაც 26 აგვისტოს რუსეთმა სადაო ანკლავების დამოუკიდებლობა ცნო. და მაინც, წინ ჯერ კიდევ ბევრი გადაუწყვეტელი საკითხია. მაგალითად, სარკოზიმ ევროკავშირის დამკვირვებლების სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში შეყვანა ვერ უზრუნველყო. რუსებს კი ზოგიერთი დანაპირების შესრულება მოუწევთ: პირველ რიგში, 10 ოქტომბრამდე საქართველოს ტერიტორიიდან ჯარების გაყვანა. იმავე პერიოდისთვის, ოქტომბრის შუა რიცხვებში, ევროკავშირის ლიდერები თავიანთ რუს და ქართველ კოლეგებს ჟენევაში შეხვდებიან, რომ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის უსაფრთხოება უზრუნველყონ. ბევრი დეტალი ჯერ განსაზღვრული არ არის, ის კი არა, სამიტის დასაგეგმადაც, ჯერ კიდევ მთელი რიგი ძალზედ დელიკატური დიპლომატიური საკითხებია მოსაგვარებელი.
თუმცა სარკოზი დღეს მოლაპარაკებებს უფრო ძლიერი პოზიციებიდან მართავს. კრიზისმა მას საერთაშორისო თანამეგობრობაში ის პოზიცია შესძინა, რაც აკლდა. პრეზიდენტს, რომლის დროსაც ქვეყანაში ეკონომიკური ვარდნაა, ეს ფაქტი იმის საშუალებას აძლევს, რომ საკუთარ სამშობლოში ოპონენტების ყურადღება მოადუნოს. გასულ კვირას სოციოლოგიურმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ივლისიდან, ანუ მას შემდეგ რაც სარკოზი ევროკავშირის თავმჯდომარე გახდა, მისი მხარდაჭერთა რიცხვი 12%-ით გაიზარდა. ყოველ შემთხვევაში საკუთარ სამშობლოში მან ნამდვილად მოიგო.
No comments:
Post a Comment