Thursday, September 6, 2007

კუშნერის გამოწვევა ჩეინის

logo-bloombering

ჯეიმს ჯ. ნუგერი და ლეონ მანგასარიანი
6 სექტემბერი 2008

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბერნარ კუშნერი ეჭვს გამოთქვამს აშშ-ს ტაქტიკაზე საქართველოს კრიზისის გადაწყვეტის პროცესში. მისი აზრით, საომარი ხომალდებით ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირება, რუსეთთან ახალი დაძაბულობის მიზეზი შეიძლება გახდეს.

აშშ-ს სამხედრო გემმა "მაუნთ ვითნიმ" გუშინ საქართველოს შავი ზღვის პორტში ჰუმანიტარული ტვირთი ჩამოიტანა მათთვის, ვინც რუსეთის საქართველოში ინტერვენციის გამო იძულებული გახდა სახლები დაეტოვებინათ. გემმა ღუზა რუსული პოსტიდან სულ რაღაც 10 კილომეტრის მოშორებით ჩაუშვა.

კრიზისის გადაწყვეტა "შესაძლებელია მხოლოდ პოლიტიკური გზებით და არა სამხედრო გემებით" - უთხრა კუშნერმა ჟურნალისტებს ევროკავშირის მინისტრთა შეხვედრის შემდეგ ავინიონში (საფრანგეთი). მან ასევე ეჭვი გამოთქვა სამ პოსტსაბჭოთა რესპუბლიკაში ჩეინის ვიზიტის პრაქტიკულ სარგებელზე. ვიცე-პრეზიდენტმა დიკ ჩეინიმ საქართველოსა და მეზობელ პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებში იმოგზაურა.

ევროკავშირი ცდილობს აშშ-სთან ერთად გამოიმუშავოს პოზიცია, რომელიც რუსეთს საქართველოს ტერიტორიიდან, ე.წ. "ბუფერული ზონებიდან" ჯარების გაყვანას აიძულებს. მათი მიზანია ასევე სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების, მაგალითად, უკრაინის დაცვა რუსეთის ზეწოლისგან.

რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ამერიკული ფლოტის ქმედებებს პროვოკაციული უწოდა. დღეს მან მოსკოვში ასეთი შეკითხვა დასვა: "როგორი რეაქცია ექნებოდა აშშ-ს, "ჩვენს ფლოტს კარიბის ზღვის ქვეყნებისთვის, რომლებიც ასე დააზარალა ქარიშხალმა, ჰუმანიტარული დახმარება რომ ჩაეტანა".

ჩეინის სპიკერმა, მეგან მიჩელმა კუშნერის განცხადებაზე კომენტარისგან თავი შეიკავა.

ჩეინიმ დღეს განაცხადა, რომ რუსეთი ნატოს გამბედაობას ამოწმებს. იტალიაში კონფერენციაზე გამოსვლისას მან თქვა: "რუსეთს შეუძლია ასეთი გზა აირჩიოს - ჩვენ კი ტრანს-ატლანტიკური ალიანსის წევრებს ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გვაკისრია”.

ფრანგული დიპლომატია

საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ, რომელიც 6 თვის მანძილზე ევროკავშირს თავმჯდომარეობს, კონფლიქტის მოგვარებაში ევროპის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელობა იკისრა. 8 სექტემბერს სარკოზი კუშნერთან და ევროკავშირის სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად მოსკოვში მიემგზავრება, რათა მედვედევი ექვსპუნქტიანი შეთანხმების პირობების შესრულებაზე დაითანხმოს.

1 სექტემბერს ევროკავშირმა რუსეთთან თანამშრომლობის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები შეაჩერა, მაგრამ თავი აარიდა მკაცრ სანქციებს, რადგან ევროპა დიდად არის დამოკიდებული რუსულ ენერგორესურსებზე.

ჩეინიმ კავკასიაში მიმდინარე კვირას იმოგზაურა და ამერიკის კონგრესს მოუწოდა საქართველოს 1 მილიარდი დოლარით დახმარებოდნენ. ხუთდღიანი ომის შემდეგ საქართველომ თავისი ზარალი ზუსტად ამდენად შეაფასა.

"ბედნიერი ვარ, მაგრამ განა ეს რამეს ცვლის?" - იკითხა კუშნერმა - "მათ რეკონსტრუქციისთვის დიდძალი თანხა გაიღეს, ეს მნიშვნელოვანია. ჩვენც ბევრი ფულის მიცემას ვაპირებთ. აქ შეჯიბრი უადგილოა" .

ევროპული დახმარება

ევროპის 27-მა ქვეყანამ საქართველოს ჰუმანიტარული მიზნებისთვის 15 მილიონი ევრო (21 მილიონი) გამოუყო. რეკონსტრუქციისთვის განსაზღვრული ევროპული დახმარება დაახლოებით 100 მილიონი ევრო იქნება, განაცხადა ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა კომისარმა ბენიტა ფერერო-ვალდნერმა.

ევროკავშირი ასევე მეთვალყურეთა სამშვიდობო მისიის ფორმირებაზე მუშაობს, ზუსტდება მისიის შემადგენლობა და განთავსების ვადები.

"ჩვენ არ ვვარაუდობთ ათასობით ადამიანის გაგზავნას" - თქვა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უწყების ხელმძღვანელმა ჰავიერ სოლანამ - "ტერიტორია პატარაა".

ევროკავშირის მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაგმეს რუსეთი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღაირების გამო. ეს ორი პატარა ქვეყანა ომის შემდეგ საქართველოსგან გამოყოფას ცდილობს.

"ჩვენ მათ დანამდვილებით არ ვცნობთ" - გვითხრა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმა - "თუ საზღვრების გადახედვას დავიწყებთ, მაშინ კავკასიასა და მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში დიდი ხნით დაისადგურებს ქაოსი. ეს პირველ რიგში რუსეთს არ უნდა აწყობდეს".

ევროკავშირი მხარს უჭერს საერთაშორისო გამოძიებას, რომელიც დაადგენს ვინ დაიწყო ომი. მინისტრებმა აღნიშნეს, რომ გაეროს გენერალური თავმჯდომარე პან გი-მუნი ფაქტების შემსწავლელი მისიის შექმნას გეგმავს.

ორიგინალი

No comments: