Thursday, September 6, 2007

უნდა გვეშინოდეს თუ არა დათვის?





9 სექტემბრი 2009
პოლ ჯონსონი, გამოჩენილი ბრიტანელი ისტორიკოსი და მწერალი

რუსეთთან ცივი ომის მდგომარეობას დავუბრუნდით? არ მგონია. ვფიქრობ, ისტორია მეორდება: როგორც ამბობენ, ტრაგედია ფარსის სახით გვიბრუნდება.

სირთულე, რეალურ ცივ ომთან შედარებით, შემდეგში მდგომარეობს: მართალია დასავლეთმა ის მოიგო, იმ თვალსაზრისით, რომ რუსეთმა კომუნისტურ იდეოლოგიაზე უარი განაცხადა და იმპერიის დიდი ნაწილი დაკარგა, მაგრამ ხელისუფლებაში ძველი მმართველი ელიტა დარჩა.

1945 წელს გერმანიაში გამარჯვებულ მოკავშირე კოალიციას ყველა შესაძლებლობა ჰქონდა დეტალური დენანიფიკაციის პოლიტიკა გაეტარებინა. მმართველი ნაცისტები ჩამოახრჩვეს ან დიდი ხნით ციხეებში მოამწყვდიეს, სახელმწიფო თანამდებობების დაკავება სამუდამოდ აუკრძალეს. ნაცისტური იდეების ამოძირკვის პროცესმა შედეგიანად ჩაიარა, ახალი გერმანია კი აბსოლუტურ დომოკრატიად გარდაიქმნა. შედეგად, ნახევარ საუკუნეზე მეტია - ამ ქვეყანაში შიდა ექსტრემიზმის არანაირი ნიშანწყალი არ ჩანს, მით უფრო საგარეო პოლიტიკაში. გერმანია – სანდო, მშვიდობისმოყვარე და ყოველგვარი ავანტიურებისგან შორს მდგომი, თთქმის მოკრძალებული ქვეყანაა.

რუსეთი პირიქით, არც ოკუპირებული ყოფილა და არც ხელახლა არავის აღუზრდია. სტალინის და მისი მემკვიდრეების დანაშულებების გამო არავინ არ დასჯილა. საბჭოთა კომუნისტური რეჟიმის 20 მილიონიან მსხვერპლზე პასუხი არავის უგია, ხოლო ისინი ვინც მათ დევნიდნენ, საბჭოთა კავშირის კრახის დროს ჯერ კიდევ ცოცხლები იყვნენ და თანამდებობებიც შეინარჩუნეს. საიდუმლო პოლიციის რიგითი თანამშრომელი ვლადიმერ პუტინიც მათ შორისაა.

მოკლედ, პოსტკომუნისტურ რუსეთში უშიშროების თანამშრომლებმა წარმატებებსაც მიაღწიეს, მით უფრო, რომ ფინანსური, ოჯახური და პოლიტიკური კავშირები გააბეს ახალ ნავთობისა და გაზის პლუტოკრატიასთან.

რუსეთს იდეოლოგია არ აქვს, თუ არ ჩავთვლით ძალაუფლების შენარჩუნების და მისით სარგებლობის სურვილს. კანონის უზენაესობა არ ადარდებს – რადგან ასეთი რამ მასში უბრალოდ არ არსებობს. არანაირი ზნეობრივი პრინციპები არ აქვს, თუმცა განწყობილია ნაციონალისტურად და სარგებლობს რა მოსახლეობის ქსენოფობიით, ამ მხარდაჭერას უცხოეთში საკუთარი ავანტურების რეალიზაციისთვის იყენებს.

შესაბამისად, რუსეთს გაცილებით ბევრი აქვს საერთო ნაცისტურ რეჟიმთან, ვიდრე სტალინიზმთან. სწორად გამიგეთ: პუტინი – დღევანდელი ჰიტლერი არ არის. ის ჰენრიხ ჰიმლერს, SS-ის ხელმძღვანელს უფრო გავს, ნაცისტური ელიტის ყველაზე ცივსისხლიან წარმომადგენელს. პუტინს საიდუმლო პოლიციის თანამშრომლისთვის დამახასიათებელი ყველა ნიშანთვისება აქვს: ხრიკები, სისასტიკე, დაუნდობლობა და არაადამიანურობა.

პუტინის რუსეთი – მსოფლიო საჭადრაკო დაფაზე ძლიერი ფიგურაა. ყოველ შემთხვევაში, გარედან ასე ჩანს. მაგრამ სხვების დაშინების უნარით იგი ცივი ომის საბჭოთა კავშირს ვერ შეედრება. რუსეთის მოსახლეობა თითქმის ორჯერ ნაკლებია, ვიდრე საბჭოთა კავშირის; მან ნედლეულისა და წარმოების წყაროს მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგა; მას არ აქვს იმპერია, რომლის ექსპლუატაციასაც მოახდენდა; მოსახლეობა უბერდება, რომელიც ალკოჰოლიზმით და მასზე დამოკიდებულებითაა ავად; რუსეთში დაბალი შობადობა და სიცოცხლის ხანგრძლივობის დაბალი სტატისტიკური მაჩვენებელია. ეკონომიკური თვალსაზრისით ის დიდწილად მესამე სამყაროს მსხვილი სახელმწიფოა, რომელიც ექსპორტის ერთადერთ სახეობაზე – ენერგომატარებლებზე ძლიერ არის დამოკიდებული.

თვალის ასახვევად
XXI საუკუნეში მსოფლიოში ენერგომატარებლებზე მოთხოვნის კოლოსალურმა ზრდამ, რაც დიდწილად ჩინეთის და ინდოეთის სწრაფმა ინდუსტრიალიზაციამ განაპირობა, რუსულ ელიტას ყოვლისშემძლეობის ილუზია შეუქმნა. დამატებით თანხებს ელიტა ან გადაიარაღებაზე ხარჯავს, ან იპარავს. ცოტა რამ თუ დაიხარჯა მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებაზე. ელიტას იმედი აქვს, რომ ენერგეტიკული შანტაჟით და სატელიტი-ქვეყნების რეაბსორბაციით მომავალშიც იხეირებს, რაც კომუნისტური იდეოლოგიის კრახთან ერთად დაკარგა.

დასავლეთს არაფრის არ უნდა შეეშინდეს, თუკი ის ერთიანობას შეინარჩუნებს და კეთილგონივრულად და მოთმინებით იმოქმედებს. რუსული კლეპტოკრატიის წინააღმდეგ თავად დრო მუშაობს. ნავთობზე ფასებმა უკვე იკლო. მათი ვარდნა მნიშვნელოვნად დაჩქარდება და გაღრმავდება, რადგან მსოფლიო ეკონომიკის ამჟამინდელ კრიზისს მოთხოვნის შემცირება მოყვება, განსაკუთრებით აზიის წამყვან ეკონომიკებში.

ნავთობის და გაზის ახალი საბადოები ხელმისაწვდომი ხდება. გაზის ანალოგებით შეცვლის ზომები, განსაკუთრებით აშშ-სა და ევროპაში, ძალაში შედის. ჩვენ კვლავ ატომური სადგურების მშენებლობას ვიწყებთ. გრძელვადიან პერსპექტივაში აგრესიული ადრენალინის დოზა, რომელიც რუსეთმა ნავთობისა და გაზის რესურსებიდან მიიღო, მთლიანად განიავდება. რუსეთი თავის ჭეშმარიტ სტატუსს დაუბრუნდება – ღარიბი, არაეფექტურად მართული ქვეყნის სტატუსს, შეიარაღებული ძალებით, რომლის შენახვის თავიც არ ექნება, სერიოზულად დამოკიდებული უცხოური ინვესტიციებზე, რომლებიც უხეში და აგრესიული მოქმედებებით თავად დააფრთხო.

გადარჩებიან კი პუტინი და მისი განგსტერი-კოლეგები როდესაც რუსეთი ციდან დედამიწაზე დაეშვება? კითხვა უპასუხოდ რჩება. იმედი ვიქონიოთ, რომ ეს არ მოხდება. მაგრამ ძალიან ოპტიმისტებიც ნუ ვიქნებით. დათვზე, მდიადარია ის თუ ღარიბი, ყოველთვის ღირს თვალის მიდევნება.

ორიგინალი

No comments: