Wednesday, September 5, 2007

მონე-შუმანის მეთოდი რუსეთ-დასავლეთის დიალოგისთვის

le_temps

ნიკოლა ლევრა
5 სექტემბერი 2008

ჟენევის უნივერსიტეტთან არსებული ევროპული ინსტიტუტის დირექტორი ნიკოლა ლევრა თვლის, რომ რუსულ პროვოკაციებზე რეაგირების ნაცვლად, ევროპელები ერთობლივ ინსტიტუტებს უნდა ქმნიდნენ.

რა თქმა უნდა, არ შეიძლება ევროკავშირი დამოუკიდებელ საქართველოში რუსეთის შეჭრაზე არ რეაგირებდეს. თუმცა, რამდენად მართებულია ის, რომ მისი სამუშაო ჰიპოთეზები, მხოლოდ ჰიპოტეთური სანქციებით შემოიფარგლება? სანქციებით, რომლის არც მისაღებად და არც განსახორციელებლად ევროკავშირი მზად არ არის? აქ ეჭვის შეტანა ნამდვილად შეიძლება. კავკასიური სიტუაცია, ერთი მხრივ წარმოადგენს უზარმაზარ გამოწვევას, მაგრამ მეორე მხრივ, ეს არის განსაკუთრებული შანსი ევროპისთვის საერთაშორისო არენაზე დამკვიდრდეს, და არა როგორც მძლავრი სუბიექტი, რომელსაც სამხედრო ძალების და დიპლომატიური აპარატის მობილიზება შეუძლია, და რომელიც თავის თავში კონფრონტაციის ლოგიკას, მოლაპარაკებებს, კომპრომისებსა და გარიგებებს აერთიანებს, არამედ როგორც სახელმწიფოთა თანამეგობრობა, რომელიც საკუთარ სივრცეში სახელმწიფოებს შორის ურთიერთობათა სოციალიზაციის უნიკალურ და ქმედით მოდელს შექმნის.

უკვე ათეული წლებია, რაც აკადემიურ წრეებში დისკუსია მიმდინარეობს თემაზე, როგორია საერთაშორისო ურთიერთობებში ევროპული გავლენის ბუნება? რა არის ევროკავშირი, მძლავრი სამხედრო და დიპლომატიური ორგანიზაცია, ან სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩამოყალიბების ეპოქის სახელმწიფოებრივი ან იმპერიული ტიპის წარმონაქმნი, თუ ევროპის გავლენა, მისი ინტეგრაციის მოდელის წყალობით აიხსნება, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის დამთავრებიდან, სულ რაღაც ხუთ წელიწადში კონფლიქტში მონაწილე მოსისხლე მტრების შერიგება მოახერხა? მეცნიერები, რომლებიც მეორე ჰიპოთეზას იზიარებენ, მშვიდობიან გავლენაზე საუბრობენ ე.წ. "მსუბუქ ძალაზე" (soft power). და რადგან ევროპის ძალა ამაშია, სწორედ ის უნდა იყოს გამოყენებული.

შექმნილმა სიტუაციამ, ნათლად გვიჩვენა, რომ ევროკავშირი კლასიკური გაგებით დამაჯერებელი ძალა არ არის, მაგრამ კრიზისმა იმავდროულად ევროპული მშვიდობის რეალიზაციის პირობები გამოავლინა, რომლის მასშტაბები გაცილებით დიდია, ვიდრე იმ ევროპის, რომლის განსაზღვრებასაც ჩვენ შევეჩვიეთ. ცოტას თუ ახსოვს, რომ 1950 წელს ჟან მონემ და რობერტ შუმანმა გაბედეს და გააკრიტიკეს ის, რაც საფრანგეთის და გერმანიის სამხედრო და ინდუსტრიული ძლევამოსილების საფუძველს წარმოადგენდა: მძლავრი წარმოება და მისი ძირითადი ნედლეული – ნახშირი და ფოლადი. წავიდნენ რა მრავალსაუკუნოვანი დიპლომატიური და სამხედრო ისტორიის წინააღმდეგ, ამ ორმა დიდებულმა ადამიანმა მშვიდობის მიღწევის ისეთი სტრატეგია შეიმუშავა, რომლის ანალოგსაც დღემდე ვერ იპოვით.

მათი დეკლარაციის მოკლე ტექსტი ასეა ფორმულირებული: "მშვიდობის შენარჩუნება სამყაროში მხოლოდ მოსალოდნელი საფრთხის თანაზომიერი, შემოქმედებითი ძალისხძმევით შეიძლება... ევროპული ხალხების თანამეგობრობა საფრანგეთისა და გერმნიის დაპირისპირების ლიკვიდაციას ითხოვს. ამ მიზნით საფრანგეთის მთავრობა წინადადებით გამოდის, გატარებულ იქნას ზომები განსაზღვრულ, მაგრამ საკვანძო სფეროში: ყველა სფეროს, რომელიც ნახშირის და ფოლადის მოპოვებას უკავშირდება, ერთი უმაღლესი ორგანო უნდა მართავდეს – ორგანიზაცია, რომლის კარი გახსნილი იქნება ევროპის ყველა სახელმწიფოსთვის”. მოდით, ვცადოთ ამ კონცეფციის აქტუალიზება 2008 წლის ზაფხულის გამოწვევებთან მიმართებაში.

პირველ რიგში სამყარო სწორედ რომ მოწინააღმდეგეებთან ან მტრებთან ერთად უნდა ვაშენოთ: გუშინ ეს იყო გერმანია, დღეს – რუსეთია. თუკი მეორე მსოფლიო ომის დასასრულს, საფრანგეთმა შეძლო გამოეჩინა სიმამაცე და მოხერხებულობა, დაიწყო რა მთლიანი ევროპის მშენებლობა, ცივი ომის დასრულების შემდეგ ევროპელებს ჯერ კიდევ ოდნავაც არ გამოუვლენიათ მტკიცე სწრაფვა, რომ გუშინდელ მტერთან მშვიდობა დაემყარებინათ. დღეს ამის გაკეთება ყველაზე დროულია, და საფრანგეთი, რომელიც ამჟამად ევროკავშირს ხელმძღვანელობს, არამხოლოდ კონტინენტის ფარგლებში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც მშვიდობის საქმეში სერიოზული წვლილის შეტანას, უკვე მეორედ შეძლებს.

დღევანდელი ბრძოლა ბუნებრივ რესურსებზე, კონკრეტულად კი ენერგორესურსებზე – სახელმწიფოებს შორის (და არამხოლოდ რუსეთსა და ევროპას, არამედ ახლო აღმოსავლეთსა და მთელ დანარჩენს სამყაროს, ვენესუელასა და აშშ-ს შორის და ა.შ) დაძაბული ურთიერთოების მთავარი მიზეზია, და როგორც ჩანს ის ომის ფაქტორის - პირდაპირ თუ ირიბ - საფუძველსაც წარმოადგენს. რაც იმას ნიშნავს, რომ სწორედ ეს არის საკვანძო საკითხი. თუკი ამ ფაქტებს გვერდით გადავდებთ და წარმოსახვის უნარს ავამუშავებთ, შესაძლებელია 1950 წლის "მონეს მეთოდის" ახალ მეთოდად ტრანსფორმაცია, ისეთად, რომელიც XXI საუკუნისთვის იქნება აქტუალური.

რა თქმა უნდა, ევროპის და რუსეთის პოზიციები ასიმეტრიულია: რუსეთი ენერგეტიკული რესურსების უდიდესი მარაგის მფლობელია. ევროპას სჭირდება ეს რესურსი. რა შეუძლია ევროპას რუსეთს სანაცვლოდ შესთავაზოს? კაპიტალის გარდა – რომელიც ჩინელებსაც მრავლად აქვთ - ეს არის ნოუ-ჰაუ და გრძელვადიანი განვითარების ტექნოლოგიები. რუსეთის დღევანდელი უპირატესობა, რაც ნავთობსა და გაზზე საოცარი ფასებით აიხსნება, ძალიან მყიფეა და კონიუქტურაზეა დამოკიდებული. რუსეთის ხელმძღვანელობამ ეს ძალიან კარგად იცის. პარტნიორობა მომავლისთვის, გრძელვადიან პერსპექტივაში გამოადგებოდა საშუალოდ, როგორც რუსეთს, ასევე ევროპას.

გარდა იმისა, რომ ეს ყველაფერი აუცილებელია პლანეტის გადარჩენისთვის, გრძელვადიანი განვითარების პერსპექტივა – და კერძოდ, მისგან გამომდინარე აუცილებლობა, რომ ენერგომატარებლებზე დამოკიდებულება შემცირდეს, და ამას თანმდევი პრობლემები, რაც არასტაბილურ ზონებში შეზღუდული რესურსების კონტროლს უკავშირდება – მშვიდობის მიღწევისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. ეს ასპექტი ჯერ არ არის საკმარისად შესწავლილი. რთულ სიტუაციებში, იგივე საქართველოს მოვლენების შემდეგ, ევროპელებს უნდა ეყოთ გამბედაობა და რუსეთს თანამშრომლობის მექანიზმები შესთავაზონ, მაგალითად გაერთიანების შექმნა, რომელიც კრიზისის დაძლევის და გრძელვადიანი განვითარების კონკრეტულ გეგმებზე იმუშავებს. როგორც შუმანი თავის 1951 წლის დეკლარაცაში ამბობს, საუბარია "გადაუდებელ ზომებზე შეზღუდულ, მაგრამ საკვანძო სფეროებში". რუსეთმა არ შეიძლება არ იცოდეს, რომ ევროპული ქვეყნები განვითარების ახალ მოდელებზე გადადიან. ეს მოდელები სულ უფრო ნაკლებად იქნება დამოკიდებული ენერგიის წყაროებზე. შესაბამისად, მისი დღევანდელი შესაშური ეკონომიკური და სტრატეგიული მდგომარეობა ეფემერულია. თუკი რუსეთი ევროპას ამ გრძელვადიანი განვითარების მოდელების რეალიზების საქმეში მარტო დატოვებს, მისი მარგინალიზაცია საერთაშორისო არენაზე, კიდევ უფრო სწრაფად მოხდება, რაც არანაკლებ მტკივნეული იქნება მისთვის, ვიდრე ეს იყო არც თუ შორეულ წარსულში.

ამიტომ, რუსეთის პროვოკაციებზე რეაგირების და დაპირისპირების რეჟიმში მოქმედების ნაცვლად – რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მიმზიდველია ისეთი ორგანიზაციისთვის, როგორიც ნატოა, რომლის არსი საომარ კონფრონტაციაში მდგომარეობს – ევროპელებს გააზრებული და გულუხვი წინადადების შეთავაზების გამბედაობა უნდა ეყოთ, შექმნან ერთობლივი ინსტიტუტები (გრძელვადიანი განვითარების უმაღლესი ორგანო, საბჭო, სასამართლო - დავების დასარეგულირებლად), რომლებიც ორიენტირებული იქნება გრძელვადიანი მშვიდობის შენარჩუნებაზე, ასევე გრძელვადიან ეკონომიკურ განვითარებაზე გადასვლისთვის პიროებებს შეიმუშავებენ. რა თქმა უნდა, ამ პროცესის პირობად საქართველოს ტერიტორიული სუვერენიტეტის აღდგენა უნდა იქცეს.

და როგორ შეიძლება აქ არ გავიხსენოთ, ისევ შუმანის დეკლარაცია, სადაც იმის მიუხედავად, რომ ის პირველ ყოვლისა საფრანგეთს და გერმანიას ეხება, ნათქვამია, რომ "ეს გავლენიანი ინსტიტუტი ღია იქნება ყველა სახელმწიფოსთვის, რომელიც მასში გაწევრიანებას მოინდომებს". და რატომ არ შეიძლება, რომ ამ შემთხვევაში ეს საქართველო და უკრაინა იყვნენ, ასევე თურქეთი, შესაძლოა ხმელთშუა ზღვის სამხრეთ სანაპიროც კი? ასეთი წინადადება ევროკავშირს საერთაშორისო არენაზე დამკვიდრების საშუალებას, არამხოლოდ იმით მისცემს, რომ ეს ინსტიტუციონალური და პოლიტიკური ნოუ-ჰაუ, მხოლოდ მას ეცოდინება, არამედ შესძენს მას შინაგან დინამიკას, რომელიც ასე გვაკლია უკვე ამდენი წლის განმავლობაში. მოჩვენებითი სირთულეები იმავდროულად სერიოზულ შესაძლებლობებს გვპირდება. საინტერესოა, რამდენად შეძლებს ევროკავშირის ხელმძღვანელი სახელმწიფო საფრანგეთი ამ შანსის გამოყენებას?

ორიგინალი

No comments: