ედ კრუკსი
5 სექტემბერი 2008
ამერიკელი და ბრიტანელი ხელისუფალნი არ კარგავენ იმედს, რომ ევროკავშირის დამოკიდებულებას რუსულ გაზზე შეამცირებენ.
დიკ ჩეინიმ, აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა და გორდონ ბრაუნმა, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვეს იმას, რომ ალტერნატიული ენერგომომარაგების წყაროების გამოძებნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გასული თვის ქართული კრიზისის შემდეგ გახდა.
დარგის ექსპერტების აზრით, ევროკავშირის მოთხოვნა რუსულ გაზზე მნიშვნელოვნად ვერ შემცირდება და, მსგვასი იმედები, როგორ ჩანს, ამაოა.
სიმონ ბლეიქი კემბრიჯის ენერგეტიკული კვლევის ასოცაციიდან ამბობს: "ერთმანეთზე დამოკიდებულების ხარისხი იმდენად მაღალია, რომ, მინიმუმ, 20 წლის განმავლობაში, ვითარების მნიშვნელოვნად შეცვლა შეუძლებელია".
აშშ-ს შეშფოთება ევროკავშირის ენერგომომარაგების პრობლემებთან დაკავშირებით ჯერ კიდევ ცივი ომის დროს დაიწყო.
1982 წელს, პოლონეთის დისიდენტური მოძრაობის ("სოლიდარობის") განადგურების შემდეგ, რონალდ რეიგანის ადმინისტრაცია ევროპაში საბჭოთა კავშირის გაზის მზარდი ექსპორტის შეჩერებას შეეცადა.
აშშ-ს ეშინოდა, რომ ევროპა, რომელიც რუსულ ენერგორესურსებზე იყო დამოკიდებული, ნაკლებად დაიცავდა თავს საბჭოთა გავლენისაგან. ამიტომ მან საბჭოთა კავშირისთვის შესაბამისი აღჭურვილობისა და ტრანსპორტის მიწოდება დაბლოკა. ამას ევროპაში მოხმარებული რუსული გაზის მოცულობა 30 პროცენტამდე უნდა შეემცირებინა.
დღეს ევროკავშირი მისთვის საჭირო გაზის დაახლოებით მეოთხედს რუსეთისგან ყიდულობს, მაგრამ მოთხოვნილება იზრდება. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ 30 პროცენტიან ლიმიტს, მომავალ ათწლეულში ევროპა ვეღარ დაიცავს.
მსგავსი დინამიკა, ალბათ, როგორც მინიმუმ, შემდეგი 10 წლის განმავლობაში შენარჩუნდება. ძველ ატომურ და თბოსადგურებს ექსპლუატიის ვადები ეწურება. წარმოქმნილ დეფიციტს ყველაზე სწრაფად და იაფად გაზის გადამამუშავებელი საწარმოები შეავსებს.
ევროკავშირის ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ მათ მიერ მოხმარებულ ენერგორესურსებში 2020 წლისთვის განახლებადი ენერგიტიკის წილს 20 პროცენტამდე გაზრდიან.
მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი თუ დასახულ მიზანს მიაღწევენ, რასაც ბევრი ექსპერტი ეჭვობს, და ამასთანვე გაიზრდება ატომურ ენერგომატარებლებში ჩადებული ინვესტიციები, მოთხოვნილება ბუნებრივ გაზზე მაინც არ შეიცვლება.
ევროპაში გაზის რესურსები ამასობაში მკვეთრად იკლებს. 2020 წლისთვის ის 2006 წელს წარმოებული გაზის ნახევარს გაუტოლდება - ვარაუდობს კემბრიჯის ენერგეტიკული კვლევის ასოცაცია.
რუსეთი, რომელსაც მსოფლიოში გაზის ყველაზე დიდი რეზერვები აქვს, სწორედ ის წყაროა, საიდანაც უნდა შეივსოს ზემოთ დასახელებული დეფიციტი.
არსებობს რამდენიმე ალტერნატიული გზა, მაგრამ ყოველი მათგანი გარკვეულ პრობლემებს უკავშირდება. ზოგიერთი ევროპული ქვეყანა თხევადი გაზის შემოსატანად აშენებს ტერმინალებს, სადაც გაზს ტანკერებით შემოიტანენ. მაგრამ აზიის ქვეყნების გაზრდილი მოთხოვნილება თხევად გაზზე და შეფერხებები ამ ინდუსტრიის განვითარების პროცესში, ძალიან ზღუდავს ბაზარს და აძვირებს პროდუქტს.
ფრედ ჰარისმა, ვუდ მაკკენზიდან, კიდევ ერთი კვლევითი კომპანიიდან გვითხრა: "ევროპის შესაძლებლობები რუსეთიდან ბუნებრივი გაზის შემოტანის შემცირების თხევადი გაზის მეშვეობით მკაცრად შეზღუდულია, ყოველ შემთხვევაში, მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში".
გრძელვადიან პერსპექტივაში, 2015 წლის შემდეგ, თხევადი გაზის უფრო ეფექტურად გამოყენების შესაძლებლობა იზრდება. ნიგერია, ეგვიპტე და ლიბია - ის ქვეყნებია, სადაც ეს პროდუქტი მოიპოვება.
მაგრამ ის ქყვეყნებიც კი, სადაც ასეთი რეზერვი არსებობს, შიდა მოთხოვნილების განუხრელი ზრდის გამო თავს იკავებენ თხევადი გაზის ექსპორტისგან.
ნორდაინ ჩეროუტიმ, ალჟირის ნახშირბადის სააგენტოდან, სლოვენიაში კონფერენციაზე გასულ კვირას განაცხადა: "ჩვენ ვერ დავიწყებთ გაზის ექსპორტს მანამდე, ვიდრე შიდა ბაზარს არ დავაკმაყოფილებთ".
არსებობს, ასევე მილსადენებით ბუნებრივი გაზის მიღების შესაძლებლობა, მაგალითად ნორვეგიიდან და ალჟირიდან. ევროკავშირი დიდ იმედებს ამყარებს ნაბუკოს მილსადენზე, რომელიც კასპიის ზღვიდან გაზს ავსტრიასა და სხვა ევროპულ ქვეყნებს მიაწვდის. ალჟირი იმედოვნებს, რომ გაიყვანს მილსადენს ნიგერიიდან. მაგრამ ყველა ეს წყარო იგივე პრობლემას აწყდება: მათი რესურსები შეზღუდულია.
ნაბუკო, მაგალითად, ძალიანა არის დამოკიდებული აზერბაიჯანულ გაზზე. აქ ვარაუდობენ, რომ მომავალი ათწლეულის დასასრულისთვის წარმოების მოცულობა წელიწადში 40 კუბომეტრს მიაღწევს. თუმცა ამ განცხადებებს ბევრი ექსპერტი სკეპტიკურად უყურებს.
მიუხედავად იმისა, რომ კონტინენტალურ ევროპას ძალიან უნდა თავი დაიხსნას რუსეთზე დამოკიდებულებისგან, მას არ შეუძლია უბრალოდ მოწყდეს რუსეთს, ან თუნდაც შეამციროს მოთხოვნილება გაზზე.
მაგრამ იმავე კონფერენციაზე სლოვენიაში რიუდგერ ფრეირ ფონ ფრიჩი, გერმანიის საგარეო ურთიერთობა უწყების ეკონომიკური სამსახურის გენერალური დირექტორი ამტკიცებდა, რომ რუსეთი და ევროპა ურთიერთდამოკიდებულია.
სურთ თუ არა ეს პოლიტიკოსებს, გეოგრაფიული და ეკონომიკური რეალობის იგნორირება შეუძლებელია - ევროპას რუსული გაზი სჭირდება.
No comments:
Post a Comment