Wednesday, September 5, 2007

რატომ არის მნიშვნელოვანი კოსოვო საქართველოსთვის

guardian

ილანა ბეტ-ელი
5 სექტემბერი

იმისთვის, რომ საქართველო-რუსეთის დაპირისპირების გამომწვევი მიზეზები ბოლომდე გასაგები გახდეს, გარკვეული დრო მოვლენათა კონტექსტის განხილვას უნდა დავუთმოთ. ფაქტები, რომლებიც საქართველოში ჩვენს თვალწინ იშლება, ევროკავშირისა და აშშ-ს დიპლომატიური აქტივობების თავბრუდამხვევი კასკადი, პროცესის განვითარებისა და ცვლილების ილუზიას გვიქმნის. ეს შთაბეჭდილება მხოლოდ მოკლევადიან პერსპექტვაშია მართებული. სინამდვილეში, მოვლენათა არსი ბევრად უფრო ფართო განსჯას, კონკრეტული ქვეყნებისა და საზღვრების მიღმა გასვლას მოითხოვს. ის, რასაც ახლა განვიხილავთ, საერთაშორისო სისტემების, უფრო სწორად კი საერთაშორისო სამართლის ინტერპრეტაციის ყველაზე არსებით მხარეებს ეხება. ვერც ევროკავშირის საგანგებო სამიტი, ვერც აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის დიკ ჩეინის ვიზიტი რეგიონში და ვერც რუსეთის აგრესიული განცხადებები, საკითხის გარკვევაში ვერ დაგვეხმარება. რუსეთმა გაეროში საქართველოსთან დაკავშირებული დებატები შეაჩერა, ამიტომ გაურკვეველია სად და როდის დაიწყება სერიოზული მსჯელობა იმ ხდომილებათა არსზე, რომლის მოწმენიც ჩვენ ყველანი გავხდით.

სანამ ყველა იმას ცდილობს, დებატები პროპოზიციებამდე დაიყვანოს, სიმართლეს ვერ მივაგნებთ. არადა სიცხადე ყველას გვჭირდება, ამიტომ მოდით საერთაშორისო სამართლის ორი, ერთმანეთისგან განსხავავებული ინტერპრეტაცია განვიხილოთ. დასავლური მიდგომა საერთაშორისო სამართლისადმი შემდეგში მდგომარეობს - ის უმაღლესი მსაჯულია, განსაზღვრავს ყველაფერს, ურთიერთობას სახელმწიფოთა შორის და თამაშის წესებს სახელმწიფოთა შიგნით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საერთაშორისო სამართალი თანაბარწილად ეხება სახელმწიფოებს, საზოგადოებას და ინდივიდუმს - სამივე კომპონენტი საერთაშორისო სამართალს ეფუძნება. მაგრამ რეალობაში საერთაშორისო სამართალი ხშირად სახელმწიფოს ინტერესებს დანარჩენებზე მაღლა აყენებს და ამიტომ ტერიტორიულ მთლიანობასა და საერთაშორისო საზღვრებს, უსიტყვო შეთანხმებით, ურყევ პრინციპად მიიჩნევს მანამ, სანამ ისეთ ცვლილებებს არ დაეთანხმება, როგორიც კოსოვოში მოხდა.

რუსეთი, ჩინეთი და სხვა არადემოკრატიული რეჟიმები საკითხს აბსოლუტურად განსხვავებულად განიხილავენ. მათთვის საერთაშორისო სამართალი მხოლოდ სახელმწიფოთა ურთიეთქმედების წესებს ეხება: მისი სიცოცხლისუნარიანობა და იურისდიქცია ქვეყნის საზღვრების შიგნით არ ვრცელდება, იქ უკვე ნაციონალური სამართალი ბატონობს. შესაბამისად საზოგადოება და ინდივიდი საერთაშორისო სამართლის მიღმა რჩებიან, ხოლო ტერიტორიულ მთლიანობასა და საზღვრების ხელშეუხებლობას მსგავსი ქვეყნები სათუთად, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე, უმაღლეს ღირებულებად მიიჩნევენ. ამ თვალთახედვიდან კოსოვოს პრეცედენტი მიუღებელი ერესია, რომელთანაც შეგუება შეუძლებელია.

კოსოვოს მუდმივად იმიტომ ვახსენებ, რომ მას საქართველოს კონფლიქტის სათავეებთან მივყავართ. ეს ყველაფერი კი იმას ადასტურებს, რომ ფუნდამენტური დებატები მართლაც გვჭირდება. დასავლეთი მტკიცედ უარყოფს ამ ორი შემთხვევის შედარების ნებისმიერ მცდელობას, ხოლო რუსეთი ასეთივე სიმტკიცით აცხადებს, რომ სწორედ კოსოვოს პრეცედენტი ამართლებს მის ქმედებებს. ორივე არასწორია.

დასავლეთის გადასახედიდან, კოსოვოს გამოყოფა სერბიიდან, რომელსაც წინ 1999 წლის ხანგრძლივი დაბომბვები უსწრებდა, შემდეგ გაეროს მმართველობა და ბოლოს თვითგამოცხადებული დამოუკიდებლობის აღიარება, სერბების მიერ კოსოვოს ძირითადი მოსახლეობის სისტემატურმა შევიწროებამ განაპირობა. ამიტომ შემთხვევას "განსაკუთრებული" უწოდეს და საერთაშორისო სამართლისთვის პრეცედენტად არ მიიჩნიეს. გარემოებები მოიაზრებოდა, როგორც sui generic (განსაკუთრებული შემთხვევა) და არა მხოლოდ იმიტომ, რომ კოსოვო გრძელი იუგოსლავური ომის ბოლო გადაუწყვეტელ პრობლემად რჩებოდა. სიმართლე რომ ვთქვათ, უკეთესის მოლოდინმა არ გაამართლა - ის, რაც კოსოვოში მოხდა, სულაც არ იყო უნიკალური - მართალია, მილოშევიჩმა თვისი ჯარი დაუცველ მოსახლეობას მიუსია, დიახ, ის უკონტროლო დესპოტი იყო, მისი დანაშაულებანი შემაძრწუნებელია, მაგრამ ვერასდროს გაუტოლდება მუგაბეს ან ბირმის სამხედრო ხუნტის ქმედებებს - მხოლოდ ორი მაგალითი მომყავს თანამედროვე ისტორიიდან.

უნიკალური ის იყო, რომ დასავლეთს ბრალი მიუძღოდა იუგოსლავიის ომებში, განსაკუთრებით კი სრებრინიცას სასაკლაოში და ამის გასაქარწყლებლად მას კეთილშობილური ჟესტი დასჭირდა. უფრო მეტიც, დასავლეთი ჯიუტად ამბობს უარს სხვა დესპოტების მიმართ იგივე მოიმოქმედოს, თუმცა ისინი მუსრს ავლებენ საკუთარ მოსახლეობას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დასავლეთს მართლაც სჯერა, რომ კოსოვოს შემთხვევა განსაკუთრებულია და სხვაგან იგივეს გამეორება არ სურს.

რუსეთის გადასახედიდან, კოსოვოს და განსაკუთრებით სერბეთის დაბომბვები (1999 წ.) მიუღებელია ორი რამის გამო: პირველი - სამხედრო ოპერაცია უკანონოდ ჩატარდა, რადგან გაეროს უშიშროების საბჭოს შესაბამისი რეზოლუცია არ მიუღია; მეორე - ის არღვევდა საერთაშორისო სამართლის ორ პრინციპს, რომელიც რუსეთს საკვანძოდ მიაჩნდა - საერთაშორისო საზღვრებისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობას. სწორედ ამ პრინციპების თანხმად კოსოვო სერბეთის ნაწილად უნდა დარჩენილიყო და საერთაშორისო საზოგადოება არ უნდა ჩარეულიყო ქვეყნის შიდა საქმეებში იმ შემთხვევაშიც, თუკი მისი ხელისუფლება საკუთარ მოქალაქეებს ჩაგრავდა. უნდა ითქვას, რომ დაბომბვების შესაჩერებლად რუსეთმა ეუთოს მეშვეობით უფრო მეტი გააკეთა (სწორედ მან დაითანხმა სერბეთი მოლაპარაკებებზე), ვიდრე იმავე მარტი აჰტისაარიმ, თუმცა დასავლეთმა რუსეთის როლი მიჩქმალა და სათანადოდ მხოლოდ მაჰტისაარის მცდელობები დააფასა. რუსეთი, როგორც უშიშროების საბჭოს წევრი, 1244-ე რეზოლუციის მიღებაში მონაწილეობდა. ამ რეზოლუციამ კოსოვოს დე ფაქტო დამოუკიდებლობა აღიარა და მისი მართვა გაეროს ადმინისტრაციას ჩააბარა, მაგრამ რუსეთი ბოლომდე იმ აზრზე დარჩა, რომ დე ფაქტო დამოუკიდებლობა დე იურედ არ უნდა გაფორმებილიყო, რადგან ეს საერთაშორისო სამართლის დარღვევად მიაჩნდა. მან კატეგორიულად განაცხადა, რომ არ აღირებს კოსოვოს დამოუკიდებლობას და მას შემდეგ მუდმივად ბლოკავს გაეროს უშიშროების საბჭოს მცედლობებს ხელახლა დაიწყოს საკითხის განხილვა.

რუსეთის ინტერვენცია საქართველოში, ის, რომ ის დღემდე არ ტოვებს ქვეყნის ტერიტორიას და არღვევს საფრანგეთის შუამდგომლობით დადებულ ხელშეკრულებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, მისსავე არგუმენტებს ასამარებს - მოსკოვი ხომ დაჟინებით იცავდა ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ხელშეუხებლობის პრინციპს და საპირისპირო ქმედებებს საერთაშორისო სამართლის დარღვევად აფასებდა.

თუ სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან დაკავშირებით, რომელთაც მთელი საერთაშორისო საზოგადოება, საქართველოს საზღვრებში განიხილავს, ის პოზიციას არ შეიცვლის, მაშინ ძალიან ორჭოფულ მდგომარეობაში აღმოჩნდება. მიუხედავად ამისა, მაინც გაუთავებლად გაიმეორებს, რომ ზუსტად ის გააკეთა, რაც კოსოვოში დასავლეთმა - ცალმხრივად აღიარა ორი რეგიონის დამოუკიდებლობა. განსხვავება მართლაც ისეთი მცირეა, რომ დასავლეთს ძლიერი კონტრარგუმენტების მოშველიება გაუჭირდება. საქართველოში შეჭრა, მისი სამხედრო ინფრასტრუქტურის განადგურება, დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების "პოლიტიკურ გვამად" მონათვლა, მართლაც დაუშვებელია და ერთ რამეს გვიდასტურებს - რუსეთის ქმედებებს აღარაფერი აკავშირებს საერთაშორისო სამართალთან.

დასავლეთმა, თავის მხრივ, აღარ უნდა ითვალთმაქცოს, ვითომ კოსოვო ყველაფერია, გარდა პრეცედენტისა, რომელმაც საფრთხის ქვეშ დააყენა საერთაშორისო სამართალი და ზიანი მიაყენა საერთაშორისო სისტემების სიცოცხლისუნარიანობას. საქმეც ისაა, რომ კოსოვო პრეცედენტია. უნდა გავაცნობიეროთ - მსგავსი რამ აუცილებლად განმეორდება, შესაძლოა ქურთებთან, ან დნესტრისპირეთში, ან ჩეჩნეთში - მსოფლიო სავსეა ერებით, რომლებსაც უღლის გადაგდება და დამოუკიდებლობა სურთ. ირონიაა, მაგრამ სწორედ საქართველო, სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ერთად ძალიან შფოთავდა კოსოვოს პრეცედენტთან დაკავშირებით, ეშინოდა, რომ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი იგივე გზას დაადგებოდნენ და შემდეგ საერთაშორისო საზოგადოებას წინააღმდეგობის გაწევა გაუჭირდებოდა. ბოლოდროინდელი მოვლენების კონტექსტში, როდესაც რუსეთმა გარკვეული ნაბიჯები გადადგა და საკმაოდ ღრმად შეტოპა, ორივე რეგიონის პერსპექტივა საკმაოდ ბუნდოვანია.

ორიგინალი

No comments: