Wednesday, September 5, 2007

საქართველოში ჩეინის ვიზიტის რეალური მიზეზი

time header_cnn_com_logo_int

ტონი კარონი
5 სექტემბერი 2008

სანამ ოთხშაბათს სარა პელინი მინესოტაში რესპუბლიკელ ამომრჩევლებს გაზისა და ნავთობის ახალი მილსადენებისა და ენერგეტიკული დამოუკიდებლობის დაპირებებით აღაფრთოვანებდა, კაცი, რომლის მემკვიდრეობასაც ის იმედოვნებს, იგივე მიზნების მიღწევას ოკეანის გადაღმა ცდილობდა. ვიცე-პრეზიდენტი დიკ ჩეინი ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში ვიზიტისას, იმისთვის ირჯებოდა, რომ რუსეთის სამხედრო შენაერთების მიერ დაჩაგრული საქართველოსადმი აშშ-ს მოკავშირეების ყურადღება არ შენელებულიყო. ეს ის მისიაა, რომლის შედეგზეც დიდადაა დამოკიდებული ვაშინგტონის მცდელობები შეინარჩუნოს და გააფართოვოს ნავთობისა და ბუნებრივი გაზის მიწოდება დასავლეთში რუსეთის გვერდის ავლით.

ხუთშაბათს საქართველოში სიტყვით გამოსვლისას, ჩეინი მკაცრად აკრიტიკებდა რუსეთს საქართველოს საზღვრების "უკანონოდ და ცალმხრივად შეცვლის მცდელობისთვის" და აქვე საქართველოს ნატოში გაწევრიანებაში მხარდაჭერას პირდებოდა.

ვიცე-პრეზიდენტ დიკ ჩეინის მოგზაურობას ზურგს ისიც უმაგრებდა, რომ ოთხშაბათს ვაშინგტონმა საქართველოს დარბეული ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის აღსადგენად 1 მილიარდი დოლარი გამოუყო. რუსეთის კამპანიამ საქართველოში დრამატულად შეცვალა გეოპოლიტიკური თანაფარდობა კავკასიაში, რასაც მხოლოდ ჩეინის ხისტი სიტყვები, რომელთა მიზანი საქართველოს გამოცდილებით შეშფოთებული მოკავშირეების გამხნევება იყო, ვერ უშველის. ბევრმა იმ პოსტსაბჭოთა ქვეყნამ, ვისაც პროდასავლური განწყობები აქვს, ქართული გაკვეთილი შეიძლება ასე გაიგოს - თუ ამერიკის მიერ შეგულიანებული რომელიმე ქვეყანა რუსეთს დაუპირისპირდება, ხოლო ის ამ გამოწვევას ტანკებით უპასუხებს, აშშ-ს მათი დაცვა გაუჭირდება.

ოთხშაბათს, აზერბაიჯანში ვიზიტისას, ჩეინიმ ქვეყნის მოსახლეობას მიმართა და უთხრა, რომ მათი მეზობლების, საქართველოსა და უკრაინის "კეთილდღეობა და უსაფრთხოება აშშ-ს სტაბილური და ღრმა ინტერესის ობიექტია". მაგრამ რეკონსტრუქციისთვის გამოყოფილი 1 მილიარდი დოლარი შესაძლოა იმის მიმანიშნებელი გახდეს, რომ მათ, ვინც რუსეთის ზღურბლზე მოსკოვთან დავას გადაწყვეტს, მხოლოდ მსგავსი დახმარების იმედიღა უნდა ჰქონდეს.

რა თქმა უნდა, აშშ დაეხმარება საქართველოს ეკონომიკის აღდგენაში, უზრუნველყოფს ჰუმანიტარულ დახმარებას იძულებით გადაადგილებულთათვის, მაგრამ პაკეტში, რომელიც ამერიკამ საქართველოს გამოუყო, არ არის გათვალისწინებული საქართველოს სამხედრო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, რომლის განადგურებაც რუსეთის ინტერვენციის უმთავრესი მიზანი იყო. ალბათ, ამგვარი დახმარება მოგვიანებით წამოვა, დღეს კი ნათელია, რომ ბუშის ადმინისტრაცია, რომელსაც რუსეთმა მოუწოდა საქართველოს გადაიარაღებისგან თავი შეეკავებინა, მოსკოვის ღიად პროვოცირებას ერიდება. იგივე ლოგიკა პრევალირებდა ნატოს რიგგარეშე შეხვედრაზე ორშაბათს, რომელიც ისე დასრულდა, რომ რუსეთის ჯარების ყოფნას საქართველოში არსებითად ვერ უპასუხა.

ჩეინის მოგზაურობამ რუსეთი გააბრაზა. ფაქტია, რომ ბუშის ადმინისტრაციის ყველაზე აგრესიულად განწყობილი წარმომადგენლის აზერბაიჯანში, საქართველოსა და უკარაინაში ვიზიტი, მოსკოვში გაიგეს, როგორც მისი ალყაში მოქცევის მიზანდასახული გეგმა . დაწყნარდით, ჩეინის ტონი საკმაოდ მოზომილი იყო. აშშ-ს დღევანდელი მდგომარეობა, მისი ვალდებულებები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, აღარ უტოვებს მას ისეთი ქვეყნების, როგორიცაა უკრაინა და საქართველო სამხედრო ძალით დახმარების საშუალებას. ამ გადასახედიდან, ნატოს რომელიმე წევრზე თავდასხმის შემთხვევაშიც კი, მიუხედავად იმისა, რომ მე-5 მუხლი ავალდებულებს ალიანსის ნებისმიერ წევრს სამხედრო დახმარება აღმოუჩინოს ყველა დანარჩენს, ნატოს სერიოზული გამოცდის ჩაბარება მოუწევდა - შეძლებდა კი ორგანიზაცია თავისი ძირითადი პრინციპის რეალიზებას.

ადმინისტრაციის რიტორიკა შეიძლება ისეთი პასაჟებით მოვკაზმოთ, როგორიცაა "თავისუფლებისათვის ბრძოლა", მაგრამ ჩეინის ვიზიტის მიზანი და აშშ-ს საგარეო პოლიტიკის მთავარი ვექტორი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ბოლო ოცი წლის განმავლობაში, დასავლეთის ენერგეტიკული პრობლემებია . (მართლაც, ჩეინი აზრებაიჯანში ჯერ BP-ის და შევრონის ადგილობრივ ხელმძღვანელებს შეხვდა და მათ, რუსეთის ბოლოდროინდელი მოქმედებების კონტექსტში, კასპიის რეგიონში ენერგიტიკული რესურსების მდგომარეობაზე ელაპარაკა).

შეშფოთების მიზეზი ცხადია: საქართველო ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის მნიშვნელოვანი სატრანზიტო პუნქტია. ამ მილსადენით ნავთობი, აზერბაიჯანიდან, კასპიის ზღვიდან თურქულ პორტში ჯეიჰანში, რუსეთის გვერდის ავლით მიდის. რაღა თქმა უნდა, აზერბაიჯანის, როგორც გაზისა და ნავთობის წყაროს, გადაბირება ბევრს უნდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ორივე პარტიის უმთავრესი მიზანი რეგიონში ენერგეტიკული რესურსების მიწოდებაზე რუსეთის ერთპიროვნული კონტროლის გაუქმებაა. ამიტომაა, რომ რუსეთი თავდაუზოგავად იბრძვის მსგავსი ქმედებების აღსაკვეთად - სწორედ მონოპოლია დასავლეთისთვის აუცილებელ ენერგორსერურსებზე აიარაღებს რუსეთს ისეთი დიპლომატიური ბერკეტებით, რომელსაც ევროკავშირიც კი ვერ უმკლავდება. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთის ურთიერთობებს გარე სამყაროსთან აყალიბებდა არა იმდენად "თავისუფალ სამყაროსთან" დაპირისპირება, არამედ ენერგეტიკულ მილსადენებთან დაკავშირებული "დიდი თამაში". საქართველოს მარცხმა გვაუწყა, რომ ამ თამაშის წესები შეიცვალა.

რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა მისი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ხუთი პრინციპი დაასახელა. მოსკოვმა განაცხადა, რომ ამიერიდან ის დაიცავს თავის ბიზნესინტერესებს ყველგან, სადაც კი დასჭირდება. მედვედევმა ისიც თქვა, რომ თავისი საზღვრების გარშემო, რუსეთის ტრადიციული გავლენის სფეროებს ამიერიდან მოსკოვი "პრივილეგირებული ინტერესების" ფარგლებში განიხილავს. რაღა თქმა უნდა, მან ხაზი გაუსვა იმასაც, რომ რუსეთი აღარ შეურიგდება აშშ-ს პრიმატს თანამედროვე სამყაროში. ამ მკაცრმა განცხადებამ, რომელშიც ცხადად გამოჩნდა რუსეთის ზრახვები ყოფილ საბჭოთა ტერიტორიებთან დაკავშირებით და რომელიც მოურიდებლად დაუპირისპირდა აშშ-ს გავლენას რეგიონში, აზერბაიჯანს რთული დილემა გაუჩინა. აქაური მთავრობა 1990 წლიდან ფრთხილად მანევრირებდა ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის და ორივესთან კარგ ურთიერთობას ინარჩუნებდა. საქართველოს კრიზისის შემდეგ შესაძლოა პრეზიდენტი ალიევი იძულებული გახდეს მხარი დაუჭიროს ერთს ან მეორეს. აზერბაიჯანი ასეთ გადაწყვეტილებას ათწლეულების მანძილზე გაურბოდა. რუსეთიცა და აშშ-ც მის ცდუნებას ცდილობენ. მაგალითად, რუსეთი აზერბაიჯანს ბუნებრივი გაზის საბაზრო ფასებში შესყიდვას სთავაზობს, მაშინ როცა დასავლური გრძელვადიანი კონტრაქტები ფიქსირებულ ფასზეა გათვლილი. მაგრამ აზერბაიჯანმა თითქმის უკვე მოახერხა ის, რომ მალე ნაბუკოს მილსადენის მეშვეობით აღმოსავლეთ ევროპისთვის ენერგორესურსების ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელი გახდება. ეს მილსადენი ბუნებრივ გაზს კასპიის ზღვიდან პირდაპირ ავსტრიას მიაწოდებს. გადაწყვეტილება, რომელიც აზერბაიჯანმა უნდა მიიღოს, ვერ იქნება მხოლოდ კომერციული, ამ გადაწყვეტილებას შესაძლოა უზარმაზარი გეოპოლიტიკური შედეგები მოჰყვეს.

აქამდე ალიევს არაფრით გამოუხატავს, რომ ის რუსეთისთვის უფრო არჩევს გაზის მიყიდვას, ვიდრე დასავლეთისთვის. ალბათ, უნდა დაველოდოთ მოვლენებს და ვნახოთ, შეაცვლევინებს თუ არა აზერბაიჯანს ორიენტაციას, ახალი დაპირისპირება ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის. ჩეინი, რა თქმა უნდა, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ბაქო აშშ-ს ორბიტაზე დატოვოს. პრობლემა ისაა, რომ აზერბაიჯანი რუსეთსაც ესაზღვრება და ირანსაც. ალიევს ნამდვილად არ სურს, რომ ამერიკამ ის ამ ორ ქვეყანასთან კონფლიქტში ჩაითრიოს. მაგრამ არსებობს კიდევ ერთი გამოსავალი - ალიევს შეუძლია ისევ აარიდოს თავი მკვეთრ მოძრაობებს და პრობლემის გადაწყვეტა კიდევ გაურკვეველი დროით გადაავადოს.

ორიგინალი

No comments: