Wednesday, September 5, 2007

საქართველოს ლიდერის ყოფილი მოკავშირე ამბობს, რომ აფრთხილებდა ოსეთთან დაკავშირებით

logo_reuters_media_us

კლაუდია პარსონსი
5 სექტემბერი 2008

ნიუ-იორკი - ქართული ოპოზიციის ერთ-ერთმა გამოჩენილმა წარმომადგენელმა, პარასკევს განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთში ჯარების გაგზავნამდე რამდენიმე დღით ადრე (რასაც რუსეთის ჯარების შემოჭრა მოყვა), ის აფრთხილებდა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომ არ ეთანხმება პრობლემის ძალისმიერ გადაწყვეტას.

საქართველოს პარლამენტის ყოფილმა სპიკერმა როიტერთან საუბრისას თქვა, რომ, როგორც კი მშვიდობა აღდგება, ხელისუფლებამ უნდა უპასუხოს "მძიმე შეკითხვებს"- მათ შორის იმასაც, შეიძლებოდა თუ არა თავიდან აგვეცილებინა ომი, რომელმაც საქართველოს შეიარაღებული ძალები გაანადგურა.

ასობით ადამიანი დაიღუპა და ათასობით იძულებული გახდა დაეტოვებინა საცხოვრებელი გასულ თვეში, ხუთდღიანი ომისას, როდესაც მოსკოვის მიერ გამოგზავნილი ჯარები ღრმად შეიჭრნენ საქართველოს ტერიტორიაზე, როგორც ისინი ამტკიცებენ, პრორუსულად განწყობილ სეპარატისტულ პროვინციაში თბილისის მიერ მოწყობილი გენოციდის აღსაკვეთად.

მოგვიანებით, კრემლმა ოფიციალურად აღიარა სამხრეთ ოსეთისა და მეორე მეამბოხე რეგიონის, აფხაზეთის დამოუკიდებლობა, რამაც ევროპისა და აშშ-ს აღშფოთება გამოიწვია.

ბურჯანაძე სააკაშვილთან ერთად 2003 წლის "ვარდების რევოლუციის" ერთ-ერთი ავტორია, მაგრამ ამ წლის დასაწყისში მისი და სააკაშვილის გზები გაიყო. ბურჯანაძის განცხადებით, როგორც კი აღდგება მშვიდობა, ის დააფუძნებს ახალ პოლიტიკურ პარტიას და ბევრი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ მან შესაძლოა სერიოზული კონკურენცია გაუწიოს მიხეილ სააკაშვილს.

ნიუ-იორკში, კოლუმბიის უნივერსიტეტში გამოსვლის შემდეგ, ინტერვიუში ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ დღეს ქვეყნისთვის უმთავრესია რუსეთის ჯარების გაყვანა და ამიტომ, ქართველებს ერთობა მართებთ, მაგრამ შემდეგ ხელისუფლება რთული კითხვების პირისპირ აღმოჩნდება.

"კრიზისამდე სულ რამდენიმე დღით ადრე ... მე შევხვდი პრეზიდენტს" - გვითხრა ბურჯანაძემ - "მე გამოვხატე ჩემი შეხედულებები. დარწმუნებული ვიყავი, რომ თუ საქართველო საომარ მოქმედებებს დაიწყებდა, რუსეთი შემოგვიტევდა. თან ცხადი იყო, რომ ის ჩვენ პროვოცირებას ცდილობდა" - თქვა მან.

"ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ოსეთისა და აფხაზეთის პრობლემას სამხედრო ჩარევით ვერ გადავწყვეტდით, რადგან რუსეთი იბრძოლებდა, რუსეთი გამოგზავნიდა ჯარებს, გამოგზავნიდა შეიარაღებას, გამოგზავნიდა ავიაციას".

ბურჯანაძემ გვითხრა, რომ როგორც კი, რაც სააკაშვილმა ჯარები სამხრეთ ოსეთში გაგზავნა, რასაც რუსების ძალისმიერი პასუხი მოყვა, უკვე მაშინვე იცოდა - კრიზისი მალე ვერ გადაწყდებოდა: "მივხვდი, რომ ჩემი ქვეყანა დიდ უბედურებაში ჩავარდა" - თქვა ბურჯანაძემ. მისი აზრით, ჯერ ადრეა იმის თქმა, რამდენად იყო შესაძლებელი კრიზისის თავიდან აცილება. "მე ყველაფერი სერიოზულად უნდა გავაანალიზო, პასუხები უნდა მოვისმინო". კითხვაზე, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ გაირკვა, რომ კრიზისის თავიდან აცილება შეიძლებოდა, მან გვიპასუხა: "მაშინ ჩვენი მთავრობის ადგილას ყოფნას არ ვისურვებდი".

ახალი მსოფლიო წესრიგი

რუსულმა შეტევამ გაანადგურა ქართული ეკონომიკა, სატრანსპორტო სისტემა და მისი ნატოში შესვლის იმედებიც ეჭვქვეშ დააყენა. რუსული ჯარები, მიუხედავად ფრანგების მიერ ინიცირებული შეთანხმებისა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, განაგრძობენ "უსაფრთხოების ზონების" ოკუპაციას.

ბურჯანაძემ თავის გამოსვლაში განაცხადა, რომ რუსეთი ცდილობს შეცვალოს კავკასიის პოლიტიკური რუქა, "დაამყაროს ახალი მსოფლიო წესრიგი", სადაც სამხედრო ძალა კანონზე მაღლა იდგება.

ბურჯანაძეს მიაჩნია, რომ სამხრეთ ოსეთის დეფაქტო ხელისუფლებამ საქართველო ჩაითრია კონფლიქტში, რასაც რუსეთის "ღია აგრესია" მოყვა. მისი თქმით, კონფლიქტმა დაადასტურა, რომ საქართველოს მოსახლეობა და პოლიტიკური სპექტრი ერთიანია, მტკიცედ დგას თავისი სახელმწიფოებრიობის, ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად.

"მაგრამ, ჩვენ, ქართველები არ მივიჩნევთ, რომ ხელისუფლება მარტოოდენ მსხვერპლია და, რა თქმა უნდა, მალე დადგება საღი შეფასებების დრო. უნდა გავარკვიოთ, რა მოხდა საქართველოში".

ევროკავშირმა და აშშ-მ დაგმო რუსეთის არაპროპორციული ქმედებები, მაგრამ ზოგიერთი დასავლელი ოფიციალური პირი შეშფოთებულია, რომ სააკაშვილი კონფლიქტის გადაწყვეტას ძალისმიერი მეთოდებით ცდილობდა.

საქართველოს ლიდერები ამტკიცებენ, რომ სამხრეთ ოსეთში ჯარები რუსეთის განუწყვეტელი შეიარაღებული პროვოკაციების საპასუხოდ გაგზავნეს.

სააკაშვილმა განათლება ამერიკაში მიიღო. ის ადვოკატია. 2003 წლის "ვარდების რევოლუციის" შემდეგ ის დასავლეთის ფავორიტად იქცა. თუმცა ოპნენტებთან ბრძოლის მისი მეთოდები, განსაკუთრებით გასული წლის ნოემბერში, და მწვავე ანტირუსული რიტორიკა, კრიზისის დაწყებამდეც კი, მის მოკავშირეებში შეშფოთებას იწვევდა.

ევროკავშირის ლიდერებმა მიმდინარე კვირას გააფრთხილეს კრემლი, რომ შეაჩერებენ რუსეთსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის პაქტის დადებას, თუმცა რუსეთისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით ევროპის ქვეყნებს შორის აზრი გაიყო - რუსეთი ევროპისთვის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ენერგომიმწოდებელია.

ბურჯანაძემ, რომელიც ამ წლის დასაწყისში ჩამოშორდა სააკაშვილს გვითხრა, რომ მის პოლიტიკურ მომავალზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია. "მხოლოდ ამას ვიტყვი - ძნელი წარმოსადგენია, რომ იმ ქვეყნის პრეზიდენტი, სადაც ამდენი პრობლემა დაგროვდა, კარგ პოზიციაში იყოს" - თქვა მან - "არ მგონია, თავს კომფორტულად გრძნობდეს, ან უფრო კარგად და ძლიერად, ვიდრე ეს კრიზისამდე იყო”.

ორიგინალი

No comments: