Tuesday, September 18, 2007

დარტყმა, კრახი - რას ნიშნავს რუსული საფონდო ბირჟის კოლაფსი რუსეთისა და მისი მეზობლებისთვის

logo
18 სექტემბერი 2008

მას შემდეგ რაც ვლადიმერ პუტინი და მისი ექს-"ქეიჯიბი" მეგობრები რუსეთის ხელისუფლებაში მოვიდნენ, მათი ერთადერთი უპირატესობა: ეკონომიკური ბუმი, ნავთობისა და გაზის ექსპორტზე ფასების ზრდა და უცხოეთიდან სერიოზული კაპიტალის შემოდინება იყო. უცბად, ყველაფერი შეიცვალა.

მოსკოვის ბაზრების კრახი, ერთის მხრივ ზოგადად მსოფლიოს ბაზრებზე ატეხილმა ქარიშხალმა, ხოლო მეორე მხრივ საქართველოსთან ომით გამოწვეულმა ნერვებზე თამაშმა გამოიწვია. 17 და 18 სექტემბერს მთავრობამ აქციებით და ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა შეაჩერა, მას შემდეგ რაც კვირის დასაწყისში მათი ინდექსი 21%-ს გაუტოლდა. მაისის პიკის შემდეგ ეს დაახლოებით 60%-ით დაბალი მაჩვენებლია. ფინანსთა მინისტრმა საბანკო სისტემის მხარდასაჭერად 60 მილიარდი დოლარი გაიღო; როგორც ჩანს მისი დიდი ნაწილი ოფშორში წავიდოდა.

სანამ სპეციალისტები და პოლიტიკოსები მოსკოვში იბრძვიან - როგორმე ნგრევა შეაჩერონ, ხოლო ფირმები ფასიან ქაღალდებზე ნერვიულობენ, ჩნდება ერთი არსებითი კითხვა, თუ როგორ აისახება ეს ეკონომიკური ქაოსი რუსეთის როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკაზე. ოპტიმისტები იმედოვნებენ, რომ საბაზრო რყევები ანტი-დასავლურ საგარეო პოლიტიკას შეასუსტებენ და ხელს შეუწყობენ რეფორმების ხელახლა დაწყებას. სხვებს კი ეშინიათ, რომ კრემლი ქვეყნის შიგნით კონტროლს კიდევ უფრო გაამძაფრებს და მკაცრი საგარეო პოლიტიკის კურსს მიმართავს.

მოდერნიზაციის რეფორმები ქვეყნაში მისტერ პუტინის საპრეზიდენტო ვადის ბოლოს შეჩერდა, როდესაც კრემლმა ქვეყნის ნავთობისა და გაზის ინდუსტრიაზე ტოტალური კონტროლი დააწესა და კრიტიკული აზრის ჩახშობა დაიწყო. მისმა მემკვიდრემ დიმიტრი მედვედევმა თავის გამოსვლებში კორუფციასთან ბრძოლისა და კანონის უზენაესობის დამკვიდრებისთვის რეფორმების გატარების პირობა დადო, მაგრამ არაფერი გაუკეთებია. ანდრეი პიანტოვსკიმ, ცნობილმა ენაკვიმატმა კომენტატორმა, თქვა, რომ ბრძოლა კრემლის კლანებს, კერძოდ კი "გლობალისტ კლეპტოკრატებს" (მათ ვისაც სურთ მსოფლიო ეკონომიკის ნაწილი იყვნენ) და "ნაციონალისტ კლეპტოკრატებს" (მათ ვისაც მკაცრი შიდა ინტერესები ამოძრავებთ) შორის მიმდინარეობს.

ახლაც, რუსეთი იმის არანაირ ნიშან წყალს არ იძლევა, რომ საქართველოს საკითხზე პოზიციას შეამსუბუქებს. მოსკოვი აცხადებს, რომ საერთაშორისო დამკვირვებლები სამხრეთ ოსეთში ვერ შევლენ (ამ რეგიონის დამოუკიდებლობა მხოლოდ რუსეთმა და ნიკარაგუამ ცნო), თუკი ამაზე თანხმობა ადგილობრივმა ხელისუფლებამ არ განაცხადა. ამასთანავე, რუსეთი დაჟინებით მოითხოვს სამხრეთ ოსეთის და მეორე აჯანყებული რეგიონის, აფხაზეთის წარმომადგენლების ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილეობას. საქართველო აცხადებს, რომ არ დაესწრება შეხვედრებს თუკი იქ სეპარატისტები იქნებიან.

რუსეთი ნატოსაც ადანაშაულებს. საქართველოში ალიანსის გენერალური მდივნის იაპ დე ჰოპ სხეფერის ვიზიტის შემდეგ მოსკოვმა განაცხადა, რომ ალიანსი "ცივი ომის რეფლექსებს" ამჟღავნებს. სხეფერის თქმით საქართველოს "გზა ნატოსკენ ისევ ღიაა".

ამასობაში უკრაინა არამხოლოდ ფინანსური არამედ პოლიტიკური კრიზისის წინაშეც აღმოჩნდა. სამთავრობო კოალიცია პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოს და მის ყოფილ მოკავშირეს, პრემიერ-მინისტრ იულია ტინმოშენკოს შორის უთანხმოების გამო, დაიშალა. ყველაფერი იქით მიდის, რომ ტიმოშენკოს პარტია ალიანსში შევა ჯგუფთან რომელსაც ვიქტორ იანუკოვიჩი ხელმძღვანელობს, ერთ დროს კრემლის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი, რომლის პრეზიდენტობაც 2004 წელს პრო- დემოკრატიულმა "ნარინჯისფერმა რევოლუციამ" დაბლოკა.

ბატონი იუშჩენკო ამბობს, რომ ტიმოშენკო მოსკოვს მიეყიდა; ეს უკანასკნელი კი პრეზიდენტს რუსეთთან ურთიერთობების სახიფათოდ გამწვავებაში დებს ბრალს. ზოგიერთებს ეშინიათ, რომ კრემლი უკრაინის პოლიტიკურ სისუსტეს გამოიყენებს. მაგრამ უკრაინელი პოლიტიკოსები ქვეყანას გარედან დახმარების გარეშეც საკმარისს ზიანს აყენებენ.

ორიგინალი

No comments: