ჯეიმს ბლითცი
18 სექტემბერი 2008
დღეს ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები, აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ პირველად დაიწყებენ მსჯელობას საკითხზე, თუ რა სამხედრო ზომებით უნდა უპასუხოს 26 წევრისგან შემდგარმა ალიანსმა, რუსეთის გამოწვევას დასავლეთისადმი.
ბოლო ათი წლის განმავლობაში ნატოს ყურადღება ძირითადად ალიანსის ტერიტორიის საზღვრებს მიღმა – პირველ რიგში, ავღანეთში, თალიბებთან ბრძოლაზე იყო კონცენტრირებული. თუმცა სამიტზე, რომელიც დღეს და ხვალ ლონდონში გაიმართება, თავდაცვის მინისტრები განიხილავენ, სჭირდება თუ არა ნატოს საკუთარი სტრატეგიის გადახედვა და მეტი ყურადღების დათმობა ბლოკის ტრადიციული ამოცანისადმი – დაიცვას მისი ევროპელი მოკავშირეები თავდასხმისგან.
26 თავდაცვის მინისტრის დღევანდელი არაფორმალური სამიტი რუსეთ-საქართველოს აგვისტოს კონფლიქტამდე გაცილებით ადრე დაიგეგმა. მთავარი კითხვა იქნება, რა უნდა გააკეთონ ალიანსის წევრმა სახელმწიფოებმა თავდაცვის ხარჯების კოორდინაციისა და გაზრდისათვის.
და მაინც, ბრიუსელის ნატოს შტაბ-ბინის მაღალჩინოსანი ფიგურების ნაწილი ელოდება, რომ ალიანსის ზოგიერთი სახელმწიფო, განსაკუთრებით კი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, ბლოკს უფრო აქტიური ზომების მიღებისკენ მოუწოდებენ, რომ მათი ტერიტორიები აღორძინებული რუსეთისგან დაიცვან.
"მთლიანი სტრატეგიის გადახედვას არავინ მოითხოვს, რაც ავღანეთში ნატოს აქტიურობის შემცირებას გულისხმობს – აცხადებს ნატოს ერთ-ერთი მაღალჩინოსანი – მაგრამ შესაძლოა, ზოგიერთი სახელმწიფო ახალი ბალანსის ძიებას შეეცადოს - ნატოს ამჟამინდელ აქცენტს საგარეო ოპერაციებსა და უშუალოდ ნატოს ტერიტორიების დაცვის აუცილებლობას შორის.
წყაროს ცნობით, ნატომ შესაძლოა ბალტიისპირეთის ქვეყნების უსაფრთხოების გაზრდას ხელი შეუწყოს - ამ რეგიონში მეტი წრთვნის ჩატარებით, შესაძლო დაგეგმვებითა და ჯარების მართვის სისტემების გადახედვით.
სამიტის წინ ნატოს გენერალურმა მდივანმა იაპ დე ჰოპ სხეფერმა The Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ წესდების მე-5 მუხლის რეალიზაციის ეჭვქვეშ დაყენება, რომელიც ბლოკის ყველა წევრის დაცვას გულისხმობს, არ ღირს. "მე-5 მუხლში არასწორი არაფერია – თქვა მან – ნატო ყველა მოულოდნელობისთვის მზად არის, და ეს ისევე ეხება ტალინს, რიგას და ვილნიუსს, როგორც ნატოს სხვა დედაქალაქებს".
ამასთანავე მან განაცხადა, რომ საქართველოს მოვლენებმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ თავდაცვის მინისტრებს გულწრფელად მართებთ ისეთი საკითხის განიხილვა, როგორიც არის ნატოს ბევრი წევრი ქვეყნის მიერ არასაკმარისი ძალისხმევა თავდაცვის ხარჯების გაზრდისათვის. "თუკი ჩვენ მშპ-დან თავდაცვის ხარჯებზე 2%-იანი არაფორმალური ზღვარი დავაწესეთ, ხოლო ამ მოთხოვნას ნატოს 26 წევრიდან მხოლოდ 6 აკმაყოფილებს, ესეიგი ალიანსს რაღაც პრობლემები აქვს – აღიარა გენერალურმა მდივანმა. – მე ვერ მოვთხოვ ქვეყნებს მკვეთრად გაზარდონ ხარჯები 2%-მდე... მაგრამ მე მინდა მათ ვუთხრა, რომ თუკი ჩვენ თავდაცვის ხარჯების გაზრდას არ დავიწყებთ, ალიანსი საკუთარ ფუნქციას ვეღარ შეასრულებს".
ორშაბათს, რუსეთის პრემიერ მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მისი ქვეყნის თავდაცვის ხარჯები 2009 წლისთვის 27%-ით გაიზრდება.
თავდაცვის საკითხებში, ლონდონის ევროპული რეფორმის ცენტრის ექსპერტის, თომას ვალასეკის აზრით, დისკუსიამ ნატოს პასუხზე რუსეთისადმი, შეიძლება ალიანსის სტრატეგულ როლზე სერიოზული კამათი გამოიწვიოს.
No comments:
Post a Comment