ასოშეითედ პრესი
14 სექტემბერი 2008
გორი, საქართველო: ქართველმა კაცმა კვირას განაცხდა, რომ მას ეთნიკური ნიშნით გაუსწორდნენ. ის და კიდევ ოთხი მამაკაცი შეიარაღებულმა ოსებმა მიწაზე დაანარცხეს, გადაასხეს ნავთი, საშინლად ემუქრებოდნენ და მხოლოდ ამის შემდეგ კი გაათავისუფლეს.
ბრალდბების გადამოწმება ჯერ ვერ მოხერხდა, სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული მთავრობა ყველაფერს უარყოფს.
მაგრამ ეს ფაქტი სამხრეთ ოსეთში და რუსების მიერ კონტროლირებად სხვა ტერიტორიებზე არსებულ სიტუაციაზე დასავლეთისთვის დამატებითი შეშფოთების საბაბი უნდა გახდეს.
1 ოქტომბერს ევროკავშირის მეთვალყურეებმა სამხრეთ ოსეთისა და მეორე მეამბოხე რეგიონის, აფხაზეთის მიმდებარე ტერიტორიებზე რუსული ჯარი უნდა შეცვალონ, ამიტომ რუსმა ჯარისკაცებმა რამდენიმე კვირაში აქაურობა უნდა დატოვონ.
ალიოშა ბეგულური, რომელმაც თავისი ოჯახი სამხრეთ ოსეთის ქართული სოფლიდან ომის შემდეგ გორში ჩამოიყვანა, პარასკევს თავის სოფელში, კოშკში დაბრუნდა, სახლის აღდგენა უნდოდა.
შეღამებისას ავტომატებით შეიარაღებული, სამხედრო ფორმაში ჩაცმული ხუთი თუ ექვსი ოსი მის ეზოში შევიდა და სხვა ქართველებთან ერთად სადღაც წაიყვანეს.
ბეგულური ყვება, რომ ოსებმა კონდახები უტყეს და სადღაც უდაბურ ადგილას წაიყვანეს. ”შემდეგ მიწაზე დაგვყარეს, კიდევ გვცემეს და ნავთი გადაგვასხეს”-გვითხრა მან.
შეიარაღებულმა ოსებმა განუცხადეს, რომ სოფლებს გადაუწვავენ, ამიტომ დარჩენილ ქართველებისთვის უკეთესი იქნება, თუ თავს უშველიან და აქაურობას დატოვებენ.
ისინი 10-15 წუთი მიწაზე ეყარნენ, ოსები აგინებდნენ, მერე უცებ ადგომა და გაქცევა უბრძანეს.
”რა თქმა უნდა ავდექით და გავიქეცით, ყველანი შეშინებულები ვიყავით”-უთხრა ბეგულურმა ასოშეითედ პრესს. ღამე ბაღში დაიმალა და შაბათს გორისკენ მომავალ ავტობუსს გამოყვა.
მონათხრობის გადამოწმება რთულია თუნდაც იმიტომ, ბლოკპოსტებზე განთავსებული რუსი სამხედროები სამხრეთ ოსეთისაკენ და მის შემოგარენში მოძრაობას კრძალავენ. ჟურნალისტებს განსაკუთრებული ნებართვის გარეშე გადაადგილება არ შეუძლიათ, როგორ უნდა მიიღო ასეთი ნებართვა, გაურკვეველია. ამ ბოლო კვირების განმავლობაში დიპლომატები, უამრავი ორგანიზაციის წარმომადგენლები, გაეროს ჩათვლითაც კი, უკან გამოაბრუნეს.
კოშკის ინციდენტი პირველია, რომელზეც საქართველოს ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგა ბოკერიამ გვითხრა, რომ მოწინააღმდეგე მხარე ქართველებს სახლების გადაწვით ემუქრება იმ შემთხვევაში, თუ ისინი თავისი სოფლებიდან არ წავლენ, ამიტომ კოშკიდან და დისევიდან ადგილობრივები ქართველების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე გამორბიან.
მასობრივი გამოსვლის ცხადი ნიშნები არ ჩანს, მაგრამ არც ისაა გარკვეული რამდენი ეთნიკური ქართველია დარჩენილი მსგავს რეგიონებში.
ბეგულურმა თქვა, რომ უკან არ დაბრუნდება მანამ, სანამ ტერიტორიაზე ქართველთა ან ინტერნაციონალური ძალების კონტროლი არ დაწესდება.
”იქ ახლა საშიშია”-ამბობს ბეგულური-”შეუძლიათ მოგკლან, გადაგიწვან სახლი, არავინ აგებს ამაზე პასუხს”.
სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ შაბათს გაავებით უარყო ბრალდებები. სეპარატისტული ხელისუფლების სპიკერმა, ირინა გაგლოევამ განაცხადა, რომ ქართული მხარის ბრალდებები ”სრული სიცრუეა, მსგავსი არაფერი ხდება” არც კოშკთან, არც კოშკში.
”ასეთი შეტყობინებებით ქართვლები ცდილობენ ჩვენს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესია გაამართლონ ”.
ქართველებმა 7 აგვისტოს სამხრეთ ოსეთის დედაქალაქზე შეტევა მიიტანეს. რუსეთმა საპასუხოდ ტანკები და ჯარები გააგზავნა და ქართული ჯარები სწრაფად გააბრუნა უკან. ხუთდღიან ომში ასობით ადამიანი დაიღუპა და აშშ-ს მოკავშირე პოსტსაბჭოთა რესპუბლიკაში 192 000 ადამიანი უსახლკარო დარჩა.
მოგვიანებით რუსეთმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა, რამაც ”ცივი ომის” შემდეგ პირველად რუსეთისა და აშშ-ს ურთიერთობა ძალიან დაძაბა.
შაბათს, რუსებმა, ნიკოლა სარკოზის მიერ ინიცერებული შეთანხმების ნაწილი შეასრულეს და ქართული საპორტო ქალაქი ფოთი დატოვეს.
მოსკოვმა პირობა დადო, რომ გამოიყვანს თავის ჯარს საქართველოს ტერიტორიიდან, ანუ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მიღმა არსებული სივრცეებიდან. მაგრამ აქვე განაცხადა, რომ სეპარატისტულ რეგიონებში 7600 ჯარისკაცს დატოვებს, რაც დასავლეთის უკმაყოფილების მიზეზი ხდება, რადგან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების თანახმად, შეიარაღებულმა ძალები უნდა დაბრუნდნენ 7 აგვისტომდე არსებულ პოზიციებზე.
რუსეთი სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ევროკავშირის დამკვირვებლების შეშვებას არ აპირებს და აცხადებს, რომ მათი ფუნქციაა ქართული აგრესიის პრევენციაა. დამკვირვებლები კონფლიქტური რეგიონების საზღვრისპირა სივრცეებში განთავსდებიან.
აშშ-ს და ევროკავშირის დამკვირვებლების განთავსება სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საზღვრებს შიგნითაც უნდათ, მათ აშფოთებთ, მოსკოვის სამხედრო შენაერთების აქ დარჩენის პერსპექტივა და მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოება, რადგან ბეგულურის მსგავსი ბრალდებები უკვე ხშირად გაისმის.
უფლებათადაცვითი ორგანიზაციის ”ჰიუმან რაით ვოთჩის” აქტივისტები ოსებს ქართველების სისტემატურ შევიწროებაში ადანაშაულებენ.
მიმდინარე კვირას, ასოშეითედ პრესის რეპორტიორები თავად გახდნენ მოწმე იმისა, როგორ იწვოდა ექვსამდე ქართულ სოფელში სახლები, როგორ მოროდიორობდნენ შეიარაღებული ადამიანები, ერთხელ მაშინაც კი, როცა რუსული ჯარი იქვე იდგა.
ნანული ოქროპირიძე, რომელიც გორში თავის 9 ნათესავთან ერთად, კარვის ქალაქში ცხოვრობს, დისევიდან, კოშკის მახლობელი სოფლიდანაა. მას სახლი აღარაა აქვს.
”დაიწვა, ფერფლად იქცა”-გვითხრა მან.
ისიც გვითხრა, რომ ქართველთა ათამდე სახლი ხეუხლებელია, ისინი გასულ კვირას ნახა, როცა ცოტა ხნით სოფელში დაბრუნდა.
No comments:
Post a Comment