Saturday, September 8, 2007

სააკაშვილის პრობლემა

washington_post

ჯექსონ დილი
8 სექტემბერი 2008

გასული კვირის მიწურულს ქართული კრიზისი შედარებით მინელდა და გადაიზარდა შეჯიბრში თემაზე: მიხეილ სააკაშვილის პროდასავლური მთავრობის არსებობა - არარსებობა. რუსეთის პრეზიდენტმა საკაშვილს "პოლიტიკური გვამი" უწოდა და განაცხადა, რომ მოსკოვი მასთან საქმეს აღარ დაიჭერს. ბუშის ადმინისტრაციამ თავის მხრივ იჩქარა, როდესაც სააკაშვილისთვის ერთ მილიარდიანი დახმარება გაიღო, რომელიც ვიცე პრეზიდენტმა ჩეინიმ ადგილზე პირადად ჩაიტანა. ამერიკის ოფიციალური პირები საქმეს ისე წარმოაჩენენ, თითქოს 40 წლის საქართველოს პრეზიდენტის გადარჩენა – პუტინის რეჟიმისთვის ჭკუის სასწავლებლად ყველაზე კარგი ხერხი იყოს. ბოლოს და ბოლოს, ცოტას თუ ეპარება ეჭვი, რომ სააკაშვილის გადაყენება, კრემლის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენდა.

ირონია კი იმაში მდგომარებს, რომ რუსული ძალის შეკავების ამ გაუთავებელი კამპანიის პარალელურად, ამერიკის ადმინისტრაციის კულუარებში სააკაშვილზე დღესაც ბრაზობენ. მისმა იმპულსურმა და სამხედრო-სტრატეგიული თვალსაზრისით უგუნურმა შეტევამ ცხინვალზე, პუტინის აგრესიას კარი გაუღო. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ქმედებებს წინ უძღოდა პროვოკაციები ოსების შეიარაღებული ფორმირებების მხრიდან, რომლებიც რუსულ მხარეს ექვემდებარებიან, აშკარაა, რომ საქართველოს ტერიტორიის დიდი ნაწილის დაპყრობა რუსული ჯარის მიერ დიდი ხნის წინ მომზადებული და კარგად გათვლილი გეგმა იყო. მაგრამ ფიცხმა სააკაშვილმა არ შეისმინა ამერიკული მხარის შეგონებები, პუტინის ანკესს არ წამოგებოდა. სააკაშვილმა მისი აქტიური მხარდამჭერები ამერიკაში უხერხულ სიტუაციაში ჩააგდო და როგორც თავისი ქვეყანა, ასევე აშშ ძვირადღირებულ – და მოცემული მომენტისთვის გაუმართლებელ ბრძოლაში ჩაითრია.

სწორედ ამიტომ, სახელმწიფო დეპარტამენტში ჩატარებულ პრესკონფერენციაზე, სადაც კონდოლიზა რაისმა განაცხადა, რომ ამერიკა საქართველოს დახმარების ერთ-ერთ ყველაზე დიდ პაკეტს გადასცემს, სააკაშვილის ნაბიჯი "შეცდომად" შეფასდა – ამბობს საქართველოს პრეზიდენტის ძირითადი კურატორი, სახელმწიფო მდივნის მოდგილის თანაშემწე მეთ ბრაიზა. ადმინისტრაციის კულუარებში კიდევ უფრო ნეგატიურად აფასებენ ადამიანს, რომელმაც ვაშინგტონს უკვე მერამდენედ მოუწყო უსიამოვნო სიურპრიზი. სამხრეთ ოსეთში ბრძოლის დაწყებამდე, სულ რაღაც 9 თვით ადრე, სააკაშვილმა პოლიციის სპეც რაზმი დედაქალაქში ოპოზიციონერებს მიუსია და ოპოზიციური ტელეარხი დახურა. მაშინ აშშ იძულებული გახდა ჩარეულიყო, და მხარი დაეჭირა პოლიტიკური თავისუფლებებისთვის, რაც ამერიკულ-ქართული ალიანსის გამართლებას ემსახურება.

სიმართლე კი ის არის, რომ აშშ-სთვის გაცილებით იოლი იქნებოდა საქართველოს როგორც ქვეყნის და ქართული დემოკრატიის დაცვა, სააკაშვილზე დამოკიდებული რამ არ იყოს და მისი დაცვა არ უხდებოდეს. თუმცა, იგივე საკააშვილმა, რომელმაც მშვენივრად იცის მედიასთან მუშაობა, მარტივად შეძლო ხელახალ არჩევნებში გაემარჯვა და 2013 წლამდე პრეზიდენტის პოსტზე უნდა დარჩეს. რუსეთი თუ გაიმარჯვებს და აიძულებს საკაშვილს გადადგეს, ქვეყნის პოლიტიკური სისტემა დაინგრევა. პუტინის და მისი "მეორე ხმის" დიმიტრი მედვედევის უხეშმა საჯარო თავდასხმებმა (ამ უკანასკნელმა სახალხოდ უწოდა თავის ქართველ კოლეგას, შეშლილი და ნაძირალა), მხოლოდ გაამყარა სააკაშვილის პოზიცია თბილისშიც და ვაშინგტონშიც.

მაგრამ, ქართული დემოკრატიის გადარჩენისთვის თანაბრად მნიშვნელოვანია, როგორც სააკაშვილი, ასევე მისი საკითხის გადაწყვეტაც. როდესაც რუსეთის ოკუპაცია დასრულდება და ქვეყანა უშუალო საფრთხეს თავიდან აიცილებს (თუ რა თქმა უნდა, ეს მოხდა) ქართველებს გამოცდის ჩაბარება მოუწევთ: ვნახოთ, შეძლებენ თუ არა ისინი დემოკრატიული ინსტიტუტების გამოყენებით საკუთარი პრეზიდენტის პასუხისმგებლობის დაყენებას და მისი ქმედებების გამოძიებას, პრეზიდენტის, რომელიც კოლოსალური ცვლილებების მიზეზი გახდა. ამ ცვლილებებმა ქვეყნის ბედი უარესობისკენ შეცვალა.

ამაზე საუბრობდა გასულ კვირას ვაშინგტონში საქართველოს პარლამენტის ყოფილი სპიკერი ნინო ბურჯანაძე. 2003 წელს ის და სააკაშვილი "ვარდების რევოლუციის" სათავეში იდგნენ. გაზაფხულზე ნინო ბურჯანაძე, თავის ყოფილ მოკავშირეს დაშორდა და თბილისში შექმნა დემოკრატიის და განვითარების ფონდი. ეს ორგანიზაცია მოწოდებულია ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხზე სამუშაოდ, რომელიც საქართველოს ხელმძღვანელობის ახალ პოლიტიკას განსაზღვრავს. ბურჯანაძე მხარს უჭერს პრესის თავისუფლებას, მოსამართლეთა დამოუკიდებლობის გაზრდასა და უფრო გავლენიანი და დამოუკიდებელი პარლამენტის შექმნას. შესაძლოა, სწორედ ამ ყველაფრის არ არსებობამ უბიძგა სააკაშვილს სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით გაუთვლელი ნაბიჯი გადაედგა.

და როგორც ყველა ქართველი პოლიტიკოსი, ბურჯანაძე არ აძლევს თავს უფლებას სააკაშვილი მანამ აკრიტიკოს, ვიდრე რუსულ ჯარებს ქვეყნის გზები და პორტები ბლოკირებული აქვთ. და მაინც, იგი ამბობს "ეს კრიზისი რომ დავძლიოთ, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ როგორც ნამდვილმა დემოკრატიამ. თუკი ხალხს აქვს კითხვები იმაზე რაც მოხდა, უნდა შეიქმნას პირობები რომ მათ ამ კითხვების დასმა შეძლონ. უპასუხოს მთავრობამ ამ შეკითხვებს და ხალხი თავად მიიღებს გადაწყვეტილებას”.

ბუშის ადმინისტრაციამაც აუცილებლად უნდა გამონახოს ფორმა, რომ ამერიკის მარდაჭერა საქართველოსადმი, როგორც ქვეყნისა და დემოკრატიული სახელმწიფოსადმი, სააკაშვილის მხარდაჭერისგან გამიჯნოს. დახმარების ახალი პაკეტი ამ პრობლემას ვერ გადაწყვეტს – თანხების მნიშვნელოვანი ნაწილი ქვეყნის ბიუჯეტისკენ არის მიმართული. ყველა ასიგნაცია განსაზღვრულია ეკონომიკის დასახმარებლად და აღდგენითი სამუშაოების დასაფინანსებლად; არაფერი არ არის გათვალსწინებული დემოკრატიული ინსტიტუტებისა და სამოქალაქო საზოგადოების გამტკიცებისთვის. შესაძლოა, ეს საჭიროა იმისთვის, რომ პუტინს გამარჯვება წავრთვათ, მაგრამ საქართველოს ლიდერების პრობლემის ვერ გადაწყვეტს.

ორიგინალი

No comments: