Saturday, September 8, 2007

რუსეთის მოუსვენარი ისლამური რესპუბლიკები

spiegel

უვე კლასმანი
8 სექტემბერი 2008

რუსეთი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობას ზეიმობს. მის ისლამურ რესპუბლიკებში კი დენთის სუნი დგება.

გასულ ორშაბათს, ინგუშეთში, რუსეთის ერთ-ერთი რესპუბლიკის დედაქალაქში ნაზრანში პირქუშმა სამგლოვიარო პროცესიამ ჩაიარა. მუჰამედ ევლოევის კუბოსთან ასობით დადუმებულმა ადამიანმა მოიყარა თავი. 37 წლის ადვოკატი, ვებ-გვერდის (http://www.ingushetiya.ru/) დამფუძნებელი და ხელისუფლების ოპონენტი პოლიციელებმა მოკლეს. ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ის შემთხვევამ იმსხვერპლა, გაუფრთხილებლობამ. არადა, ტყვიამ აბსოლუტური სიზუსტით გაიარა საფეთქელში.

რეზინის ხელკეტებით შეიარაღებული პოლიციის კორდონი შავი ნიღბებით, ფარებით ხელში, მგლოვირე ადამიანებს ავიწროვებდა. ცხადი იყო, რომ ხელისუფლებას მკვდარი ადამიანისა და მისი ნათესავების ცეცხლივით ეშინოდა, ისინი კი ამ დროს შურისძიების აღთქმას დებდნენ. კავკასიაში ასე ხდება ხოლმე.

ევლოევის ვებსაიტი თავისუფალი სიტყვის ბოლო ნავსაყუდელი იყო მის პატარა, მოუსვენარ ქვეანაში, სადაც სულ 500 000 ადამიანი ცხოვრობს. ყველაზე მეტად ხელისუფალთ ის აღიზიანებდა, რომ მხოლოდ ერთი ასო (“Y”), განასხვავებდა ევლოევის ვებ-გვერდის მისამართს რესპუბლიკის ოფიციალური საიტის მისამართისგან.

ინგუშეთს დღეს მურად ზიაზიკოვი მართავს, რუსეთის უშიშროების ყოფილი გენერალი. ის ინგუშეთის ახალ, პრაქტიკულად უკაცრიელ დედაქალაქში ექტრავაგანტულ სასახლეში ცხოვრობს. ზიაზიკოვს თავისი მისია ასე წარმოუდგენია: შექმნას სამუშაო ადგილები და უზრუნველყოს სტაბილურობა - ერთხელ "შპიგელს" ზუსტად ეს უთხრა და იქვე დაამტა, რომ მტრებს დაუნდობლად გაუსწორდება. პირად საუბარში ხშირად აღიარებს, რომ გერმანული წესრიგი და აკურატულობა მოსწონს.

ის დღეს ხელისუფლებაშია, მაგრამ მის ქვეყანაში გერმანული წესრიგის ნიშანწყალსაც კი ვერ მიაგნებთ. სანამ ზიაზიკოვი ინგუშეთის "კავკასიის შევეიცარიად" გადაქცევას ლამობს, რუსეთის საიდუმლო სამსახურები ამ პაწაწინა რესპუბლიკას, ყველაზე პრობლემატურ, ყველაზე გაუხედნავ ტერიტორიად მიიჩნევენ, განსაკუთრებით საქართველოში რუსეთის ინტერვენციის შემდეგ. როდესაც რუსეთმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა, მაკკეინი, ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატი საპასუხოდ ჩრდილო კავკასიისა და ჩეჩნეთის დამოუკიდებლობის აღიარებით დაემუქრა. ამ განცხადებამ ცეცხლზე ნავთი დაასხა.

მუსლიმი ინგუშები ოდესღაც ქრისტიან ოსებთან ერთად ცხოვრობდნენ. მერე სტალინმა ტერიტორიები გადაანაწილა და ინგუშეთი ჩეჩნეთს მიუერთა. 1944-ში ორივენი, ინგუშებიც და ჩეჩნებიც შუა აზიაში გადაასახლეს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ინგუშებმა ახალი, საკუთარი რესპუბლიკა დააფუძნეს. 1992-ში ოსებთან დაპირისპირება სისხლიანი კონფლიქტით დასრულდა. რუსებმა ოსების დასაცავად 12 000-იანი არმია გააგზავნეს. ამ კონფლიქტის შემდეგ ინგუშეთი სიღარებემ, უმუშევრობის ტალღამ მოიცვა (80%), ეს იმ ფონზე, რომ მთელს რუსეთში შობადობა აქ ყველაზე მაღალი იყო და არის. მეზობელ ჩეჩნეთში ომის შემდეგ, რეგიონი შეიარაღებულ ისლამისტთა ციხე-სიმაგრედ გადაიქცა. აქ ყოველდღე კლავენ პოლიციელებს და უშიშროების სამსახურის თანამშრომლებს, აფეთქებენ მათ მაქანებს, თავს ესხმიან სახელმწიფო დაწესებულებებს. მხოლოდ 2008 წლის პირველ 6 თვეში ინგუშეთში, შიარაღებულ შტაკებებში 70 პოლიცილელი დაიღუპა. ხელისუფლების სიკვდილის ბრიგადები ზუსტად ასეთივე სისატიკით პასუხობენ მუსლიმებს. პრევენციული ღონისძიებების გატარებისას ნიღბიანი ადამიანები დაძრწიან: კლავენ ახალგაზრდებს, იტაცებენ.

მებრძოლი ისლამისტები აქ "კავკასიის ემირატის" შექმნას ლამობენ. ეს ემირატი ერთ დღეს შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე გადაიჭიმება. ისინი სიხარულით ეგებებიან მოხალისეებს ყაბარდო-ბალყარეთიდან, ყარაჩაევო-ჩერქეზეთიდან და დაღესტნიდან. ტერორისტული აქტები დაღესტნისთვისაც, ჩრდილო კავკასიის ყველაზე დიდი რესპუბლიკისთვის (მისი მოსახლეობა 2.6 მილიონს აღწევს), ჩვეული რამაა. გასულ კვირას თემურ ალიშაევი, "ისლამური ტელევიზიის" ჟურნალისტი მახაჩკალაში გასროლით მოკლეს.

დიდი ხნის მანძილზე ინგუშები ჩეჩნების ძმებად ითვლებოდნენ. ჩეჩნეთის ომის დროს ინგუშეთი ასე თუ ისე მშვიდობის კუნძულად რჩებოდა. თუმცა ფარულად აქაურ სამხედრო ჰოსპიტალში დაჭრილ ჩეჩენ მებრძოლებს მკურნალობდნენ. იმდროინდელი პრეზიდენტი რუსლან აუშევი ფორმალურად რუსეთისადმი ლოიალობას აღიარებდა და სტაბილურობის გარანტიად სახელდებოდა, მაგრამ რეალურად, ჩეჩნების ძმად რჩებოდა.

რუსეთის ყოფილ პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ბუნდოვანება მობეზრდა და აუშევი უშიშრობის სამსახურებში დამებოგრებული ზიაზიკოვით შეცვალა. ახალ ხელმძღვანელს ხიშტებით შეხვდნენ, უამარავ თავდასხმას ის მხოლოდ ჯავშნიანმა მერსედესმა გადაარჩინა.

ზიაზიკოვი მის რესპუბლიკაში დასადგურებულ მშვიდობასა და ჰარმონიას განასახიერებს. ფარისევლობამ კულმინაციას დუმას 2007 წლის არჩევნებში მიაღწია. მაშინ ინგუშების 98.72 პროცენტმა პუტინის პარტიას "ერთიან რუსეთს" მისცა ხმა.

მაგრამ ფასადს მიღმა, ფარულად სახიფათო დუღილი გრძელდება. ნოემბერში უსაფრთხოების ჯარებმა 6 წლის რაჰიმ არმიევი სპეცოპერაციისას მოკლეს. ევლოევის ვებ-გვერდი ბიჭის მკვლელობაზე და გაყალბებულ არჩევნებზე წერდა. ამ ინფორმაციამ აღშფოთების ახალი ტალღა ააგორა, რესპუბლიკის ხელისუფლებამ ევლოევს ეს არ აპატია.

მისი მკვლელობა შემობრუნების წერტილად იქცა. გასულ კვირას ოპოზიციურმა სახალხო პარლამენტმა პეტიცია გამოქვეყნა. ამ ინიციატივის მიზანი ერთია - რესპუბლიკის გამოყოფა რუსეთიდან.

ორიგინალი

No comments: