სკოტ ტეილორი
2 სექტემბერი 2008
როდესაც 18 მარტს პრემიერ-მინისტრმა სტივენ ჰარპერმა განაცხადა, რომ კოსოვოს მიერ ცალმხრივად დეკლარირებულ დამოუკიდებლობას აღიარებს, ეს გადაწყვეტილება ბევრმა გაკიცხა და გაეროს წესდების ხელყოფად მიიჩნია.
1999-ში ნატოს გაეროს მანდატი არ ჰქონდა, მაგრამ როდესაც სერბეთის სამხედრო შენაერთებსა და ალბანელ სეპარატისტებს შორის შეიარაღებული კონფლიქტი დაიწყო, ის პროცესებში ჩაერია. გაეროს 1244 რეზოლუციის თანახმად სადავო პროვინციაში ცეცხლი შეწყდა და მიუხედავად იმისა, რომ ნატოს ჯარებმა რეგიონში სერბეთის შეიარაღებული ძალები შეცვალეს, კოსოვო სუვერენული სერბიის ტერიტორიის ფარგლებში რჩებოდა.
ჰარპერს ესმოდა, პროვინციის გამოყოფა მხოლოდ აქ მცხოვრები ეთნიკური უმრავლესობის ცალმხირივ გადაწყვეტილებას ეფუძნებოდა, ამიტომ ახალი სახელმწიფოს ცნობას მთელი თვე აყოვნებდა.
ამერიკის შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი მოვლენათა განვითარების წორედ ამგვარ მოდელს ემხრობოდნენ, რადგან ესმოდათ, რომ გაეროში ვერაფერს მიაღწევდნენ-რუსეთი და ჩინეთი საკითხს აუცილებლად დაბლოკავდნენ.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის გაუსაძლისი ზეწოლის შემდეგ, ჰარპერმა, როგორც იქნა, ძალა მოიკრიბა და იმ ქვეყნებს მიუერთდა, ვინც კოსოვოს დამოუკიდებლობა უკვე სცნო. მიუხედავად ჯორჯ ბუშის დაუღალავი მცდელობისა, კოსოვო ჯერჯერობით მხოლოდ 46 ქვეყანამ აღიარა. დაახლოებით ამდენივემ კატეგორიულად უარყო მისი სუვერენიტეტი, ხოლო გაეროს 100-მა წევრმა ბუჩქებში მიმალვა არჩია.
ჰარპერი ენთუზიაზმის გარეშე დაეთანხმა კოსოვოს დამოუკიდებლობას, მაგრამ იქვე განაცხადა, რომ ბალკანეთის ამ პატარა პროვინციის ”საქმე”იმდენად უნიკალურია, რომ გაეროს მიერ აღიარებული პრინციპების დარღვევა (გაეროს წესდების თანახმად სახელმწიფოთა სუვერენიტეტის შელახვა დაუშვებელია) ამჯერად გამართლებულია და დანარჩენებს პრეცედენტად არ გამოადგებათ.
საქართველოში, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სეპარატისტულ პროვინციებთან დაკავშირებით ამ ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო-ჰარპერი ცდებოდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 90-იანებში სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონში, კავკასიაში სამი ახალი ქვეყანა გაჩნდა: საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი.
სწორედ იმ დროს, როდესაც დასავლური მედია ყურადღებით ადევნებდა თვალს იუგოსლავიის დაშლას, ზუსტად ასეთივე სისხლისმღვრელი ომების სერია კავკასიის რეგიონში დაიწყო. შედეგად რამდენიმე გაყინული კონფლიქტი მივიღეთ: ყარაბახი- აზერბაიჯანული ტერტორია, რომელსაც დღემდე სომხეთის შეიარაღებული ჯარები აკონტროლებენ და სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი, რომლებმაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოს ფარგლებში დარჩენაზე უარი განაცხადეს.
აშშს მხარდაჭერითა და სამხედრო დახმარებით შეგულიანებულმა საქართველოს პრეზიდენტმა, რომელსაც განათლება ამერიკაში აქვს მიღებული, 7 აგვისტოს ძალების მოსინჯვა გადაწყვიტა და სამხრეთ ოსეთზე კონტროლის აღდგენა სცადა. რუსეთმა სიტუაციაზე მყისიერად ირეაგირა და საქართველოს სამხედრო ძალით დაუპირისპირდა.
ქართული ჯარი სამხრეთ ოსეთიდან უკან, საქართველოში გამოაძევეს, შემდეგ კი სააკაშვილმა საერთაშორისო საზოგადოებას რუსეთის აგრესიისგან დაცვა მოსთხოვა.
აპრილში, ნატოს სამიტზე ბუქარესტში კანადა და აშშ თავგამოდებით ითხოვდნენ საქართველოს მიღებას ალიანსში. კიდევ კარგი, ცენტრალური ევროპის ქვეყნებმა რუსეთის პროვოცირებისგან თავი შეიკავეს და უკრაინაცა და საქართველოც უარით გამოისტუმრეს.
კანადას და აშშ-ს მაშინ წარმატებისთვის რომ მიეღწიათ და საქართველო ნატოში მიეღოთ, ალიანსს, სააკაშვილის ამჟამინდელ შეძახილებზე, რუსეთთან სამხედრო დაპირისპირებით უნდა ეპასუხა.
ბოლოდროინდელმა მოვლენებმა დაგვიდასტურა, რუსულმა დათვმა გაიღვიძა, მაგრამ, მგონი, მისი ინტერესები კავკასიაში სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების იქით არ მიდის და ის საქართველოს ხელახალ ოკუპაციას არ აპირებს.
განა ბუშისა და კონდოლიზა რაისის განცხადებები იმის თაობაზე, რომ რუსეთმა ამ ორი პატარა ქვეყნის დამოუკიდებლობის აღიარებით გაეროს წესდება დაარღვია და სახიფათო პრეცედენტი შექმნა ფარისევლური არ არის?
ეს სწორედ ის წესდებაა, რომელიც აშშ-მ არად ჩააგდო, როდესაც 1999-ში სერბეთს ბომბავდა, როდესაც 2001-ში ავღანეთში, ხოლო 2003-ში ერაყში შეიჭრა.
კანადამ კოსოვოს აღაირებით საბედსიწერო შეცდომა დაუშვა, ამიტომ, იქნებ ახლა მაინც შეიკავოთ თავი დაუფიქრებელი ნაბიჯებისგან და ბუშის პოლიტიკას საქართველოს კრიზისთან დაკავშირებით იმთავითვე არ დავეთანხმოთ.
ამერიკელებისა არ იყოს, ჩვენც, კანადელებმა არ დავიტოვეთ რუსეთის დღევანდელ ქმედებათა გაკიცხვის მორალური უფლება.
ორიგინალი
No comments:
Post a Comment