ფრენსის ფუკუიამა
2 სექტემბერი 2008
ერთი რამ, რასაც საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიების მსვლელობისას ვერც ობამასგან და ვერც მაკ-კეინისგან ვერ მოისმენთ, იმის აღიარებაა, რომ შემდეგ ადმინსტრაციას საგარეო პოლიტიკის წარმართვა არასახარბიელო გარემოში მოუწევს - გლობალური ბალანსი შეცვლილია, ხოლო ამერიკის გავლენა მნიშვნელოვნად შემცირებული. ეს სულაც არ გახლავთ ჰიპოთეტური მოსაზრება, ეს ის რეალობაა, რომელსაც დღეს თვალი უნდა გავუსწოროთ.
ის, რომ შეცვლილი ვითარების გაცნობიერება არ გვსურს, საქართველოში რუსეთის ინტერვენციის შემდეგ განსაკუთრებით თვალნათელი გახდა. ჯერ კიდევ ელცინის დროიდან მოყოლებული რუსეთს და ამერიკას ბევრი საკითხისადმი განსხვავებული მიდგომა ჰქონდათ - ეხებოდა ეს ნატოს ექსპანსიას, ბალკანეთს, რაკეტსაწინააღმდეგო სისტემებს, ირანს, ადამიანის უფლებების მდგომარეობას რუსეთში, თუ უამრავ სხვა პრობლემას, რომელთა აქ ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს. ამერიკის იმდროინდელი დიპლომატია მხოლოდ იმით იფარგლებოდა, რომ ცდილობდა დაერწმუნებინა რუსები ჩვენს ნუსხაში შესულ ყველა პუნქტს დათანხმებოდა, ხოლო მათ შეშფოთებასა და შიშებს უსაფუძვლოს უწოდებდა. აშშ არასდროს განიხილავდა ამ ურთიერთობებს, როგორც ერთგვარ შეთანხმებას, რომლის დროსაც, თუ მინდა, რომ რაიმე მიიღო, საპასუხოდ მეც რაიმე უნდა დავთმო. ჩვენ ისე ვიქცეოდით, როგორც ცნობილ ისტორიაში უცხოელისა და ინგლისელის შესახებ: ინგლისელი, იმისთვის, რომ უცხოელს სათქმელი გააგებინოს ყვირილს იწყებს. ჩვენც მიგვაჩნდა, რომ რუსებთან საწადელს მხოლოდ იმით მივაღწევდით, რომ ერთსა და იმავეს მრავალჯერ და ხმამაღლა გავუმეორებდით.
ბუშის ადმინისტრაციის ეს პოზა ძალთა იმდროინდელ ბალანსს (1990) გამოხატავდა - რუსეთი სუსტი იყო და თანაბარ მოთამაშედ ვერ ჩაითვლებოდა. მაგრამ ვითარება შეიცვალა. კონტრასტი რუსეთის სამხედრო ოპერაციებს შორის ჩეჩნეთში (1994) და საქართველოში (2008) დრამატულია. აშშ-ს რუსეთის ქმედებები ჩეჩნეთში არ მოსწონდა, მაგრამ მისი სამხედრო ოპერაცია იმდენად უსუსური იყო, რომ შემაშინებლ პრეცედენტად ვერ განიხილავდა. დღეს კი ყველა იმაზე ვფიქრობთ, ნეტა ვინ გახდება რუსეთის ძლევამოსილების სამიზნე ხვალ?
ახლა რომ დროის დაბრუნება და კოსოვოს აღიარებამდელ რეალობაში მოხვედრა შეგვეძლოს, სავაჭროდ კიდევ რაღაც დაგვრჩებოდა. ის, რაც დღეს ყველაზე ძალიან გვაკლია, კოსოვოს დამოუკიდებლობის მხარდაჭერა და რაკეტსაწინააღმდეგო სისტემებია. უკანასკნელი რუსეთს განსაკუთრებით აღაშფოთებდა, რადგან არასდროს სჯეროდა, რომ ეს სისტემები მხოლოდ ირანის საფრთხის განეიტრალებას ისახავდა მიზნად. კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებამ, კოსოვარებს სულაც არ შეუქმნა უსაფრთხოების გარანტიები, მაგრამ სამაგიეროდ შექმნა სეპარატისტული მოძრაობების ლეგიტიმაციის სამწუხარო პრეცედენტი. ამტომაცაა, რომ ნატოს წევრმა ზოგიერთმა ქვეყანამ, მაგალითად ესპანეთმა ამ გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირა.
.საქმე უფრო რთულად იყო საქართველოსა და უკრაინის ნატოში მიღებასთან დაკავშირებით. ეს დემოკრატიული ქვეყნები მართლაც იმსახურებენ აშშ-ს ძლიერ მხარდაჭერას. მაგრამ ანგელა მერკელი არ ცდებოდა, როცა მიაჩნდა, რომ ალიანსის წესდების მეხუთე მუხლი, რომლის თანახმადაც ნატოს ერთ წევრზე თავდასხმისას, ომში ყველა დანარჩენი სახელმწიფო უნდა ჩაერთოს, ცენტრალურია. ეს ნიშნავს იმას, რომ აშშ-ს ჯარები მუდმივ მზადყოფნაში უნდა ჰყავდეს, ისე, როგორც ეს დასავლეთ და აღმოსავლეთ გერმანიის საზღვარზე ხდებოდა ცივი ომის დროს. ნატოს წევრობა ჯადოსნური თილისმა სულაც არაა, ის მაგიურ მფარველობას ვერ შეგპირდება. აქ კონკრეტული ქმედებაა საჭირო - ზუსტი დაგეგმვა, ძვირადღირებული თავდაცვითი ვალდებულებების შესრულება და ა.შ.
ბუშის ადმინისტრაცია საქართველოსა და უკრაინას ნატოს წევრობას სერიოზულად ვერ შეპირდებოდა, რადგან ეს იმას ნიშნავდა, რომ მხოლოდ შეიარაღებითა და მრჩეველებით ფონს ვეღარ გავიდოდა. მაშინ აშშ-ს შეიარაღებულ ძალებს ამ ქვეყნებისთვის უსაფრთხოების რეალური გარანტიები უნდა შეექმნა. როცა ქართველები ჩვენი განზრახვის სერიოზულობაში დავარწმუნეთ, ძალიან შევცდით.
უნდა გავაცნობიეროთ, რომ ის, რაზეც ხელი წლების წინ მიგვიწვდებოდა, დღეს აღარ მუშაობს. ბუშის ადმინისტრაციამ კოსოვოს დამოუკიდებლობა უზრუნველყო და რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები პოლონეთში განათავსა. ეს ყველაფერი უკვე მოხდა და სავაჭროდ ამ მომენტებს ვეღარ გამოვიყენებთ. სანამ რუსეთის ჯარებს საქართველოს ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებული აქვთ, მათთან შეთანხმება შეუძლებელია. ყველაფერს იმიტომ არ ვამბობ, რომ რუსეთს ვიცავ, როგორ შეიძლება მისი დაცვა, როდესაც საქართველოდან ჯარები არ გამოყავს და დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტის გადაყენებას ითხოვს. პუტინის რიტორიკა ქართველების მიერ მოწყობილ ”გენოციდსა” და ამერიკულ შეთქმულებაზე იმ დიდი ტყუილს მოგვაგონებს, რომლითაც ასე ხშირად ოპერირებდა საბჭოთა კავშირი. ის, რომ რუსეთის მოტივაცია ჩემთვის გასაგებია, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მისი ქცევა მორალურად მიმაჩნია.
ქიშორ მაჰბუბანდი, სინგაპურის ნაციონალური უნივერსიტეტიდან, თავის ვებგვერდზე (21 აგვისტო) მიუთითებს - ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მიზეზი აშშ-ს ძლევამოსილების შესუსტებისა, ბოლო ათწლეულის განმავლობაში, მისი მორალური ავტორიტეტის შელახვას უკავშირდება. რუსეთის საქართველოში ინტერვენციის შემდეგ, აშშ-ს ოფიციალური პირები აცხადებდნენ, რომ ”21-ე საუკუნეში დიდი სახელმწიფოები აღარ ლახავენ სახელმწიფოთა სუვერენიტეტს რეჟიმების შეცვლის მიზნით”. შემდგომმა დაზუსტებამ: ”ევროპაში” იქედნური ხითხითი სულ ოდნავ თუ ჩაახშო. დემოკრატიის გავრცელება, ეს კეთილშობილური საქმე, უკვე მყარად ასოცირდება ომთან ერაყში და აშშ-ს თავდაცვით ინტერესებთან.
გასულმა ორმა ადმინისტრაციამ ქვეყანა ისე ჩაიბარა, რომ მისი მილიტარული და ეკონომიკური ჰეგემონია, არავისში ეჭვს არ იწვევდა. მომავალ ადმინისტრაციას სხვა ვითარება დახვდება. ამიტომ ყველაზე რთული გამოცდა, რომლის ჩაბარებაც მოუწევს, ისეთი ბალანსის გამოძებნაა, რომელიც შეარიგებს იმას, რაც ჩვენ გვსურს, იმასთან, რისი მიღწევაც რეალურადაა შესაძლებელი.
ჩვენს იდეალისტურ მიზნებზე, მაგალითად ისეთზე, როგორიცაა დემოკრატიის გავრცელება, რა თქმა უნდა უარი არ უნდა ვთქვათ, მაგრამ მომავალ პრეზიდენტს, ზუსტადაც რომ დემოკრატიის გავრცელებისთვის, ამ ცნების ”დეტოქსიკაცია” მოუწევს (როგორც კარნეგი ცენტრის წარმომადგენელი ტომ კაროტერსი ამბობს). ჩვენ უნდა შევძლოთ საქართველოსა და უკრაინის დახმარება ახალი სამოკავშირეო ვალდებულებების გარეშე და აუცილებლად უნდა გავთვალოთ ის კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც ნატოს უკვე არსებულ წევრებს, ბალტიის ქვეყნებსა და პოლონელებს მკვდრეთით აღმდგარი რუსეთის რისხვისგან დაიცავს.
ორიგინალი
No comments:
Post a Comment