რედაქცია
2 სექტემბერი 2008
მოსკოვის აგრესიის მთავარი მიზანი არა საქართველოს ტერიტორია, არამედ ევროპული დემოკრატიებია.
გუშინ, რუსული ახალი ამბების სათაურები ერთმანეთს ასეთი თანმიმდევრობით ეწყობოდა. ერთი მხრივ, პრეზიდენტმა მედვედევმა რუსეთის საზღვრებს გარეთ "გავლენის სფეროებზე" პრეტენზია წარმოადგინა, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა დასავლეთს საქართველოს შეიარაღების შეწყვეტისკენ მოუწოდა. მეორე მხრივ, მოკლეს მაგომედ ევლოევი, ჟურნალისტი, რომელმაც თავისი დამოუკიდებელი პოზიციით ხელისუფლება ზედმეტად შეაწუხა. იგი ჯერ დააპატიმრეს, ჩასვეს მილიციის მანქანაში, სადაც მოკლეს კიდეც და შემდეგ გზაზე გადააგდეს.
დროა სიმართლეს თვალი გავუსწროთ. რუსეთი სახელმწიფოა, რომელიც ძალით ახდენს მეზობელი ქვეყნის ტერიტორიის ოკუპაციას და თან ისე ცდილობს ყველას დარწმუნებას, თითქოს ამის სრული უფლება ჰქონდეს. ზოგიერთი დასავლელი ეთანხმება კიდეც რუსეთს. ბოლოს და ბოლოს, ამერიკა და მისი მოკავშირეებიც ხომ შეიჭრნენ ერაყში, სერბეთსაც მიაყენეს დარტყმა, რატომ არ შეიძლება რომ რუსეთიც ანალოგიურად მოექცეს საქართველოს? რატომ არ შეიძლება რუსეთსაც ჰქონდეს NAFTA-ს - ჩრდილოამერიკული შეთანხმება თავისუფალ ვაჭრობაზე - საკუთარი ანალოგი?
არ შეიძლება და აი რატომ. აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა ქვეყნებმა სადამ ჰუსეინი იმიტომ ჩამოაგდეს, რომ იგი სულ უფრო არღვევდა გაეროსთვის, ჯერ კიდევ კუვეიტში შეჭრამდე მიცემულ პირობებს. საქმე ეხებოდა, მის მიერ მასობრვი განადგურების იარაღის მოსპობასა და ამის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენას. სერბეთში ისინი იმიტომ შეიჭრნენ, რომ კოსოვოს მოსახლეობა მასობრივი ეთნიკური წმენდებისგან და განადგურებისგან დაეცვათ. ორივე შემთხვევაში ადამიანებს შეუძლიათ ამტკიცონ, რომ გაეროს სანქციების გარეშე მოქმედება ცუდია, და ამ კამპანიების ბევრ სხვა მიუღებელ ნიშნებზე ისაუბრონ.
მაგრამ ვერავინ იტყვის იმას, რომ მოკავშირე სახელმწიფოებს დაპყრობის ან ოკუპაციის ჟინი ამოძრავებდათ; როგორც საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანია მოწმობს, ამერიკის მოქალაქეები მოუთმენლად ელიან, როდის დატოვებს ამერიკული ჯარი ერაყს და როდის გადააბარებენ ისინი საკუთარი ქვეყნის მართვას ერაყელებს. რაც შეეეხება NAFTA-ს, ამ შეთანხმებას სამი სახელმწიფოს დემოკრატიულად არჩეულმა მთავრობებმა საკუთარი სურვილით მიაღწიეს. თუკი კანადა კავშირიდან გამოსვლას გადაწყვეტს, ეს არ ნიშნავს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ოტავაში შეიჭრება.
რუსეთი პირიქით, დემოკრატიულად არჩეული მთავრობის დამხობას მხოლოდ იმიტომ ცდილობს, რომ ეს უკანასკნელი მოსკოვს არ ემორჩილება. მედვედევის განცხადება, თითქოს ქართულმა მხარემ გენოციდი მოაწყო, შეგნებულად თავხედური განცხადებაა, მით უფრო იმ ფონზე, როდესაც რუსეთის პრეზიდენტის ეს განცხადება, მისივე მთავრობის მიერ დაღუპულთა რიცხვის (200 ადამიანი) გამოქვეყნებას მოჰყვა.
მედვედევი, რომელიც ჰუმანიზმის ინტერესების დაცვის პოზიციიდან საუბრობს, თავად ინტერვენციის იდეასაც კი აბუჩად იგდებს. პრეზიდენტის და ახლა უკვე პრემიერ-მინისტრ პუტინის დროს რუსეთი მეზობელი დემოკრატიების მიმართ სულ უფრო ნაკლებად დემოკრატიული და ამავდროულად აგრესიული ხდებოდა. რაც უფრო დემოკრატიულები ხდებიან მისი მეზობლები – შეხედეთ უკრაინას, პოლონეთს, ესტონეთს, ლიტვას, ლატვიას – მით უფრო მტრულად უჭირავს თავი რუსეთს.
აქვე შეგვიძლია ვახსენოთ ევლოევიც - მამაცი ადამიანი, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ იქ პუტინის დამრბევები ეგულებოდნენ, მაინც დაბრუნდა საკუთარ ქალაქში, ინგუშეთის პროვინციაში. მაგრამ ევლოევის, ისევე როგორც ანა პოლიტკოვსკაიას და ბევრი სხვა ჟურნალისტის, ლიბერალი პოლიტიკოსების, თავისუფალი მედიისა და დისკუსიების სიკვდილი რუსეთში, მიმდინარე პროცესების ღერძად შეგვიძლია მივიჩნიოთ. პუტინის რუსეთი ფაშისტურ სახელმწიფოს ძალიან გავს და როგორც ასეთ სახელმწიფოებს სჩვევიათ, ის ბუნებრივად ეცდება საკუთარი მოდელი საზღვრებს გარეთაც განახორციელოს.
გუშინ, ევროკავშირში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ვლადიმერ ჩიჟოვმა აღნიშნა, რომ ცივი ომი, როგორც ჩანს იდეოლოგიებს ეხებოდა, და დასძინა, რომ დღეს ჩვენ სხვა სამყაროში ვცხოვრობთ, და რომ მეორე ცივ ომზე სალაპარაკოდ არანაირი საფუძველი არ არსებობს.
როგორც ჩანს, ბევრ ევროპელ ლიდერს სურს, რომ ჩიჟოვის დაიჯეროს. ეს იმ ზანტი რეაქციითაც გამჟღავნდა, რომლითაც გუშინ ევროკავშირმა რუსეთის აგრესიას უპასუხა. მაგრამ ის რაც საქართველოში ხდება, სწორედაც რომ იდელოგიებს ეხება, და ევროპა რაც უფრო დიდხანს მოიტყუებს თავს, რომ ეს ასე არ არის, მით მეტი საფრთხის შეკავება მოუწევს მომავალში.
No comments:
Post a Comment