Monday, September 3, 2007

პუტინის სამეფოს ბზარი უჩნდება

cristian

პოლ ქუინ-ჯაჯი
ცენტრალური აზიის საკითხებში საერთაშორისო კრიზისული ჯგუფის (International Crisis Group) პროექტების დირექტორი
3 სექტემბერი 2008

ბიშკეკი, ყირგიზეთი - კრემლის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარებიდან რამდენიმე დღეში, ცნობილმა მოსკოვურმა გამოცემამ "კომერსანტმა" საკუთარ საიტზე გამგმირავი ვიდეორგოლი გამოაქვეყნა. ვლადიმერ სოლოვიოვმა, რომლის რეპორტაჟებსაც, ნებისმიერი ქვეყნის მედია საშუალება ინატრებდა, რუსეთ-საქართველოს ომის შედეგები გაანალიზა.

იმ წუთიდან, როგორც კი დიმიტრი მედვედევმა ხელი მოაწერა ბრანებას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებაზე, დამარცხებული საქართველო ამ ომიდან უმალ გამარჯვებული გამოვიდა. "დროა მიხეილ სააკაშვილმა ხელში აიღოს ტელეფონი, დაურეკოს დიმიტრი მედვედევს და უთხრას: "მადლობთ, კოლეგა".

ვიდეორგოლში რუსულ ისტებლიშმენტში მზარდი ტენდენციებია ასახული. ეიფორია, რომელიც 2 მილიარადად შეფასებული ქართული არმიიის დამარცხებას და სააკაშვილის დამცირებას მოჰყვა, გაიფანტა. მას შემდეგ რაც 1999 წელს ვლადიმერ პუტინი, თავისი სასტიკი და უკომპრომისო მზერით სამყაროსადმი, ხელისუფლებაში მოვიდა, პირველად მოხდა ის, რომ მის მოსაზრებებს სერიოზული ადამიანები არ იზიარებენ.

ისინი პუტინისგან განსხვავებით კარგად აცნობიერებენ, რომ რუსეთის საერთაშორისო არენაზე დაბრუნება არასახარბიელო ფორმით მოხდა. ქვეყნის ავტორიტეტი შეილახა. რუსეთი სახიფათო მახეში გაება.

ბევრი გამოჩენილი რუსი ექსპერტი, საგარეო პოლიტიკის დარგში, წინასწარ ვარაუდობდა, რომ რუსეთი სადაო ტერიტორიების დამოუკიდებლობას ცნობდა და თავის მხრივ ხელისუფლებას მოუწოდებდა არ გადაედგა ეს სახიფათო ნაბიჯი. მათ შორის არის გამოცდილი დიპლომატი, რუსეთის მთავრობის ყოფილი მინისტრი ალექსეი ადამიშინი. "რუსეთს სრული მორალური უფლება აქვს ცნოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა – წერდა ის საკუთარ სტატიაში ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე – მაგრამ ამ ნაბიჯს კატასტროფული შედეგები მოჰყვება".

რამდენიმე კვირით ადრე სერგეი კარაგანოვმა, საგარეო და თავდაცვის პოლიტიკის საბჭოს წევრმა, კრემლს მოუწოდა კარგად გაეაზრებინა, რა მოჰყვებოდა ამ ორი სეპარატისტული სახელმწიფოს ცნობას. აღიარებას წინ უძღოდა სხვა, ასეთივე არასასიამოვნო პროგნოზები. საქმიან წრეებში შეშფოთების ნიშნები გაჩნდა.

ეს პოლემიკა ცხადყოფს, რომ რუსეთის მმართველ ელიტაში განსხვავებული შეხედულებები გაჩნდა, თან კრიტიკა ძირითადად ე.წ. მოდერნიზატორებისგან მოდის, რომლებიც, რუსეთს - ვინმეს მოსწონს ეს თუ არა - საერთაშორისო თანამეგობრობის ნაწილად მიიჩნევენ, და სურთ, რომ ამ ქვეყნამ თავი დააღწიოს მხუთავ ბიუროკრატიასა და კორუმპირებულ კაპიტალიზმს.

ამ ადამიანებს ეშინიათ, რომ რუსეთი უკვე ჩაება ახალ ცივ ომში, რომელიც ხელს შეუშლის ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, რაც მათ ინდივიდუალურ თავისუფლებებზე უარს ათქმევინებს. "საჭიროა მკაფიოდ გავიაზროთ, რომ თამაშის მთავარი მიზანი, რომელსაც ჩვენ შეგნებულად თუ შეუგნებლად თავს გვახვევენ: რუსეთის მოდერნიზაციის პროცესის ჩაშლაა"

ამ არგუმენტების ავტორები – რუსული პოლიტიკური ისტებლიშმენტის გამოცდილი წარმომადგენლები არიან. ისინი არ ღელავენ, როდესაც რუსეთი მათი მეზობლების სუვერენიტეტს ლახავს, ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მათთვის დამოუკიდებლობა სულაც არ ნიშნავს მოკავშირეების შერჩევის თავისუფლებას, თუკი შენ რუსეთს ესაზღვრები.

ეს ადამიანები ნამდვილ კრიზისს იმ დროისთვის ვარაუდობენ, როდესაც ჯერი უკრაინაზე მიდგება. ისინი ვერ ხედავენ წინააღმდეგობას, პუტინის ამჟამინდელ სიმტკიცეს - დაიცვას საკუთარი მოქალაქეები, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი - და მის ჩეჩნურ კამპანიას შორის, რომელსაც ათი ათასობით რუსეთის მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა. ისინი პუტინის ბოლოდროინდელ ინტერვიუებში გამოთქმულ არგუმენტსაც იზიარებენ, თითქოს ქართული კონფლიქტის უკან დასავლეთის მზაკვრული შეთქმულება იდგა.

ერთადერთი რაშიც ისინი პუტინს საყვედურობენ, მისი წინდაუხედაობაა. იგი მოტყუვდა და დასავლეთს ხელი არ შეუშალა შემთქმულების განხორციელებაში, ეს ქვეყნის განვითარებაზე უზარმაზარ გავლენას იქონიებს, ამბობენ ისინი.

შესაძლოა, კიდევ უფრო მეტ პრობლემას ის წარმოადგენდეს, რომ პუტინი სულ უკან იყურება.

ალბათ ყველაზე კარგად მას დაახასიათებდა რუსებისთვის საყვარელი ტერმინი "სოვოკ". ამ შემთხვევაში, "სოვოკი" რიგითი საბჭოთა ადამიანია, განაწყენებული და გულღრძო, რომელიც სამყაროს სულ ეჭვის თვალით შეჰყურებს. პუტინი მგზნებარედ საუბრობს საბჭოთა კავშირის დაშლაზეც - მისთვის საშინელ დროზე, როდესაც სამსახური დაკარგა - და ამ ფაქტს "კატასტროფად" აფასებს.

ფაქტიურად არავის ენდობა. მისი თანაშემწეები ყვებიან, რომ ისეთ საკვანძო საკითხებზე, როგორებიცაა, საქართველო, უკრაინა და ნატო, გადაწყვეტილებებს პერსონალურად იღებს და ადამიანთა ძალიან ვიწრო წრეს ესაუბრება. ახასიათებს იმპროვიზაციაც. მას არ აინტერესებს რუსეთის საფონდო ბაზარი, რომელიც ქართული კრიზისის დაწყების შემდეგ სერიოზულად დაზარალდა, ხოლო მისმა თანამებრძოლმა ოლიგარქებმა ქონება ერთი პრინციპის ერთგულებით დააგროვეს: "გააკეთე ზუსტად ის, რასაც პუტინი ამბობს".

წარსულში ყველა ამ წესით მოქმედებდა და მმართველი ელიტის უმრავლესობა დარწმუნებული იყო, რომ პუტინის სახით რუსეთს ეპოქის შესაფერისი ლიდერი ჰყავდა. ახლა უკვე ეჭვი ეპარებათ. ისინი მძიმე დღეებისთვის ემზადებიან. ძლიერი ადამიანი სუსტი მხარეების დემონსტრირებას იწყებს.

ორიგინალი

No comments: