ახლა, როდესაც რუსული ტანკები საქართველოს რესპუბლიკას ანაწევრებენ, აქვს კი ბუშის წარმავალ, გაკოტრებულ და ერაყის გამო კრიტიკის ქარცეცხლში გახვეულ ადმინისტრაციას ძალა, რუსეთს ღირსეული პასუხი გასცეს – რუსეთს, რომელიც მთელ თავისუფალ სამყაროს დაუპირისპირდა?
ასეთი გამოწვევის ხასიათს რომ ჩავწვდეთ, გავითვალისწინოთ, რომ ბაღდადიდან თბილისამდე 578 მილია. ნიუ-იორკიდან ჩიკაგომდე გაცილებით შორია. ერაყი და საქართველო, სადაც დემოკრატიულად არჩეული მთავრობებია, მოქცეულნი არიან მსოფლიოს ორ ყველაზე ავტორიტარულ რეჟიმს - რუსეთსა და ირანს შორის. რუსეთი ირანთან ბირთვულ პროგრამასა და მისი შეიარაღებული ძალების გაძლიერების საკითხებზე თანამშრომლობს. ის უგო ჩავეს – ვენესუელის ლიდერსაც აიარაღებს.
სულ ცოტა ხნის წინ ირანმა, მეზობლების, ისრაელის და ერაყის დასაშინებლად, საშუალო მანძილის ბალისტიკური რაკეტა "შახაბ – 3" გამოსცადა. რუსეთი საქართველოში ამ ამბიდან ზუსტად ერთი თვის თავზე შეიჭრა. ომის დაწყებამდე ორი კვირით ადრე, მოსკოვს უგო ჩავესი ესტუმრა, რითაც ვენესუელის ლიდერმა პრემიერ-მისნისტრ პუტინთან და პრეზიდენტ მედვედევთან "სტრატეგიულ ალიანსში” გაწევრიანება ოფიციალურად დაადასტურა. იმავდროულად ერაყში უსაფრთხოების მთავარ პრობლემად რჩება ირანის დაქირავებული კონტიგენტი, ხოლო სამყაროს მეორე ნახევარსფეროში სულ უფრო მეტი მტკიცებულება გროვდება ჩავესის კავშირზე ტერორისტულ ორგანიზაცია "კოლუმბიის რევოლუციურ შეარაღებულ ძალებთან", რომელიც მეზობელ კოლუმბიას ემუქრება.
ნუთუ ეს დამთხვევაა? ერაყი, საქართველო და კოლუმბია ახალი ტიპის საერთაშორისო კონფლიქტების ბრძოლის ველებად გადაიქცა. ეს კონფლიქტები ჩვენს გეოპოლიტიკურ მომავალს ჩამოაყალიბებს. ის აშშ-სა და დასავლეთს, ფორმირების პროცესში მყოფ ნავთობის დიქტატურათა ღერძს აჯახებს, რომლებიც შეთანხმებულად აფერხებენ სამყაროს ლიბერალიზაციას და გლობალიზაციას. მათი ერთ-ერთი მთავარი მიზანია – მეზობელ ქვეყნებში პროდასავლური დემოკრატიული მთავრობების ჩამოგდება ან მათი საქმიანობისთვის ხელის შეშლა.
ბოლო წლებში სიტყვა "ღერძს" ზედმეტად ხშირად იყენებენ, მაგრამ კონტექსტი შეცვლილია. რუსეთი, ირანი და ვენესუელა ზუსტად ისევე მოქმედებენ, როგორც 1930-იან წლებში იაპონია, იტალია და გერმანია იქცეოდნენ. თოთოეული მათგანი, მეორეს აგრესიული ნაბიჯებით სარგებლობდა, თავად ძლიერდებოდა რეგიონში და ლიბერალურ დემოკრატიას ზიანს აყენებდა. შედეგად მსოფლიო ომის საშიშროების წინაშე აღმოჩნდა.
გეოპოლიტიკური საჭადრაკო დაფის გამოყენება ისევ გრძელდება, და კიდევ უფრო აქტიურად, ვიდრე ადრე. რუსეთი ბირთვული იარაღის შექმნის საქმეში ირანის მთავარი მიმწოდებელია, ის ასევე მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორია როცა საქმე მიდგება საერთაშორისო სანქციების დაწესებაზე. პუტინი და თეირანელი მოლები ერთხმად გეგმავენ ყველა მსხვილი ნახშირწყალბადის საბადოს მონოპოლიზებას - დაწყებული სპარსეთის ყურის დასავლეთიდან კასპიის ზღვით დასრულებული. ამ ახალი ღერძის მესამე მონაწილე, უგო ჩავესი თავის მხრივ ყველანაირად ცდილობს, მისი სატელიტი მეზობლების, ბოლივიისა და ეკვადორის ნავთობისა და გაზის ბუნებრივი სიმდიდრის ხელში ჩაგდებას.
ნავთობზე ფასების ზრდის გამო, სამივე დიქტატურა საოცრად გამდიდრდა; სამივეს მიზანი რეგიონში ბატონობაა; სამივე ღიად უჭერს მხარს სახელმწიფოს მართვის ავტორიტარულ და მონოლითურ ფორმას; სამივე მართავს ეკონომიკას, რომელიც თავისი შინაარსით მაფიოზურ-კაპიტალისტურ სიმბიოზს წარმოადგენს; სამივე აკრიტიკებს ამერიკულ "იმპერიალიზმს" და როგორც ჩანს, იმედი აქვთ, რომ 2008 წლის არჩევნები ხელს შეუწყობს მათი გეპოლიტიკური გეგმების განახორცელებას.
და სამივე ერთმანეთს ბუნებრივ მოკავშირედ მიიჩნევს. 2004 წლიდან ჩავესი კიდევ უფრო ამყარებს სტრატეგულ და ეკონომიკურ კავშირებს თეირანთან. შარშან, ირანის პრეზიდენტთან მაჰმუდ აჰმადინეჯადთან ერთად OPEC-ს (ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების გაერთიანება) მოუწოდა ნავთობზე ფასი გაზარდონ და შეამცირონ მისი მოპოვების მოცულობა. ჩავესი – ერთადერთი იყო მსოფლიო ლიდერებიდან, ვინც რუსეთის საქრთველოში შეჭრა საჯაროდ მოიწონა.
და ბოლოს, ამ ღერძის სამივე წევრი ქვეყანა საკუთარ საზღვრებთან პროამერიკული და დასავლეთზე ორიენტირებული მთავრობების გაჩენას სასიკვდილო საფრთხედ აღიქვამს და საპასუხო ქმედებებისთვის მზად არის. რუსეთის შემთხვევაში, ეს საქართველოს მიმართ ღია სამხედრო აგრესიაში გამოიხატა; ირანი, დაქირავებული-ტერორისტების საშუალებით ქაოსს თესავს ერაყის, ლიბანისა და პალესტინის ტერიტორიებზე; ჩავესი სხვისი ხელით, კერძოდ FARC-ის ტერორისტების საშუალებით კოლუმბიას ებრძვის.
რა უნდა იღონოს ამ დროს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და მისმა ახალმა პრეზიდენტმა? საქმე ის არის, რომ რუსეთში ბირთვული არსენალის არსებობის მიუხედავად, ვერც რუსეთი და ვერც მისი "პარტნიორები" ისეთ საომარ საფრთხეს მაინც ვერ ქმნიან, როგორსაც თუნდაც ცივი ომის დროს საბჭოთა კავშირი ან 1930-იანი წლების ღერძის ქვეყნები ქმნიდნენ. რუსეთს, ირანსა და ვენესუელას მსოფლიოში მაინც არამყარი პოზიციები აქვთ, მთელი მათი სიმდიდრის მიუხედავად, მათი ეკნომიკები სუსტი და არასტაბილურია, ისინი ხშირად ბლეფს და ცარიელ მუქარებს მიმართავენ.
მკაფიო ეკონომიკური სანქციების ფართო სტრატეგია და ამერიკის სამხედრო ძალით გამყარებული მრავალმხრივი დიპლომატიური მცდელობები, ერთიან კომპლექსში ნავთობის მიწოდების გაზრდასთან, მასზე ფასების დაწევასა და დოლარის გამყარებასთან – ახალი ღერძის სახელწიფოებს გამოაფხიზლებს, მათ სტრატეგიაში რეალიზმის ნოტებს შეიტანს, და აიძულებს მათ რეალურად გააცნობიერონ სინამდვილეში რამდენად შეზღუდული და სუსტია მათი რესურსები.
მაგრამ ამ ეტაპზე აუცილებელია სტრატეგიული მცდელობების მიმართვა დემოკრატიის ახალი ფლანგების, ერაყის, საქართველოსა და კოლუმბიისაკენ. მათი მთავრობების გაძლიერება და დახმარება. ამით აშშ გასაგებად იტყვის, რომ მომავალი, რომელსაც გლობალიზაცია მოაქვს – თავისუფლების არის და არა ტირანიის.
No comments:
Post a Comment