Thursday, August 30, 2007

ამერიკელების მოკავშირე რუსეთთან დისკუსიის დროს არაპროგნოზირებადი ხდება

wall_street_journal

მარკ ჩემპიონი თბილისიდან, ჯეი სოლომონი და მერი ჯეიკობი ვაშინგტონიდან
30 აგვისტო 2008

საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ დასავლეთმა იგნორირება გაუკეთა მის მოწოდებებს მხარი დაეჭირათ მისი ქვეყნისთვის.

რუსეთის განცხადებამ, თითქოს საქართველოს კონფლიქტი ამერიკელებმა დაგეგმეს, ამ ორ სუპერსახელმწიფოს შორის ურთიერთობები დაძაბა. თუმცა, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს ურთიერთობებშიც, მათი მეგობრული ხასიათის მიუხედავად, ბოლო წლებში თანამშრომლობაზე უფრო მეტი იმედგაცრუება იყო.

თუკი გადავხედავთ როგორც მოქმედი, ასევე ყოფილი ამერიკელი და თბილისელი ჩინოვნიკების ინტერვიუებს, დავინახავთ, რომ ამერიკაში უკვე არაერთი წელია მიაჩნიათ, რომ მათ უჭირთ საქმიანი ურთიერთობის წარმოება საქართველოს პრეზიდენტთან.

სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, დაწყებული 2003 წლის ვარდების რევოლუციიდან, ვიდრე ცხინვალის კონფლიქტამდე, მისი რისკიანი ნაბიჯები ვაშინგტონისთვის ხშირად მოულოდნელი იყო და მას დიპლომატიური თვალსაზრისით დაუცველ მდგომარეობაში აყენებდა, ამბობენ ამერიკის ოფიციალური პირები.

იმედგაცრუებულია თბილისიც. ყველაზე გადამწყვეტ მომენტში, როდესაც ამ წლის დასაწყისში საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების ინიცირება უნდა მომხდარიყო, ხელისუფლებიდან წასასვლელად მომზადებულმა ვაშინგტონის ადმინისტრაციამ, ამ საკითხში ევროპის მხარდაჭერის მოპოვება ვერ შეძლო. საქართველოს პრეზიდენტი ამბობდა, რომ იგი ხშირად აფრთხილებდა ამერიკის სახელმწიფო მდივანს კონდოლიზა რაისს, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს და სხვებს, რომ რუსეთი საქართველოს აუცილებლად შეუტევდა, თუკი დასავლეთი არ გამოხატავდა ძლიერ მხარდაჭერას საქართველოსადმი, ქვეყნის ნატოში გაწევრიანების ჩათვლით. სააკაშვილი ამბობს, რომ ეს გაფრთხილება არავინ ყურად არ იღო.

მიუხედავად იმისა, ვინ არის დამნაშავე, საბოლოოდ მაინც ის შედეგი დადგა რისიც ასე ეშინოდათ, როგორც ამერიკას, ასევე თბილისს. მიმდინარეობს საქართველოს ტერიტორიის დაშლა, ამერიკულ გავლენას რეგიონში ზიანი მიადგა, ნატოს გაფართოვება კიდევ უფრო გართულდა, კიდევ უფრო ცხადი გახდა ევროპის დამოკიდებულება რუსულ ენერგომატარებლებზე. რუსეთი, რომელმაც ქართული ჯარი დაამარცხა და ჯერ კიდევ ოკუპირებული აქვს მისი ტერიტორიის სხვადასხვა ნაწილი, კვლავ დომინანტის სახით წარმოჩინდა რეგიონში.

"მე მათ არ ვადანაშაულებ" – განაცხადა სააკაშვილმა ცოტა ხნის წინანადელ ინტერვიუში, რომელიც მან თავის ნახევრად აშენებულ საპრეზიდენტო რეზიდენციაში მოგვცა, გულისხმობდა რა თავდაპირველ რეაქციას დასავლელი ლიდერების მხრიდან. მათ საქართველოს მუდარა არ შეისმინეს, რადგან არ სჯეროდათ, რომ რუსეთი მართლაც შემოიჭრებოდა ქვეყანაში, ამბობს სააკაშვილი. "ასეთი რამის წინასწარმეტყველება შეუძლებელია, სანამ საკუთარი თვალით არ ნახავ".

ხუთშაბათს, რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს აიარაღებდა და კონფლიქტს შეგნებულად აღვივებდა, ამერიკის ერთ-ერთი პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდაჭერისთვის, სავარაუდოდ ის რესპუბლიკელ მაკკეინს გულისხმობდა, და რომ ის "ურა პატრიოტიზმი" რაც ამ პროცესს შემდეგ მოჰყვებოდა, ქვეყანას კონკრეტული პოლიტიკური ძალების გარშემო გააერთიანებდა".

ქართულ და დასავლურ მოლოდინებს შორის ისევ სხვაობაა. ამ კვირას რუსეთმა საქართველოს ორი სეპარატისტული რეგიონის, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა ცნო. სააკაშვილს სურს, რომ დასავლეთმა რუსეთს ფინანსური სანქციები დაუწესოს, თუმცა ორშაბათს დაგეგმილი სამიტის წინ, ევროკავშირი მხოლოდ დიპლომატიურ სანქციებზე ფიქრობს. მოსკოვი – ევროკავშირის გაცილებით მსხვილი პარტნიორია ვიდრე ჩინეთი, თუმცა გაცილებით ნაკლებია მისი სავაჭრო ბრუნვა ამერიკასთან.

სააკაშვილის ამერიკული კავშირები 1991 წლიდან იწყება. საბჭოთა კავშირის კრახის შემდეგ ახალგაზრდა ქართველი უფლებადამცველ არასამთავრობო ორგანიზაციას შეუერთდა. მან ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სტიპენდია მიიღო და სწავლა ნიუ-იორკში, კოლუმბიის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე განაგრძო. ვაშინგტონში კონტაქტები გააბა, მათ შორის სენატორ მაკკეინთან, რომელიც პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების ბედით იყო დაინტერსებული და ნატოს გაფართოვების იდეას ემხრობოდა.

კოლუმბიის უნივერსიტეტის დიპლომი სააკაშვილს ოფისში დღესაც უკიდია. გვერდით უდევს თომას ჯეფერსონის, ჯონ კენედის, სტალინის და ათათურქის ბიოგრაფიები, ასევე წიგნები ომზე და ერთი წიგნი სათაურით "როგორ ვმართოთ აეროპორტი".

ხელისუფლებაში მან თავი წარმოაჩინა, როგორც რადიკალური ეკონომიკური რეფორმების მომხრემ, გაატარა საბაზრო ცვლილებები, რომლებმაც მსოფლიო ბანკის მოწონებაც დაიმსახურა. ასეთივე რადიკალი აღმოჩნდა იგი საუკუნოვანი რუსული გავლენის საბოლოოდ მოცილების საქმეში, რისი მიღწევაც ნატოში შესვლის გზით სურდა, ასევე საქართველოს ამბოხებული ტერიტორიების დაბრუნების მხრივ.

როდესაც სააკაშვილი ხელისუფლებაში მოვიდა, როგორც ე.წ. "ვარდების რევოლუციის" ერთ-ერთი ლიდერი, მოსკოვმა ეს ამერიკის შეთქმულებად მიიღო, მაგრამ ზოგიერთი ამერიკელი ჩინოვნიკი არანაკლებ შეშფოთებული იყო. იმდროინდელი ამერიკის ელჩი რიჩარდ მაილსი, როგორც ამას საქმეში გარკვეული ხალხი ყვება, ცდილობდა სააკაშვილის შეკავებას, რადგან ეშინოდა, რომ იგი ქვეყანაში დესტაბილიზაციას გამოიწვევდა.

საქართველოს პარლამენტზე მიტანილი შტურმი, რომელმაც აიძულა ავტოკრატული პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე გადამდგარიყო და რასაც ახალი არჩევნები მოჰყვა, ამერიკელი ჩინოვნიკებისთვის მოულოდნელობა იყო. იმ დროს შევარდნაძის მხარდაჭერა ამერიკის ოფიციალური პოლიტიკა გახლდათ, და მნიშვნელოვანი ამერიკელი დიპლომატები თვლიდნენ, რომ შევარდნაძესთან ურთიერთობა უპრობლემოდ შეეძლოთ.

"თითქოს ამერიკა სულ ამუხრუჭებდა" - გვიამბო სკოტ ჰარტონმა, რომელმაც სააკაშვილი ნიუ-იორკში ყოფნისას მის პირველ იურიდიულ ფირმაში დაიქირავა და მასთან კავშირს ყოველთვის ინარჩუნებდა. "აშშ ყოველთვის ცდილობდა მის შეკავებას".

ვაშინგტონის მხარდაჭერის მოსაპოვებლად, სააკაშვილი მხოლოდ სახელმწიფო დეპარტამენტით არ შემოიფარგლა და აქტიურად მუშაობდა კომუნიკაციის ალტერნატიული არხების შექმნაზე. მან ლობისტის რანგში რენდი შეინემანი დაიქირავა, ამჟამად სენატორ მაკკეინის მთავარი მრჩეველი საგარეო პოლიტიკის დარგში. ნაციონალურ-დემოკრატიული ინსტიტუტის თანამშრომელს დენიელ კუნინს კი აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო აფინანსებდა, როგორც საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველს. კუნინი შეუცვლელი გახდა და ამ წლის დასაწყისში კონტრაქტის დამთავრების მიუხედავად, მრჩევლის თანამდებობაზე დარჩა.

"ვარდების რევოლუციის" ეიფორიაში მყოფმა სააკაშვილმა კონფლიქტის პროვოცირება ასლან აბაშიძესთან მოახდინა. ამბოხებული რესპუბლიკის, აჭარის მმართველი მოსკოვის მხარდაჭერით სარგებლობდა. იმავე წლის მარტში თბილისში მყოფი კარლოს პასკალი, რომელიც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტთან არსებულ საქართველოს ფინანსური მხარდაჭერის ჯგუფს ხელმძღვანელობდა, აცხადებს, რომ არამხოლოდ ამერიკა, არამედ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანიაც გაოცებული იყო საკაშვილის გამალებული ქმედებებით.

აბაშიძე მოსკოვში გაიქცა. მიუხედავად იმისა, რომ ეს უსისხლო კონფრონტაცია იყო, ბევრი შიშობდა, რომ მას ომის პროვოცირება შეეძლო.

პასკალი და სხვა ამერიკელი ჩინოვნიკები ამბობენ, რომ როგორც ჩანს, აჭარულმა ნაბიჯმა სააკაშვილს ახალი რისკიანი ქმედებებისკენ უბიძგა. 2004 წლის ივნისში მან სამხრეთ ოსეთში სამხედრო ოპერაცია ჩაატარა, რომელიც თითქოს მიმართული იყო ანალოგიური შიდა კრახის პროვოცირებისკენ. ეს ცდა უშედეგოდ დასრულდა, მაგრამ სამხრეთ ოსეთში არსებული განწყობები გაამძაფრა, ამბობენ დასავლელი დიპლომატები, რომლებიც იმ დროს ადგილზე იმყოფებოდნენ.

ყველაზე დიდი შოკი ვაშინგტონმა 2007 წლის ნოემბერში მიიღო, როდესაც სააკაშვილმა ოპოზიციონერთა პროტესტი ცრემლსადენი გაზითა და რეზინის ტყვიებით ჩაახშო და ოპოზიციური არხები დახურა. ამან სააკაშვილის, როგორც დემოკრატიის ქომაგის იმიჯი შელახა.

მეთიუ ბრაიზა, საკაშვილის დიდი ხნის მეგობარი და სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი, საქართველოში სპეციალური მისიით გაიგზავნა, რომელსაც თავად "მკაცრ" გზავნილს უწოდებდა: საკაშვილმა უნდა აღადგინოს ტელეარხების მაუწყებლობა და დემოკრატიული ინსტიტუტები, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ამერიკის მხარდაჭერას დაკარგავდა.

სააკაშვილის პასუხი ასეთია: "ჩვენ რაც დავინახეთ – ეს იყო უცხო ძალების მიერ მართული დესტაბილიზაცია, დასავლეთისთვის – ჩვენი გადამეტებული რეაქცია შიდა ოპოზიციაზე. ვფიქრობ, სიმართლე სადღაც შუაშია”.

იმ დროს ბუშის ადმინისტრაცია სერბეთის ამბოხებული პროვინციის, კოსოვოს დამოუკიდებლობის საკითხზე მუშაობდა, რაც რუსეთს, სერბეთის ახლო მოკავშირეს, ძალიან აშფოთებდა. მოგვიანებით, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ლობირებისას, მოსკოვი ყოველთვის კოსოვოს პრეცედენტს იმოწმებდა.

აპრილის დასაწყისში თბილისელი ჩინოვნიკები ყველანაირად ცდილობდნენ ნატოში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დაეწყოთ და იმედი ჰქონდათ, რომ ბუქარესტის შეხვედრაზე ევროპის ერთგულება საქართველოსადმი, რუსეთს მკაფიო სიგნალს გაუგზავნიდა და მის ყველანაირ ზრახვებს შეაჩერებდა. ბუშმა საქართველოს აქტიური მხარდაჭერა გამოუცხადა, მაგრამ იმის გამო, რომ ეს მისი მმართველობის ბოლო წელი იყო, მისი გავლენა არასაკმარისი აღმოჩნდა ნატოს ევროპელ წევრებზე, რომლებიც შეშფოთებულები იყვნენ არასანდო სააკაშვილით და მოსკოვის წინააღმდეგობით.

ივლისში, ხორვატიაში, დუბროვნიკის რეგიონალური უსაფრთხების კონფერენციაზე, საქართველოს პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ამერიკა მას თანამედროვე იარაღს მიაწვდიდა, მათ შორის Stringer-ის საჰაერო თავდაცვის რაკეტებს. შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილის თქმით, მან სააკაშვილს უთხრა: "ეს არასდროს მოხდება".

სააკაშვილისა და სხვა ქართველი ჩინოვნიკების თქმით, მათ ესმოდათ, რომ საქართველოს გამო ამერიკა რუსეთთან ომს არ დაიწყებდა, მაგრამ ისინი ღრმად იმედგაცრუებულნი დარჩნენ იმით, თუ რამდენად ცოტა რამ გააკეთეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროპამ ქართული კრიზისის დადგომამდე.

"ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა, თითქოს დასავლეთს ამ ამბავში გარევა არ სურდა" – ამბობს სააკაშვილი.

ორიგინალი

No comments: