Saturday, September 1, 2007

ერთიანობა ქართული საკითხის გარშემო

washington_post
ფრედ ჰაიატი
1 სექტემბერი 2008

საქართველოში რუსეთის შეჭრას პრეზიდენტობის ორივე კანდიდატის რეაქცია მოჰყვა. ამ რეაქციებზე ურთიერთქილიკის მიუხედავად, ბარაკ ობამა და ჯონ მაკკეინი ქართულ-რუსული პრობლემის ფუნდამენტურ საკითხებზე თანხმდებიან. ამასთანვე, ორივე კანდიდატს კარგად ესმის, რომ ამ თემამ შესაძლოა ხმების განაწილებაზე კრიტიკული და წარმოუდგენლად დიდი გავლენა მოახდინოს.

მათი ერთიანობა – ამერიკისთვის ბედნიერებაა. ხომ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ორივე პარტია ისეთ კანდიდატებს წარადგენდა, რომლებიც თვლიან, რომ ამერიკამ, ტერიტორიული მთლიანობისა და პატარა სახელმწიფოთა დემოკრატიული მისწრაფებების დაცვის საკითხებში, ლიდერის როლი უნდა შეასრულოს.

ბოლოს და ბოლოს, ორივე პარტიაში მრავლად არიან ადამიანები, რომლებიც ამერიკის ამ ვალდებულებას ეჭქვეშ აყენებენ. ერთნი თვლიან, რომ წარსულში აშშ-ს ქმედებები, ესპანეთი-ამერიკის ომიდან დაწყებული ერაყში შეჭრამდე, არ აძლევს მას უფლებას, სხვებს ჭკუა დაარიგოს. მეორენი თვლიან, როგორც გასულ კვირას ოჰაიოს გუბერნატორმა ტედ სტრიკლენდმა მითხრა, რომ ჩვენ თურმე უნდა გვესმოდეს რუსეთის მისწრაფების, რომელსაც საკუთარი "გავლენის სფერო"-ს დაცვა სურს. სხვები შეშფოთებულნი არიან, რომ ამერიკას ისედაც ბევრი საქმე აქვს და მიაჩნიათ, რომ მან არ უნდა დაუშვას ის, რომ მისმა არაპროგნოზირებადმა მოკავშირეებმა, რომლებსაც ის ვერ აკონტროლებს, ამერიკა კონფლიქტებში ჩაითრიოს.

ეს არგუმენტები ტრივიალური არ არის. რუსეთის ახალმოვლენილმა აგრესიამ მთელი რიგი საკითხები წამოწია, რომლებზეც კანდიდატები – ისევე როგორც ბუშის ადმინისტრაცია – მხოლოდ ახლა იწყებენ მუშაობას.

ორივე კანდიდატი – მაკკეინი და ობამა – მხარს უჭერენ იდეას, რომ ქვეყნებმა საკუთარი ბედი თავად უნდა განსაზღვრონ, და რომ ამერიკა ასეთ ქვეყნებს უნდა დაეხმაროს. ეს საკვანძო პრინციპია, რომელსაც ხშირად არ იცავდნენ არც დემოკრატი და არც რესპუბლიკელი პრეზიდენტები, როგორც 1991 წელს საბჭოთა კავშირის კრახის შემდეგ, ასევე ცივი ომის პეროდშიც.

მაშინ, რატომ ესხმიან თავს ერთმანეთს ამ ორი ბანაკის წარმომადგენლები, მათ მიერ 8 აგვისტოს გაკეთებული განცხადებების გამო, როდესაც საქართველოს და რუსეთს შორის ბრძოლა სულ ახალი დაწყებული იყო? ობამას კამპანია მაკკეინს იმაში ადანაშაულებს, რომ მან ცივი ომის მენტალიტეტი გამოამჟღავნა, როდესაც მომენტალურად ბრალი დასდო რუსეთს. მაკკეინმა სიტუაცია დეტალურად შეისწავლა. ობამას მეორე განცხადება, რომელიც მან რამდენიმე საათში გააკეთა, მაკკეინისას იმეორებდა. თავის მხრივ მაკკეინის ბანაკი, ობამას პირველ მიუკერძოებელ რეაქციას, მისი მორალური დაბნეულობით და გამოცდილების არქონით ხსნის.

დებატების დროს ეს კამათი შესაძლოა კიდევ უფრო ტრივიალური უთანხმოების წინაპირობად იქცეს. ობამა მაკკეინს, სახიფათო მილიტარისტის სახით წარმოადგენს, მაკკეინი ობამას კი, როგორც უკბილო დემოკრატიის გულურყვილო აპოლოგეტს, ხოლო ვლადიმერ პუტინი, რომელიც მკვეთრად და მოხერხებულად უკვე ჩაერია ამერიკის საარჩევნო კამპანიაში, ამ ყველაფერში წამყვან როლს ითამაშებს.

პუტინი ამომრჩევლებს ახსენებს, რომ ასეც ხდება, ისტორიაში პერიოდულად ჩნდებიან ცუდი ადამიანები, რომლებთანაც კამათს აზრი არ აქვს. ამით ის მაკკეინის ბანაკს უდიდეს სამსახურს უწევს. ობამამ ხაზი გაუსვა ასეთ ადამიანებთან მოლაპარაკების მნიშვნელობას. მაკკეინი კი იმით ტრაბახობს, რომ ცხოვრების დიდი ნაწილი სამყაროს სწორედ ამ ნაწილს მიუძღვნა და ამიტომ დაიკავა მკაფიო პოზიცია. ობამას მწირი გამოცდილება აქვს, ხოლო ამ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობა თავად მისი ბანაკის შიგნით, კიდევ უფრო ამძფრებს გაურკვევლობას, თუ როგორ უპასუხებს იგი ამ კითხვებზე.

ობამას მრჩევლები ამბობენ, რომ ამ საკითხმა შესაძლოა მათ სასარგებლოდ იმუშაოს. არავინ არ სთავაზობს საქართველოს ამერიკის ჯარებით მხარდაჭერას, ანუ კრიზისი სხვა ინსტრუმენტების მნიშვნელობას ადასტურებს, როგორებიცაა ძლიერი ალიანსები და მყარი დიპლომატია. ბუშს რომ ეს ალიანსები არ დაემახინჯებინა და პუტინის მოქმედება სწორად განემარტა, ჩვენ დღეს რუსეთზე ზეწოლისთვის მეტი ბერკეტი გვექნებოდა. ობამას მრჩევლებს შეუძლიათ აქცენტი იმაზე გააკეთონ, რომ მათი კანდიდატი სწორედ ასეთი ინსტრუმენტების გამოყენებაშია ძლიერი.

კონკურნტი კონცეფციები შესაძლოა კონკრეტულ ნაბიჯებთან დაკავშირებული ნაყოფიერი დებატების საფუძვლად იქცეს. მხარეებს შეუძლიათ ვერ შეთანხმდნენ ისეთ საკითხზე როგორიცაა, ღირს თუ არა საქართველოს ხელახლა გადაიარაღება და როგორ შეიძლება ამის გაკეთება - როგორც გუშინ ჩემმა კოლეგა ჯიმ ჰოაგლენდმა დაწერა – ასევე სანქციების დაწესებით, საერთაშორისო ფორუმებიდან გარიცხვითა და სხვა ზომებით რუსეთის დასჯასა და შეკავებას შორის სწორი ბალანსის ძიებაზე. ისინი შესაძლებელია იმაზეც ვერ შეთანხმდნენ, უკეთ როგორ დაუჭირონ მხარი უკრაინას და როგორ დაეხმარონ ევროპას, რუსეთის ნავთობისა და გაზისგან დამოუკიდებელი გახდეს.

მაგრამ იმედი მაქვს, რომ კონკურენტები დებატებს თემაზე "ვინ დაკარგა ოსეთი", და როგორი პასუხი უფრო უკეთესი იქნებოდა, თავიანთ ფუნდამენტურ თანხმობას არ გადააყოლებენ. მათ ესმით, რომ საქართველოში დემოკრატიის გადარჩენის მხარდაჭერა ამერიკის ინტერესებშია, და გააზრებული აქვთ, რომ ამ ამბების მთავარი დამნაშავე არ არიან არც საქართველო და არც ბუში. არ შეიძლება მათ ამ ურთიერთგაგებაში პუტინს ეჭვი შეეპაროს.

ორიგინალი

No comments: