Wednesday, August 29, 2007

ორიენტირი ახალ მსოფლიო არქიპელაგში

times

ნადირ მუსავიზადე
გაეროს გენერალური მდივნის კოფი ანანის სპეციალური თანაშემწე 1997 – 2003 წლებში
29 აგვისტო 2008

ქართულმა კრიზისმა ცხადყო, რომ საერთაშორისო დიპლომატიის წესები შეიცვალა. სასურველია ბარაკ ობამამ ეს წესები სწრაფად აითვისოს.

იმ დროს როდესაც რუსეთი ფიქრობს, როგორ გაავლოს საზღვარი თავის პატარა მეზობელთან, საქართველო და მისი დასავლელი მოკავშირეები ომის შედეგებს ითვლიან. საქართველო, წარუმატებლად დასრულებული რისკიანი თამაშის შემდეგ, ნანგრევებში მოექცა. დასავლეთი კი, მოულოდნელად, საკუთარი დიპლომატიის უძლურებაში დარწმუნდა. რაც შეეხება ბარაკ ობამას, მან სხვა რამ უნდა გათვალოს და დაფიქრდეს: რა შეიძლება მოხდეს მაშინ, როდესაც ამერიკის შესაძლო პრეზიდენტის უზარმაზარი პოლიტიკური ალღო, ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებში მისი გამოცდილების მაქსიმუმს მიუახლოვდება?

მისი საუბრებით და ნაწერებით თუ ვიმსჯელებთ, ნათელია - ობამა ერთადერთი წამყვანი ამერიკელი პოლიტიკოსია, ვინც მსოფლიოში ახალი ურთიერთობების კონტურებს ხედავს. მას გააზრებული აქვს, რომ სამყარო მკაფიო კატეგორიებად არ იყოფა – დემოკრატიული ქვეყნები ავტორიტარულების წინააღმდეგ – და ხშირად ეს სამყარო ერთიან დასავლურ მოდელს არ ემთხვევა.

ობამამ იცის, რომ ახალი მსოფლიო იბადება, რომელიც ცალკეული ნაწილებისგან შედგება, სახელწიფოებისგან, რომლებიც თავისი ინტერესებითა და ღირებულებებით სულ უფრო შორდებიან ერთმანეთს გლობალურ არქიპელაგში, და მოწოდებებს თავისუფლებაზე, დემოკრატიასა და ადამიანის უფლებების დაცვაზე ისეთ ღირებულებებთან უწევთ კონკურენცია, როგორებიცაა სტაბილურობა, რესურსების სფეროში უსაფრთხოება და სახელმწიფოთა გავლენის სფეროების გაფართოვება.

და მაინც, დღეს, როდესაც ქართული კონფლიქტი გლობალურ კრიზისში გადაიზარდა, ობამა იძულებული გახდა თავდაცვის პოზიციებზე გადასულიყო. თავდაპირველად, ის გაუბედავად გამოეხმაურა პუტინის აქციას სამხრეთ ოსეთში, შემდეგ კი მაკკეინის სიტყვების საპასუხოდ, რომელთა პათოსი ასე ჟღერდა "ვინც ჩვენთან არ არის, ჩვენი მტერია", იძულებული გახდა საკუთარი განცხადებების ტონი გაემკაცრებინა.

ასეთ თამაშში ის წაგებულია, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ობამა, როგორც სახელმწიფო მოღვაწე ჯერ-ჯერობით მანევრირებას ახერხებს. ეს თავად ობამა-პოლიტიკოსსაც უნდა ესმოდეს. მისი მცდელობა მაკკეინზე ძლიერი გამოჩნდეს, მის მტრებს კიდევ მეტად გააბრაზებს, ხოლო მომხრეთა რიგებში, რომლებსაც სურთ, რომ ამერიკამ სხვაგვარად დაიწყოს მსოფლიოსთან ურთიერთობა, დაბნეულობას გამოიწვევს.

საქართველო - დიპლომატიაში დაწყებული ახალი ეპოქის მხოლოდ პირველი ნიშანია. დასვალეთი კი ამ ეპოქას მოუმზადებელი ხვდება. უცნაურია, რატომ გამოიწვია რუსეთის პასუხმა ასეთი რეაქცია დასავლეთში, კიდევ უფრო გაუგებარია მუქარების მოძველებული კრებული, რომლითაც დასავლეთი საკუთარი სიმტკიცის დემონსტრირებას ცდილობდა. ჯერ 2014 წლის რუსეთის ოლიმპიადის ბოიკოტირების თემა იხილებოდა, შემდეგ რუსეთის გაწევრიანების მიზანშეწონილობა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში ან მისი "დიდი რვიანიდან" გარიცხვა. ყველა ამ მუქარას ერთი რამ აერთიანებს: დასავლეთს უჭირს მათი განხორციელება, რუსეთის ქმედებებს კი ამით, როგორც ჩანს, მაინც ვერ შეცვლის.

ოლიმპიური ბოიკოტის რეალიზება, საქართველოს კრიზისიდან 6 წლის თავზე, ძალიან რთული იქნება, ხოლო მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებისთვის ხელის შეშლა, მით უფრო მას შემდეგ რაც დოჰაში მოლაპარაკებები ჩაიშალა – როგორც ჩანს არც ისეთი მკაცრი ზომაა, როგორც ერთი შეხედვით გამოიყურება.

ყველაზე ნაკლებად დამაჯერებელია რუსეთის "დიდი რვიანიდან" გარიცხვის მუქარა, თუმცა ის XX საუკუნეში არსებულ ცნობილ განწყობათა არსებობაზე მიუთითებს და საერთაშორისო არენაზე მოსალოდნელი ცვლილებების წინ, თვალშისაცემია. საქართველოს მოვლენებამდე რთულად თუ მოიძებნებოდა ადამიანი, რომელიც "დიდი რვიანის" შეხვედრებს (ჯგუფში შედიან კანადა და იტალია, მაგრამ ჩინეთი არა) მნიშვნელოვნად თვლიდა. საეჭვოა, რვიანის სამიტებზე დასწრების აკრძალვა ამ უზარმაზარ სახელმწიფოზე ზეწოლის ინსტრუმენტად ჩაითვალოს.

საერთაშორისო დიპლომატიისთვის გაცილებით მნიშვნელოვანი იყო ერთი შეუმჩნეველი შეხვედრა, რომელიც ამა წლის მაისში ეკატერინბურგში გაიმართა. იქ პირველად შეიკრიბნენ ე.წ. "ბრიკი"-ს ქვეყნების (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი) საგარეო საქმეთა მინისტრები, რომ ახალი მსოფლიო დღის წესრიგი შეემუშავებინათ, რომელსაც ადრე დასავლეთი განსაზღვრავდა. როგორც მოსალოდნელია 2035 წლისთვის ამ ქვეყნების მთლიანი შიდა პროდუქტი "დიდი შვიდიანი"-ს მშპ-ს გადააჭარბებს. მათ ყველას გააგებინეს, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბებული ინსტიტუტების რეფორმირებას აღარ დაელოდებიან.

მაგრამ ნიშნავს კი ეს, რომ ჩინეთი და ინდოეთი რუსეთ-დასავლეთის დაპირისპირებაში რუსეთის მხარეს დადგებიან? არა, რა თქმა უნდა, მაგრამ ისიც უნდა ვივარაუდოდ, რომ მომავალში ინტერესები კიდევ უფრო გადაიხლართება და აუცილებელი გახდება სტრატეგიული გავლენის ბერკეტების შემუშავება – კრიზისიდან კრიზისამდე, ინტერსიდან ინტერესამდე.

რაც შეეხება ირანს (რომელიც საქართველოს კრიზისის დაწყებამდე დასავლეთის მთავარი საზრუნავი იყო), აქ როგორც ჩანს ჩვენი ინტერესები არ ემთხვევა ჩინეთის, ინდოეთის და საუდის არაბეთის ინტერესებსაც კი. ჩინეთი შეწუხებულია ირანის მოქმედებით რეგიონში, მაგრამ მას ასევე ნავთობით მომარაგებაზე ზრუნვა უწევს. რუსეთს ირანის ბირთვული პროგრამა აღელვებს, მაგრამ ამავდროულად ცდილობს სპარსეთის ყურეში აშშ-ს დომინირებას ხელი შეუშალოს. ირანის მეზობელ არაბულ ქვეყნებს რეგიონში ამერიკული ჰეგემონიის შენარჩუნება სურთ, მაგრამ იციან, რომ შორეული იმპერიები მოდიან და მიდიან, სპარსები კი ყოველთვის რჩებიან. სამივე მიმართულებით ეფექტური შეკავების პოლიტიკის წარმოებისათვის მხარდაჭერის მოპოვებაა საჭირო, რისთვისაც დათმობებზე წასვლა აუცილებელია - როგორც ამ რეგიონში, ასევე მის გარეთ.

საქართველოს დასავლელმა პარტნიორებმა, არ ვიცი ეს ესმით თუ არა, მაგრამ თბილისის უფლება რუსეთი გამოიწვიოს, უკვე გაცვალეს. როდესაც თებერვალში კოსოვომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, რასაც რუსეთი მკაცრად ეწინააღმდეგებოდა, ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა ევროპელმა ჩინოვნიკმა აღნიშნა, რომ დასავლეთს მოუწევდა ახალი ქვეყნის ცნობისთვის ფასის გადახდა.

მან აღნიშნა, რომ გაცვლა მოხდებოდა ნატოს წარმომადგენელთა შეხვედრაზე, როდესაც ალიანსში გაწევრიანებაზე საქართველოს და უკრაინის განაცხადების განხილვა დაიწყებოდა. ის მართალი აღმოჩნდა. აპრილის სხდომაზე მათი განაცხადები დიდი ხნით გადაავადეს. ამით მოსკოვს აჩვენეს, რომ ნატოს ზოგიერთი წევრები რუსული ინტერესების კანონიერ სფეროთა არსებობას აღიარებდნენ.

გაკვეთილი ის კი არ არის, რომ კოსოვოს ცნობით დასავლეთმა შეცდომა დაუშვა, ან ის, რომ ნატო სწორედ მოიქცა როდესაც საქართველოს მიღების საკითხი გადაავადა, გაკვეთილი უფრო იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც ჩვენს არჩევანს სულ უფრო მეტი ფასი აქვს. ჩვენ შეგვიძლია კოსოვოელების ან ქართველების მხარდაჭერა, მაგრამ ამისთვის სხვა ფრონტებზე ფასის გადახდა მოგვიწევს.

თუკი ეს ვინმეს აშინებს, მაშინ წარმოიდგინეთ რა შეიძლება მოხდეს, თუკი არც თუ ისეთ შორეულ მომავალში, როდესაც ჩინეთი, ბრაზილია, ინდოეთი და კიდევ ათობით უფრო მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი სახელმწიფო, საერთო ინტერესების კვალდაკვალ, დასავლეთზე გავლენის მოსახდენად, საკუთარი ეკონომიკური ბერკეტების გამოყენებას დაიწყებს. იმისთვის, რომ ნულიდან თამაშის დაწყება მსოფლიო მასშტაბით არ დაუშვათ, პრეზიდენტმა ობამამ პრინციპულობა უნდა გამოამჟღავნოს, რომელიც ისეთივე იქნება, როგორიც არის მისი ნიჭი შთააგონოს ამომრჩევლები.

ორიგინალი

No comments: