სერგეი ლაგოდინსკი
ბერლინის საჯარო პოლიტიკის ინსტიტუტის საერთაშორისო სამართლისა და უსაფრთხოების საკითხების მკვლევარი
28 აგვისტო 2008
საქართველოს ომმა მკაცრად შეგვახსენა, რომ ხანმოკლე სასიყვარულო ინტრიგა რუსეთსა და დასავლეთს შორის დასრულდა. ახლა იმაზე უნდა ვიფიქროთ, როგორ განგრძობს ეს წყვილი გვერდი-გვერდ მშვიდობიან თანაარსებობას, როდესაც მათ შორის ორმხრივი უნდობლობა არსებობს. გავლენის ზონების ღია და სამართლიანი გადანაწილება, ამ პრობლემის დარეგულირების პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი უნდა გახდეს. პროცესი საქართველოს დღევანდელი კონფლიქტის საზღვრებს ბევრად სცილდება. საჭიროა მხარეებმა პოსტსაბჭოთა სტრატეგიულ რუქაზე საბოლოო შეთანხმებას მიაღწიონ.
სტაბილურობის გარანტია კონფლიქტური მხარეების ინტერესთა დაბალანსებაში მდგომარეობს. ერთი მხრივ, პოსტსაბჭოთა სივრცეში დასავლური ტიპის დემოკრატიის მშენებლობის ორი ამბიციური პროექტი – საქართველო და უკრაინა – დასავლეთმა უნდა მიიღოს. მეორე მხრივ, რუსეთი ყოველთვის არაორაზროვნად აცხადებდა, რომ საკუთარ საზღვრებთან დასავლეთის არსებობას ყველა დიპლომატიური და ენერგეტიკული საშუალებებით შეებრძოლებოდა, საჭიროების შემთხვევაში კი ტანკებსაც გამოიყენებდა, რომ ნატოს სამხედრო მანქანისგან უსაფრთხო მანძილი შეენარჩუნებინა.
აი გეგმა, თუ როგორ შეიძლება ამ ორ პულუსს შორის ბალანსის მოძებნა. პირველი ნაბიჯი: ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი აღიარებენ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის არაქართული რაიონების (ქალაქ ცხინვალის ჩათვლით) დამოუკიდებლობას. იმავდროულად, ისინი საქართველოს ნატოში დაჩქარებული წესით გაწევრიანების ინიცირებას მოახდენენ. ეს დასავლეთის ინტერესებშია (საქართველოში დემოკრატიის უზრუნველყოფა და სტაბილურობის მიღწევა იმ რეგიონში, რომელიც რუსეთის გვერდის ავლით ევროპაში მიმავალი ერთადერთი ენერგეტიკული მარშრუტია). ამასთან, დასავლელი პარტნიორები აღიარებენ გარდაუვალ ფაქტს, რომ საქართველოს მიერ პროვოცირებული და რუსეთის მიერ ატაცებული სამხედრო ესკალაციის შემდეგ, ვერც აფხაზები და ვერც ოსები საკუთარი მომავლის საქართველოს საზღვრებში წარმოდგენას ვერ შეძლებენ. ამით დასავლეთი გააგებინებს რუსეთს, რომ ამ რეგიონში სულ ახლახანს ნატურალიზებული მისი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე ფიქრს სერიოზულად აღიქვამს, მაგრამ საქართველოს დემოკრატიასაც სოლიდარობას უცხადებს, რომელიც მტკივნეული ტერიტორიული დანაკარგების სანაცვლოდ, ნატოში გაწევრიანებით გრძელვადიან სარგებელს ნახავს.
ბუნებრივია, რუსეთი ბოლომდე ვერ დაკმაყოფილდება, რადგან ნატო მაინც მიუახლოვდება მის საზღვრებს. სწორედ ამიტომ არის საჭირო მეორე ნაბიჯით მიღწეულ იქნას უფრო მსხვილი გეოპოლიტიკური მიზანი: რუსეთი იღებს გარანტიებს, რომ დასავლეთი ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს, განსაკუთრებით ბელორუსს, სომხეთს, მოლდავეთსა და ყაზახეთს რუსეთის გავლენის სფეროებად მოიაზრებს. აუცილებელია, ამ რეგიონში რუსეთის და ჩინეთის დომინირებული ეკონომიკური როლის აღიარება, ბუნებრივია ცენტრალური აზიის თანხმობით. ამასთან, უნდა შეიზღუდოს ნატოს ბაზების ყოფნა ყირგიზეთსა და ტაჯიკეთში, ტერიტორიებზე, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ავღანეთის ოპერაციისთვის. აზერბაჯანის ენერგორესურსების და მისი ამბივალენტური პოლიტიკის გამო რუსეთისა და დასავლეთის მიმართ, აზერბაიჯანმა ნეიტრალიტეტი უნდა შეინარჩუნოს და გახდეს კავკასიური შვეიცარია. აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ყარაბახის კონფლიქტის საბოლოოდ მოგვარებისთვის საჭიროა სერიოზული დიპლომატიური ძალისხმევა, ამ პროცესში დასავლეთისა და რუსეთის ერთობლივი მონაწილეობით.
რჩება ყველაზე დიდი საფრთხე – უკრაინა. უკრაინის სტრატეგიული ინტერესების გათვალისწინებით, ამ ქვეყნის ნატოში გაწევრიანება უახლოეს მომავალში არარეალურია. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ დასავლეთმა ამ ახლაგაზრდა დემოკრატიაზე უარი უნდა განაცხადოს. უკრაინას დასავლეთმა ევროკავშირთან ეკონომიკური თანამშრომლბის პაკეტი (მაგრამ არა ევროკავშირში გაწევრიანება) და აშშ-ს (ან ნატოს) მხრიდან უსაფრთხოევბის ფორმალური გარანტიები უნდა შესთავაზოს. ამასთან, ნატომ უარი უნდა თქვას დაპირებაზე, რომელიც უკრაინას ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მისცა. ამით დასავლეთი შეასრულებს რუსეთის უსაფრთხოების მოთხოვნებს და დააკმაყოფილებს მის მზარდ რეგიონალურ ამბიციებს იმით, რომ ნატოს სამხედრო მანქანა პოლონეთის და ბალტიისპირეთის საზღვრებს არ გასცდება.
შესაძლოა ამ კომპლექსურმა გადაწყვეტილებამ რუსეთის, დასავლეთის და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ყველა მოთხოვნა ვერ დააკმაყოფილოს, მაგრამ ის ახალ რეალიებს დაამკვიდრებს, ევროპის სამომავლო დიზაინს განსაზღვრავს და მომავალი ათწლეულების მანძილზე რეგიონს სტაბილურობას შეუნარჩუნებს. ეს შესაძლოა არ ჰგავს 1990-იანი წლების თბილ, მაგრამ ცვალებად თაფლობის თვეს, მაგრამ მან 1980-იანების დასაწყისის ცივი ომისაკენ უკუსვლა უნდა შეაჩეროს. და რაც ყველაზე მთავარია, ამით ჩვენ საფუძველს შევქმნით, XXI-ე საუკუნეში რეგიონში გრილი მშვიდობა შევინარჩუნოთ, ის რაც ასე გვაკლია საქართველოში. და თუკი რუსეთი და დასავლეთი სამომავლოდ შეთანხმდებიან, ვინ იცის, შესაძლოა მათ ისევ შეუყვარდეთ ერთმანეთი.
ორიგინალი
No comments:
Post a Comment