![]()
ჰანს-დიტრიხ გენშერი
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი 1974-1982 წლებში
26 აგვისტო 2008
ჩვენმა ბუნებრივმა პარტნიორმა რუსეთმა კრიტიკის გაზიარება უნდა ისწავლოს, მიაჩნია ექს-საგარეო საქმეთა მინისტრს ჰანს დიტრიხ გენშერს.
იწყება თუ არა ცივი ომი? ნამდვილად - არა, მაგრამ, ვითარება, რომელმაც საკუთარი დინამიკა უკვე შეიძინა, საკმაოდ სახიფათოა და მარტივად შეიძლება კონტროლიდან გავიდეს.
საქართველოს სამხედრო აქციამ სამხრეთ ოსეთში ამის დემონსტრირება ნათლად მოახდინა. პრეზიდენტმა ბუშმა და ფედერალურმა კანცლერმა მერკელმა საქართველოს მოქმედებაზე რუსეთის რეაქციას არაადეკვატური უწოდეს, უფრო ზუსტად, მეტისმეტი, როგორც ინტენსივობის, ასევე მიღებული შთაბეჭდილების მხრივ. ნატოს და ევროკავშირის რეაქცია არაერთგვაროვანი იყო. რუსეთის გადაჭარბებული მოქმედებების მიუხედავად, ნატომ ვერ მოიცალა რუსეთი-ნატოს კომისიის სხდომისთვის. მან გადადო ეს სხდომა მიუხედავად იმისა, რომ კომისია სწორედ ამგვარი სიტუაციების განხილვისთვის შეიქმნა. პასუხად მოსკოვმა სამხედრო თანამშრომლობა შეწყვიტა. ამან ვითარების ესკალაცია გამოიწვია. როგორ განვითარდება მოვლენები? ისევ იმავე ჭრილში? და საინტერესოა საქმე მხოლოდ საქართველოს ეხება?
ყველა მხრიდან კრიტიკის ქარცეცხლში მოქცეულმა ევროკავშირმა, სასწრაფოდ გააკეთა ის, რაც აუცილებელი იყო. გერმანიის ფედერალური მთავრობის მიერ გამხნევებული საფრანგეთის პრეზიდენტი, სარკოზი, რომელიც ამჟამად ევროკავშირს თავმჯდომარეობს, საკუთარი ექვს პუნქტიანი გეგმით ჯერ მოსკოვში და შემდეგ თბილისში ჩავიდა. უპირველეს ამოცანას წარმოადგენდა საომარი მოქმედებების შეჩერება და ცენტრალური საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანა. 6 პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა კონფლიქტის დარეგულირების საფუძველი უნდა გამხდარიყო. მისი უპირობო დაცვა კონფლიქტის ყველა მხარისთვის, მათ შორის რუსეთისთვის, გამოცდას წარმოადგენს. მოსკოვმა და თბილისმა სარკოზი ამ გეგმის შესრულებაზე ზედამხედველ მხარედ უნდა ცნონ. ევროკავშირის საგანგებოდ დანიშნული სხდომა იმის მიხედვით უნდა შევაფასოთ, თუკი წევრი ქვეყნები საერთო პოზიციის ფორმულირებას შეძლებენ და კრიზისიდან გამოსვლის რეალურ გზებს დასახავენ.
ამ სიტუაციაში საქართველოს იზოლირებულად განხილვა საკითხის გამარტივება იქნებოდა. პრობლემა გაცილებით ფართოა. საქმე ეხება დასავლეთისა და რუსეთის ურთიერთობებს. სამწუხაროდ ეს თავად დასავლეთის პრობლემაც არის, და არა მხოლოდ ტრანსატლანტიკური ალიანსის, არამედ ევროკავშირისაც. ცივი ომის დასრულების შემდეგ ევროპას და ამერიკის შეერთებულ შტატებს, პირველ რიგში ბონსა და ვაშინგტონს, რუსეთთან ახალი ტიპის ურთიერთოებების აწყობა სურდათ. ნდობის მოპოვებითა და თანამშრომლობით სტრატეგიული ცვლილებების განხორციელება, საბჭოთა კავშირის დაშლითა და ვარშავის ხელშეკრულების ლიკვიდაციით წარმოქმნილი რღვევების გარეშე, შესაძლებელი უნდა გამხდარიყო. ჩვენ ვიზიარებდით უფროსი ბუშისა და ბეიკერის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ევროპისა და მსოფლიოს სტაბილურობისთვის მოსკოვს როგორც პარტნიორს დიდი მნიშვნელობა აქვს.
მაგრამ დღეს ამ საკითხებზე ვინმე საუბრობს? როგორი უნდა იყოს ჩვენი დამოკიდებულება იმის მიმართ, რომ აშშ-ს ზეწოლით ისეთი მნიშვნელოვანი შეთანხმების რატიფიცირება არ მოხდა, როგორიცაა ხელშეკრულება ჩვეულებრივი შეიარაღების სფეროში? რატომ არის რომ ბირთვული განიარაღების სფეროში არსებული შეთანხმებების მოქმედების ვადა იწურება? და საერთოდ, რა ხდება ბირთვულ განიარაღებაზე, რომელსაც ისეთი პოლიტიკოსები მოითხოვენ როგორებიც არიან კისინჯერი, შულცი, პერი და ნუნი? კავშირის ერთიანობა, როგორც ადრე პრიორიტეტული უნდა იყოს. ევროპის ძველ და ახალ ევროპელებად დაყოფა, მხოლოდ ორმხრივი მოქმედებები, როგორიცაა რაკეტ საწინააღმდეგო სისტემის ელემენტების განთავსება ევროკავშირის აღმოსავლეთ ტერიტორიების განაპირას, ამ ერთიანობას ზიანს აყენებს. აშშ-ს პრეზიდენტობის ორივე კანდიდატს დღეს ევროპასთან ისევ პარტნიორული ურთიერთობები სურთ. როგორც ჩანს ისინი პრობლემის არსს ჩაწვდნენ.
ცალკეულ მოქმედებათა შედეგებზე ყველამ ერთად უნდა იმსჯელოს. ეს კარგად ჩანს სტრატეგიული ანტირაკეტული თავდაცვის მაგალითზე. Patriot-ის რაკეტებისა და სხვა დამატებითი შეიარაღების გაჩენა, სტრატეგიული სტაბილურობისთვის შესაძლოა სერიზული რისკის შემცველი იყოს. შეიარაღებაზე კონტროლი და განიარაღება ნატოს თავდაცვითი პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია.
რუსეთი ჩვენი ბუნებრივი მოწინააღმდეგე კი არა, ჩვენი ბუნებრივი პარტნიორია. მთელი რიგი კონფლიქტები შეიძლება მხოლოდ რუსეთის მონაწილეობით მოგვარდეს. მაგრამ, ის რომ ჩვენ საერთო ინტერესები გვაქვს, ეს რუსეთმაც უნდა გაიგოს. პარტნიორობა იმას გულისხმობს, რომ რუსეთმა მის საშინაო პრობლემებთან დაკავშირებული კრიტიკის გაზიარება უნდა ისწავლოს, მაგალითად სამშვიდობო გეგმის პირობები სრულად უნდა შეასრულოს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ფაქტი ცალმხრივად ეჭვქვეშ არ უნდა დააყენოს.
დღეს აღმოსავლეთსა და დასავლეთში სახელმწიფოს მართვის უნარზე, პასუხისმგებლობასა და ფხიზელ თვალზე ეს სერიოზული მოთხოვნა არსებობს. ცივი ომის ყველაზე გაყინულ ფაზებშიც კი ჩვენ არ შეგვიწყვეტია საუბარი და მოლაპარაკებების წარმოებას ყოველთვის ვახერხებდით. საგარეო პოლიტიკა ავანტიურების ადგილი არ არის!
No comments:
Post a Comment