ელენ დესფიკ-პოპოვიჩი
25 აგვისტო 2008
თბილისისა და დასავლეთის ქვეყნების პროტესტის მიუხედავად, რუსული არმია გუშინ ისევ ინარჩუნებდა პოზიციებს ქართულ ტერიტორიაზე, კერძოდ ფოთის პორტსა და მის შემოგარენში. საქართველოს საკითხზე მოწვეული ევროპელი ლიდერების სამიტის წინ, რომელიც პარიზში 1 სექტემბერს სარკოზის მოწვევით გაიმართება, საქართველოს 40 წლის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Liberation-ს უკანასკნელი რამდენიმე კვირის ამბავს უყვება, რომლის გამოც დღეს მისი ქვეყანა ნაწილობრივ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული.
- რუსეთის პარლამენტი დღეს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ლიდერების თხოვნით ამ ტერიტორიების დამოუკიდებელობის ცნობის საკითხს განიხილავს. თვლით თუ არა, რომ სამუდამოდ დაკარგეთ ეს ორი რეგიონი?
- არა, ვფიქრობ, ძალით ევროპის საზღვრების შეცვლის მცდელობა სერიოზული შეცდომაა. ამას კატასტროფული შედეგები მოყვება, მათ შორის თავად რუსეთისთვის. არ ვფიქრობ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობაში ვინმე იმდენად უპასუხისმგებლო აღმოჩნდება, რომ ამას დაუშვებს. რასაც რუსეთი აკეთებს არის სხვა სახელმწიფოში შეჭრის კლასიკური მაგალითი, რომელსაც არავითარი კავშირი საერთაშორისო სამართალთან არ აქვს. ეს ერის უფლების ხელყოფაა.
- მაგრამ თქვენ რას სთავაზობთ აფხაზებს და ოსებს?
- ვინ არიან აფხაზები და ოსები? აფხაზეთიდან 500 ათასი ადამიანი გამოყარეს, ამ დღეებში სამხრეთ ოსეთიდან მოსახლეობის ნახევარი გამოაძევეს. ეს კლასიკური ლოკალური სეპარატიზმი არ არის. სამხრეთ ოსეთის სამართავად რუსებმა საკუთარი გენერლები გამოგზავნეს და ახლა ამბობენ, რომ იქ სეპარატისტები არიან, საქართველო კი საკუთარ ტერიტორიებს ვერ იბრუნებს. პუტინმა ცხინვალი რუსულ სამხედრო ბანაკად აქცია. აფხაზეთში, სოხუმსა და ზუგდიდს შორის 90 კილომეტრიანი ზოლი თითქმის ცარიელია. ამ ულამაზეს მიწაზე დღეს არავინ ცხოვრობს. სად არის ეს ხალხი? როდესაც ჩვენ საქმე გვაქვს ალყაშემორტყმულ ანკლავთან, რომელსაც რუსული არმია იცავს, მოქცეულია რუსული პროპაგანდის გავლენის ქვეშ, რომელიც ამტკიცებს, რომ თითქოს ქართველებს ყველას მოკვლა სურთ, ამ პირობებში მოლაპარაკებების წარმოებაზე და სამშვიდობო პროცესზე სუბარი პრაქტიკულად შეუძლებელია.
- რამდენად კარგი დოკუმენტია სარკოზის ეგიდით ხელმოწერილი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება?
- სარკოზის მხრიდან ეს გადარჩენის ოპერაცია იყო. პირადად მე მისი მადლიერი ვარ. დღეს რომ ევროკავშირისთვის რომელიმე პატარა სახელმწიფოს ეხელმძღვანელა ან სარკოზი შვებულებაში გამგზავრებულიყო, შესაძლებელია დღეს რუსული ტანკები თბილისშიც ყოფილიყვნენ. სარკოზი პირველი იყო ვინც დასახმარებლად მოვიდა და მკვეთრი განცხადებები გააკეთა. პირველი სამი დღის განმავლობაში ჩვენ ვახერხებდით რუსული ჯარების შეკავებას. შემდეგ საქართველოში ჩრდილოეთიდან დამატებით 500 ტანკი შემოვიდა. იძულებული გავხდით უკან დაგვეხია, და სწორედ ამ დროს ჩამოვიდა სარკოზი, რამაც გადაჯგუფებისთვის დრო მოგვცა. ეს იყო მაქსიმუმი რისი გაკეთებაც მას შეეძლო.
- ამერიკელები გირჩევდნენ ოსეთში არ შეჭრილიყავით, რატომ გააკეთეთ ეს?
- სამხრეთ ოსეთში არავითარი შეჭრა არ მომხდარა, რადგან ჩვენ იქ ისედაც ვიმყოფებოდით. დრო და დრო ჩვენსა და მათ პოზიციებს შორის მანძილი 20-30 მეტრიც კი ყოფილა. ქართული პოზიციები ცხინვალიდან ორ კილომეტრში იყო განლაგებული. არჩევანი არ გვქონდა. შეტაკებები უკვე დაწყებული იყო: ან რუსები უნდა მოგვეგერიებინა ან კაპიტულაციაზე წავსულიყავით და ისეთ რეჟიმს შევგუებოდით, როგორიც მაგალითად ვიშის რეჟიმია. ეს კარგად მომზადებული გეგმა იყო. პილოტებს, რომლებიც ტყვედ ავიყვანეთ, 15 წელია არ უფრენიათ. მათი მობილიზება შემოჭრამდე ოთხი დღის განმავლობაში ხდებოდა. მე თავდასხმას აფხაზეთში ველოდებოდი. ყოველთვის მეგონა, რომ სამხრეთ ოსეთი რუსეთისთვის არაფერს ნიშნავდა. მაშინაც კი, როდესაც იქ დაძაბულობამ იმატა, ვფიქრობდი რომ ეს ბლეფი იყო და ამ ყველაფრის შეჩერება შეიძლებოდა. შევცდი, როდესაც მთავარ თავდასხმას აფხაზეთში ველოდი. არ მეგონა თუ ისინი თბილისზე თავდასხმას შეძლებდნენ.
- თვლით, რომ საქართველოს ჯერ კიდევ აქვს ევროკავშირში და ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივა?
- ვფიქრობ, დღეს ეს პერსპექტივა კიდევ უფრო გაზრდილია, ვიდრე ოდესმე. პირველ სექტემბერს პარიზში ევროპელი ლიდერების სპეციალური სხდომა იგეგემება - სარკოზის კიდევ ერთი თამამი ინიციატივა. ცენტრალური ევროპის ქვეყნები საქართველოში საკუთარ პრობლემებს ხედავენ. ჯერ კიდევ ძალიან ადვილია რუსული ტანკების, მაგალითად, ესტონეთის ტერიტორიაზე წარმოდგენა. რუსეთი შეეცადა ყველაფერი ისე წარმოედგინა, თითქოს მან ნატოზე გაიმარჯვა. გრძელვადიან პერპექტივაში ის ამ გამარჯვების ვერ მოიპოვებს. ეს საბჭოთა კავშირი აღარ არის. რუს ლიდერებს ფული ძალიან უყვართ. ისინი დამოკიდებულნი არიან დასავლეთზე. მათ ლაჟვარდოვანი სანაპირო აფხაზეთის სანაპიროს ურჩევნიათ, ბევრი ფული აქვთ შვეიცარიის ბანკებში, მათი შვილები საფრანგეთში ან დიდ ბრიტანეთში სწავლობენ.
- ანუ თქვენ რუსეთის ხელმძღვანელების მიმართ სანქციების დაწესების მომხრე ხართ?
- ეს ძალიან ეფექტური ზომა იქნება. წარმოიდგინეთ, რომ ზამთარში ისინი კურშეველში ვეღარ წავლენ – ეს მათთვის აუტანელი გახდება.
No comments:
Post a Comment