მარკუს ვენერი
24 აგვისტო 2008ანგელა მერკელი შოკირებული იყო. 2006 წლის თებერვალში ის პირველად შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს. მიუნჰენში, უსაფრთხოების კონფერენციის დასრულების შემდეგ, სააკაშვილი მას სიტყვიერად თავს დაესხა და საქართველო ლამის სამოთხედ წარმოადგინა - განვითარებული ეკონომიკით და უნაკლო სამართლებრივი სისტემით. როდესაც კანცლერი გერმანიაში განსწავლული ქართველი მოსამართლეების ბედით დაინტერესდა, რომლებიც სააკაშვილმა სამსახურიდან დაითხოვა, პრეზიდენტმა უპასუხა, რომ მის ქვეყანაში მხოლოდ საუკეთესო იურისტები მუშაობენ. სააკაშვილი ბერლინში ოფიციალური ვიზიტით ამ საუბრიდან მხოლოდ ორი წლის შემდეგ დაპატიჟეს, ისიც ამერიკელების ხათრით.
გერმანიის კანცლერი და ამერიკის ადმინისტრაცია სააკაშვილთან დაკავშირებით დიდი ხანია კამათობენ. მიუნჰენის კონფერენციიდან 4 თვის შემდეგ, ტრინვილერსჰაგენში, ქალბატონი კანცლერი ამერიკის პრეზიდენტთან ერთად სადილობდა. საუბარი ისევ სააკაშვილზე ჩამოვარდა. მერკელი ბუშს ბრალს დებდა, რომ იგი ზედმეტად ლოიალური იყო არაპროგნოზირებადი პოლიტიკოსის მიმართ, თუმცა ბუში პროტეჟეს მაინც იცავდა. მას შემდეგ სააკაშვილი მერკელისა და ბუშის მეგობრული ურთიერთქილიკის საყვარელ თემად იქცა.
სააკაშვილს ვაშინგტონთან მჭიდრო კონტაქტები აქვს
აზრთა სხვადასხვაობა დღემდე არსებობს. სააკაშვილის შეტევა სამხრეთ ოსეთზე ფედერალური კანცლერის უწყებაში ხარაკირის ტოლფას ქმედებად აღიქვეს – სააკაშვილი პირდაპირ რუსების დაგებულ ხაფანგში აღმოჩნდა. ამაში ამერიკელებსაც ადანაშაულებენ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ყველას არწმუნებენ, საქართველოს პრეზიდენტს მუდმივად ვაფრთხილებდით იმ საშიშროების შესახებ, რაც ამ ნაბიჯს მოჰყვებოდაო. დანამდვილებით მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ ნატოს გენერალური მდივანი სხეფერი ნამდვილად ცდილობდა სატელეფონო საუბარში სააკაშვილის გაფრთხილებას, თუ რა შეიძლება მოჰყოლოდა სამხედრო ავანტიურას. მაგრამ იყვნენ კი ასეთივე მოწადინებული ამერიკელები? ბერლინს ამაში ეჭვი ეპარება. ბოლოს და ბოლოს სააკაშვილს ვაშინგტონთან მჭიდრო კონტაქტები აქვს. მისი ადმინისტრაციის უფროსი ამერიკელია, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში 130 ამერიკელი მუშაობს.
"მეგობრებს ჩვენ ყოველთვის ვიცავთ" – გვარწმუნებდა სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი, თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე, ქართული ჯარების სამხრეთ ოსეთში შეჭრამდე ერთი თვით ადრე. შესაძლოა ამით სააკაშვილს პასუხობდა კითხვაზე, შეძლებდა თუ არა ამერიკა საქართველოსთვის "მაპის" მინიჭებას, დეკემბერში დაგეგმილ ნატოს სამიტზე. დღეს ეს დაპირებები სხვაგვარად გამოიყურება. ამ პოზიციას, როგორც ჩანს კვლავ არ გაიზიარებენ მერკელი და საფრანგეთის პრეზიდენტი სარკოზი.
მერკელს პუტინთან გრილი ურთიერთობა ჰქონდა
და მაინც, ბერლინი თავს ვალდებულად თვლის დაეხმაროს თბილისს. სააკაშვილი მისთვის მიუღებელია, მაგრამ სხვა ალტერნატივას ვერ ხედავენ – მემკვიდრე არ ჩანს. ამასთან, ისიც არავის სურს, რომ რუსებს რეჟიმის დამხობის საშუალება მისცენ. მათ ხომ მკაფიოდ განაცხადეს, რომ სააკაშვილს მოლაპარაკებებში პარტნიორად აღარ აღიქვავენ.
მიუნჰენის უსაფრთხოების კონფერენციაზე პუტინი ხმაურიანი განცხადებით გამოვიდა. მან გასაგებად თქვა, რომ მისთვის მიუღებელია დასავლეთის ქმედებები, მაგალითად კოსოვოს აღიარებასთან დაკავშირებით. იმ დღიდან იგი რევანშისთვის ემზადებოდა. ბერლინში თვლიან, რომ ომი საქართველოში სწორედ პუტინის მიერ მიუნჰენში გაცხადებული ხაზის გაგრძელებაა. მერკელს არასდროს ეშინოდა პუტინისთვის წინააღმდეგობა გაეწია, არც ვიწრო წრეში საუბრისას და არც საჯარო გამოსვლებში.
მაგრამ მასთან პირისპირ შეხვედრებს ერიდებოდა, განსხვავებით შრიოდერისგან. მისი აზრით "ძმაკაცობა" – როგორც ეს მიღებული იყო ჰელმუდ კოლსა და გორბაჩოვს შორის – რუსეთთან ურთიერთობის ფორმას არ წარმოადგენს. რუსეთის ყოფილ პრეზიდენტთან მას საკმაოდ თავშეკავებული ურთიერთობა ჰქონდა. ის, თუ როგორ სასტიკად მოექცა იგი არჩევნების წინ ისედაც სუსტ ოპოზიციას, მისი მხრიდან აღქმული იყო, როგორც ზღვარგადასული საქციელი.
შეძლებს თუ არა მედვედევი პუტინისგან დამოუკიდებელი გახდეს?
მისთვის იმედისმომცემი გახდა ის ფაქტი, რომ კრემლის სათავეში ახალი ადამიანი მოვიდა. ბოლოს და ბოლოს ის პრეზიდენტია. ბუშიც ამ პოზიციას იზიარებს. მოსკოვში თვლიან, რომ ვაშინგტონი და ბერლინი რისკზე მიდიან, როდესაც პუტინის ფაქტორს ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებენ. "ამ ეტაპზე საჭიროა ორივესთან ურთიერთობა. "რეგენტობის ეპოქა" გრძელდება და პუტინის იგნორირება სწორი არ არის" - ამბობს პოლიტოლოგი დიმიტრი ტრენინი, მოსკოვის კარნეგი ცენტრიდან. სარკოზი და ბერლუსკონი პუტინთან რეკვას დღესაც განაგრძობენ.
ტრენინის აზრით, პუტინი დიდი სტრატეგია. უახლოესი 20-30 წლის განმავლობაში იგი საკუთარი ქვეყნის გარდაქმნას აპირებს. მის იდეალს პეტრე პირველი წარმოადგენს. როდესაც იგი ამ მეფეზე საუბარს იწყებს, თვალები უბრწყინდება. მედვედევი ასეთი ემოციური და ცინიკური არ არის. იგი – ბრეჟნევის სტაბილური ეპოქის შვილია და იმ თაობას მიეკუთვნება, რომელმაც საკუთარი იმედების პიკი 1980-იან წლებში განიცადა და მალევე 1990-იანებში, მათი მსხვრევის მოწმე გახდა. მედვედევი – წარმოშობით ბურჟუაზიული ოჯახიდანაა. ყოველთვის კარგად სწავლობდა. ის - მაჩო არ არის, განსხვავებით პუტინისგან, რომელიც თანატოლებთან ერთად ქუჩაში გაიზარდა. მისთვის ეკონომიკის საკითხები, სამხედრო პოლიტიკაზე მშობლიურია. როდესაც სოჭში, კანცლერთან შეხვედრისას მკაცრი პოზიცია დაიკავა, ბერლინში ამას ყურადღება არ მიაქციეს. ასეთ დაძაბულ ვითარებაში მედვედევს სხვა გზა უბრალოდ აღარ დარჩა. ამ ეტაპზე უკვე გაურკვეველია, რამდენად შეძლებს იგი პუტინისგან დამოუკიდებელი გახდეს, ადამიანისგან, რომელმაც მას ყველაფერი გაუკეთა და რომელთანაც მეგობრობა აკავშირებს.
მერკელის წარმოდგენები დიდ აღმოსავლურ იმპერიაზე
წინა კანცლერებისგან განსხვავებით მერკელს ერთი უპირატესობა აქვს – იგი კარგად იცნობს რუსეთს. იცის რუსული და ახალგაზრდობაში მოსკოვსა და ლენინგრადშიც მოგზაურობდა, ბევრ რუს სტუდენტთან ნაცნობობა აკავშირებდა. მის მშობლიურ ტემპლინში საბჭოთა სამხედრო ბანაკი იყო განთავსებული. ბავშვობაში იგი რუსებს ქედმაღალ ოკუპანტებად ვერ აღიქვავდა. 1980-ანების შუა წლებში – მაშინ იგი 30 წლის იყო – მერკელი კარვითა და ცოტაოდენი ფულით კავკასიაში მოგზაურობდა, მათ შორის საქართველოშიც. თბილისში ის ღამეს ათევდა სადგურის უსახლკაროთა თავშესაფარში. საბჭოთა კავშირის სამხრეთით მან დაინახა, თუ რამდენად ჩამორჩებოდა აქაურობას სოციალიზმის პრუსიული ვარიანტი.
მერკელი რუსულ ლიტერატურასაც იცნობს. მის მაგიდაზე ეკატერინე მეორეს პორტრეტი დევს. რამდენიმე კვირის წინ იგი საკუთარ სახლში შეხვდა აღმოსვლეთ ვროპელ და პირველ რიგში რუს პოლიტოლოგებს, ჟურნალისტებს და უფლებადამცველებს. მთელი საღამოს განმავლობაში ისინი რუსულ ენაზე საუბრობდნენ.
სწორედ ეს წინააღმდეგობრივი დამოკიდებულება - ერთის მხრივ საბჭოთა კავშირის და მეორეს მხრივ რუსეთის მიმართ, აისახა მერკელის წარმოდგენაზე - დიდ აღმოსავლურ იმპერიაზე. მან რუსეთის მიმართ სიმპათიები შეინარჩუნა, მაგრამ ეს გრძნობა არასდროს გადასულა ფანატიზმში. ის თვლის, რომ რუსეთი, როგორც ქვეყანა საკუთარი თავის ძიების რთულ ფაზაშია, და რომ მისი ეკონომიკური აღმავლობა, რომელიც მთლიანად გაზსა და ნავთობზეა დაფუძნებული, ფარავს იმ უამრავ პრობლემას, რომელიც ამ ქვეყნას რეალურად აქვს გადასაწყვეტი. ის რუსეთთან "სტრატეგიულ პარტნიორობაზე" საუბრობს, მაგრამ როგორც ჩანს მომავალს გულისხმობს, საგარეო საქმეთა მინისტრის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერისგან განსხვავებით. მისი აზრით ომმა საქართველოში, შესაძლოა მოსკოვს ტაქტიკური გამარჯვება მოუტანა, მაგრამ სტრატეგიულად იგი დამარცხდა. მისი იმიჯი მსოფლიოში კიდევ დიდხანს იქნება შელახული.
შტაინმაიერი - კრიზისული მენეჯერი
როგორი იქნება რუსეთთან ურთიერთობა მომავალში? ფედერალური მთავრობა დაძაბულობის ესკალაციაზე საუბრობს. შტაინმაიერმა არ დაუშვა ნატოში იმაზე სერიუზული გადაწყვეტილების მიღება, ვიდრე ეს იყო რუსეთი-ნატოს კომისიის სხდომის გადადება. საქართველოს ომის გამო შტაინმაიერის პოლიტიკაც რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა. ის რუსეთთან ურთიერთობებში გათვლას "მოდერნიზირებულ პარტნიორობაზე" აკეთებდა, ხოლო მის კარგ ურთიერთობას მედვედევთან, რომელიც მან გაიცნო ჯერ კიდევ მაშინ როდესაც ფედერალური კანცლერის უწყებას ხელმძღვანელობდა, ხელი უნდა შეეწყო ამ ურთიერთობებისთვის. ახლა მას საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცება, კრიზისული მენეჯერის როლში მოუწევს, რათა არ დაუშვას უკუსვლა ახალი ცივი ომისაკენ.
მაგრამ იმავდროულად ბერლინს იმის თქმაც სურს, რომ საომავლოდ ზიანის თავიდან აცილება, სწორედ რუსეთზეა დამოკიდებული. უხეში განცხადებების მიუხედავად, არავის სჯერა, რომ მოსკოვს არ ანაღვლებს ნატოსთან და ევროკავშირთან ურთიერთობა. გერმანია ჯერ არ აპირებს არც გერმანულ-რუსული სამთავრობო კონსულტაციების გადადებას; ის არც რუსეთის "დიდ რვიანში" წევრობის საკითხს აყენებს ეჭქვეშ. თუკი რუსეთი არ შეასრულებს სამშვიდობო გეგმის პირობებს და არ გაიყვანს ჯარებს საქართველოს ტერიტორიიდან, ასეთ შემთხვევაში არანაირი ტაბუ არ იმუშავებს.
No comments:
Post a Comment