Tuesday, August 21, 2007

კავკასიური ომის რამდენიმე ვერსია

focus

ბორის რაითშუსტერი
21 აგვისტო 2008

კავკასიაში ომის გაჩაღებას მოსკოვი და თბილისი ერთმანეთს აბრალებენ. ვინ ტყუის და ვინ ამბობს მართალს? ადგილზე ჩატარებულმა ჟურნალისტურმა გამოძიებამ საოცარი შედეგი გვიჩვენა.

გამთენიისას უეცრად ქართულმა არტილერიამ დაიგრუხუნა; ქართული ჯარები სამხრეთ ოსეთის დედაქალაქ ცხინვალში შევიდნენ, 2 000 მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა. შემდეგ საკუთარი მშვიდობისმყოფელებისა და უბრალო მოქალაქეების გადასარჩენად რუსული ჯარები მივიდნენ. ასეთია 8 აგვისტოს მოვლენების მოსკოვური ვერსია, რასაც მოჰყვა კიდეც კავკასიური ომი.

თბილისის ვერსია აბსოლუტურად განსხვავებულია: რამდენიმე დღის მანძილზე სამხრეთ ოსეთი საარტილერიო ცეცხლს უშენდა მეზობელ ქართულ სოფლებს.ღამით, 8 აგვისტოს დადგომისას სროლა უფრო ინტენსიური გახდა, პარალელურად როკის გვირაბიდან – საქართველოსკენ სავალი ერთადერთი ნორმალური გზიდან – რუსებმა მათი მრავალრიცხოვანი არმია გადასვეს. იმის შესახებ თუ შემდეგ რა მოხდა, თბილისშიც კი სხვადასხვა ვერსიას გამოთქვამენ. ერთნი - ქართული მხრიდან შეტევის განხორციელებაზე, მეორენი კი სამხრეთ ოსეთის მხრიდან თავდასხმაზე საუბრობენ.

ადგილობრივ პოლიტიკოსებთან, ომისგან დაზარალებულ ადამიანებთან და ჯარისკაცებთან საუბრები მთლიანობაში განსხვავებულ სურათს ქმნის. უკლებლივ ყველა თვითმხილვევლი ამტკიცებს, რომ რეგიონში ჯერ კიდევ 8 აგვისტოს დადგომამდე რამდენიმე დღით ადრე საარტილერიო სროლები მიმდინარეობდა. იმის გარკვევა, თუ ვინ ისროლა პირველმა, უკვე შეუძლებელია. ვაშინგტონიც დაბნეულია, რადგან, როგორც სარწმუნო წყარო აცხადებს, 8 აგვისტომდე აშშ თავის სადაზვერვო ინტრუმენტებს, პირველ რიგში კი თანამგზავრებს, ერაყსა და ავღანეთში მიმდინარე მოვლენებზე დაკვირვებისთვის იყენებდა. კონფლიქტის გამწვავება ამერიკისთვის ისეთივე სიურპრიზი აღმოჩნდა, როგორც დანარჩენი მსოფლიოსთვის.

რუსებმა ჯარების კონცენტრაცია წინასწარ მოახდინეს
კრიზისის კერაში მყოფი რუსი სამხედროების ინფორმციით, მოსკოვმა საკუთარი ჯარები რეგიონში 8 აგვისტომდე გადაისროლა. მაგალითად, ერთ-ერთი დაქირავებული ჯარისკაცი ყვება, რომ სამი დღით ადრე მისი სამხედრო ნაწილი, რომელიც ჩეჩნეთის ტერიტორიაზე იყო დისლოცირებული, სამხრეთ ოსეთის საზღვრზე განათავსეს. ქართველი ჯარისკაცები ერთხმად აცხადებენ, რომ მათთვის სიურპრიზი იყო, როცა 8 აგვისტოს დადგომამდე ღამით ბრძანება მიიღეს ღრმა ზურგიდან პირდაპირ ფრონტის ხაზზე გადაადგილებულიყვნენ.

კონფლიქტები, რომლებიც რეგიონში თითქმის ბოლო 20 წლის მანძილზე ღვივდებოდა, მნიშვნელოვნად გამწვავდა თებერვალში, როცა დასავლეთმა კოსოვოს დამოუკიდებლობა ცნო და მას შემდეგ რაც აპრილში, ნატოს სამიტზე ბუქარესტში, ქართველებს ალიანსში გაწევრიანებისთვის კონკრეტული გეგმის მინიჭებაზე უარი უთხრეს. რუსეთის გენერალური შტაბის უფროსი "საკუთარი ინტერესების დაცვის მიზნით საზღვრებთან სამხედრო აქციების ჩატარებით" იმუქრებოდა. მაისში რუსმა სამხედროებმა საქართველოს მეორე ამბოხებულ რესპუბლიკაში, აფხაზეთში, დარღვეული სარკინოგზო გზა აღადგინეს. სხვადასხვა დამოუკიდებელი წყაროს ცნობით კრემლი საკუთარი ჯარების მობილიზებას კრიზისულ რეგიონში ინტენსიურად ახდენდა.

ორივე მხარემ ესკალაციის გზა აირჩია
თბილისი დაიძაბა და თავის მხრივ მანაც გადაისროლა ჯარები კრიზისულ რეგიონში. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომლის რეპუტაციაც ქვეყნის შიგნით ძალიან შელახულია, ისევე როგორც კავკასიონის მეორე მხარეს მყოფი და სისტემატიურად ძალაზე ორიენტირებული ვლადიმერ პუტინი, როგორც ჩანს შემდეგი პოზიციიდან მოქმედებდა: მას სისუსტის ჩვენება არ უნდოდა. ორივე მხარემ ესკალაციის გზა აირჩია. სიტუაცია რეგიონში იმდენად ფეთქებადსაშიში გახდა, რომ აალებისთვის მხოლოდ ერთი ნაპერწკალი იყო საკმარისი.

"სააკაშვილი მახეში გაება"
საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი კახა ლომაია, რომელიც გადაწყვეტილების მიმღებთა შორის ერთ-ერთია, დიდხანს გაურბოდა პირდაპირ პასუხს კითხვაზე "საქართველომ ხომ არ დაიწყო ომი?". ბოლოს მან Focus online-ის კორესპონდენტს უპასუხა: "თუკი საკუთარი მშვიდობიანი მოსახლეობის და ქვეყნის ტერიტორიიის უცხო ჯარების თავდასხმისგან დაცვა ომის დაწყებაა, მაშინ ეს ომი ჩვენ დავიწყეთ".

"შეტევაზე გადასვლა უგუნურება იყო”
ბევრი გავლენიანი თბილისელი პოლიტიკოსი, რომელიც ოფიციალურად მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭრია, კერძო საუბრებში მას მკაცრად აკრიტიკებს "შეტევაზე ბრძანების გაცემა უგუნურება იყო - ამბობს ერთ-ერთი მაღალჩინოსანი დეპუტატი.- კრემლმა პროვოკაცია მოაწყო, რომელსაც ჩვენი პრეზიდენტი წამოეგო. ის მახეში გაება. ამაზე მეტ სამსახურს პუტინს ის ალბათ ვერაფრით გაუწევდა"

დამოუკიდებელი უცხოელი მოწმე ყვება, რომ 7 და 8 აგვისტოს, 18 საათის განმავლობაში, ქართველები საარტილერიო ცეცხლით აქტიურად უტევდნენ ცხინვალს. სხვა თვითმხილველები ამტკიცებენ, რომ 8 აგვისტოს ქართულმა ჯარებმა მოულოდნელად, რატომღაც არსებითი წინააღმდეგობის გარეშე შეძლეს ცხინვალში შესვლა. მოგვიანებით, როდესაც მოწინააღმდეგემ ქალაქს ინტენსიური ცეცხლი გაუხსნა, ჯარისკაცები მიხვდნენ მახეში გაებნენ.

მხარეები შეეგუვნე მსხვერპლს მშვიდობიან მოსახლეობაში
ქალაქის მიმართულებით სროლა ორ დღეს გრძელდებოდა. რუსებმა ცხინვალის დაკავების შესახებ ჯერ შაბათს 9 აგვისტოს, შემდეგ კი 11 აგვისტოს განაცხადეს. ქართველი ჯარისკაცები ყვებიან, რომ მათ რამდენჯერმე დაიხიეს უკან და შემდეგ ისევ დაბრუნდნენ ქალაქში. მოსახლეობის ნაწილმა რამდენიმე დღე სარდაფებში გაატარა. ისინი ერთხმად ამტკიცებენ, რომ ძლიერი სროლის გარდა ქალაქს გამუდმებით ბომბავდა ავიაცია. როგორც ჩანს ეს რუსული ბომბდამშენები იყვნენ, რადგან საჰაერო კონტროლი მთლინად მათ ხელში იყო. ჩნდება ეჭვი, რომ ორივე მხარე მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლს როგორც მინიმუმ შეეგუა. ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე სამხრეთ ოსეთის მხარემ რუსეთში ქალების და ბაშვების ევაკუაცია მოახდინა. შესაბამისად, საეჭვოა დაღუპულებთა რაოდენობაზე რუსეთის მიერ გამოცხადებული რიცხვი 1 500. ამასთან, ოთხშაბათს რუსი გამომძიებლები იმ დროისთვის იდენტიფიცირებულ 133 დაღუპულზე საუბრობდნენ, თუმცა იქვე აღნიშნავდნენ, რომ არსებობდა ამოუცნობთა საფლავები.

"სამხრეთ ოსეთის დაკავების შემდეგ პუტინს საკუთარი ჯარები რომ გაეჩერებინა ამ ომიდან გამარჯვებული გამოვიდოდა" – აცხადებს ერთ-ერთი მაღალჩინოსანი ქართველი პოლიტიკოსი. თუმცა რუსული თვითმფრინავები ქართული ტერიტორიის სიღრმეებს ბომბავენ. ორშაბათს, 11 აგვისტოს გაჩნდა პირველი ცნობები იმის თაობაზე, რომ რუსი ჯარისკაცები გორისკენ მიიწევდნენ. ეს ქალაქი საქართველოს ცენტრალურ ნაწილშია. ოდნავ მოგვიანებით მათ გორი მართლაც დაიკავეს. ომი დიდი ხნის დასრულებული იყო, მიიღწეული იყო შეთანხმება საომარი მოქმედებების შეჩერების თაობაზე, მაგრამ რუსი ჯარიკაცები ისევ წინ მიიწევდნენ.

მოროდიორთა ბანდები და საეჭვო ტაქტიკა
სანდოა სამხრეთ ოსეთის ქართული სოფლებიდან დევნილ ქართველთა მონათხრობი საცხოვრებელი სახლების დაბომბვებზე, მარადიორობაზე, ძალადობასა და ეთნიკურ წმენდაზე. მათი თქმით, რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომლებს ავტობუსებით გაჰყავდათ რეგიონიდან ეთნიკური ქართველები. ასევე არსებობს ცნობები იმის თაობაზეც, რომ რუსი ჯარიკაცები მშვიდობიან მოსახლეობას კორექტულად ექცევიან, თუმცა მოროდიორთა ბანდები, დიდწილად კი სამხრეთ ოსეთიდან, როგორც ჩანს ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე მოქმედებენ. როგორც მოწმეები აცხადებენ, მშვიდობიანი მოსახლეობა მათ წინაშე დაუცველია.

უკვე რამდენიმე დღეა, რაც რუსული ჯარები ცენტრალური საქართველოს მნიშვნელოვან ნაწილს აკონტროლებენ. ამით მოსკოვი ჯარების გაყვანის თაობაზე არსებულ პირობას არღვევს. ნათელია, რომ მარტო ამ კვირის განმავლობაში რუსულმა შეიარაღებულმა ძალებმა მთელი რიგი სტრატეგიული სამიზნეები და სამხედრო ობიექტები ააფეთქეს; ჯერ კიდევ არ უშვებენ ქართულ პოლიციას მათ მიერ დაკავებულ რაიონებში, თუმცა თავადაც არაფერს აკეთებენ საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად, მიუხედავად იმისა, რომ როგორც ოკუპანტებს ამის გაკეთება ევალებათ.

ორმაგი ქმედებები მოსკოვს ბუმერანგივით დაუბრუნდება
უკვე ცხადი გახდა, რომ მოსკოვს ძირითადად ორი მიზანი ამოძრავებს. ერთი მხრივ – მნიშვნელოვნად დაანგრიოს საქართველოს ინფრასტრუქტურა და ქვეყნის დასავლეთსა და აღმოსავლეთ ნაწილებს შორის მოშალოს კავშირი, რომელიც ამ მცირე ზომის ქვეყნის ლოგისტიკური სისტემისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მეორე მხრივ, მოსკოვს როგორც ჩანს ქვეყნის შიგნით საკაშვილის მიმართ მოსახლეობის უკმაყოფილების და მღელვარების გამოწვეა სურს, რაც მისი გადაყენებით დასრულდება.

მაგრამ ყველაფერი იმას მიუთითებს, რომ მოსკოვი, ისევე როგორც უკრაინის რევოლუციის დროს სიტუაციას სწორად ვერ აფასებს. როგორი დიდი უკმაყოფილებაც არ უნდა ყოფილიყო საკაშვილით ომის დაწყებამდე, როგორც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე აცხადებს: "რაც უფრო აქტიურად ეცდება კრემლი სააკაშვილის გადაყენებას, მით უფრო გაიზრდება ხალხში მისი ავტორიტეტი – ქართველების ბუნება ასეთია". დღეს, სააკაშვილის ყველაზე სერიოზული მოწინააღმდეგებიც კი მის ქებაში ერთმანეთს ასწრებენ.

ომმა სააკაშვილს თითქოს ახალი ძალა შესძინა, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ის ვერაფერს მოიგებს. რაც შეეხება პუტინს, მისი იმიჯი, რომელიც დასავლეთის თვალში ისედაც შელახული იყო, ამ კონფლიქტის შემდეგ კიდევ უფრო დაზარალდება. საქართველში შეჭრა – გარდატეხის მომენტია, რომელმაც პუტინს ქულები რუსეთში მოუტანა, სადაც მან კიდევ ერთხელ წარმოაჩინა თავი როგორც ძლიერმა ფიგურამ. უახლოეს პერსპექტივაში ომი მას მეზობლებთან ურთიერთობაშიც დაეხმარება. ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები რუსეთს დღეს კიდევ უფრო მეტი სიფრთხილით შეჰყურებენ და მასთან კამათის სურვილი სულ უფრო ეკარგებათ. მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში კრემლი ამგვარი მოქმედებით მეზობლებს პარტნიორებად ვერ გადააქცევს. ხოლო საშინაო პოლიტიკის თვალსაზრისით სამხედრო რიტორიკა და რუსების ჩვევა, თავს გამუდმებით ალყაში გრძნობდნენ, ქვეყანაში აუცილებლად გასატარებელი რეფორმების ტემპს კიდევ უფრო შეანელებს. თუმცა ყველაზე მეტად ამ სიტუაციაში წაგებული - ასი ათასობით დევნილია, ადამიანები, რომლებმაც ჯანმრთელობა და სიცოცხლე დაკარგეს.

ორიგინალი

No comments: