ქიშორ მაჰბუბანი
20 აგვისტო 2008
ხანდახან უმნიშვნელო მოვლენები კოლოსოლური ცვლილბების საბაბი ხდება. ფიასკო საქართველოში სწორედ ამგვარ მოვლენეთა რიგს უნდა მივაკუთვნოთ- ყველაფერი კი იმას მოასწავებს, რომ ეპოქა, რომელშიც ცივი ომის დასრულების შემდეგ ვცხოვრობდით, აღარ არსებობს. თუმცა ახალი ჰიპოთეტური ცივი ომის დაბრუნებას, ალბათ, აღარ უნდა ველოდოთ. ჩვენ ბევრად უფრო მნიშვნელოვანი რამ დაგვიბრუნდა - ისტორია.
ცივი ომის დასრულების შემდეგ ახალი ეპოქის დადგომას დასავლეთი გამარჯვებულის ყიჟინით შეეგება. ფრენისის ფუკუიამას წიგნი "ისტორიის დასასრული” ამ ტენდენციის ნათელი გამოხატულება გახდა. თავად წიგნის თამამი დასახელება ზუსტად ირეკლავდა იმდროინდელ დასავლურ სულისკვეთებას. ისტორია დასავლეთის ტრიუმფალური გამარჯვებით დასრულდა. დანარჩენ სამყაროს მხოლოდ ისღა დარჩა უკან დაეხია და დასავლეთთან კაპიტულაცია ეღიარებინა.
საქართველოში რუსეთმა ყველას გასაგონად განაცხადა, რომ ის კაპიტულაციას აღარ აპირებს და ოცი წლის დამცირების შემდეგ საპასუხო დარტყმა გადაწყვიტა. მალე, ალბათ, დანარჩენებიც ასევე მოიქცევიან. თავისი გეოპოლიტიკური უძლეველობის წყალობით ამერიკა ბევრი მთვლემარე ქვეყნის სივრცეში შეიჭრა. მარგამ ისინი, განსაკუთრებით აზიაში, გამოფხიზლებას იწყებენ.
საქმე ისაა, რომ პლანეტის უდიდესი ნაწილი საქართველოსთან დაკავშირებით დასავლეთის მიერ წამოწყებულ მორალიზატორობას გაოცებით შეჰყურებს. ამერიკა ვერაფრით აიტანდა რუსეთის შეჭრას მის გეოპოლიტიკურ სივრცეში - ლათინურ ამერიკაში. ამიტომაა, რომ იქაურები ამერიკელთა ორმაგ სტანდარტებს ნათლად ხედავენ. იგივე უნდა ითქვას, მუსულმანური სამყაროს მიმომხილველებზე, რომლებიც ღიად აღნიშნავენ, რომ აშშ ასევე უკანონოდ შეიჭრა ერაყში. არც ინდოეთი, არც ჩინეთი რუსეთის ქმედებებს არ აპროტესტებენ. ეს იმას მოწმობს, რომ ქართულ მოვლენებზე ამერიკელთა თვალთახედვას, მათ მოწოდებებს დანარჩენი სამყაროსადმი სუსტ საქართველოს რუსეთთან ჭიდილში ქომაგად დაუდგნენ, ისინი არ იზიარებენ. რეალურად, უმრავლესობა თავკერძა დასავლეთთან დაპირისპირებაში რუსებს უთანაგრძობს. განსხვავება დასავლურ და დანარჩენ სამყაროს ნარატივს შორის თვალნათელია. ამიტომაა ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ის, რაც საქართველოში მოხდა, დასავლეთს სწორი დასკვნების გაკეთებაში დაეხმაროს. აუცილებელია საკუთარი შეზღუდული შესაძლებლობანი სტრატეგიულად შეაფასოს. სსრკ-ს დაშლის შემდეგ დასავლელმა მოაზროვნეებმა მიიჩნეს, რომ აღარასდროს დასჭირდებოდათ გეოპოლიტიკური კომპრომისები. მათ უკვე შეეძლოთ სამყაროსთვის საკუთარი პირობები ეკარნახათ. ახლა კი დასავლეთს რეალობასთან შეგუება მოუწევს. დასავლეთის ქვეყნების მთელი მოსახლეობა (ჩრდილოეთ ამერიკა, ეკ და ავსტრალია) 700 მილიონ ადამიანს, ანუ პლანეტის მოსახლეობის 10% უდრის. დანარჩენი 90% მსოფლიო ისტორიის ობიექტებიდან სუბიექტებად გარდაისახებიან. 2008 წლის 18 აგვისტოს Financial Times-მა ასეთი სტატია გამოქვეყნა ”საქართველოს საკითხთან დაკავშირებით დასავლეთმა ერთიანი ფრონტი შექმნა”. ვფიქრობ, შემდეგი ფორმულირება უფრო მართებული იქნებოდა: ”დანარჩენ სამყარო საქართველოს მოვლენებში დასავლეთს ადანაშაულებს”. მაშ რაშია საქმე? საჭიროა მოვლენათა სტრატეგიული გააზრება.
მაო ცზე დუნი, ყველა მისი ნაკლოვანების მიუხედავად, დიდი სტრატეგი იყო. მას მიაჩნდა, რომ ჩინეთი ყოველთვის პირდაპირ უპირისპირდებოდა მთავარ მეტოქეს, მეორეხარისხოვანთან კი კომპრომისებზე მიდიოდა. როცა ”პირველხარისხოვან მტრად” რუსეთი იქცა, მაო დამცირების ფასად აშშ-ს შეურიგდა - საქმე დაიჭირა ქვეყანასთან, რომელიც ჩან კაი-შის კანონიერ მმართველად აღიარებდა. დასავლეთს მაოს პრაგმატიზმის მიბაძვა მართებს და ყურადღება თავის მთავარ მტერზე უნდა გადაიტანოს.
რუსეთი დასავლეთის პირველხარისხოვან მტრად ჯერ ვერ გამოდგება. დასავლელმა სტრატეგებმა უნდა გადაწყვიტონ, საიდან ემუქრებათ მთავარი საფრთხე - ისლამური სამყაროდან, თუ ჩინეთიდან. 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ დასავლეთმა ასეთ მტრად ისლამური საამყარო დაასახელა. არადა, იმის ნაცვლად, რომ 1,2 მილიარადი მუსულმანის გულის მოსაგებად გრძელვადიანი სტრატეგია შეემუშავებინა, მან, ყოველგვარი გათვლის გარეშე, დაპირისპირება არჩია. სწორედ ამით აიხსნება მოსალოდნელი ფიასკო ერაყსა და ავღანეთში და მთელი ისლამური სამყაროს მზარდი ანტიპათია დასავლეთისადმი.
ბევრი დასავლელი მოაზროვნე ნათლად აცნობიერებს აშშ-ს უამრავი პოლიტიკური გადაწყვეტილების სიმცდარეს, მაგრამ რატომღაც არ სურს საკუთარი უსაფრთხოების ”აუტსორსინგის” ფხიზლად განსჯა და ის მთლიანად ამერიკის ძლევამოსილებას გადააბარა. უსაფრთხოების დარგში გეოგრაფია კულტურაზე მეტად მნიშვნელოვანია. ევროპისთვის, თავისი ადგილმდებარეობის გამო, ისლამური სამყაროს რისხვა უფრო საშიშია, ვიდრე ამერიკისთვის, რომელსაც ოკეანე იცავს.
ამერიკის წამყვანი მოაზროვნენი-ნეოკონსერვატორები მიიჩნევენ, რომ მთავრი საფრთხე ჩინეთიდან მოდის, მაგრამ ამავე დროს ენერგიულად უჭერენ მხარს ისრაელს და ვერ აცნობიერებენ, რომ ჩინეთის სასარგებლოდ მოქმედებენ. 11 სექტემბერს ყველაზე დიდი მოგება ჩინეთმა ნახა და იმის გარანტია მიიღო, რომ აშშ-ს მტრულ ისლამურ ”სამყაროსთან” ბრძოლაში, მისი ფაქტორი საერთოდ გადაავიწყდა. სანამ აშშ სხვა პრობლემებით იყო დაკავებული, ჩინეთმა თავისი საზღვრების სტაბილიზაცია მოახერხა.
დასავლელმა მოაზროვნეებმა უნდა გაარკვიონ, საიდან მოდის რეალური გრძელვადიანი საფრთხე. თუ ეს საფრთხე ისლამურ სამყაროს უკავშირდება, მაშინ თავი უნდა მიანებონ რუსეთის გეოპოლიტიკურ სივრცეში შეჭრას და ჩინეთთან სტაბილური თანამშრომლობის პროგრამა შეიმუშავონ. თუ საფრთხე ჩინეთია, მაშინ შტატებმა რუსეთისა და ისლმაური სამყაროს სიმპათია უნდა მოიპოვოს და პალესტინა-ისრაელის კონფლიქტი დაარეგულიროს. ეს აღმოსავლეთის ხელისუფალთ დასავლეთთან ”ალ-ქაიდას” წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესაძლებლობას მისცემს.
დასავლეთი ასეთი პარადოქსის პირისპირ აღმოჩნდა - დღეს, როგორც არასდროს, შესაძლებელია უსაფრთხო გლობალური არქიტექტურის შექმნა. ისეთი ქვეყნების რაოდენობა, ვინც ”პასუხიმგებლიან აქციონერად” გახდომას ლამობს, იმაზე მეტია, ვიდრე ოდესმე. უმრავლესობას, მათ შორის ჩინეთსა და ინდოეთს აშშ-სთან და დასავლეთთან თანამშრომლობა სურთ. მაგრამ თანმიმდევრული, გრელვადიანი სტრატეგიის უქონლობა, გეოპოლიტიკურ კომპრომისებზე წასვლის უუნარობა, დასავლეთს სტაბილური გლობალური არქიტექტურის შექმნაში უშლის ხელს. დასავლელი ლიდერები აცხადებენ, რომ თანამედროვე სამყარო სახიფათო გახდა, მაგრამ ცოტანი თუ აღიარებენ, რომ ამაში თავად მიუძღვით ბრალი. როცა ადამიანებს სტრატეგიულად აზროვნება არ შეუძლიათ, მაშინ ხდება ის, რაც საქართველოში მოხდა.
ორიგინალი

 
No comments:
Post a Comment