თომას ლ. ფრიდმანი
19 აგვისტო 2008 
ქართული კონფლიქტი ოლიმპიური შეჯიბრი რომ ყოფილიყო, არაადამიანური სიბრიყვისთვის ოქროს მედალს რუსეთის პრემიერ მინისტრი ვლადიმერ პუტინი მიიღებდა. მეორე ადგილს იდიოტური უგუნურობისთვის დაიკავებდა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ბრინჯაოს მედლის მფლობელი კი საოცრად წინდაუხედავი კლინტონის და ბუშის პერიოდის ამერიკის საგარეო პოლიტიკური უწყება გახდებოდა.
დავიწყოთ ჩვენით. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მე იმ ადამიანთა რიცხვს მივეკუთვნებოდი, ვინც ნატოს გაფართოვების იდეას ეწინააღმდეგებოდა. ამ ჯგუფის იდეოლოგები იყვნენ "შეკავების" თეორიის მამა ჯორჯ ქენანი, სენატორი სემუელ ნანი და მაიკლ მანდელბაუმი, სპეციალისტი საგარეო პოლიტიკის დარგში.
ჩვენ ვფიქრობდით, რომ მას შემდეგ რაც შევძელით საბჭოთა კომუნიზმის დამარცხება და რუსეთში დემოკრატიის ჩასახვის მოწმენი გავხდით, მთავარი ამოცანა გახლდათ ხელი შეგვეწყო ამ დემოკრატიის დამკვიდრებისა და რუსეთის ევროპაში ინტეგრაციისთვის. რისთვის ვიბრძოდით ცივი ომის დროს? განა იმისთვის არა, რომ ახალგაზრდა რუსებს თავისუფლებისა და ევროპაში ინტეგრაციის ისეთივე შანსები ჰქონოდათ, როგორიც ახალგაზრდა ჩეხებს, ქართველებსა და პოლონელებს? ნუთუ რუსეთში დემოკრატიის განვითარება ჩეხეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის "ნატო"-სთან მიერთებაზე მნიშვნელოვანი საქმე არ იყო?
ჩვენც სწორედ ამას ვამტკიცებდით, რადგან შეუძლებელია რუსეთის გარეშე მსოფლიო საზოგადოებრიობის წინაშე მდგარი რომელიმე მნიშვნელოვანი პრობლემის ეფექტური გადაწყვეტა - პირველ რიგში ეს ეხება ირანსა და ერაყს. იმ დროს რუსეთი არ აპირებდა ხელახლა შემოჭრას ევროპაში. ხოლო აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოთა ინტეგრირება დასავლურ სამყაროში მათი ევროკავშირში გაერთიანების გზითაც იყო შესაძლებელი.
"არა" – აცხადებდნენ ადამიანები, რომლებიც კლინტონის ადმინისტრაციაში საგარეო პოლიტიკაზე იყვნენ პასუხისმგებლები - "ნატოს ექსპანსიით ჩვენ რუსები მუდმივად გამოჭერილი გვეყოლება, მოსკოვი სუსტია, ის ამ მდგომარეობაში ყოფნას მიეჩვევა". ანუ რუსებისთვის გაკეთებული გზავნილის შინაარსი ასეთი იყო: ჩვენ გვინდა, რომ თქვენ დემოკრატებივით იქცეოდეთ, მაგრამ ჩვენ თქვენ ისევე მოგექცევით, როგორც საბჭოთა კავშირის დროს გექცეოდით. ცივი ომი თქვენთვის დასრულდა, მაგრამ ჩვენთვის - არა.
"კლინტონის და ბუშის საგარეო პოლიტიკური უწყება ორ მცდარ წარმოდგენას ეყრდნობოდა" - ამბობს მანდელბაუმი - "პირველი, ის რომ რუსეთი თავისი ბუნებით მტრულად განწყობილი სახელმწიფოა და რომ ცივი ომის დასრულება სავარაუდოდ მის ამ ბუნებას ვერ შეცვლის, აქედან გამომდინარე, საჭიროა სამხედრო ალიანსის მისი საზღვრებისკენ გაფართოვება. მთელი ამ სულელური საუბრების მიუხედავად, თითქოს ნატოს გაფართოვება დემოკრატიის გავრცელებას ემსახურება, სინამდვილეში ალიანსის ექსპანსია მხოლოდ იმით შეიძლება აიხსნას, რომ ვიღაცეები დარწმუნებულები არიან რუსეთის აგრესიულ ბუნებაში, მით უფრო თუ გავითვალისწინებით, რომ თავად რუსებს ალიანსში გაწევრიანებაზე უარი უთხრეს. მეორე მცდარი მოსაზრება შემდეგში მდგომარეობდა. აღნიშნული იდეის მომხრეები ფიქრობდნენ, რომ რუსეთი ყოველთვის ძალიან სუსტი იქნებოდა და ვერავითარ რეალურ საფრთხეს ვერ შეუქმნიდა ალიანსის წევრებს, შესაბამისად ალიანსს არასდროს მოუწევდა მათ დასაცავად სამხედრო ძალების გაგზავნა და რაიმე ხარჯის გაწევა. ორივე შემთხვევაში ისინი შეცდნენ".
რომ არა დამცირება, რომელიც ნატოს ექსპანსიამ რუსეთს მიაყენა, ელცინის მიერ პუტინის ფიგურის წამოწევა შეუძლებელი გახდებოდა. ხოლო ამერიკის დამღუპველმა ლტოლვამ ნავთობისკენ ფასები იმდენად გაზარდა, რომ პუტინს საშუალება მისცა სწორედ დამცირებულის პოზიციიდან ემოქმედა. ეს არსებითი დეტალია.
და მიუხედავად ამისა, ჩვენ ყველა დიპლომატიური გზით უნდა შევეცადოთ, წინ აღვუდგეთ რუსეთის შეჭრას საქართველოში, სადაც საბაზრო დემოკრატიის ჩანასახი გაჩნდა და არ შეიძლება ვიდგეთ და ვუყუროთ მისი ნგრევის პროცესს. მაგრამ იმის უარყოფაც უაზრობაა, რომ სააკაშვილის გადაწყვეტილებამ ცხინვალში, სამხრეთ ოსეთის შუაგულში, ავტონომიურ საქართველოს პრორუსულ ანკლავში ჯარები გაეგზავნა, პუტინს თავისი ფოლადის მუშტების ქნევისთვის შესანიშნავი საბაბი მისცა.
როგორც რუსეთის საკითხებში The Washinton Post-ის დიდი ხნის მიმომხილველმა მაიკლ დობსმა აღნიშნა: "7 დან 8 აგვისტოს ღამით სააკაშვილმა ცხინვალის არტილერიით დაბომბვის ბრძანება გასცა და ქალაქის დასაკავებლად ჯავშან ტექნიკის კოლონა გაგზავნა. როგორც ჩანს, მას იმედი ჰქონდა, რომ რუსეთის საპასუხო რეაქციისგან საქართველოს დასავლეთის მხარდაჭერა დაიცავდა, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი რუსი "მშვიდობისმყოფელები" დაიღუპებოდნენ ან დაიჭრებოდნენ. ეს მისი მხრიდან უდიდესი შეცდომა იყო."
ჟურნალ The Economist-ში კი წერენ: "სააკაშვილი თავაწყვეტილი ნაციონალისტია". სამხრეთ ოსეთზე შეირაღებული თავდასხმა "სულელური და შესაძლოა დანაშაულებრივი ნაბიჯიც არის. მაგრამ საერთო ჯამში, სააკაშვილს პუტინისგან განსხვავებით ქვეყანა დემოკრატიული განვითარების გზით მიჰყავდა, კორუფციას ებრძოდა და ეკონომიკის განვითარების სწრაფ ტემპსაც მიაღწია, თანაც ამის საფუძველს, რუსეთისგან განსხვავებით, გაზსა და ნავთობზე არსებული მაღალი ფასები არ წარმოადგენდა".
სწორედ ამის გამო იმსახურებს პუტინი ოქროს მედალს. დიახ, ნატოს ექსპანსია გაუაზრებელი ნაბიჯი იყო. პუტინმა ამით ისარგებლა და რუსეთში დემოკრატია ჩაახშო. მაგრამ ახლა ის ნავთობითა და დოლარებით არის გაბრუებული და მნიშვნელობა არ აქვს რაზეა საუბარი - საქართველოში შეჭრაზე, დასავლელი ფინანსისტების და რუსეთში მომუშავე ნავთობკომპანიის თანამშრომლების დაშინებასა თუ რუსული გაზით მეზობელი სახელმწიფოების დაშანტაჟებაზე.
თუკი იგი ასეთ მოქმედებას არ შეწყვეტს, ეს აიძულებს მის მეზობლებს სხვაგან ეძებონ მოსკოვისგან დაცვის ბერკეტები, ხოლო ევროპელები გაორმაგებული ენერგიით დაიწყებენ რუსული გაზის და ნავთობის ალტერნატივის ძებნას. ეს რა თქმა უნდა ერთ საათში არ მოხდება, მაგრამ დროთა განმავლობაში რუსეთი სულ უფრო ჩიხში აღმოჩნდება, რის გამოც კიდევ უფრო მეტად მოექცევა იზოლაციაში.
ყველა ამ მიზეზიდან გამომდინარე, რუსეთი პუტინის კავკასიაში შეჭრაზე კარგად უნდა დაფიქრდეს. თუკი ის ამ რჩევას გაითვალისწინებს, სამართლიანი იქნება, თუ ჩვენც კიდევ ერთხელ დავფიქრდებით - საით მივყავართ ჩვენს დღევანდელ პოლიტიკას რუსეთთან, და გვინდა კი ჩვენ XXI საუკუნეში რუსეთს ისევე ვაკავებდეთ, როგორც XX საუკუნეში საბჭოთა კავშირს?

 
No comments:
Post a Comment