Saturday, September 22, 2007

ევროკავშირი: მეთვალყურეთა მისია საქართველოში დათქმულ ვადაში განთავსდება



22 სექტემბერი 2008

თბილისი, საქართველო - ევროკავშირის სამხედრო მეთვალყურენი საქართველოში დროულად, 1 ოქტომბრისთვის განთავსდებიან, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი დაჟინებით ამბობს უარს მის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში მეთვალყურეთა შეშვებაზე - განაცხადა ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელმა ორშაბათს.

საფრანგეთის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიხედვით რუსეთმა თავისი ჯარები სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მიმდებარე ტერიტორიებიდან ევროკავშირის მეთვალყურეთა შემოსვლიდან 10 დღეში უნდა გაიყვანოს.

ჰარბერი, რომელიც ევროკავშირის მისიას ხელმძღვანელობს, ამბობს, რომ გორთან, ზუგდიდთან და ფოთთან 200 მეთვალყურე 1 ოქტომბერს განთავსდება. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ლადო გურგენიძე ამ ფაქტს ძალიან მაღალ შეფასებას აძლევს.

"ევროკავშირის მეთვალყურეთა შემოსვლა სიტუაციის სტაბილიზაციისთვის გადამწყვეტი იქნება" - თქვა გურგენიძემ ჰარბერთან შეხვედრის შემდეგ - "ჩვენ მივესალმებით იმას, რომ მისია ასე ოპერატიულად ამუშავდება".

არარუსული ძალების, უცხოელი მეთვალყურეების შემოსვლა საქართველოში მოსკოვსა და თბილისს შორის დადებული შეთანხმების საკვანძო ასპექტია. მაგრამ ევროკავშირისა და სხვა უცხოელ მეთვალყურეთა მისიის ეფექტურობა და შესაძლებლობები ეჭვქვეშ დგება იმის გამო, რომ რუსეთი უარს ამბობს მათ შეშვებაზე სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში.

რუსეთი ასევე აღუდგა წინ ეუთოს მეთვალყურეთა განთავსებას სამხრეთ ოსეთში. ეუთო იმედოვნებდა დამატებით 80 მეთვალყურის შეყვანას სამხრეთ ოსეთში, მაგრამ მოლაპარაკებები რუსეთთან გასულ კვირას ჩაიშალა.

მოსკოვი ყოველ რეგიონში, რომლის დამოუკიდებლობაც აღიარა, 3600 მეომრის დატოვებას აპირებს.

ჰარბერს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიის განთავსებაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

ომი საქართველოში დაიწყო 7 აგვისტოს, როდესაც საქართველოს შეიარაღებულმა ჯარებმა შეტევა მიიტანეს სამხრეთ ოსეთის დედაქალაქზე, ხოლო რუსეთმა მოიგერია ეს შეტევა, გააბრუნა ქართული ჯარი და საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ოკუპირება მოახდინა.

ორშაბათს, ქართული პოლიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კვირას ერთი ქართველი პოლიციელი დაჭრეს და ორი მოკლეს მაშინ, როდესაც აფხაზმა მებრძოლებმა ცეცხლი გაუხსნეს ქართული პოლიციის საკონტროლო პოსტს.

კიდევ ორი პოლიციელი ორშაბათს ნაღმის აფეთქების გამო დაიჭრა - განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს სპიკერმა შოთა უტიაშვილმა.

ორიგინალი

No comments: