ჯონ მეიერი
22 სექტემბერი 2008
ექსპერტების აზრით, საქართველოსთან დაკავშირებული მოვლენები ცუდ დროს დაემთხვა.
ვაშინგტონი - დაახლოებით ექვსი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა მეზობელ საქართველოში ჯარი გაგზავნა. ბუშის ადმინისტრაციაში საპასუხო ქმედებებზე ერთიანი პოზიცია არ არსებობს - ზოგიერთი ოფიციალური პირი შიშობს, რომ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ერთიანობას ამ შინაგანმა განხეთქილებამ უკვე სერიოზული ზიანი მიაყენა.
ადმინისტრაციის ზოგიერთ მაღალი თანამდებობის პირს, მათ შორის ვიცე-პრეზიდენტ დიკ ჩეინის და მკაცრი პოლიტიკის სხვა მხარდამჭერებს პენტაგონში მიაჩნიათ, რომ თეთრმა სახლმა ყველა ერთობლივი პროექტი რუსეთთან უნდა შეაჩეროს, მათ შორის, ისინიც, რომლებიც უსაფრთხოების ორმხრივ ინიციატივებს უკავშირდება.
მათი აზრით, რუსეთმა ამერიკის შეერთებული შტატებიდან ერთმნიშვნელოვანი შეტყობინება უნდა მიიღოს - რუსეთის შეჭრას ერთგული მოკავშირის, საქართველოს ტერიტორიასა და ორ სეპარატისტულ რეგიონში აშშ მხარს არ დაუჭერს. მათ მიაჩნიათ, რომ ბოლოდროინდელი მოვლენები მხოლოდ ერთი რგოლია რუსეთის მტრულ მოქმედებათა ჯაჭვში და ამიტომ ამერიკამ მთლიანად უნდა გადააფასოს თავისი უსაფრთხოების პოლიტიკა, მათ შორის ისიც, რომლის თანახმადაც კრემლი გლობალური უსაფრთხოების საკითხებში მოკავშირედ მოიაზრებოდა. ახალმა მიდგომამ რუსეთი არასანდო პარტნიორად და პოტენციურ მტრად უნდა დაასახელოს.
სხვა პოზიციაზე დგას სახელმწიფო და იუსტიციის დეპარტამენტის, აგრეთვე პენტაგონის ზოგიერთი მაღალჩინოსანი. მათ შორისაა თავდაცვის მინისტრი რობერტ გეითსი, რომელიც კულუარებში იმისთვის იბრძვის, რომ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში რუსეთთან პარტნიორული ურთიერთობა გაგრძელდეს. ამ პოზიციაზე მდგომთ მიაჩნიათ, რომ ბრძოლა ტერორიზმთან, ერთობლივი ძალისხმევა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და საქართველოს გამო თანმშრომლობის შეჩერება არ ღირს.
"ისინი, ვინც თანმშრომლობის შეჩერების მომხრენი არიან, იმარჯვებენ" - გვითხრა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ოთხშაბათს და ჰარდლაინერებზე მიგვანიშნა.
პოლიტიკოსები ბუშის შემდეგ არაფორმალურ დირექტივას ასრულებენ: "რუსეთმა თავისი საშინელი ქმედებებისთვის პასუხი უნდა აგოს". ამიტომ აშშ-რუსეთის ბევრი ერთობლივი პროექტი ახლა გადახედვის პროცესშია. იმის გამო, რომ პრობლემა ზედმეტად სენსიტიურ დიპლომატიურ მომენტებს ეხება, ინფორმაციას, როგორც წესი, ანონიმურად გვაწვდიდნენ.
აშშ-სა და რუსეთის დიპლომატიური, საკანონმდებლო და სადაზვერვო ურთიერთობები შეჩერებულია, მათ შორის ერთობლივი სამხედრო წვრთნები. ბევრი ჰარდლაინერი მათ საბოლოოდ გაუქმებას ლობირებს, გვითხრეს ოფიციალურმა პირებმა.
სახელმწიფო დეპარტამენტისა და თეთრი სახლის წარმომადგენელთა ცნობით, საშუალო რგოლის ჩინოვნიკებს, როგორებიც არიან სახელმწიფო მდივნების მოადგილეთა თანაშემწეები და უფრო მაღალაც, რუს კოლეგებთან კონტაქტისგან თავშეკავება დაავალეს. ეს არ ეხება ისეთ ინსტიტუტებს, როგორიცაა გაერო. ამით ბევრი პოლიტიკური პროექტი, რომელსაც ორმხრივი ურთიერთობები უნდა განევითარებინა, ფაქტობრივად, პარალიზებულია, ხოლო ახალი კონტაქტების წარმოქნის შესაძლებლობა - გამორიცხული.
მაღალი დონის ბევრი შეხვედრა გაურკვეველი დროით გადაიდო, მათ შორის ჯონ რიდის, სახელმწიფო შეიარაღების კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების მოქმედი თავმჯდომარის მოადგილის ვიზიტი რუსეთში. ვიზიტის დროს უნდა განხილულიყო უსაფრთხოების საკითხები და უნდა ჩატარებულიყო მოლაპარაკებები სტრატეგიულ შეიაღარებათა შემცირების ახალ პაქტზე.
კონგრესის მიერ დანიშნულ კომისიას, რომელსაც მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების პრევენციისა და ტერორიზმთან ბრძოლის პრობლემებზე უნდა ემუშავა, მოსკოვში დაგეგმილი ვიზიტი გადაადებინეს.
აშშ-ს ბევრ ოფიციალურ პირს მიაჩნია, რომ ურთიერთობათა გართულება ძალიან ცუდ დროს დაემთხვა. სადაზვერვო სამსახურების ინფორმაციით დასტურდება, რომ კავკასიის რეგიონი ისლამისტი ექტრემისტების, კრიმინალური მაფიების, ჩრდილოვანი ბაზრების, კორუმპირებული ჩინოვნიკების გზაჯვარედინად იქცა.
"ის რაც ჩვენ გავაკეთეთ, ასე შეიძლება აღიწეროს: არ შეხვიდე კონტაქტში რუსეთთან, არ ითანმშრომლო საკითხთა მთელ სპექტრთან დაკავშირებით" - ამბობს დონალდ მეილი, გადამდგარი ჩინოვნიკი, რომელსაც სახელმწიფო დეპარტამენტში საერთაშორისო უსაფრთხოებისა და ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის საკითხებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თანამდებობა ეკვა - "ჩვენ ეროვნული უსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხები რისკის ქვეშ დავაყენეთ".
ზოგიერთ ჩინოვნიკს მიაჩნია, რომ ხისტმა პოლიტიკამ შესაძლოა ცუდი შედეგი გამოიღოს, რადგან აღორძინებულ სუპერსახელმწიფოსთან თანამშრომლობა ამერიკის უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გაზის მდიდარი საბადოებით მოპოვებული კეთილდღეობა, მზარდი პოლიტიკური გავლენა რუსეთს იმის შესაძლებლობას აძლევს, რომ აშშ-ს გლობალურ ინტერსებს ზიანი მიაყენოს, მაგალითად მოამარაგოს იარაღით მტრულად განწყობილი ქვეყნები, ითანამშრომლოს მათთან ბირთვული შეიარაღების საკითხებში, დაბლოკოს ირანისა და ჩრდილო კორეის ამბიციების ალაგმვის პროცესი - ამბობს მეილი.
რუსეთთან თანამშრომლობა თუნდაც იმიტომაა საჭირო, რომ ვაკონტროლოთ მისივე და 20-მდე სხვა სახელმწიფოს ბირთვული და ქიმიური იარაღის მარაგი. გარდა ამისა, არ უნდა დავუშვათ ის, რომ ეს იარაღი ტერორისტებს ჩაუვარდეთ ხელში - მიაჩნიათ მეილსა და სხვა ოფიციალურ პირებს.
ადმინისტრაციაში, პირიქით, ურთიერთობათა გაციებას გრძელვადიან პერსპექტივაში დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებენ და აცხადებენ, რომ აშშ-ს უფრო დიდი ზიანი მიადგება, თუ ევროპელ მოკავშირეებთან ერთად დღესვე არ გასცემს რუსეთს ადეკვატურ პასუხს.
თეთრი სახლის სპიკერმა გორდონ ჯონდრომ განაცხადა, რომ ადმინისტრაცია რუსეთთან ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა ტერორიზმთან ბრძოლა და ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობა, თანამშრომლობას აპირებს.
მაგრამ აქვე დაამატა: "ჩვენ განვაგრძობთ რუსეთთან მიმართებაში ურთიერთობათა გადასინჯვასა და გადაფასებას. რუსეთის ქმედებებმა დიპლომატიური კონტაქტი ბევრი მიმართულებით ნამდვილად გაართულა".
სახელმწიფო დეპარტამენტის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ისიც განაცხადა, რომ სწორედ მოსკოვმა და არა ვაშინგტონმა შეაჩერა ანტიტერორისტული თანამშრომლობა, ერთობლივი პროექტები ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის და სამხედრო კოოპერაციის მიმართულებით, როდესაც ვენესუელასთან პარტნიორობა გადაწყვიტა.
ბევრი ჩინოვნიკი და ექსპერტი აღიარებს, რომ სიტყვიერმა ომმა ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა სახელმწიფოთა თანმშრომლობას უსაფრთხოების საკითხებში, რომელთა მეშვეობითაც მანამდე პოლიტიკური შტორმების თავიდან აცილება ხერხდებოდა.
"სამუშაო გარემო მოწამლულია" - განაცხადა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი სამსახურის წარმომადგენელმა, რომელიც ორივე ქვეყნის ლიდერთან ურთიერთობს.
ბოლო კვირების განმავლობაში მხოლოდ ადმინისტრაციის რამდენიმე თანამშრომელმა შეძლო რუს კოლეგებთან საკუმინიკაციო არხების შენარჩუნება.
როუზ გოეთემოლერმა, კარნეგის ცენტრიდან გვითხრა, რომ რამდენიმე პროექტზე მუშაობა გრძელდება, მაგრამ ისიც და სხვა გავლენიანი პირებიც შიშობენ, რომ ცვლილებები ამ მიმართულებებითაც მოსალოდნელია.
"რუსეთმა ადამიანები ჭკუიდან გადაიყვანა და ეს გასაგებიცაა" - ამბობს გოეთემოლერი, რომელიც კლინტონის ადმინისტრაციაში ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობდა და აქვე დაამატა: "მაგრამ ისეთ საკვანძო საკითხებში, როგორიცაა ტერორიზმთან ბრძოლა, ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობა, თანამშრომლობის გაგრძელება კვლავინდებურად ჩვენს ეროვნულ ინტერესებში შედის. განა რას ვაპირებთ, კარის მოჯახუნებას? არიან ვაშინგტონში ისეთები, რომლებიც ასეთ ნაბიჯებს არჩევენ".
აშშ-რუსეთის რამდენიმე ორმხრივი შეხვედრა ამ დღეებში შედგა, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ ჰარდლაინერებს ადმინისტრაციაში მათ შესახებ არ გაუგიათ - გვითხრა ერთ-ერთი ანტიტერორისტული სტრუქტურის წარმომადგენელმა.
ოთხშაბათს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანატოლი საფონოვი გერმანიაში სახელმწიფო დეპარტამენტის ანტიტერორისტული სამსახურის კოორდინატორს, დელ დეილის შეხვდა, მაგრამ დეპარტამენტი ისე მტკივნეულად რეაგირებს მოვლენებზე, რომ დეილის ოფისმა ეს ფაქტი ჯერ კიდევ ვერ დაადასტურა.
"არ უნდათ, რომ რუსეთთან თანამშრომლობის ფაქტები გახმაურდეს, რადგან თუ ეს მოხდა, ჰარდლაინერები გაერთიანდებიან და თავისას გაიტანენ" - გვითხრეს მათ.
პაველ პოდვიგმა, სტენფორდის უნივერსიტეტის ექპერტმა რუსეთის საკითხებში, რომელიც მოსკოვის შეიარაღების კონტროლის ცენტრში წლების მანძილზე მუშაობდა, გვითხრა, რომ ჰარდლაინერები მოსკოვში ზუსტად ასევე იქცევიან.
"რუსეთში ბევრს ხელები ექავება" - გვითხრა პოდვიგმა - "თვალნათლივ ჩანს, რომ თნამშრომლობა დაღუპვის პირასაა, რაც ძალიან სამწუხაროა, რადგან სვლა სრულიად საპირისპირო მიმართულებით გვჭირდება".
No comments:
Post a Comment