რალფ ბესტე, უვე კლუსმანი, კორდულა მაიერი, ქრისტიან ნეფი, მათიას შეპი, ჰანს-იურგენ შლამპი, ჰოლგერ შტარკი
სარედაქციო წერილი
15 სექტემბერი 2008
კავკასიური ომის შემდეგ ხუთი კვირა გავიდა და განწყობები საქართველოს პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის არასახარბიელოდ შეიცვალა. ზოგიერთი დასავლური სადაზვერვო სამსახურის ანგარიშებში მოვლენათა ქართულ ვერსია უარყოფილია. დღეს უკვე ატლანტიკური ოკეანის ორივე მხარეს დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებას ითხოვენ.
ჰილარი კლინტონი დაღლილი ჩანს. სამშაბათია, ის ამერიკის შეერთებული შტატების სენატშია, მისი სამოსიც კი, შავ მაისურზე გადაცმული მოყავისფრო ბლეიზერი, გახუნებულს წააგავს.
აღარსად ჩანს ხიბლი, რომელიც დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე, ბარაკ ობამას ნომინირებისას ამშვენებდა, უკვალოდ გაქრა ოცნებაც, რომ 2008 წელს პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელებდნენ. კლინტონი თავის ჩვეულ მოვალეობებს დაუბრუნდა. სენატის შეიარაღებულ ძალთა კომიტეტს სესია აქვს, რუსეთისა და მისი ერთი ბეწო მეზობლის, საქართველოს კონფლიქტს განიხილავენ.
კლინტონი დებატებში მოგვიანებით გამოდის. ხმაც კი დაღლილი აქვს, მაგრამ პოლიტიკური შემართება ძველებური დარჩენია და პირდაპირ საქმეზე გადადის.
”იქნებ საქართველო როგორღაც შევაგულიანეთ ” სამხედრო ძალის გამოყენებისკენ ვუბიძგეთ?- ეკითხება ის კომიტეტის წევრებს. აფრთხილებდა კი ბუშის ადმინისტრაცია სათანადოდ მოსკოვსა და საქართველოს ომის შედეგებზე? და როგორ მოხდა, რომ შეერთებული შტატები ასე გააოცა დაწყებულმა დაპირისპირებამ ? ამ კითხვებს აშშ-ს კომისიამ უნდა უპასუხოს, რომელმაც ”პირველ რიგში ფაქტები” უნდა დაადგინოს.
კლინტონი სულ რამდენიმე წუთს ლაპარაკობს, მაგრამ მისი სიტყვები ერთ რამეს ცხადყოფს- შეერთებულ შტატებში საქართველოსადმი დამოკიდებულება იცვლება.
ხომ არ იყო ამერიკლებისთვის იქ, სადღაც კავკასიაში, ძველ სამყაროში გამართული ეს ომი სხვა არაფერი, თუ არა უზარმაზარი დამპყრობლის მიერ პატარა დემოკრატიული ქვეყნის დამორჩილების მცდელობა? და ხომ არ მიიტანეს შეტევა საქართველოზე მხოლოდ იმიტომ, რომ ”მას თავისუფლება სურს”, როგორც ამას პრეზიდენტი სააკაშვილი CNN -ის კამერების წინ თითქმის ერთი საათის განმავლობაში ირწმუნებოდა?
”დღეს ყველანი ქართველები ვართ” - განაცხადა რესპუბლიკელთა პრეზიდენტობის კანდიდატმა მაკკეინმა. ნეოკონსერვატორმა კომენტატორმა რობერტ კაგანმა რუსეთის ქმედებები 1938 წელს ჩეხოსლოვაკიაში ნაცისტთა შეჭრას შეადარა. ჩეინისთან შეხვედრისას სააკაშვილი იმაში დაარწმუნეს, რომ ვაშინგტონი მას ყველაზე საწადელი ოცნების შესრულებაში, ნატოში შესვლაში დაეხმარება.
მაგრამ ახლა, ომის დასრულებიდან ხუთი კვირის შემდეგ აქ, ამერიკაში ქარი სხვა მიმართულებით უბერავს. უკვე ვაშინგტონშიც კი ეჭვობენ, რომ სააკაშვილი, მეგობარი და მოკავშირე კი არა, მოთამაშეა, ვიღაც, ვინც ხუთდღიანი სისხლისმღვრელი ომი გააჩაღა და მერე დასავლეთი უსირცხვილოდ მოატყუა. ”შეშფოთება რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით რჩება”-თქვა პოლ სანდერსმა, ექპერტმა რუსეთის საკითხებში, ნიქსონის ცენტრის დირექტორმა. მისი სიტყვები დასავლური შეფასებების ანარეკლია-რუსეთის სამხედრო ოპერცია ქართველთა დასჯას ისახავდა მიზნად და გადამეტებული იყო, მოსკოვმა დაარღვია საერთაშორისო სამართლის ნორმები, როდესაც სეპარატისტული რესპუბლიკების, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა, და ბოლოს, რომ საქართველო კრემლმა იმპერიული ძლევამოსილების აღორძინების დემონსტრირებისთვის გამოიყენა.
მაგრამ აქვე სანდერსმა დააზუსტა: ”სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი აცნობიერებს, რომ კონფლიქტს ორი მხარე ყავს და საქართველო არა იმდენად მსხვერპლია, რამდენადაც თანამონაწილე”. აშშ-ს პრეზიდენტის ბუშის ადმინისტრაციაშიც პოზიციების გადახედვა იწყება. ”საქართველო სამხრეთ ოსეთის დედაქალაქში, ცხინვალში” პროვოკაციათა მთელი კასკადის შემდეგ შევიდა, ასეთია დენიელ ფრიდის, სახელმწიფო მდივნის მოადგილის აზრი.
ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ ამერიკის და ევროპის მიერ ასე ფართოდ დეკლარირებული სოლიდარობა სააკაშვილთან ნაადრევი იყო? ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა გორდონ ბრაუნმა, მოსკოვთან ურთიერთობის ”რადიკალურად” გადახედვა მოითხოვა, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმა საერთაშორისო სამართლის დარღვევა გაკიცხა, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა საქართველოს აღუთქვა, რომ ის ”გახდება ნატოს წევრი”. მაგრამ ბოლო დროს ანტიმოსკოვურმა რიტორიკამ იკლო.
გასულ კვირას გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ღიად მოითხოვა საკითხის გარკვევა და იმის დადგენა, თუ ვინ არის დამნაშავე ომის დაწყებაში. ” ჩვენ უნდა ვიცოდეთ ვის რა წილი პასუხისმგებლობა ეკისრება” -განუცხადა შტეინმაირმა 200-ზე მეტ ელჩს ბერლინში. ევროკავშირმაც აღნიშნა, რომ უნდა ”განსაზღვროს ურთიერთობა კონფლიქტის მხარეებთან საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში” და, რომ დადგა დრო კონკრეტული ინფორმაციის მიღებისა.
ვინ წამოიწყო ომი?
ამ კითხვაზე პასუხის მოძიება ძალიან მნიშვნელოვანია. ომის შემდეგ დასავლეთმა ერთი რამ უნდა გაარკვიოს, სჭირდება თუ არა საქართველო ნატოში, ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ მსგავსი კონფლიქტის შემთხვევაში ალიანსი ვალდებული იქნება დაპირისპირებაში სამხედრო ძალით ჩაერიოს. ან რა ტიპის ურთიერთობა უნდა ჰქონდეს რუსეთთან, რომელიც ამერიკასავით დაჟინებით იცავს თავისი გავლენის სფეროებს?
აგვისტოს ხუთდღიანი ომის რეკონსტრუქციის მცდელობა ერთი საკვანძო საკითხის გარშემო ტრიალებს: რომელმა მხარემ წამოიწყო შეიარაღებული შეტევა? ნატოდან და ეუთოდან წამოსული ინფორმაცია, დღეს უკვე, ომის პირველ დღეებში გავრცელებული მიდგომებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება - ეს კი დასავლელ პოლიტიკოსებში ეჭვებს აჩენს.
ქართული მხარე ამტკიცებს, რომ ომი 7 აგვისტოს 23:30 წუთზე დაიწყო. ეს ის დროა, როდესაც რამდენიმე სადაზვერვო სამსახურმა დააფიქსირა, რომ 150-მდე რუსულმა ტანკმა საქართველოს ტერიტორია გადაკვეთა და სეპარატისტულ რეგიონში, სამხრეთ ოსეთში როკის გვირაბის გავლით შევიდა. ქართველები ამბობენ, რომ სწორედ ამიტომ დილის 3 საათზე ცხინვალისკენ დამატებითი კოლონები გაუშვეს.
”ჩვენ რუსული ჯარის შეჩერება მანადე გვინდოდა, სანამ ქართულ სოფლებს მიაღწევდნენ” უთხრა სააკაშვილმა ”შპიგელს” როცა გვიხსნიდა რატომ და რა უბრძანა თავის ჯარებს. ”როცა ჩვენი ტანკები ცხინვალისკენ დაიძრნენ, რუსებმა ქალაქი დაბომბეს-ჩვენ არ დაგვიბომბია- ცხინვალი ბოლომდე მათ დაანგრიეს”. მაგრამ ეუთოს ანგარიშებში დროის იგივე მონაკვეთი განსხვავებულად აღიწერება.
ეუთოს სამხრეთ ოსეთში დღემდე ჰყავს მისია, რომელიც ომის დაწყების გამო ფრონტის ხაზზე აღმოჩნდა. მათი ანგარიშების თანახმად, 8 აგვისტოს საქართველოს დროით 23 საათზე, ცხინვალის ცენტრის დაბობვა დაიწყო. სროლა კონფლიქტის მიღმა ტერიტორიიდან მიმდინარეობდა. ცხინვალში განთავსებული მისიის ოფისი დაზიანდა და მისიის სამმა თანამშრომელმა სარდაფს შეაფარა თავი .
მსგავსი ანგარიშები რეგულარულად იგზავნება ვენაში ეუთოს 556 ქვეყნის ოფისში. 8 აგვისტოს ანგარიში სრულიად ნეიტრალურია, რაც გასაგებიცაა, რადგან ორივე, რუსეთიც და საქართველოც ეუთოს წევრი ქვეყანაა, ამიტომ იქ ვერ მოიძიებთ შეფასებით მსჯელობას. სამაგიეროდ დეტალურადაა აღწერილი, სად დაარღვია რუსეთმა საქართველოს საჰაერო სივრცე და რომელ ოსურ სოფლებში შევიდა ქართული ჯარი.
როგორც ”შპიგელმა” შეიტყო ნატო უფრო კონკრეტულ და ცხად დასკვნებს აკეთებს. ალიანსის ინტერნაციონალურმა სამხედრო შემადგენლობამ (IMS), რომელიც ნატოს უმაღლესი ორგანოსთვის, სამხედრო კომისიისთვის მუშაობს, სწრაფად გაანალიზა მის ხელთ არსებული მასალა. სამხედრო კომისიაში ყველა წევრი ქვეყნის ოფიცერი შედის.
8 აგვისტოს შუადღისთვის ნატოს ექსპერტებმა რუსეთის ჯარების წინსვლა ვერ დააფიქსირეს. მოგვიანებით, ამ ”წინსვლას” სააკაშვილმა თავდასხმა უწოდა, ხოლო რუსებმა -”მშვიდობის შენარჩუნება”. მიუხედავად ამისა, ნატოს შიდა არხებით, გაფრთხილება მაინც გაავრცელეს, რადგან პირველმა რუსულმა შეტევებმა სარაკეტო დანდაგარებითა და თვითმფრინავებით ცხადყო, რომ მოსკოვი არც შემდგომში აპირებდა გაჩერებას.
ნაწილი 2: ქართველთა კარგად გათვლილი შეტევა
ნატოს ოფიცრებისთვის ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში, ერთი რამ სრულიად ცხადია: ისინი ფიქრობენ, რომ ომი ქართველებმა დაიწყეს და მათი ქმედებები ბევრად უფრო კარგად იყო გათვლილი, ვიდრე ეს შეიძლება მომხდარიყო თავდაცვითი ოპრაციისას, ან მხოლოდ რუსეთის პროვოკაციის საპასუხოდ. ფაქტი ერთია, ნატოს ოფიცრებს მიაჩნიათ, რომ ქართულმა მხარემ ცხინვალზე წინასწარ დაგეგმილი შეტევა მიიტანა. ისინი კონფლიქტის დაწყებამდე ცივი გონებით მონაწილეობდნენ ორმხრივ სროლებში. უფრო მეტიც, ნატოს ოფიცრები დარწმუნებულნი არიან, რომ ეს სროლები მათ ომის სამზადისის გასამართლებლად გამოიყენეს.
რუსი ჯარისკაცები სამხრეთ ოსეთში, 10 აგვისტო
ნატოს ექპერტებს არ გაუპროტესტებიათ ქართველთა განცხადებები იმის თაობაზე, რომ როკის გვირაბში შემოსვლით რუსეთმა საქართველოს პროვოცირება მოახერხა. მაგრამ მათ შეფასებებში სკეპტიციზმი ჭარბობს-სააკაშვილის ნაბიჯები ამ ფაქტს არ განუპირობებია.
სადაზვრევო სამსახურების მიერ მოპოვებული დეტალები, ნატოს შეფასებებს ადასტურებს. ამ ინფორმაციის თანახმად, ქართველებმა 7 აგვისტოს, დილას სამხრეთ ოსეთის საზღვართან დაახლოებით 12000 ჯარისკაცს მოუყარეს თავი, გორთან 75 ქართული ტანკი და ჯავშანტრანსპორტიორი იდგა-ქართული შეიარაღების მესამედი. როგორც ჩანს, სააკაშვილი ბლიცკრიგს გეგმავდა, ის როკის გვირაბთან უნდა მისულიყო, საზღვარი გადაეკეტა და სამხრეთ ოსეთი რუსეთისგან მოეწყვიტა.
7 აგვისტოს, 22:30 წუთზე, ერთი საათით ადრე, ვიდრე რუსები როკის გვირაბს მოადგებოდნენ (სააკაშვილის ვერსიით ომი 23:30 დაიწყო), ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა ცხინვალზე საარტილერიო შეტევა მიიტანეს. ქართველებმა 27 სარაკეტო დანადგარი, 152 მმ-იანი სასროლი იარაღი და კლასტერული ბომბები გამოიყენეს. სამმა ბრიგადამ ღამის შტურმი დაიწყო.
სადაზვერვო სააგენტოებმა ეთერში რუსების შეძახილები დაიჭირეს, ისინი შველას ითხოვდნენ. როგორც ჩანს, 58-ე არმია, რომლის ნაწილიც რეგიონში იყო დისლოცირებული, ბრძოლისთვის მზად არ იყო, ყოველ შემთხვევაში პირველ ღამეს ასე ჩანდა.
ქართული არმია, რომელიც ძირითადად ქვეითი შენაერთებისგან შედგებოდა და იძულებული იყო მთავარი მაგისტრალებზე ევლო, შეაჩერეს. დასავლური სადაზვერვო სააგენტოები გადმოსცემენ, რომ ქართველებს რაღაც პრობლემები ჰქონდათ იარაღთან დაკავშირებით, მოკლედ ერთი დასკვნის გაკეთება შეიძლებოდა- მანცდამაინც კარგად ვერ იბძოდნენ.
სადაზვერვო მონაცემებით ისიც დასტურდება, რომ რუსული არმია ბრძოლაში 8 აგვისტოს 7:30 წუთზე ჩაერთო და ბორჯომს სარაკეტო დანადგარი დაუშინა. როგორც ჩანს, ჭურვი სახელისუფლებო ბუნკერს მოხვდა. რუსულმა თვითმფრინავებმა გორს შეუტიეს. უეცრად ეთერიც გამოცოცხლდა ისევე, როგორც რუსული არმია.
რუსულ არმიას როკის გვირაბი დაახლოებით 11 საათამდე არ გამოუვლია. მოვლენათა ასეთი თანმიმდევრობა ერთ რამეს ადასტურებს, შეტევა მოსკოვს არ დაუწყია, მან უბრალოდ სიტუაციაზე ირეაგირა. შეიარაღება და მეომრები მოგვიანებით სამხრეთით გადაადგილეს.
ევროპაში საერთაშორისო გამოძიებას ითხოვენ
ვოლფგან რიჰტერი, პოლკოვნიკი, ეუთოს გერმანული მისიის მრჩეველი იმ დროს თბილისში იმყოფებოდა. ის ადასტურებს, რომ უკვე ივლისში საქართველომ სამხრეთ ოსეთის საზღვრებთან ჯარს მოუყარა თავი. გასულ ოთხშაბათს, დახურულ სესიაზე ბერლინში მან გერმანიის თავდაცვის მინისტრსა და სხვა ოფიციალურ პირებს პარლამენტში აცნობა, რომ ქართველები ნაწილობრივ ტყუოდნენ საკუთარი ჯარის გადაადგილებების აღწერისას. რიჰტერმა თქვა, რომ ვერ მოიპოვა სააკაშვილის განცხადებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომელთა თანახმადაც ქართული მხარის ქმედება რუსეთის მიერ როკის გვირაბისკენ წამოსვლამ განაპირობა, თუმცა ისიც დაამატა, რომ არც ამის გამორიცხვა უნდა. პარლამენტის ზოგიერთი წევრისთვის მისი განცხადებები რუსული ვერსიის სრულ დადასტურებად გაისმა: ”მან ინტერპრეტაციისთვის შანსი აღარ დაგვიტოვა”-გვითხრა ერთ-ერთი საპარლამენტო კომისიის წევრმა. ”ცხადია, რომ პასუხისმგებლობა ქართველებს უფრო უნდა დაეკისროთ, ვიდრე რუსებს”-დაამატა მეორემ.
ამ განცხადებების შემდეგ, დასავლელი ექსპერტებისთვის ნათელი გახდა, ვინ წაუკიდა ოსური დენთით სავსე კასრს ცეცხლი.ბუნებრივია, ომის ქარცეცხლში ანალიტიკოსები აღარ უღრმავდებიან კონფლიქტის ფესვებს, იმას, რომ რუსეთი წლების მანძილზე პროვოკაციებს უწყობდა თბილისს.
სამხრეთ ოსეთი
ახლა კი ნამდვილად მოვიდა დრო, რომ ევროკავშირმაც გაარკვიოს ომის გამომწვევი მიზეზები. რუსეთი გაოგნებული დარჩა, როდესაც ევროპამ სააკაშვილი ცხინვალზე შეტევისთვის არ გაკიცხა და თითს დაჟინებით იშვერდა რუსეთისკენ. ერთ-ერთმა რუსმა დიპლომატმა ევროპელები სიმხდალეში დაადანაშაულა ”მათ არ ეყოთ გამბედაობა, ვაშინგტონსა და მის მოკავშირეს საქართველოში ვერაფერი გაუბედეს”.
გასულ კვირას ავინიონში, ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრებმა კონფლიქტის გარემოებათა დასადგენად ”საერთაშორისო გამოძიება მოითხოვეს”. ლოგიკურია, რომ იმას, ვინც შუამავლობა იკისრა, არ უნდა მიკერძოებული პოზიცია ჰქონდეს. დიდი ბრიტანეთის, შვედეთის, ბალტიის ქვეყნებისა და სხვა აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოთა მინისტრებიც კი დაეთანხმნენ ამ წინადადებას. ავინიონის შეხვედრამდე, ისინი ფაქტების მიუხედავად, რუსეთისადმი მკაცრი და საქართველოსადმი სოლიდარული დამოკიდებულების მომხრენი იყვნენ.
27 მინისტრი გამოძიებასთან დაკავშირებული რეზოლუციის მიღებაზე შეთანხმდა. მაგრამ საკითხავი ის არის, ვის დაევალება ასეთი დელიკატური საქმე: გაეროს, ეუთოს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, სამეცნიერო წრეებს, თუ ჯგუფი ყველა ორგანიზაციის წარმომადგენელს გააერთიანებს? ერთი რამ ცხადია, თვითონ ევროკავშირს გამოძიების ჩატარების სურვილი არ აქვს, რადგან ევროპას ეშინია, რომ ეს კიდევ უფრო გაზრდის უფსკრულს ხისტი პოზიციის მომხრეებსა და მათ შორის, ვინც მოსკოვთან ურთიერთობას ფრთხილად ეკიდება.
სააკაშვილი, ექსპანსიური თბილისელი მმართველი, დასავლეთის ცვალებადი განწყობილებით უკმაყოფილოა. სატელევიზიო გამოსვლებში ის თავის ვერსიას დაჟინებით იმეორებს, ხოლო უცხოური PR ფირმები დასავლურ მედიას სკრუპულოზურად შერჩეული ინფორმაციული ნაკადით ავსებენ. გარდა ამისა, თბილისი ჰააგის ტრიბუნალში რუსეთს ეთნიკური წმენდების გამო უჩივის.
მაგრამ სააკაშვილს თავისი მოკავშირეების უპირობო მხარდაჭერის იმედი აღარ აქვს. ნატოს დელეგაციის ვიზიტის წინ სააკაშვილი ალიანსს გადამწყვეტი ნაბიჯებისკენ მოუწოდებდა და აცხადებდა, რომ ყოყმანი რუსეთს დასავლეთის სისუსტეში დაარწმუნებს, რასაც შედეგად რუსეთის დაუსრულებელი აგრესიული გამოხტომები მოყვება.
ნუთუ სააკაშვილის პოლიტიკური კარიერა დასრულდა?
საქართველოს პრეზიდენტზე ზეწოლა ქვეყნის შიგნითაც ძლიერდება. რუსეთის აგრესიის გამო შექმნილი ერთიანი ფრონტი დაიშალა. ის, ვინც სააკაშვილსა და მის ჩინოვნიკებს ავტორიტარიზმში ადანაშაულებდა, კვლავ ალაპარაკდა. 2007 წლის დეკემბერში გიორგი ხაინდრავამ, ყოფილმა მინისტრმა, რომელიც 2006 წელს თანამდებობიდან გაათავისუფლეს, ”შპიგელს” უთხრა, რომ სააკაშვილისთვის და მისი დაახლოებული წრისთვის ”ძალაუფლება ყველაფერს ნიშნავს”. რამდენიმე კვირით ადრე სააკაშვილმა თბილისის ქუჩებში, სადაც ოპოზიცია საპროტესტო აქციებს მართავდა, სპეცრაზმი გამოიყვანა და შემდეგ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. აი სწორედ იმ დროს გვითხრა ხაინდრავამ, რომ ახლა სააკაშვილი შეეცდება თავისი შელახულ იმიჯი სამხრეთ ოსეთთან ომში გამარჯვებით აღიდგინოს.
2006 წლის მაისში, ასევე ყოფილი მინისტრი, სალომე ზურაბიშვილი თავისი ყოფილი ბოსის ქმედებებს აკრიტიკებდა. ”უზარმაზარ შეიარაღებას”, რომელიც სააკაშვილმა წამოიწყო, ”აზრი არა აქვს” და აქვე ამბობდა, რომ ეს ყველაფერი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის კონფლიქტების ძალისმიერი მეთოდებით გადაჭრის სურვილზე მიანიშნებს.
გასულ კვირას ორი მსხვილი პოლიტიკური პარტიის ლიდერებმა სააკაშვილის გადადგომა მოითხოვეს და ისეთი ხელისუფლების ფორმირებას დაუჭირეს მხარი, რომელიც არც პრორუსული, არც პროამერიკული, არამედ პროქართული იქნება. მოსკოვში თემურ ხაჩიშვილმა, რომელიც სააკაშვილის წინამორბედის მკვლელობის მცდელობისთვის ციხეში იჯდა, დაფდაფდაფებს შემოკრა და ხელისუფლების შეცვლას მხარი დაუჭირა.
ნუთუ სააკაშვილმა, რომელიც სულ რაღაც ხუთი კვირის წინ დასავლეთის სიმპათიებით სარგებლობდა და ომის მსხვერპლად განიხილებოდა, თავისი პოლიტიკური კარიერა დაასრულა. წინა კვირას, მას სრულიად მოულოდნელად, რუსი ოფიცერი დაეხმარა. ”წითელ ვარსკვლავში”, გაზეთში, რომელსაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო გამოსცემს, 58-ე არმიის ოფიცრის ცნობა გამოქვეყნდა. ეს ცნობა რუსეთის ხელისუფლებამ შემდეგ უარყო. ოფიცერი ირონიულად აფასებდა დასავლური სადაზვერვო სამსახურებისა და ნატოს დასკვნებს, რომელთა თანახმად რუსულმა ჯარმა ცხინვალში მხოლოდ 9 აგვისტოს ჩააღწია.
კაპიტანი დენის სიდრისტი, ყვებოდა, როგორ იდგა ის და მისი შენაერთი როკის გვირაბში ღამე 7 აგვისტოს . იქნებ რუსული ოპერაცია მართლაც უფრო ადრე დაიწყო?
გასულ კვირას მოსკოვმა ისიც უარყო, რომ ქართული შეტევის დროს 2000 ადამიანი დაიღუპა, რასაც უფრო ადრე რუსეთი დაჟინებით იმეორებდა. აღმოჩნდა, რომ კონფლიქტმა სულ 134 ადამიანი იმსხვერპლა.
სიდრისტის განცხადებასთან დაკავშირებით რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ეს მხოლოდ ტექნიკური შეცდომა იყო. უფრო მეტიც, სპიკერმა ისიც თქვა, რომ ოფიცერი დაჭრილი იყო და კარგად არაფერი ახსოვდა.
გასულ კვირას სიმამაცისთვის ორდენით დაჯილდოვებულმა სიდრისტიმ განაცხადა, რომ მისი შენაერთი როკის გვირაბთან უფრო გვიან მივიდა, ვიდრე ეს წინა გამოსვლაში აღწერა.
როგორც ჩანს, ტყუილ-მართლის გარჩევა კავკასიის პატარა ომთან დაკავშირებით კიდევ დიდხანს გაგვიძნელდება.
No comments:
Post a Comment