Saturday, September 15, 2007

ნატოს ხელმძღვანელი საქართველოს მხარდაჭერას უცხადებს

afp_logo

15 სექტემბერი 2008

თბილისი (AFP) - ნატოს გენერალური მდივანი იაპ დე ჰოოპ სხეფერი ორშაბათს თბილისში მხარდაჭერის გამოსახატავად მიემგზავრება. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც ამ დროს სეპარტისტულ რეგიონებში მოგზაურობს, სხეფერის ვიზიტისადმი კრიტიკულადაა განწყობილი.

ნატოს გენერალური მდივანი, ნატოს 26 ქვეყნის ელჩის თანხლებით, საქართველოს ორდღიანი ვიზიტით ეწვევა.

ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ჩატარდება მოლაპარაკებები, სადაც განიხილავენ საქართველოს ნატოში გაწევრიანებისა და რუსეთის სამხედრო ოპერაციის შედეგად მიყენებული ზარალის აღდგენის საკითხებს-განაცხადეს ნატოს და საქართველოს ოფიციალურმა პირებმა.

”საქართველოსთვის დღევანდელი ვიზიტი უმნიშვნელოვანესია, რადგან ეს უტყუარი დასტურია იმისა, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესი შეუქცევადია”-განაცხადა ალექსანდრე ლომაიამ უშიშროების საბჭოს თავმჯდომარემ.

”საქართველოს სვლას ნატოსკენ ვერაფერი შეაჩერებს. რუსეთის აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ ერთი უმთავრესი მიზანი ჰქონდა-შეეფერხებინა საქართველოს ინტეგრაცია ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში, მაგრამ მან ამას ვერ მიაღწია” -თქვა მან.

რუსეთი, რომელიც სასტიკად ეწინააღმდეგება ნატოს გაფართოებას, ვიზიტის გაუქმებისკენ მოუწოდებდა. ვიზიტი დაგეგმილი იყო სეპარატისტულ რეგიონში, სამხრეთ ოსეთში ომის დაწყებამდე და მიზნად ისახავს ნატო-საქართველოს თანამშრომლობის კომისიის დაფუძნებას.

პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი ამერიკის შეერთებულ შტატებს ჰუმანიტარული დახმარების საფარქვეშ საქართველოს გადაიარაღებაში ადანაშაულებს. ვაშინგტონი ბრალდებებს უარყოფს.

ნიშნეულია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი კვირას საქართველოს სეპარატისტულ იმ რეგიონებში გაემგზავრა, რომელთა დამოუკიდებლობაც აღიარა მოსკოვმა.

კვირას, აფხაზეთში ახლად ჩასულმა ლავროვმა, დე ჰოოპ სხეფერი საქართველოს მხარდამჭერი განცხადებებისთვის გააკრიტიკა.

”მე, რა თქმა უნდა, მოვისმინე მისი განცხადებები, რომლებიც არ შეეფერება ასეთი სერიოზული ორგანიზაციის ლიდერს”-განაცხადა ლავროვმა.

ნატოს წარმომადგენლები ეწვევიან იმ ადგილებს, რომლებზეც რუსულმა ჯარებმა იერიში მიიტანეს, მათ შორის ”ბუფერული ზონიდან” რამდენიმე კილომეტრით დაშორებულ ქალაქ გორსაც. ”ბუფერულ ზონაში” ჯერ კიდევ დგას რუსული ჯარი, რომელიც იცავს სამხრეთ ოსეთის მისადგომებს.

გორში დღესაც ათობით ათასი ლტოლვილია, რომელთაც კონფლიქტის გამო სახლების მიტოვება მოუხდათ. ბევრი მათგანი კარვის ქალაქში და ადგილობრივ სკოლებში ცხოვრობს.

ნატოს ხუთი ოფიცერი გასულ კვირას ჩამოვიდა საქართველოში იმ ზარალის შესაფასებლად, რომელიც მიადგა ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს და სხვა სფეროებს-განაცხადეს დიპლომატებმა ბრიუსელში.

მიუხედავად ამისა ლომაიამ თავი შეიკავა ნატოს მიერ საქართველოს გადაიარაღებაზე საუბრისაგან.

”საქართველო არ ელის ალიანსისგან უშუალო სამხედრო დახმარებას, მაგრამ თანამშრომლობის პროგრამები გაგრძელდება და განვითარდება”.

საქართველო დღემდე იმედოვნებს, რომ ნატო დეკემბერში ქვეყანას ალიანსის წევრობის ოფიციალური კანდიდატის სტატუსს (მაპ) მიანიჭებს, მაგრამ ოფიციალური პირები, როგორც ჩანს, რეალისტურად აფასებენ ამ პერსპექტივას, იციან რა ნატოს ზოგიერთი წევრი ქვეყნის აზრი საკითხთან დაკავშირებით.

”რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა, რომ მოვიპოვოთ მაპი, მაგრამ კარგად გვესმის ის სირთულეები და ბარიერები, რომლებიც დეკემბრში გველის”-უთხრა ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრი მოადგილემ ეკა ზღულაძემ.

ევროკავშირი უკვე ასრულებს გეგმას 1ოქტომბრიდან 200 დამკვირვებლის საქართველოში განსათავსებლად. დამკვირვებელთა შემოყვანა რეგიონში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ერთ-ერთი პირობაა, რასაც უნდა მოყვეს რუსეთის ჯარების გასვლა საქართველოს ტერიტორიიდან, თუმცა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში რუსებისამხედრო შენაერთების დატოვებას აპირებენ.

ორიგინალი

No comments: