Monday, September 10, 2007

ქართული კრიზისიდან გამოსვლის სცენარი

le_figaro

ალენ ბარლიუე
10 სექტემბერი 2008

რუსეთის დაპირება, რომ ერთი თვის ვადაში საქართველოდან ჯარებს გაიყვანს, ბევრ პასუხგაუცემელ კითხვას ტოვებს.

საქართველოს – უკრაინა მოჰყვა. ორშაბათს, თბილისიდან რამდენიმე საათის წინ დაბრუნებული ნიკოლა სარკოზი, როგორც ევროკავშირის მოქმედი თავმჯდომარე, ელისეის სასახლეში თავის უკრაინელ კოლეგას ვიქტორ იუშჩენკოს შეხვდა. შეხვედრის ძირითად ფონს ქართული კრიზისი ქმნიდა. "სანაძლეოს დავდებ, რომ ამაზე მეტის მიღწევას ვერავინ შეძლებდა", - მიულოცა საკუთარ თავს საფრანგეთის სახელმწიფოს მეთაურმა, მოსკოვისა და თბილისის ვიზიტის შედეგები. ამ ელვისებური ვიზიტების შედეგებს მალე რეალობა გამოცდის.

"გამოსაცდელი ვადის" ათვლა კი იმ მომენტიდან იწყება, როდესაც რუსეთის პრეზიდენტმა საქართველოდან ჯარების გაყვანის პირობა დადო და რეგიონში უცხოელი დამკვირვებლების გაგზავნაზე თანხმობა განაცხადა. 10 ოქტომბერს ეს ვადა იწურება. 15 ოქტომბერს, ჟენევაში საერთაშორისო დიკუსიები უნდა დაიწყოს. ამ ღონისძიების დღის წესრიგიც დასაზუსტებელია. სარკოზის და მედვედევის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის ამ სამ პუნქტზე ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს.

ჯარების გაყვანა

დოკუმენტი სახელწოდებით "12 აგვისტოს გეგმის განხორციელება", რომელსაც ორშაბათს ხელი მოსკოვში მოეწერა, ითვალისწინებს "რუსული სამშვიდობო ძალების" (ასეთ ფორმულირებას ითხოვდა რუსეთი, რაც თბილისმა გააპროტესტა) მთლიანად გაყვანას 10 ოქტომბრამდე "სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მიმდებარე ზონებიდან - იმ ხაზამდე რომელიც არსებობდა საბრძოლო მოქმედებების დაწყებამდე". აი ამ ბოლო ფრაზის გამო, რომლის ამოღებასაც დაჟინებით ითხოვდა რუსეთის მთავარი დიპლომატი სერგეი ლავროვი, სარკოზიმ კინაღამ მოლაპარაკების მაგიდა დატოვა. ის ფაქტი, რომ ფრაზა მაინც მოხვდა შეთანხმების ტექსტში, არანაირად არ ნიშნავს იმას, რომ რუსი ჯარისკაცები სამხრეთ ოსეთს და აფხაზეთს დატოვებენ. რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ანატოლი სერდიუკოვმა ორშაბათს განაცხადა, რომ მოსკოვი ამ ტერიტორიებიდან თითოეულზე 3 800 სამხედროს დატოვებს, ანუ ჯამში 7 600 ადამიანს.

ევროკავშირის თავმჯდომარე საფრანგეთი დარწმუნებულია, რომ რუსეთი მოახდენს "სადამკვირვებლო პუნქტების" ლიკვიდაციას აფხაზეთის მიმდებარე ტერიტორიაზე და გაიყვანს ჯარისკაცებს, რომლებიც ჯერ კიდევ დგანან ორივე რეგიონის მიმდებარე "ბუფერულ ზონებში". "დიმიტრი მედვედევი დაინტერესებულია შეასრულოს დაპირება რომელიც ევროპელებს მისცა – თვლის დიპლომატიური წრეების ერთ-ერთი წარმომადგენელი - თუკი იგი ამას არ გააკეთებს, ეს მის სისუსტედ ჩაითვლება".

საერთაშორისო დამკვირვებლები

სარკოზის თქმით, ოქტომბრის დასაწყისისთვის საქართველოში – სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ჩათვლით – დაახლოებით 500 საერთაშორისო დამკვირვებელი იქნება. უკვე არსებულ ეუთოს და გაეროს მისიებს, კიდევ 200 დამკვირვებელი დაემატება, ისევ გაეროდან, რომლებიც ადგილზე უნდა იყვნენ არაუგვიანეს 2008 წლის პირველი ოქტომბრისა".

ჯერ კიდევ გაურკვევლია ეს კონტიგენტი იქნება "ავტონომიური" (ასე აცხადებს საფრანგეთის საგარეო უწყება, თუმცა ეს სიტყვა შეთანხმებაში არ ფიგურირებს), თუ ეუთოს ფარგლებში იმოქმედებს (როგორც ეს მოსკოვში ნიკოლა სარკოზიმ განაცხადა), რაც რუსებს მისცემს საშულებას შეზღუდონ მათი მოქმედების თავისუფლება. შეთანხმებაში მისიაზე ნათქვამია, რომ ის იქმნება "უკვე არსებულ სადამკვირვებლო მექანიზმებზე დამატებით". ევროკავშირის ქვეყნებმა მისიის გამგზავრება 15 სექტემბრამდე უნდა უზრუნველყონ.

ისევ გაურკვევლობაა მისიის განთავსების ზონებთან დაკავშირებით. ორშაბათს საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მან მიაღწია იმას, რომ ევროპელი დამკვირვებლები არამხოლოდ "ბუფერულ ზონებში", არამედ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთშიც იმუშავებენ. ევროკავშირის ამ მისიას "რუსების თანხმობა არ დასჭირდება", დარწმუნებით განაცხადა ორშაბათს საფრანგეთის საგარეო უწყების პრეს-მდივანმა ერიკ შევალიემ. მხოლოდ გრაფიკია დასაზუსტებელი. თუკი ევროპელი დამკვირვებლების მისია იმაში მდგომარეობს, რომ "ყველგან იმოქმედონ", მხოლოდ ისღაა გასარკვევი "კონკრეტულად რა მომენტში" გახდება ეს შესაძლებელი, აღიარებს ერიკ შევალიე. "მიღწეულ" პრინციპსა და რეალურ შესაძლებლობას შორის – უზარმაზარი დიმპლომატიური დროა, რომელიც როგორც ჩანს მოკლე არ იქნება. დღეს რუსეთისგან ამ საკითხზე თანხმობის მიღება ძალიან საეჭვოდ გამოიყურება, რადგან მედვედევმა 26 აგვისტოს ცალმხრივად მიღებული გადაწყვეტილება ამ ორი ტერიტორიის დამოუკიდებლობის ცნობაზე, გამოაცხდა როგორც "საბოლოო". "არაფერი საბოლოო არ არსებობს" – საუბრობენ სახელმწიფოს მეთაურის გარემოცვაში და ამ საკითხს შემდეგი მოლაპარაკებების თემად მიიჩნევენ.

საერთაშორისო დისკუსიები

"საერთაშორისო დიკუსიებისთვის" მზადება, რომლებიც ეხება "რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ფორმებს", სავარაუდოდ 15 ოქტომბრიდან დაიწყება. თუმცა ეს თარიღი ჯერ არადამაჯერებლად ჟღერს, რადგან მწვავე საკითხები - როგორებიცაა დევნილების და გადაადგილებულ პირთა პრობლემა, მათ შორის იმ ადამინებისაც ვინც 1990-იანების კონფლიქტის დროს დაზარალდა – საკმარისია, აღნიშნა ნიკოლა სარკოზიმ. ნამდვილი თავსატეხია. რაც შეეხება ოსეთისა და აფხაზეთის სტატუსს, მოსკოვმა საეჭვოა მის ცოტა ხნის წინანდელ გადაწყვეტილებას გადახედოს.

ორიგინალი

No comments: