Monday, September 10, 2007

ფრთხილი მიდგომა კონფრონტაციის შესარბილებლად

washington_post

დევიდ იგნატუსი
10 სექტემბერი 2008

საქართველოში რუსეთის ინტერვენციის შემდეგ ბუშის ადმინისტრაციამ ისეთი პოზიცია დაიკავა, რომელიც მათ ლიბერალ კრიტიკოსებს გაახარებდა, მაგრამ მკაცრი კურსის მომხრეებს იმედს გაუცრუვებდა. ადმინისტრაციამ თავშეკავებული ნაბიჯების გადადგმა არჩია-ეხმარება საქართველოს, მაგრამ რუსეთის კუთხეში მომწყვდევას ერიდება.

საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებული სტრატეგია ძალისმიერი დაპირისპირებისგან თავშეკავებასა და ევროპელ პარტნიორებთან კოოპერაციას დაეფუძნა. ადმინისტრაციის პოზიცია საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ გადადგმულმა არც თუ ისე გონივრულმა ნაბიჯმაც განაპირობა: 7 აგვისტოს მან სამხრეთ ოსეთზე შეტევა განახორციელა, რამაც რუსეთის საპასუხო სადამსჯელო ოპერაციას გაუხსნა გზა.

ამ პოზიციამ ერთი რამ ცხადყო: ბუშის საპრეზიდენტო ვადის მიწურულს საგარეო პოლიტიკაში მიღებული გამოცდილების გათვალისწინება დაიწყეს. საკმაოდ საინტერესოა, რომ მოცემული მიდგომა საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებით ბარაკ ობამას თავდაპირველ, ფრთხილ რეაქცის უფრო უახლოვდება, ვიდრე ჯონ მაკკეინის კონფრონტაციულ პოზიციას.

გასულ კვირას გაკეთებული განცხადება იმის შესახებ, რომ ჰუმანიტარული პრობლემების გადასაწყვეტად და ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქციისთვის ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს 1 მილიარდი დოლარით დაეხმარება, მაგრამ ქართული ჯარის დაუყოვნებლივ აღდგენას არ აპირებს (როგორც ამას იმედოვნებდნენ ზოგიერთნი თბილისსა და ვაშინგტონში), არჩეული პოლიტიკური კურსის არსებითი მახასიათებელია. ვიცე-პრეზიდენტის, დიკ ჩეინის მიერ გასულ კვირას ჩატარებული ტური სიტუაციის საომარი სულისკვეთებით შეფერადებას და საქართველოს მეზობლების გამხნევებას ისახავდა მიზნად. მაგრამ მთავარი მაინც არ შეცვლილა- ახალი ”ცივი ომის” დაწყებას მოერიდნენ.

იმით, რომ აქცენტი სამოქალაქო დანიშნულების დახმარებაზე გაკეთდა, ადმინისტრაციამ რამდენიმე მესიჯი გააგზავნა: ევროპელები უნდა დარწმუნებულიყვნენ, რომ აშშ-ს არ სურს საქართველოს კონფლიქტის მილიტარიზება და აშშ-რუსეთის კონფრონტაციად გადაქცევა. ამავე დროს, სააკაშვილმაც მიიღო ფრთხილი მინიშნება: შემდგომში უფრო გამოზომილი ნაბიჯები უნდა გადადგას და მოსკოვის პროვოცირებას მოერიდოს. ადმინისტაციაში შიშობენ, რომ საქართველოს ლიდერმა ისევ დაუშვა შეცდომა, როდესაც აგვისტოს შუა რიცხვებში, სასწრაფოდ მოითხოვა გადაიარაღება.

ბუშმა სააკაშვილს ანიშნა: ”ჩვენ შენს გვერდით ვართ. შენს გადარჩენასა და ინტერესებს სერიოზულად ვუდგებით, მაგრამ გონს მოუხმე, ნუ მისცემ რუსეთს საბაბს”. ეს გაწონასწორებული გზავნილი იმ იმდეგაცრუების გამოხატულებაა, რომელიც ადმინისტრაციაში სააკაშვილის ნაბიჯებმა გამოიწვია-ბოლო ორი წლის განმავლობაში მას მუდმივად ურჩევდნენ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონებთან დაკავშირებით რუსეთის პროვოცირებას მორიდებოდა, სააკაშვილმა კი ეს გაფრთხილებები ყურად არ იღო.

ოფიციალური პირები აშშ-ს ადმინისტრაციაში მოსკოვს პირდებოდნენ, რომ სააკაშვილის შეკავებას მოახერხებდნენ, ამიტომ 7 აგვისტოს აქციამ ისინი გააღიზიანა. ადმინისტრაციაში დარწმუნებულნი არიან, რომ სააკაშვილი ცდილობდა ყველანი ფაქტის წინაშე დაეყენებინა მანამ, სანამ რუსეთი პასუხს მოასწრებდა. აშშ-ს ხელისუფლებაში ეჭვით უყურებენ საქართველოს ლიდერის იმ განცხადებასაც, რომლის თანახმადაც რუსული ჯარი როკის გვირაბისკენ ქართველთა შეტევამდე გამოეამართა.

ყველაზე მძიმე დილემა, რომლის წინაშეც ადმინისტრაცია აღმოჩნდა, ასე შეიძლება ჩამოყალიბდეს: როგორ ვაგრძნობინოთ რუსეთს, რომ საქართველოში ინტერვენციით მან სერიოზული შეცდომა დაუშვა, ისე რომ იზოლაციაში არ მოვაქციოთ და უფრო მეტი აგრესიულობისკენ არ ვუბიძგოთ.

აშშ-ს ოფიციალური პირების გადასახედიდან, რუსეთმა ცალი ფეხით 21-ე საუკუნეში შემოაბიჯა და გლობალურ ბაზარზე გარკვეული ადგილიც დაიკავა, მაგრამ ვლადიმერ პუტინს, მეორე ფეხი მე-19 საუკუნეში დარჩა - ”დიდი იმპერიის” იდუმალებით მოცული ინტერესები, მეზობელი ტერიტორიების კონტროლი, როგორც უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკვანძო ინსტრუმენტი- ასეთია მისი მიდგომა.

პუტინის ატავისტური სტრატეგიის გამო რუსეთმა, გასულ თვეში დიდი საზღაური გაიღო. რუსული რუბლი მნიშვნელოვნად გაუფასურდა, რამაც ცენტრალური ბანკი აიძულა სისტემის რყევებზე ინტერვენციით ეპასუხა. საფონდო ბირჟამაც სერიოზული რყევები გადაიტანა და აგვისტოში 290 მილიარდ რუბლამდე დაკარგა. პუტინის ავანტურიზმით შეშფოთებულმა ინვესტორებმა ქვეყნიდან 21 მილიარდ დოლარამდე გაიტანეს.

ამერიკის ადმინისტრაციას არ უნდა, რომ რუსეთი კლდეზე გადაიჩეხოს. მათ მიაჩნიათ, რომ პუტინის მემკვიდრეს, დიმიტრი მედვედევს ესმის-რუსეთის ადგილი 21-ე საუკუნეშია. მათ სულაც არ უნდათ, რომ მედვედევს უნებლიედ გამოუსწორებელი ზიანი მიაყენონ და ამით პუტინის ბანაკს გაუწიონ დახმარება.

სწორედ აი, ეს პრობლემა, რომელიც ბუშის მმართველობის ბოლო პოლიტიკურ კრიზისად შეიძლება დასახელდეს, უნდა გადაწყვიტოს ადმინისტრაციამ: არ არის საჭირო იარაღის ჟღარუნი და არც à la McCain ”დიდი რვიანიდან” რუსეთის გარიცხვის მოთხოვნაა აუცილებელი. პირიქით, ახლა ფრთხილი მიდგომების, ევროპასთან , ფრანგ დიპლომატებთან თანამშრომლობის დრო დადგა. უნდა გავაცნობიეროთ, რომ გლობალური ბაზარი ბევრად უფრო ძლიერი იარაღია, ვიდრე აშშ-ს მიერ ატეხილი ბაქი-ბუქი.

ორიგინალი

No comments: