Tuesday, September 11, 2007

სუბიექტურობის ნიაღვარი

financial_times
ჩარლზ ქლოვერი
11 სექტემბერი 2008

საქართველოს ომის ამსახველი კადრები რუსულ ტელევიზიაში მკვეთრად განსხვავდება იმისგან, რასაც დასავლური მედია აჩვენებს. დასავლურ არხებზე რუსული ავიაციის მიერ დაბომბილი ქართული ქალაქის გორის ამსახველ ერთ კადრზე მოდის რუსული აუდიტორიის მიერ ნანახი გაცილებით მძიმე კადრები, რომლებიც ქართული არტილერიის მიერ დანგრეულ სამხრეთ ოსეთის დედაქალაქს ცხინვალს ასახავენ.

რუს მაყურებელს ატყობინებდნენ, რომ ომი საქართველომ წამოიწყო, რომელიც თავს დაესხა სამხრეთ ოსეთს; დასავლელ მაყურებელს კი ეუბნებოდნენ – რომ რუსეთის პასუხი პროვოკაციაზე იყო დამანგრეველი და არაპროპორციული.
დასავლელებმა გაიგეს, რომ დიდი რუსეთი პატარა საქართველოს უტევს, რუსებმა – რომ დიდი საქართველო უტევს პატარა სამხრეთ ოსეთს.

ჭეშმარიტების მარცვალი ორივე ვერსიაშია; მთავარი - აქცენტების განაწილებაა. რუსები თვლიან რომ სამართლიან ომს აწარმოებენ, ხოლო სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი რუსული ტელევიზიები საზოგადოებრივ აზრს ამყარებენ.

რუსული მედიის მიერ მოვლენების გაშუქებაში იგრძნობა ძლიერი გადახრა რუსეთის არმიის, რუსული მხარის დანაკარგებისა და მათივე წარმატებების მხარეს. ხშირად აჩვენებდნენ კადრებს, რომლებზეც საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ტელეინტერვიუს მოლოდინში ჰალსტუხს ღეჭავდა და მობილურ ტელეფონზე საუბრობდა.

მაგრამ, რუსული მედიის საყვარელ თემას წარმოადგენდა არა ქართული მხარე, არამედ დასავლური პრესა. რუსულ ტელევიზიებში განუწყვეტლივ კიცხავდნენ საკუთარ დასავლელ კოლეგებს მოვლენების ცალმხრივად და მიკერძოებულად გაშუქებისათვის.

შაბათს, 9 აგვისტოს, რუსეთსა და საქართველოს შორის საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან მეორე დღეს, რუსეთის "პირველმა არხმა" ინტერვიუ ჩაწერა ვიღაც ლონდონელ ტაქსისტთან, იმის გასარკვევად, თუ როგორ აღიქვამდა იგი ტელევიზიით ნანახ მოვლენებს.

"ეს ლონდონელი ტაქსიტი საინფორმაციო დაბომბვის პირველი ტალღის მსხვერპლია" – ასეთი შესავლით დაიწყო კორესპოდენტმა რეპორტაჟი. – შაბათს ის რთავს ტელევიზორს: როგორც ჩანს საქართველოში ომია. რამდენიმე წუთში მას ესმის სიტყვები "სამხრეთ ოსეთი". ის ხედავს საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც კარგი ინგლისურით საუბრობს, რომ რუსებმა მის ქვეყანასთან მასირებული ომი გააჩაღეს. ის ხედავს რუს გენერალს, რომელიც აცხადებს, რომ ქალაქ ცხინვალს აკონტროლებს. და ხედავს, რომ საქართველოს პრეზიდენტი ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს".

კორესპოდენტი გადადის ლონდონელ ბიზნესმენთან ინტერვიუზე, რომელსაც იმ დღეს ტელევიზორისთვის არ შეუხედავს. "მის ოფისში ტელევიზორი არ არის. ის შედის ინტერნეტში, და მისთვის საკმარისია წაიკითხოს ლონდონური გაზეთის The Times-ის საიტზე სათაური: "რუსეთის ინტერვენციის შემდეგ საქართველო ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს" (საინტერესოა, რომ სათაურს, რომელსაც ეკრანზე აჩვენებენ, თან ახლავს ტიტრები – რუსული თარგმანით)

"სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებს საეთერო დროს არ აძლევენ – განაგრძობს "პირველი არხი", - რუსეთის წარმომადგენლებს საეთერო დროს არ აძლევენ. კონფლიქტს მხოლოდ ქართული მხარის პოზიციიდან აშუქებენ".

ეს მართალია, მაგრამ ამისთვის სერიოზული მიზეზები არსებობდა. საქართველო ერთადერთი ქვეყანა იყო, საიდანაც ამ ომის ფრონტზე მოხვდებოდი. რუსეთი 12 აგვისტომდე მისი საზღვრიდან სამხრეთ ოსეთში არცერთ დასავლელ ჟურნალისტს არ უშვებდა. ის ვინც ომის გაშუქებას ცდილობდა, ამის გაკეთებას მხოლოდ გორიდან ახერხებდა.

თუმცა იმ ფაქტმა, რომ რუსეთის ხელმძღვანელობამ მოვლენების რუსულ ვერსიას გავრცელების საშუალება არ მისცა, რადგან მრავალი დღის განმავლობაში არ უშვებდა მასთან დასავლური მედიის წარმომადგენლებს, რუს ლიდერებს არ დაუკარგა სურვილი დარწმუნებულები ყოფილიყვნენ, რომ "ისინი არ უყვართ" (ეს სტანდარტული რუსული რეაქციაა დასავლეთის კრიტიკაზე).

რუსული მხარის პიარ-ძალისხმევა ისეთივე დამაჯერებელი იყო, როგორიც საბჭოთა პერიოდში: ჩინოვნიკები მოწყენილი სახეებით ასეთივე მოწყენილ ფილიპიკებს წარმოთქვამდნენ. კრემლის დაფინანსებული სადღეღამისო საინფორმაციო არხი Russia Today გაუთავებლად იმეორებდა გაეროში რუსეთის წარმომადგენლის ვიტალი ჩურკინის გამოსვლას, რომელიც აკრიტიკებდა Financial Times-ს ინფორმაციის გავრცელებისთვის, რომ თითქოს გორი "ნანგრევებად იქცა" იმ დღეს, როდესაც ამ ქალაქზე ათი საჰაერო თავდასხმა მოხდა, დაიღუპა 11 ადამიანი და ქალაქი მაცხოვრებლებმა დატოვეს. სინამდვილეში, განაცხადა ჩურკინმა, ქალაქისთვის წყლის და ელექტორენერგიის მიწოდება არ შეწყვეტილა, ხოლო მოსახლეობა ყოფითი საქმეებით არის დაკავებული.

რუსული საინფორმაციო საშუალებები ასევე ნიშნის მოგებით გადასცემდნენ 12 წლის ამანდა კოკოევას ინტერვიუს ისტორიას Fox News-ზე (ეს გოგონა ოსეთიდან სტუმრად იყო ცხინვალში და ომის თვითმხილვევლი გახდა). როდესაც მისი დეიდა წარმოთქვამდა ფრაზას: "მთავარი, რაც მე ტელევიზიით მინდა ვთქვა არის ის, რომ – ეს ომი დაიწყო სააკაშვილმა, სააკაშვილია აგრესორი", არხი რეკლამაზე გავიდა.

"მე ვიცი, რომ თქვენ ამის მოსმენა არ გინდათ" – თქვა ქალმა იმ მომენტში, როდესაც წამყვანმა მას სიტყვა გააწყვეტინა. ბევრმა რუსულმა ტელეკომპანიამ ეს ნაწყვეტი აჩვენა, მაგრამ არ უხსენებია, რომ ტელეკომპანია Fox-მა სარეკლამო პაუზა გააჩერა და დეიდას დამატებით საეთერო დროის 30 წამი დაუთმო.

ზოგიერთ შემთხვევაში რუსული მედია დასაბუთებულ საყვედურს გამოთქვამდა. მაგალითად, დასავლური ტელევიზიები ფართოდ იყენებდნენ ცხინვალის კადრებს, რომელიც მართლაც საშინლად დაინგრა, მაშინ როდესაც კადრს მიღმა დიქტორი ამბობდა რომ ეს იყო ქალაქი გორი, რომელიც ასევე დაიბომბა, მაგრამ ნაკლებად დაზარალდა.

თუმცა საერთო ჯამში, რუსული ტელევიზია ისეთივე ცალმხრივი იყო, როგორც ის ვერსია, რომელსაც ისინი დასავლელ კოლეგებს მიაწერდნენ. ძველი სიბრძნე, რომ ომის დროს პირველი მსხვერპლი სიმართლეა, ისევ თვალნათლივ დადასტურდა.

ორიგინალი

No comments: