სტეფან სეილი
20 სექტემბერი
2008ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატის სარა პელინის განცხადება "ნიუსად" იქცა - მან დაადასტურა, რომ თუნდაც აშშ-ს რუსეთთან ამისთვის ომი მოუხდეს, საქართველოს ადგილი მაინც ნატოშია. კიდევ უფრო საინტერესო იყო მისი არგუმენტი: საქართველო, თქვა პელინმა, დემოკრატიული ქვეყანაა. "დემოკრატია" - ამ სიტყვას ამერიკელი პოლიტიკოსები წამდაუწუმ ისვრიან. ჯონ მაკკეინმა საქართველოს "პაწაწინა დემოკრატია" უწოდა და განაცხადა: "დღეს ჩვენ ყველანი ქართველები ვართ". ეს მაშინ მოხდა, როცა რუსეთმა ჯარები სამხრეთ ოსეთისკენ დაძრა. უნდა ვივარაუდოთ, რომ საქართველოზე გალაშქრება, თავისუფლებაზე გალაშქრებას უდრის. ჯონ ბაიდენმა საქართველო "ახალგაზრდა დემოკრატიად" მიიჩნია, ხოლო ბარაკ ობამას გუნდის წევრმა, მაიკლ მაკფოულმა, კონგრესში საქართველოს დემოკრატიულობა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
მაგრამ ბელთვეის მიღმა საკითხი სხვაგვარად მოჩანს. არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House-მა უკანასკნელი კვლევების შემდეგ საქართველო ისეთი ქვეყნების რიგში ჩააყენა, როგორიცაა ვენესუელა და ნიგერია. მათი შეფასებით, თავისუფლებისა და დემოკრატიის ხარისხი საქართველოში მოლდოვაზე, უკრაინაზე, ევროკავშირისა და ნატოს წევრობის ყველა სხვა კანდიდატ ქვეყანაზე უფრო ნაკლებია. ლინკოლ მიტჩელის, კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორისა და საქართველოს საკითხებში ექსპერტის აზრით, ქართული დემოკრატიის მთავარი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ არ არსებობს გამყოფი ხაზი პარტიასა და სახელმწიფოს შორის. ქვეყანა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით გასაოცარ ეკონომიკურ შედეგებს აღწევს, მაგრამ მას არ შეუქმნია სრულფასოვანი სასამართლო სისტემა, საკანონმდებლო ხელისუფლება შესუსტდა, ხოლო აღმასრულებელი ხელისუფლება მთლიანად ცენტრალიზებულია. უფრო მეტიც, ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხმა, Freedom House-ის აზრით, იკლო. 2007 წლის ნოემბერში სააკაშვილმა პარლამენტის წინ შეკრებილი ოპოზიციური დემონსტრაცია დაარბია, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და კერძო სატელევიზიო კომპანია ეთერიდან გათიშა.
ვაშინგტონელი ექსპერტები ასეთ ნიუანსებს განიხილავენ, პოლიტიკოსები კი პრობლემებს სრულ იგნორირებას უკეთებენ. სააკაშვილი ახალგაზრდაა და დასავლური განათლება აქვს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ენაზე ლაპარაკობს, ზუსტად იმას აკეთებს, რაც ვაშინგტონში მოსწონთ, რაც ყველა რანგის პოლიტიკოსსა და ბიუროკრატს ეამება. ამასთანავე 2003 წლის რევოლუცია, რომელმაც სააკაშვილი ხელისუფლებაში მოიყვანა, ერაყში მიმდინარე ომის წარუმატებლობას დაემთხვა, ჰოდა ვაშინგტონმა საქართველო იმის დასამტკიცებლად გამოიყენა, რომ რეალურად დემოკრატია ყვავის.ამას ყველაფერს პოლიტიკური კონტექსტი აქვს. თუ მოცემულობა ასეთია, რომ საქართველო პაწაწინა დემოკრატიაა, რომელიც ბოროტმა იმპერიამ ჩექმის ქვეშ მოიქცია, მაშინ ამერიკის შეერთებულ შტატებს ამოცანა უიოლდება - დასავლეთ ევროპის ყველა ის ქვეყანა, რომელიც საქართველოს ნატოში მიღებაზე შეშფოთებას გამოთქვამს ლაჩარია, რადგან ისტორიულად ნატო სწორედ თავისუფალ დემოკრატიებს აერთიანებს. მაგრამ ევროპა არასდროს მოაწერს ხელს ამ შავ-თეთრ ნარატივს და საქართველოს პერსპექტივებზე ნატოში სხვა დასკვნას გამოიტანს: ის უბრალოდ ჯერ მზად არაა.ორიგინალი
No comments:
Post a Comment