Wednesday, September 12, 2007

გააზრების დროა

Der-Standard150-39
იოზეფ კირჰენგასტი
12 სექტემბერი 2008

ევროკავშირმა კავკსიური ომიდან გაკვეთილი უნდა აითვისოს და შეცვალოს სტრატეგია.

როგორც ჩანს რაღაც მოხდა. დღემდე კავკასიური კონფლიქტის მოსკოვური სცენარი (სწორად შერჩეული მთავარი შემსრულებლის მიხეილ სააკაშვილის ჩათვლით) კარგად ხორციელდებოდა.

მაგრამ ჩნდება პირველი გაურკვევლობები. თუ ყველაფერი ეს – დახლართული თამაშის ნაწილია? ჯერ სამხრეთ ოსეთის აღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტი გამოდის და აცხადებს "ჩვენ აუცილებლად გავხდებით რუსეთის ნაწილი", რამდენიმე საათში კი ამბობს, რომ მისი სიტყვები არასწორად გაიგეს.

როგორც არ უნდა იყოს, ეს ეპიზოდი კიდევ უფრო ცხადყოფს, რამდენად აუცილებელია დასავლეთმა ძალის დემონსტრირებით დაკავებული რუსეთის მიმართ ადეკვატური სტრატეგია შეიმუშაოს. მაგრამ ამავდროულად ცნება "დასავლეთი" ბუნდოვანია. არის აშშ და არიან მსხვილი ევროპული სახელმწიფოები. ისინი არაერთგვაროვან აქცენტებს აკეთებენ. არის ნატო და არის ევროკავშირი, რომლებიც ასევე ვერ ჩამოყალიბებულან რუსეთთან ერთიან მიდგომაზე. პირადი ინტერესები – თუ ის რაც ამ ინტერესებად საღდება – ხელს უშლის მეტნაკლებად შეჯერებულ და ერთიან ქმედებებს.

საბოლოო ჯამში კი თავდაცვით პოლიტიკაში ის ვაკუუმი იქმნება, რომლის თავიდან აცილება ყველას სურს. ამ დროს რუსეთი, რომელსაც ისევ ვლადიმერ პუტინი და სპეცსამსახურებისა და არმიის კადრებით დაკომპლექტებული აპარატი ხელმძღვანელობს, ისეთ ქმედებებს სჩადის, რაც საბოლოო ჯამში მისსავე თავდაცვით ინტერესებს ეწინააღმდეგება.

რა თქმა უნდა, ბუშის ადმინისტრაციის მიერ პრეზიდენტ სააკაშვილის მხარდაჭერამ კონფიქლტის ესკალაციას ხელი შეუწყო, მაგრამ მეორე მხრივ, საქართველო რომ ნატოს ბოლო სამიტზე ალიანსის წევრი გამხდარიყო, საქმე სისხლიან კონფლიქტამდე ნამდვილად არ მივიდოდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ნატო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოებასაც დაიცავდა.

მაგრამ მას შემდეგ, რაც მოხდა ის რაც მოხდა – ვისი მიზეზით, არ აქვს მნიშვნელობა - რუსეთი უახლოეს მომავალში, ნატოს, სტაბილიზაციის ფაქტორად ვერ მიიჩნევს. ამასთანავე, ძირითად როლს ფსიქოლოგიური ფაქტორი თამაშობს: მოსკოვი თავის სახეს არ დაკარგავს.

ეს უკრაინის სიტუაციასაც ეხება. კიევში "ნარინჯისფერი რევოლუციის" დროს კრემლმა გათვლა არასწორად გააკეთა და ამ დამცირებას დღემდე ვერ ივიწყებს. ახლა კი წინსვლაზე ორიენტირებული მოსკოველი სტრატეგები კავკასიურმა წარმატებამ გააბედნიერა. ხუთშაბათს რუსეთის საგარეო უწყებამ "სერიოზული შეშფოთება" გამოთქვა უკრაინის კურსთან დაკავშირებით, რომლის პრეზიდენტიც, ვიქტორ იუშჩენკო ქვეყანას ნატოში ექაჩება.

ეს პირველი საგანგაშო სიგნალია. უკრაინაში რუსულენოვანი უმცირესობის მნიშვნელოვანი ნაწილი ცხოვრობს. ყირიმში, სევასტოპოლში რუსული შავი ზღვის ფლოტის ერთ-ერთი უმსხვილესი ბაზაა განთავსებული. აქ საქართველოს სცენარის განსახორცილებლად დიდი ფანტაზია საჭირო არ არის. მაგრამ მაშინ, როდესაც უკრაინელების უმრავლესობა ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგია (რაზეც მოსკოვი ყოველთვის მიუთითებს), მით უფრო დიდი უმრავლესობა დადებითად უყურებს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხს. მაგრამ ევროკავშირი ამ სურვილის დაკმაყოფილებას არ აპირებს და კიევს რაიმე კონკრეტულ წინადადებას გაწევრიანებაზე არ სთავაზობს. კავკასიის კონფლიქტის შემდეგაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობა მხარს არ უჭერს უკრაინისთვის ამ ორგანიზაციის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. რუსეთის გაბრაზებას პირველ რიგში გერმანია ერიდება.

ამ პოზიციას შეიძლება შემდეგი საკითხი დავუპირისპიროთ: ხომ არ გადადგამს მოსკოვი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი უკრაინის მიმართ იგივე ნაბიჯებს, რაც საქართველოს მისამართით გადადგა? საშუამავალო და სადამკვირვებლო მისია კავკასიაში – კარგია,მაგრამ გრძელვადიან სტრატეგიას, რომელშიც ყველა წევრი ჩართული იქნება, ის ვერ შეცვლის. რეგიონში მშვიდობის შესანარჩუნებლად ევროკავშირის ხელთ ერთადერთი მართლაც ქმედითი ინსტრუმენტი - ეს არის წინადადება ამ ორგანიზაციის წევრობაზე.

ორიგინალი

No comments: