Tuesday, September 11, 2007

რუსულ მხარეს საკუთარი პოზიციის ახსნა სურს

haaretz
ადარ პრიმორი
11 სექტემბერი 2008

ნიშნავს თუ არა რუსეთის მკაცრი, და ზოგჯერ მებრძოლი განცხადებები იმას, რომ ქვეყანამ, რომელმაც საერთაშორისო არენაზე საკუთარი სტატუსის და პრესტიჟის აღდგენა დაიწყო, საერთაშორისო საზოგადოებრიობის აზრი შეგნებულად მოიგერია? თუკი კავკასიის ომის დაწყებიდან რუსეთისა და მსოფლიო მედიის ურთიერთობას გადავხედავთ, პასუხი ასეთი შეიძლება იყოს "დიახ, ეს ასეა". მაგრამ როდესაც რუსეთის ბოლო რამდენიმე კვირის ქმედებას აანალიზებ და იმ ფაქტს ითვალისწინებ, რომ რუსეთის ხელისუფლებამ როსტოვში რამდენიმე ათეული გამოჩენილი მოღვაწე შეკრიბა, რომლებიც საზოგადოებრივ აზრს განსაზღვრავენ, მოგიწევს იმის თქმა, რომ "მსგავსი არაფერი ხდება".

ომის პირველ დღეებში დაახლოებით ასეთი სურათი შეიქმნა: საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი განუწყვეტლივ ჩნდებოდა მსოფლიოს ტელეეკრანებზე. ის ერთი მიკროფონიდან მეორეზე გადადიოდა, ფაქტობრივად დაპყრობილი ჰქონდა მთელი დასავლური მედია და მათ კონფლიქტის ქართულ ვერსიას აწვდიდა.

რუსულმა აუდიტორიამაც კი ვერ შეძლო არ აღენიშნა, თუ რამდენად "ტელეგენური" იყო სააკაშვილი. მაგრამ იმავდროულად მას კადრს მიღმა კრემლის ხმაც ესმოდა, რომელიც სააკაშვილს წარმოადგენდა როგორც დესპოტს, ადამიანს, რომელმაც, ერთ-ერთი ფორმულირების თანახმად, თავისი სიგიჟის წყალობით კავკასია მსოფლიო მასშტაბის კრიზისში ჩაითრია, კრიზისში, რომელიც კონტროლიდან გავიდა.

იმ დროს როდესაც საქართველოს უმაღლესი პირები, ახალგაზრდები და ტელეგენურები, მედია საშუალებებში მშვენიერი ინგლისურით საუბრობდნენ, რუსეთი უბრალოდ სადღაც აორთქლდა. მხოლოდ სამხედრო მოქმედებების დასრულებისკენ დაასკვნეს კრემლის ხელმძღვანელებმა, რომ ომის წარმოება მხოლოდ არმიითა და დიპლომატებით არასრულფასოვანია მანამ, ვიდრე საბრძოლო მოქმდებებს მსოფლიო საინფორმაციო ფრონტზე არ დაიწყებ. პუტინის მოადგილე და თანამებრძოლი სერგეი ივანოვი მივლინებით CNN-ზე აფრინეს, რათა სააკაშვილის არგუმენტები გაებათილებინა.

თქვენ ამბობთ, რომ რუსული დათვი დაესხა თავს პატარა მშვიდობისმოყვარე ქვეყანას? ნურას უკაცრავად: ეს ომის გამჩაღებელმა ქართულმა კოლოსმა გაამწარა ერთი ციდა რესპუბლიკა (სამხრეთ ოსეთი), რომელსაც უბრალოდ არსებობა და ეროვნული თვითგამორკვევა სურს.

მკაფიოდ გამოხატული ამბივალენტობა
როსტოვში კრემლის მიერ მიწვეული გამოჩენილი ექსპერტები "ამბივალენტურს" მოსკოვის მედია საშუალებებთან ურთიერთობას უწოდებენ. შიდაპოლიტიკურ არენაზე რუსეთის ხელმძღვანელობა ჩვეულ, საბჭოთა პერიოდისთვის დამახასიათებელ და უკვე გაცვეთილ რიტორიკულ მეთოდებს მიმართავს, რათა სიმპათია მოიპოვოს და ნაციონალისტური განწყობები გააღვივოს, მაგრამ დასავლურ მედია სივრცეში ბრძოლა მას სხვაგვარად ესაჭიროება. აქ ის ვალდებულია უფრო დახვეწილი იყოს, მოიზიდოს ისეთი სპეციალისტები და პირები, რომლებიც ინგლისურს თავისუფლად ფლობენ.

ყველა შემთხვევაში რუსული მხარე თვლის რომ ეს უიმედო საქმეა. რაც არ უნდა თქვან რუსებმა, რითაც არ უნდა გაამართლონ თავიანთი მიდგომა, დასავლეთი მაინც მის წინააღმდეგ გამოდის და "სააკაშვილს, ამ ამერიკულ მარიონეტს" სწყალობს.

როგორც ზოგიერთი დამკვირვებელი თვლის, ამ მიზეზის გამო რუსული რეჟიმის ხელმძღვანელები, მსოფლიო საზოგადოების აზრით უბრალოდ არც კი ინტერესდებიან. საითაც არ უნდა მიდიოდეს რუსული ქარავანი, დასავლური მედიის ძაღლები მაინც ყეფენ.

"საბოლოო ჯამში, რის გაკეთებას შეძლებს დასავლეთი?" - კითხულობს ნიკოლაი ზლობინი, უფროსი მეცნიერ მუშაკი, რუსულ-ევრაზიული პროექტის World Security Institute -ის (ვაშინგტონი) დირექტორი.

"სანქციებს მიიღებს? ეს რუსეთზე მეტად, თავად დასავლეთზე აისახება. არ შეუშვებს რუსეთს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში? პრინციპში რუსეთში იმ ბიზნესმენების ლობი მაინც ძლიერია, რომლებიც ისედაც ეწინააღმდეგებიან რუსეთის მსო-ში გაწევრიანებას. მათ კონკურენტულ გარემოში ყოფნა არ სურთ, არ უნდათ თავს მოხვეული წესების პირობებში ცხოვრება".

"გარიცხავენ რუსეთს "დიდი რვიანიდან"? დასავლეთს ამ კლუბში რუსეთი უფრო სჭირდება, ვიდრე რუსეთს დასავლეთი. მსგავსი ნაბიჯი "დიდ რვიანს" ცივი ომის დროინდელ სტრუქტურად გადააქცევს, რაც ისევ დასავლეთის ინტერესებს ეწინააღმდეგება. რაც შეეხება ნატოს, საბოლოო ჯამში ნატოს დონეზეც რუსეთთან თანამშრომლობის შეწყვეტა დასავლეთის არ აწყობს. მისთვის რუსეთის ალიანსის შიგნით "შეკავება" გაცილებით მომგებიანია.

ერთადერთი მნიშვნელოვანი ბერკეტი, რაც დასავლეთს ხელთ აქვს – რუსული ელიტის შემოსავლების წყაროების დადგენა, მათი უძრავი ქონებისა და დასავლურ ბანკებში არსებული შენატანების გარკვევაა”.

სხვა ექსპერტები თვლიან, რომ რუსეთი არ აპირებს საერთაშორისო მედია სივრციდან წასვლას. ასე ამბობს, მაგალითად, პროფესორი არიელ კოენი, დაბადებული უკრაინაში, ყირიმში და შემდეგ ისრაელში "აღმოცენებული". დღეს კოენი ამერიკაში ცხოვრობს და პრესტიჟული Heritage Foundation-ის (ვაშინგტონი) უფროსი მეცნიერ მუშაკია. ლაცკანზე ამერიკის და რუსეთის დროშების გამოსახულებიანი სამაგრები აქვს მიბმული.

ზლობინისგან განსხვავაებით კოენი თვლის, რომ რუსები საკუთარი ქვეყნის იმიჯის თემას დასავლეთში სერიოზულად უდგებიან.

"მათთვის აბსოლუტურად ცხადია, რომ არსებობს კავშირი მათ იმიჯსა და კაპიტალიზაციას, საბაზრო კაპიტალიზაციას შორის. რუსებმა სულ ახლახანს მილიარდობით დოლარი დაკარგეს, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი იმიჯის შელახვას მსოფლიოში ხელი შეუშალონ, რომ ეს კიდევ უფრო მძიმედ არ აისახოს მათ შემოსავლებზე" – აცხადებს კოენი.

იმიჯის პრობლემა რომ გადაწყდეს, დასძენს კოენი, რუსეთი "ნეო-ცივი ომის" კონცეფციას ანვითარებს და ისეთ პარტნიორებთან ამყარებს ალიანსებს, რომლებიც მას იდეოლოგიურად ენათესავებიან (მაგალითად ბელორუსია, სომხეთი და ნიკარაგუა), მისთვის უცხოები არიან (ჩინეთი და ირანი) და ნეიტრალურები (საფრანგეთი, იტალია და გერმანია).

ლიდერები "მედიაში მასირებულ შეტევას" ახორციელებენ ანატოლი ადამიშინი ისტორიაში საბჭოთა კავშირის უკანასკნელი საგარეო საქმეთა მინისტრის, კერძოდ ედუარდ შევარდნაძის, უკანასკნელი მოადგილეა.

მოგვიანებით ის გახდა ისტორიაში საბჭოთა კავშირის უკანასკნელი ელჩი რომში – და ისტორიაში პირველი ელჩი იტალიაში. ადამიშინის აზრით, რუსების უმრავლესობისთვის იმიჯის პრობლემა არ არსებობს.

"ისინი თვლიან, რომ დასავლეთში ისედაც რუსოფობები არიან და ინფორმაციის გავრცელებაში ხარჯის გაღებას აზრი არ აქვს" – განმარტავს იგი.

მაგრამ, ადამიშინის თქმით "ინტელიგენცია და ის ადამიანები, ვინც გადაწყვეტილებებს იღებენ, საქმეს სხვაგვარად უყურებენ. ისინი სულ უფრო აცნობიერებენ საზღვარგარეთ რუსეთის იმიჯის მნიშვნელობას. ამიტომ შეიქმნა სახელმწიფო ტელეკომპანიები, რომლებიც ინგლისურად და არაბულად მაუწყებლობენ, ასევე ორგანიზებულია სადისკუსიო კლუბი "ვალდაი" (რეგულარული შეხვედრები, რომლებსაც კრემლი მართავს დასავლელი ექსპერტების სიმპათიის მოსაპოვებლად).

მოკლედ, რუს ლიდერებს მასმედიაზე მასირებული შეტევის მიტანა დაავალეს – და აქ მხოლოდ CNN-ი არ იგულისხმება, არამედ Al Jazeera, BBC, ფრანგული ტელეარხი TFI-ც და რუსული სახელმწიფო ინგისურენოვანი ტელე-არხი Russia Today.

პრეზიდენტმა მედვედევმა The Financial Times-ში დეტალური სტატიაც გამოაქვეყნა, სადაც განმარტებული იყო, თუ რამ აიძულა რუსეთი ეღიარებინა აჯანყებული პროვინციების აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა.

კიდევ ერთ ფაქტს გავიხსენებ: კრემლში უკვე რამდენიმე წელია გიგანტური ნიუ-იორკული ფირმა Omnicom მუშაობს, რომლის საქმიანობის სფერო რეკლამა და მარკეტინგია.

რუსულ მხარეს მსოფლიოს აზრი ფეხზე კიდია? კი, კიდია, ამტკიცებს როსტოვში შეკრებილი ზოგიერთი ექსპერტი. ცდილობენ თუ არა რუსები მსფოლიოში მათზე არსებული აზრის შემობრუნებას? დიახ ცდილობენ, ამბობს ექსპერტების მეორე ნაწილი.

"თუკი კავკასიაში საბრძოლო მოქმედებების დაწყებამდე ქართული მხარე უკეთ მომზადებული იყო მედიასთან ურთიერთობისთვის – ამტკიცებენ ზოგიერთები – ეს სწორედ იმას ნიშნავს, რომ თბილისი იყო პროვოკატორი, და ომიც მან გააჩაღა".

ორიგინალი

No comments: