Monday, September 17, 2007

საქართველო: სატელეფონო ჩანაწერი ადასტურებს – ომი რუსეთმა დაიწყო

washington_post
ტარა ბახრამპური
17 სექტემბერი 2008

ორშაბათს საქართველოს ხელისუფლებამ სატელეფონო საუბრის ჩანაწერები გამოაქვეყნა. ამით თბილისს იმის დადასტურება სურს, რომ რუსი სამხედროების დიდი შენაერთების შეყვანა სამხრეთ ოსეთში ჯერ კიდევ 6 აგვისტოდან დაიწყო, ანუ საქართველო-რუსეთის ომის დაწყებამდე ერთი დღით ადრე.

მანამდე ქართული მხარე აცხადებდა, რომ რუსულმა ძალებმა როკის გვირაბი რუსეთიდან გვიან ღამით, 7 აგვისტოს გადმოლახეს. საქართველო ამ ნაბიჯს აგრესიის აქტს უწოდებს, რომელმაც ბიძგი მისცა თბილისს სამხრეთ ოსეთში საკუთარი ჯარები შეეყვანა. რუსეთი ამტკიცებს, რომ რუსმა სამხედროებმა გვირაბი 7 აგვისტოს საღამოს გამოიარეს, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც საქართველომ ცხინვალზე, სამხრეთ ოსეთის დედაქალაქზე, შეტევა მიიტანა.

კითხვები იმის შესახებ, თუ ვინ და რა მომენტში დაიწყო ომი, თბილისსა და მოსკოვში ცხარე კამათის საგანს წარმოადგენს. როგორც რუსეთი, ასევე საქართველო ცდილობენ დაამტკიცონ, რომ თავად თავდაცვის, რუსეთის შემთხვევაში კი, საკუთარი პატარა მეზობლის დასაცავად მოქმედებდნენ.

რუსული არმიის გვირაბში გადაადგილების ზუსტი დრო მნიშვნელოვანია, რადგან ამ ინფორმაციის საფუძველზე ნათელი გახდება, რას წარმოადგენდა ჯარის გადაადგილება – აგრესიის აქტს, თუ საპასუხო ქმედებას.

საქართველოს ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ 6 აგვისტოს ჩაწერილ ერთ-ერთ საუბარში, რომლის ჩანაწერიც Washington Post-ს ორშაბათს გადაეცა, ოსი მოხალისეები ვიღაც ოს მებრძოლზე საუბრობენ, რომელიც რუსულ კოლონაში მყოფმა რუსმა სამხედრომ შემთხვევით დაჭრა. "რუსების მხრიდან, რუსეთის არმიის მხრიდან ვიღაცამ შემთხვევით გაისროლა და ეს ბიჭი დაჭრეს” – ისმის ოსის ხმა სატელეფონო საუბარში. ეს საუბრები ქართული კომერციული მობილური ოპერატორის ქსელით მიმდინარეობდა.

7 აგვისტოს სატელეფონო ჩანაწერში, მამაკაცი, რომელსაც ქართული მხარე უწოდებს გვირაბთან მდგომ პატრულს, ამბობს, რომ გვირაბი "სავსეა" რუსული სამხედრო ტექნიკით, და რომ რუსებმა ადგილობრივ ხელისუფლებას მისვლა და მისი შემოწმება სთხოვეს. ორშაბათს New York Times-მა 7 და 8 აგვისტოს ჩაწერილი ამ და სხვა სატელეფონო საუბრების შინაარსი გამოაქვეყნა.

ორშაბათს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სატელეფონო საუბრის ჩანაწერები "უცილობლად ამტკიცებს", რომ რუსეთის ჯარი სამხრეთ ოსეთში ქართულ დანაყოფებზე ბევრად უფრო ადრე შევიდა.

Associated Press-ის ცნობით, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ანდრეი ნესტერენკომ ქართული მხარის მტკიცებულებებს არასერიოზული უწოდა. ნესტერენკო დასძენს, რომ ასეთ შემთხვევაში ჯარების სერიოზულ გადაადგილებას, ნატოს წევრი ქვეყნების საორბიტო თანამგზავრები დააფიქსირებდნენ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ დაზვერვის მხრიდან რუსული ჯარის გადაადგილებაზე 6 აგვისტოს მიღებული ინფორმაციის შემდეგ, ვიდრე საპასუხო ზომებს მიიღებდა – საკუთარი ჯარები სამხრეთ ოსეთის მიმართულებით გადაესროლა - საქართველოს ხელისუფლება დამატებით ერთი დღის განმავლობაში ცდილობდა ამ ინფორმაციის გადამოწმებას.

კითხვაზე, რატომ არ გამოაქვეყნა საქართველომ 6 აგვისტოს მიღებული ინფორმაცია უფრო ადრე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი შოთა უტიაშვილი აცხადებს, რომ საუბრის ჩანაწერები ომის დაწყებით გამოწვეული გარკვეული ქაოსის გამო, დროებით დაიკარგა.

ორიგინალი

No comments: